ერთ ნაბიჯში ჩემპიონობაა – გზა ემიგრაციიდან UFC-ის ყველაზე დიდ ღონისძიებამდე
ავტორი: ტატო ჩანგელია
თუკი ახალ არენა სფეროზე, UFC 306-ის (Aka. Noche UFC) ისტორიულ ღონისძიებაზე, მთავარი ბრძოლის დასრულების შემდეგ, ბრიუს ბუფერი თავისი ლეგენდარული და წელვადი ხმით მიკროფონს ჩასძახებს: And New – ის ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების მთავარ ორგანიზაციაში ორი ჩემპიონი ჰყავს. პირველი ქამარი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჰეგემონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ ილია თოფურიამ დაგვიბევა, ახლა ჯერი მერაბ დვალიშვილზეა, რომელიც სექტემბრის 14-ში ისტორიულ, შესაძლოა UFC-ის გარდამტეხ ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლას გამართავს, სუპერ მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობისთვის პაექრობა ქამრის ამჟამინდელ მფლობელთან, შონ ო’მალისთან მოუხდება. დვალიშვილმა მიყოლებით 10 ბრძოლა მოიგო და ბოლო სამ შეხვედრაში დივიზიონის სამ ჩემპიონს სძლია. მერაბის გამარჯვების შემთხვევაში, ორგანიზაციაში იმდენივე ჩემპიონი გვეყოლება, რამდენიც ამერიკასა და ბრაზილია ჰყავს. ეს კი არ არის პატარა ამბავი, თან ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
UFC 306-ს სფეროს არენა უმასპინძლებს და როგორც ამბობენ, არ იქნება მხოლოდ ბრძოლების სერიები, ორგანიზატორები უამრავ სიურპრიზს გვპირდებიან. ბრძოლების რეპრეზენტაციისა და მაუწყებლის თვალსაზრისით კი, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ორგანიზაცია ახალ ნაბიჯს დგამს პროგრესისკენ. ასე მიგვანიშნებს დანა უაითის საუბარიც – ის ამბობს, რომ ეს იქნება ყველაზე ხმაურიანი და შთამბეჭდავი ღონისძიება, რაც კი ოდესმე ჩატარებულა, თანაც პირველი ღონისძიება, რომელსაც უშუალოდ UFC უმასპინძლებს.
გარდა ბრძოლების სერიებისა, მაყურებელს ელოდება საინტერესო შოუ, რომლის ორგანიზებასაც ოსკარის, გრემის და სხვა პრესტიჟული პრემიების მფლობელები უძღვებიან. ზოგადად, Noche UFC გასულ წელს შეიქმნა და ის მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა, მოცემულ ღონისძიებაზე ბრძოლებს შორის ნაჩვენები იქნება მოკლე ფილმები მექსიკელ ხალხზე, მათ მდიდარ და სიღრმისეულ მემკვიდრეობასა და კულტურაზე, გარდა ამისა, ქვეყნის მნიშვნელოვან წვლილზე საბრძოლო ხელოვნების განვითარებაში.
სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებურის ბრძოლა ქარდზე მთავარია და ამასთან ერთად ლეგენდარული ქალბატონები – გრასო და შევჩენკო გაარკვევენ მესამე ბრძოლით ერთმანეთში საუკეთესოს, ბრძოლების სიით აღფრთოვანებული არ ვარ, ახალი არენის გახსნა, ბევრად უკეთესი ბრძოლების ჩანიშვნით შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დანა უაითის ორიენტირება უფრო იმ შოუზე აქვს, რაც ამ ღონისძიებაზე გველოდება. არენა მართლაც შთამბეჭდავად არის მოწყობილი და ეს ღონისძიება სუპერთანამედროვე სტილში იქნება გადაწყვეტილი. სფერო მუსიკალური შოუებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის აშენდა, 18 ათასზე მეტ ადამიანს იტევს, კედლებზე დამონტაჟებულია 16K რეზოლუციის LED ეკრანები, რომელიც 4D ეფექტს ქმნის და გარემოს ბევრად უფრო საოცარს აჩენს. სფერო სიმაღლეში 112, სიგანეში 157 მეტრია. არენის აშენება 2.3 მილიარდი დოლარი დაჯდა, რაც მას ყველაზე ძვირადღირებულ გასართობ ადგილად აქცევს ლას-ვეგასში.
ახალი არენა და სპორტის ისტორიაში ყველაზე უფრო მულტიფუნქციური ღონისძიება იქნება შესანიშნავი სცენა მერაბ დვალიშვილის კარიერის კულმინაციური ეპიზოდისთვის. ბრძოლა რაც უფრო ახლოვდება, დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობს, ზეწოლა – იზრდება. წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომა, შეუპოვარი მუშაობა საკუთარ შესაძლებლობებთან, სიმტკიცის ჩამოყალიბება საჭიროებს ლოგიკურ დასასრულს, ოცნება – რეალიზაციას. ეს დღე, ბრძოლა ჩემპიონობისთვის, დიდი ხნის წინ უნდა დამდგარიყო, მაგრამ მერაბი შესანიშნავ მებრძოლზე უფრო, შესანიშნავი ადამიანია. დივიზიონს სათავეში მისი ძვირფასი მეგობარი და სპარინგ პარტნიორი ედგა, მასთან ბრძოლა კი არაფრად უღირდა. ალჯომ წონა შეიცვალა, თანაც შონ ო’მალისთან დათმო ქამარი და მერაბს გზა გამოუთავისუფლდა ჩემპიონობისთვის, წინ კი ორმოქმედებიანი განტოლება უდგას – აიხდინოს ამდენი ხნის ოცნება – მხარზე მოიკიდოს ქამარი, მეორე მხრივ კი, შური იძიოს თავისი ძმის ნოკაუტისთვის.
ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ტიტულისთვის ბრძოლა, ეს უფრო მეტია – ესაა სიმბოლური წერტილი, მძიმე მოგზაურობის ბრწყინვალე კულმინაციისა და ახალი ეპოქის დასაწყისის, რასაც მანქანის ეპოქა შეერქმევა სპორტის იმ სახეობაში, რომელიც სავსეა ბრძოლით, პირადი მსხვერპლით და მტკიცე გადაწყვეტილებებით; მიაღწიო წარმატებას ამ სპორტის უმაღლეს ორგანიზაციაში, სადაც მხოლოდ უძლიერესები ასპარეზობენ, სადაც ფიზიკურ მხნეობასთან ერთად, უნდა გქონდეს ფსიქოლოგიური მხნეობა, სადაც არ უნდა გატყდე მორალურად და, სადაც ყველა შესაძლო სისუსტე ყველაზე მნიშვნელოვან დროს ძალად აქციო. დვალიშვილმა ეს ყველაფერი შეძლო, მისი ისტორია დაუჯერებელი და საოცარია, ერთი რიგითი ქართველის, რომელიც მძიმე სოციალური პირობების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, დატოვა პერსპექტივაგამოჭმული ქვეყანა, და საკუთარი თავის გადარჩენისთვის, ოჯახის კეთილდღეობისთვის ემიგრანტის მძიმე ცხოვრებაში გადაეშვა. მერაბ დვალიშვილი სიმბოლოა ქართველი ემიგრანტების, მათი დაუღალავი და უხილავი შრომის.
იცით, ვინ არის რაუფეონ სტოტსი? ერთ დროს პერსპექტიული მებრძოლი, ROUFUSPORT-იდან. მისი ბრძოლის სანახავად ROC 59-ის ღონისძიებაზე, არც მეტი, არც ნაკლები, დანა უაითი ჩავიდა. სტოტს არ გაუმართლა, მისი მეტოქე მერაბ დვალიშვილი იყო, ეს კი UFC-თან კონტრაქტის შესაძლებლობას ნიშნავდა, მერაბს მართებდა განსაკუთრებული უნარების გამოვლენა. დვალიშვილი რვაკუთხედში შევიდა, კარები დაიხურა, ბრძოლა დაიწყო და პირველივე შეტევისას, 15 წამზე ყველაფერი ბრუნვით მოხვედრილი მუშტით დაასრულა. დვალიშვილმა აქ საკუთარ თავს აჯობა, რასაც მოჰყვა UFC კონტრაქტი, დანარჩენი კი უბრალოდ ისტორიაა.
მერაბ დვალიშვილის დაუღლელი სხეული, ემიგრაციაში ჩამოყალიბებული უხილავი, თუმცა საკმაოდ გრძნობადი ქართული ნიადაგიდანაა აღმოცენებული, რომელმაც კარგად იცის, რა არის ზეწოლა, კრიზისული ვითარება, რასაც ვერაფრით გატეხავ და ვერაფერი ღლის. მინდა, ორი ბრძოლა მოვიყვანო მაგალითად: ერთი მარლონ მორაესთან, ყველას რომ გვეგონა, რომ დვალიშვილი გაითიშა, რამდენიმე ისეთი მუშტი უთავაზა ბრაზილიელმა, რამაც მერაბი ჟანრის კანონის შესაბამისად წააბარბაცა, მაგრამ ვერ გატეხა, თითქოს ბრძოლა დასრულდა, მაგრამ აქ ჩაირთო მანქანა, მოიკრიბა საკმარისი ძალა და UFC კარიერაში პირველად მოწინააღმდეგე “დააფინიშა”; მეორე ბრძოლა საწინააღმდეგოა, დომინაციას გვანახებს, როცა რუსი პიოტრ იანი დაუდგა მეტოქედ. უბრალო მებრძოლი არ გეგონოთ, ჭიდაობაც მაგარი აქვს და მარცხენა ხომ საერთოდ, მტერსა და ავს, მაგრამ დვალიშვილმა დომინაციის ეტალონი გვაჩვენა, მეტოქე 5 რაუნდის განმავლობაში ისე სცემა, თითქოს პროფესიონალი მებრძოლი კი არა, უბრალო ქუჩის გამვლელი ყოფილიყო.
დვალიშვილი ცნობილია თავისი დაუნდობელი ტემპით, რომლის ანალოგის მოძიებაც რთულია, რადგან, რასაკვირველია, არსებობენ დინამიკური მებრძოლები, თუმცა მათაც აქვთ მომენტი, როცა ჩერდებიან, კუნთებს ადუნებენ, მერაბის შემთხვევაში საქმე სხვანაირად თამაშდება, მას მოწინააღმდეგეები მთელი ბრძოლის განმავლობაში შეუჩერებელ ზეწოლაში ჰყავს მოქცეული და რაუნდების მატებასთან ერთად კი არ კარგავს ძალას, არამედ პირიქით – უფრო უკეთ გამოიყურება, თვითონაც ხუმრობს, ბრძოლის ხალისი სამი რაუნდის შემდეგ მოსდის. ამიტომაც შეერქვა ზედმეტსახელად – მანქანა.
UFC-ის მებრძოლთა სიაში უამრავი მოჭიდავე იყრის თავს, განსაკუთრებით დაღესტნელი მებრძოლები, მაგრამ, ჩემი აზრით, დღეს მერაბ დვალიშვილზე უფრო მაღალი დონის მოჭიდავე მთელ ორგანიზაციაში არავინაა, ეს რაღაც განსაკუთრებული და შეუდარებელია, ძიუდოს, ჭიდაობისა და სამბოს საოცარი სინთეზი. დვალიშვილი რაუნდიდან რაუნდზე გადასვლის შემდეგ უფრო მეტად საშიში ხდება, ასაკის მატებასთან ერთად კი – უფრო ჭკვიანი და დახვეწილი, რისი საუკეთესო მაგალითიც უკანასკნელ ბრძოლაში ვიხილეთ, ჰენრი სეჰუდოსთან.
შერეულ საბრძოლო ხელოვნებას ახსოვს მომენტი, როცა ამერიკის თავისუფალი სტილით ჭიდაობის ოლიმპიური გუნდის წევრი – დენიელ კორმიე, ბევრის აზრით, შერეული საბრძოლო ხელოვნების გოუთს – ჯონ ჯონს დაუპირისპირდა. ეს იყო ორი აზროვნების შეჯახება, სადაც საბოლოოდ ჯონსმა კორმიე გატეხა, ეს კი იმით მოახერხა, რომ წარსულში მოჭიდავეს რვაკუთხედში ჭიდაობით აჯობა – დენიელ კორმიე თავის კარიერის ისტორიაში პირველად აღმოჩნდა პარტერში ჩაყვანილი. ჰენრი სეჰუდო ოლიმპიური გუნდის რიგითი წევრი კი არ იყო, სულაც ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული ბეიჯინგის 2008 წლის ოლიმპიადაზე. მერაბ დვალიშვილმა ჭიდაობა გადაწყვიტა – ეს სხვა ამბავია, არათუ უბრალოდ თეიქდაუნი, არამედ მხრებზე მოკიდებული ოლიმპიური ჩემპიონი რვაკუთხედის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გადაიყვანა, მიწაზე დაანარცხა და დამუშავება დაუწყო. ეს მომენტი ამბობს და ადასტურებს იმას, რომ ის ორგანიზაციაში საუკეთესო მოჭიდავეა, თავისი სტილითა და ეთიკით კი, კარიერის ბოლოს, დიდებულთა სიაში დაიკავებს ადგილს, ვისაც კი ოდესმე ამ სპორტში მუშტი მოუქნევია.
ახლა ყველაფერი სხვანაირადაა – მეტოქედ არ არის მოჭიდავე, პირიქით, სთრაიკერია – შონ ო’მალი, ცნობილი თავისი სნაიპერული სიზუსტის დარტყმებით, შესაბამისად – ნოკაუტებით. ის შოუს დგამს როგორც რვაკუთხედში, ასევე მის მიღმა და მალევე თაყვანისმცემლების მთელი ბანდა მოიკრიბა გარშემო. “შუგას” და “მანქანას” დაპირისპირება წარმოადგენს სხვადასხვა სტილის კლასიკურ შეჯახებას – მერაბის ჭიდაობა და ო’მალის გასაოცარი სტრაიკინგი. ეს იქნება ორთაბრძოლა, რომელიც შეამოწმებს არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ გონებრივ სიმტკიცეს, რადგან მებრძოლების უკან უამრავი ადამიანი და სახელია. დვალიშვილისთვის ეს არის მომენტი, რომელიც ამდენი ხნის შემდეგ მოვიდა და უნდა მოიპოვოს. იმარჯვებენ შრომის მოყვარულები და არა მხოლოდ შოუმენები, მაგრამ შოუმენობა არც მერაბ დვალიშვილს გამოდის ცუდად, რასაც თავად შუგასთვის მოპარული ქურთუკი მოწმობს, როცა ეს უკანასკნელი და სტერლინგი ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, მერაბმა ო’მალის ქურთუკი მოჰპარა. შოუ გვქონდა ამ ბოლო დროსაც, თუმცა ამას უფრო ვანური იუმორი შეიძლება დავარქვათ. მოგეხსენებათ, იმერლებს თავისებური იუმორის გრძნობა აქვთ და ჩემი მტერი ჩავარდა მაგათ ხახაში. ახლახან ამ ხახის “სტუმარი” ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითი გახდა – დვალიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თვალზე მიყენებული ჭრილობის ფოტო, რაზეც უაითმა საკმაოდ ნეგატიური ინტერვიუ მისცა და მერაბის მიმართ ცუდი სიტყვებიც არ დაიშურა. დვალიშვილმა კი ცოტა ხანში, ნიშნად იმისა, რომ ეს მისთვის სრულიად უმნიშვნელო ტრავმა იყო, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაკერებს უზარმაზარი მაკრატლით იხსნის. ამ ფაქტმა დანა უაითსა და მას შორის დაძაბული ურთიერთობა განმუხტა.
მალე დვალიშვილი გალიაში შეაბიჯებს, სიმტკიცითა და რწმენით კვლავინდებურად ეცდება თავისებური დინამიკურობით, დაუღლელი კარდიოთი ზეწოლაში ამყოფოს მეტოქე. ის კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ არცერთი დაბრკოლება არ არის დიდი მისთვის, ვინც გაბედავს ოცნებას. გამარჯვება თუ მარცხი დვალიშვილის სახელს ზიანს არ მიაყენებს, მან უკვე ბევრი ადამიანის გული მოიგო, თუმცა ახლა უკვე დროა თავისი კუთვნილი ქამარი ჩამოიკიდოს მხარზე.
საქართველო კიდევ ერთ ჩემპიონს ელოდება.