fbpx

წიგნების ბაზრობა “ფაბრიკაში” ბეჭდური ხელოვნებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის 21 სექტემბერს გაიხსნება


გააზიარე სტატია

21-22 სექტემბერს “ფაბრიკაში” საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პირველად გაიმართება  წიგნების ბაზრობა ბეჭდური ხელოვნებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის. “ფაბრიკის” არატრადიციული კონცეფციის წიგნების ბაზრობა ქმნის ალტერნატიულ პლატფორმას ქართული დამოუკიდებელი გამომცემლობების, რიზოგრაფი სტამბების და კოლექციონერებისთვის საიმისოდ, რომ თავიანთი პროდუქცია გააცნონ ფართო აუდიტორიას. 

ბაზრობაზე მოსულ ადამიანებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ და მხარი დაუჭირონ საქართველოში მოქმედ  დამოუკიდებელ, მცირე ზომის და დამწყებ, ან უკვე გამოცდილების მქონე გამომცემლობებს, მათ, ვინც ბეჭდურ მასალაზე მუშაობს და შესაბამის საინტერესო პროდუქციას გვთავაზობს; ასევე წიგნის მაღაზიებს ახალი თუ მეორადი გამოცემებით ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, საყვარელ ფილმებსა თუ სერიებზე; აგრეთვე წიგნის ენთუზიასტებს, რომლებიც სპეციალურად შერჩეულ წიგნებს გვთავაზობენ; პოსტერებს, ზაინებს და თანამედროვე ბეჭდური ხელოვნების სხვა ნიმუშებს. 

გარდა იმ მრავალფეროვანი სელექციისა, რომელიც “ფაბრიკაში” დახვდებათ წიგნის მოყვარულებს, ამ ორი დღის განმავლობაში რამდენიმე დისკუსიას, ვორქშოპს და გამოფენას ვუმასპინძლებთ. 

BOOK MARKET-ის პარალელურად, “ფაბრიკის” საგამოფენო სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრები.

VA[A]ADS Book Design Show წარმოადგენს სტუდენტების ნამუშევრებს ბეჭდური დიზაინის

მიმართულებით. ეს ნამუშევრები მრავალფეროვანი კონცეფციის საავტორო წიგნებია, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია როგორც წიგნის დიზაინსა და კომპოზიციაზე, ისე პოლიგრაფიულ მეთოდებსა და მასალებზე. 

ამასთან, 22 სექტემბერს, 16:00 საათზე Book Market-ის ფარგლებში გამომცემლობა “პოლინომიალი” ჩაატარებს პანელურ დისკუსიას თარგმნილ ლეტერატურასა და ადგილობრივ კონტექსტში მის მნიშვნელობაზე. 

“პოლინომიალი” ახალი გამომცემლობაა, რომელიც სალიტერატურო სივრცისთვის ცნობილ, თუმცა ქართულ ენაზე ამ დრომდე უთარგმნელ  ავტორებსა და მათ ტექსტებს გამოსცემს. პანელურ დისკუსიას მოდერატორობას ლუკა გრიგოლია – “პოლინომიალის” თანადამფუძნებელი გაუძღვება, ხოლო მონაწილეები ქეთი ჩართოლანი და ნანა  აბულაძე იქნებიან. 

და ბოლოს, “ხარახურა” – რიზოგრაფ სტუდია და გამომცემლობა 21 სექტემბერს, 15:00 საათზე “ფაბრიკის” საკონფერენციო სივრცეში ჩაატარებენ  ვორქშოპს  თემაზე –  “მომავლის ბიბლიოთეკა – ზინების ვორქშოპი”.  მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბეჭდვის კონკრეტულ ტექნიკას და შექმნან საკუთარი ზინები. 

“ფაბრიკის” სივრცეში წიგნების ბაზრობა პირველად იმართება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს უკვე ვუმასპინძლეთ ერთ Vintage Market-ს და გარდა Book Market-ისა, წინ საშემოდგომო Vintage Market და შემდეგ უკვე საშობაო ბაზრობა გველის. 

 

Fabrika Book Market 

21,22 სექტემბერი, 13:00 – 21:00 

“ფაბრიკა”, თბილისი, ნინოშვილის ქ. 8 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.