fbpx

5 საუკეთესო საშემოდგომო ფილმი


გააზიარე სტატია

 

ფოთლები ცვივა, ფერს იცვლის და ტემპერატურა იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომა კარზე მოგვადგა. რა არის სუსხიან სეზონთან შეგებების საუკეთესო გზა? საღამოს სახლში მყუდროდ მოთავსება და შემოდგომის კლასიკის გადამეორება. საშემოდგომო ფილმები  ჟანრების ვარიაციით გამოირჩევა, მათ შორისაა ტრილერი, დრამა, რომანტიკული კომედია და ფენტეზიც კი. ზოგიერთი მათგანი ჰელოუინის განწყობას გვიქმნის, ზოგი ბავშვობის ნოსტალგიაში გვაბრუნებს, ზოგი კი უბრალოდ სიმყუდროვის თბილ შეგრძნებას გვიღვივებს. გადავხედოთ იმ საშემოდგომო ფილმების  სიას, რომლებიც ზამთრის ცივი სეზონისთვის გვამზადებს. 

Color of pomegranates –  ბროწეულის ფერი “საიათნოვა” (1969)

„ბროწეულის ფერი“ სილამაზის სრულყოფილებაა. მე ვფიქრობ, რომ ფარაჯანოვი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია.“ 

ასეთი სიტყვებით შეაფასა სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება იტალიელმა რეჟისორმა, მიქელანჯელო ანტონიონიმ. ფარაჯანოვი მე-20 საუკუნის წამყვანი ფიგურაა კინოხელოვნებაში. მისი 1969 წლის შედევრი „საიათნოვა“ რეჟისორმა თბილისელ პოეტს, აშუღ საიათნოვას მიუძღვნა, რომელშიც პოეტის ცხოვრება ტრადიციული ქრონოლოგიის ნაცვლად, მისი პოეზიით არის განსახიერებული.  ფილმში სოფიკო ჭიაურელი მონაწილეობს, მსახიობი ექვს როლს ასრულებს, მათ შორის – ქალისაც და მამაკაცისაც; რაც შეეხება ვიზუალურ ესთეტიკას, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ფარაჯანოვმა ფერწერული ტილოები პირდაპირ ფირზე გადაიტანა.  მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მთავრობამ ფილმის ჩვენება აკრძალა, ხოლო თავად რეჟისორი 1973 წელს შრომით-გამასწორებელ კოლონიაში გადაასახლა, ფილმი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული. 

 

When Harry Met Sally – როცა ჰარი შეხვდა სალის (1989)

მეგ რაიანი, შეიძლება ითქვას, რომ ოქროსფერი სეზონის და რომანტიკული კომედიების „დედოფალია.“ თუმცა, როდესაც საშემოდგომო ფილმებზე ვფიქრობთ, პირველი  მისი და ბილი კრისტალის დუეტი გვიდგება თვალწინ ფილმში „როცა ჰარი შეხვდა სალის“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მოქმედება სხვადასხვა სეზონში ვითარდება, ჰარისა და სალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დიალოგი სწორედ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ყვითელ ფოთლებს შორის გაიმართება. თუკი enemies to lovers ტროპის მოყვარული ხართ, ფილმი ამ ჟანრის ნამდვილი კლასიკაა, რომელიც ქალისა და მამაკაცის პლატონური მეგობრობის თეორიას „ცდის“. „როცა ჰარი შეხვდა სალის“ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რომანტიკული კომედიაა, ხოლო ბილი კრისტალის სასიყვარულო მონოლოგი ფილმის დასკვნით ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული სცენა კინოში. 

 

Autumn Tale – შემოდგომის ზღაპარი (1998)

ერიკ რომერი თანამედროვე კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ რეჟისორად ითვლება. მან წელიწადის სხვადასხვა სეზონს ფილმების სერიაც კი მიუძღვნა – „წელიწადის დრონი“, რომელიც მისი კარიერის ხანგრძლივ თემებს იკვლევს: ღმერთი, სიყვარული, ერთგულება, ღალატი, სექსი… კომიკურ, მელანქოლიურ და უხვად ფილოსოფიურ ფილმებში რეჟისორი ტკბილმწარე სიყვარულის ისტორიებით, ლტოლვითა და გარდაუვალი გაუგებრობებით, რომლებიც ადამიანურ ურთიერთობებს აყალიბებს, კომპლექსურ პერსონაჟებსა და სიუჟეტებს ქმნის. „შემოდგომის ზღაპარი“ ოთხი სეზონის კვარტეტის დასკვნითი ნაწილია, რომელშიც მოქმედება შემოდგომის საფრანგეთში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი მარტოხელა მეღვინე ქალია, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობის ინტერესი არ აქვს, ის ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს კიდეც: „ჩემს ასაკში უფრო ადვილია დამარხული განძის პოვნა.“ თუმცა, მის მეგობარს, ბიბლიოთეკარ იზაბელს, განსხვავებული შეხედულება აქვს და გადაწყვეტს, რომ ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნოს, რათა მეგობარს შესაფერისი პარტნიორი მოუძებნოს. 

 

Harry Potter – ჰარი პოტერი (2001-2011)

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერი ზამთრის სეზონთანაც არის ასოცირებული, ჰოგვორტსის ექსპრესს კინგს ქროსის სადგურიდან სწორედ პირველ სექტემბერს გადავყავართ მაგიურ სამყაროში და ამგვარად დაუვიწყარი თავგადასავლის ნაწილი ვხდებით. ჰოგვორტსის სასახლის ფანჯრებზე წვიმის წვეთები, ტალახის ნაკადად გადაქცეული ყვავილნარები და ჰაგრიდის გოგრები… რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? თუკი ნოსტალგიისა და ისკეიპიზმის ბალანსი გსურთ, მაშინ ჰარი პოტერის მარათონის დროა. 

 

Little Women – პატარა ქალები (2019)

ლუიზა მეი ოლკოტის კლასიკური წიგნის, „პატარა ქალების“ არაერთი ადაპტაცია გვინახავს, თუმცა გრეტა გერვიგის ვერსიამ თითქოს ყველაზე კარგად შეძლო წიგნის ფურცლების ეკრანზე ტრანსფორმაცია. ფილმი ოთხი დის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც მოზარდობასთან და ცხოვრებისეულ ცვლილებებთან, მათ შორის  სიღარიბესთან გამკლავება უწევთ. გერვიგი ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული ქალის პორტრეტს ქმნის და სოციალურ კომენტარსა და რომანტიზმს აერთიანებს. ეს ყველაფერი კი, ბუხრის სიმყუდროვისა და ახალი ინგლისის შემოდგომის მშვენიერი პეიზაჟების ფონზე ხდება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.