fbpx

ზურიკო დავითაშვილის ისტორიული ჰეთთრიკი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უეფა ფინანსური სარგებლის მიზნით, მუდმივად ცდილობს სიახლეების შემოტანას და ევროთასების განახლებული ვერსიაც ამისი მაგალითია. უბრალოდ საკითხავია, რამდენად ამართლებს ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობის მატება და ის მატჩები, სადაც გამანადგურებელი ანგარიშები ფიქსირდება.

თუკი დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ უეფამ თითქოს გარისკა, მაგრამ სინამდვილეში შესანიშნავად გათვლილ ქერის ორმოს მიაგნო, რითაც მდიდრებთან ერთად, საშუალო კატეგორიის კლუბებიც იხეირებენ. 

თამაშების რაოდენობამ იმატა, მაგრამ არა იმდენად, რომ ბობოლა კლუბების პრეზიდენტების უკმაყოფილება გამოიწვიოს. პირიქით, ისინი მეტ ფულს იშოვიან, მწვრთნელებთან და ათეულ თუ ასეულ მილიონობით ევროდ შეფასებულ ფეხბურთელებთან ერთად კი დაიწუწუნებენ, მაგრამ სინამდვილეში კრება მხიარული დაიშლება და ყველა კმაყოფილი დარჩება. ოღონდ ამას არავინ იტყვის… 

7:1-ების და 5:0-ების სიმრავლით კი ფეხბურთის თუნდაც ჩინელი, ინდოელი თუ კატარელი ახალბედა გულშემატკივრები მოიხიბლებიან, რომელთა უმრავლესობისთვისაც ფეხბურთი რამდენიმე წლის წინათ არც არსებობდა და ვისთვისაც 2:1-ები და 1:0-ები მოსაწყენია.

ამ ქვეყნებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის შედეგად კი მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელთა გაცილებით მეტი მაისური გაიყიდება, ვიდრე ბებერ ევროპაში თუ ნახევრად ღატაკ ბრაზილიაში, სადაც ადგილობრივ ვარსკვლავთა მიმართ პროტესტი უკვე მაქსიმუმს აღწევს…

ჩემპიონთა ლიგის ახალმა ფორმატმა ჩვენც ყურადღებით განგვაწყო იმ კლუბების მიმართ, რომელთაც ზედაც არ შევხედავდით, რომ არა იქ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ასპარეზობა.

ორი-სამი მაღალი დონის პაექრობა კი, წინა ფორმატის მსგავსად, ყოველ სათამაშო დღეს მოიძებნება და მეტ-ნაკლებად სასეირო თამაშების ხილვის შესაძლებლობა ფეხბურთში ჩახედულ სტაჟიან გულშემატკივრებს ამჯერადაც ეძლევათ.

გასული კვირის პირველ სათამაშო დღეს ცხრა მატჩიდან ხუთი გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა და თანაც მინიმალური სხვაობა არა სამი, არამედ ოთხი ბურთით აღინიშნა.

რა თქმა უნდა, გვეღიმება ჩემპიონთა ლიგის ფორმატზე, როდესაც ერთ ტურში გუნდი ანგარიშით 5:1-ს იგებს, მომდევნო ტურში კი 1:7 მარცხდება.

მაგრამ გასული კვირის მეორე სათამაშო დღეს პირველი და თანაც საკმაოდ საინტერესო 1:0-ებიც გამოჩნდა.

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია მადრიდის „რეალის“ მარცხი „ლილთან“. 

თუკი ამ გუნდების შესაძლებლობებს შევადარებთ, კარლო ანჩელოტის გუნდის ხანგრძლივ წაუგებელ სტატისტიკას გავითვალისწინებთ და წინა ტურში „მონაკოს“ მიერ „ბარსელონას“ დამარცხებასაც გავიხსენებთ, აღარ გაგვიკვირდება კონსპიროლოგთა შეფასებები, რომლებიც არამცთუ შედეგებში, არამედ კუთხურებსა თუ VAR-ის გადაწყვეტილებებშიც კი რაღაც დაფარულს ხედავენ ხოლმე…

„ასტონ ვილამ“ კი „ბაიერნი“ დაამარცხა, საიდანაც ამ ორი წლის წინათ ნაგელსმანის გაშვება შეცდომა რომ იყო, უკვე სრულიად აშკარაა.

უნაი ემერი გამოცდილი მწვრთნელია, რომელსაც ევროთასების მოპოვების შესანიშნავი წარსული აქვს, ვინსენ კომპანი კი მასთან შედარებით უბრალო არჩევანია იმ ვარსკვლავების თანხლებით, რომელთაც მწვრთნელებისადმი ობსტრუქციის მოწყობის მდიდარი გამოცდილება აქვთ.

„ასტონ ვილასთან“ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში სერჟ გნაბრიმ შესანიშნავი გარღვევა განახორციელა ფლანგიდან, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მეტოქის კარის წინ ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენილი კეინისათვის გადაეცა, უმისამართოდ დაარტყა.

ასეთ რიგით სათამაშო ეპიზოდში კეინმა ულამაზო ჟესტიკულაციებით მიმართა პარტნიორს, რომელმაც მოედანზე არაფერი შეიმჩნია, მაგრამ ვინ იცის, შესვენებაზე გასახდელში იქნებ მოახსენა კიდეც ინგლისის ნაკრების ვარსკვლავს, რომ მას „ბაიერნისთვის“ ზაგრების „დინამოსთან“, „დარმშტადთან“ თუ „ბოხუმთან“ შესრულებული„ჰეთთრიკების“ გარდა, არაფერი მოუტანია და ბუნდესლიგის ზედიზედ 11-ჯერ მოგების შემდეგ, „რეკორდმაისტერმა“ შიდა ტიტული პირველად შარშან, სწორედ მისი მისვლის შემდეგ დაკარგა.

გარდა ამისა, გნაბრი კეინს იმასაც შეახსენებდა, რომ ის 2019-2020 წლების სეზონში „რეკორდმაისტერის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და „პოკერი“ აქვს შესრულებული იმ მატჩში, რომელშიც „ბაიერნმა“ ანგარიშით 7:2  გადაუარა კეინიან „ტოტენჰემს“. ინგლისელმა იმ შეხვედრაში ჩვეულებას არ უმტყუნა და პენალტის გატანა მაინც მოახერხა…

განვლილ უიკენდზე „ბაიერნმა“ ბუნდელიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში „აინტრახტის“ წინააღმდეგ სამი ქულა და იმავდროულად, სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე დაკარგა. შესანიშნავი სანახაობრივი მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, წარმატებული გამოდგა „ქართულ კლუბთა“ ასპარეზობა შიდა ჩემპიონატებში და ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ფეხბურთელების კარგი განწყობა უმნიშვნელოვანესი იქნება კარსმომდგარ სანაკრებო მატჩებში უკრაინასთან და ალბანეთთან.

ჩვენების ასპარეზობა პარასკევის ორი მატჩით დაიწყო, როდესაც ჯერ „ნაპოლიმ“ „კომო“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ კი „ვალენსია“ გასვლაზე ფრედ 0:0 ეთამაშა ლა ლიგის დებიუტანტ „ლეგანესს“.

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ძლიერი მატჩი ჩაატარა იტალიის სერია A-ში და ანტონიო კონტემ იგი მოედანზე მთელი 80 წუთის მანძილზე შეინარჩუნა, სანამ სამი ქულის მოპოვებაში დარწმუნდებოდა. 

ერთ-ერთ ეპიზოდში ხვიჩას წინააღმდეგ საჯარიმო მოედანზე აშკარად იუხეშეს, მაგრამ პენალტის დანიშვნის ნაცვლად, მსაჯმა ჟესტიკულაციების გამო „ნაპოლის“ მწვრთნელი ყვითელი ბარათით დაასაჩუქრა. 

მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია „ემპოლიმ“, რომელიც დებიუტშივე დაწინაურდა „ლაციოსთან“ შეხვედრაში, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ორი ბურთი გაუშვა. საბა გოგლიჩიძე ტრადიციულად მთელი 90 წუთი იმყოფებოდა მოედანზე და ამჯერადაც უშეცდომოდ ითამაშა.

ლა ლიგის მე-9 ტურში გამორჩეულად უსახური გამოდგა „ლეგანესის“ და “ვალენსიას“ დაპირისპირება, რომელშიც გიორგი მამარდაშვილს სამუშაო საერთოდ არ ჰქონია. თუმცა, ამასობაში საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში უკვე სამი მშრალი მატჩი დაუგროვდა, რაც გმირობის ტოლფასია.

 

მთავარი ამბები კი საფრანგეთის ჩემპიონატში დატრიალდა, სადაც ზურიკო დავითაშვილმა „ჰეთთრიკი“ შეასრულა „სენტ-ეტიენისა“ და „ოსერის“ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს.

პირველი ორი გოლი ქართველი ფორვარდის ცრუ მოძრაობების და დასარტყმელ პოზიციაზე გარღვევის თვალსაზრისით ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს. დარტყმების ტრაექტორია კი განსხვავებული იყო, რადგან ზურიკომ პირველ ტაიმში ბურთი ცხრიანში გაუშვა, ხოლო შესვენების შემდეგ მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და ბურთი მეტოქის კარის შუაში გადაგზავნა.

ამის შემდეგ ზურიკომ ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, ცოტა ხანში კი „ოსერის“ მეკარეს კიდევ ერთხელ აჯობა, როდესაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში შეძლო მის თავზე ბურთის გადატარება და ისტორიული „ჰეთთრიკის“ შესრულება.

სამი ქულა მოიპოვა „ლიონმაც“, რომელსაც „ნანტის“ კარში ორი გოლის გასატანად გიორგი მიქაუტაძის დახმარება არ დასჭირვებია, თუმცა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მინდორზე უკანასკნელი ათი წუთი დაყო და ეს მოთელვა მას უკრაინასთან და ალბანეთთან მატჩებში წაადგება.

გრაცის „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ ავსტრიის ჩემპიონატში „ზალცბურგი“ ანგარიშით 5:0 გაანადგურა. 

ოთარ კიტეიშვილს ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ ტრადიციულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატისათვის დამახასიათებელი ანგარიშის დაფიქსირებაში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.