fbpx

პირველი ლანჩი ნულოვანი ნარჩენებისთვის თბილისში


გააზიარე სტატია

27 სექტემბერს რესტორან “ნინიას ბაღში” პირველად გაიმართა ლანჩი ნულოვანი ნარჩენებისთვის, რომლის მიზანიც სარესტორნო ინდუსტრიასა და საზოგადოებაში პასუხისმგებლობიანი მოძრაობის დასაწყისია. 

 იცოდით, რომ გადაყრილი ნარჩენების სულ რაღაც 1/4-ით შესაძლებელია 800 მილიონი ადამიანის დაპურება მსოფლიოში? 

 იცოდით, რომ ნარჩენები, რომელთაც ვყრით, აზიანებს  გარემოსა და ვნებს  ჩვენს ჯანმრთელობას? 

იცოდით, რომ გადაყრილი ნარჩენები, ასევე დიდ როლს თამაშობს  გლობალური დათბობის დაჩქარებაში? 

ჩვენი ქმედებით არამხოლოდ ვფლანგავთ სასურსათო რესურსსა და ვარღვევთ თანასწორობას საკვების ხელმისაწვდომობაში, არამედ საკუთარ თავსა და სამყაროსაც ვაზიანებთ. რასაც ვყრით, ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. 

სამწუხაროდ, აქამდე საქართველოში არ გაგვაჩნდა ფუფუნება ამ თემაზე სასაუბროდ, რადგან ინფორმაცია გადაყრილი ნარჩენების შესახებ ქართულ ენაზე თითქმის არ მოიპოვებოდა. 

 თუკი გსურს რაიმეს შეცვლა უკეთესობისკენ, საჭიროა მუშაობა ცნობიერების ამაღლების კუთხით დაიწყო.

ლანჩი, რომელიც 27 სექტემბერს ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა, უპირველეს ყოვლისა, პროექტის, “მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას “ნინიას ბაღში” შეფმა, მერიკო გუბელაძემ უმასპინძლა, მერიკო ასევე მდგრადი კვების აქტივისტია და ღონისძიების თანაორგანიზატორიც გახლდათ. 

ლანჩზე მოწვეულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, “ადამიანი გაჭირვებაში” და “პარკი არ მინდას”, ასევე HORECA-ს ინდუსტრიის წარმომადგენლები. ასევე დამწყები და უკვე ცნობილი შეფმზარეულები და მსხვილი სასტუმრო და კვების ქსელების წარმომადგენლები. 

ღონისძიებაზე “ადამიანი გაჭირვებაში” პროექტის მენეჯერმა, სოფია თვარაძემ “სურსათის ბანკის” პროექტი წარადგინა. “სურსათის ბანკი” წარმოადგენს ლოჯისტიკურ ქსელს, რომელიც ითანამშრომლებს დიდი სუპერმარკეტების ქსელთან, რათა გადახარისხდეს და შემოწმდეს მორჩენილი, ვარგისი პროდუქცია. ხოლო აქტივისტმა თათუშა არველაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რა შეუძლია მოიმოქმედოს თითოეულმა ადამიანმა ნარჩენების შესამცირებლად და რაოდენ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენ მიერ გადაყრილი საკვები ჯანმრთელობისთვის და გარემოსათვის, რომელშიც ვცხოვრობთ. FAO-ს ეროვნული პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუმბერ მარუაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია საკვების ნარჩენების ახალი კანონმდებლობის შესახებ, ხოლო თინათინ სტამბოლიშვილმა  – რესტორნებში საკვების ნარჩენების თაობაზე ქცევითი კვლევის მიმოხილვა. 

ლანჩზე კერძებისათვის საგულდაგულოდ იყო შერჩეული ის ინგრედიენტები, რომლებიც ნარჩენების თავიდან არიდების პრინციპის გათვალისწინებით მომზადდა. ღონისძიების დასასრულს თითოეულ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა თან წაეღო ის კერძი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა. რესტორნიდან მორჩენილი საკვების თან წამოღება, ერთ-ერთი ის ქმედებაა, რომელიც გვეხმარება ნარჩენების გადაყრის არიდებაში. 

 დისკუსია საკვების ნარჩენების შემცირების შესახებ, ხედვისა და სტრატეგიების გაზიარება ფართომასშტაბიანი მოძრაობის დასაწყისია.  “სასურსათო ბანკის” შექმნა საქართველოში უკვე 2025 წლისათვის იგეგმება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.