fbpx

უშანგი ხუმარაშვილის გამოფენა – „ქაოსური წესრიგი“


გააზიარე სტატია

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2 ოქტომბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით დროებით საგამოფენო დარბაზში  წარმოგიდგენთ უშანგი ხუმარაშვილის გამოფენას „ქაოსური წესრიგი“. 

უშანგი (ხუმა) ხუმარაშვილის რეტროსპექტიული გამოფენა „ქაოსური წესრიგი“ წარმოაჩენს ფერწერული ტილოების კოლექციას 1980-იანი წლებიდან მხატვრის გარდაცვალებამდე – 2023 წლამდე. ეს სელექცია მკაფიოდ წარმოაჩენს ხელოვანის ბიოგრაფიას, არტისტულ ფენომენს და გარდასახვებს –  განვითარების ერთგვარ „წრებრუნვას“.  უშანგი ხუმარაშვილის გამოფენა  მცდელობაა მისი  შემოქმედების თარგმნისა, რაც გულისხმობს ხელოვანის ჩვენს თანამედროვეობაში გადააზრებას. 

უშანგი ხუმარაშვილის გარდაცვალების შემდეგ  ეს პირველი გამოფენაა, რომელიც განსხვავებულ ჭრილსა და დროში უფრო დისტანციურად გვიჩვენებს მის განვლილ გზას. საგამოფენო ქსოვილის თხრობა უაღრესად უშუალო, ღია და პერსონალურია. ამ განწყობას განაპირობებს ფერმწერის ამონარიდები  პირადი დღიურიდან. ეს ამონარიდები არტისტის ფერწერული ტილოების განუყოფელი ნაწილია. უდროო, უსიტყვო და იმპერსონალური ტილოები თითქოს ამონარიდების ილუსტრაციაა, ხოლო ამონარიდები – ტილოების კონცეპტუალიზაცია. „ქაოსურ წესრიგში“ ქაოსური არის სიტყვები, ფერწერა კი ქაოსის წესრიგთან შერწყმაა. 

უშანგი ხუმარაშვილი თანამედროვე ქართული სახელოვნებო სივრცის პარტიზანია. მას საბჭოთა იდეოლოგია ვერ შეეხო. არტისტი თავისი ფერწერული თუ მულტიმედიური გამოხატულებით კონფორმისტული თუ  ნონკონფორმისტული ხელოვნების მიღმაა. 

ხელოვანი სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა 1967-1973 წლებში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1980-იან წლებში თელავის საგამოფენო დარბაზში იმართება მისი პირველი გამოფენა. ფერწერის გარდა  იგი ქმნიდა კოლაჟებს, გრაფიკას, ასამბლაჟებს, პერფორმანსებს, არტ ობიექტებს და ვიდეოარტს. უშანგი ხუმარაშვილის ფერწერაში მნიშვნელოვანია ლაქობრივი აბსტრაქცია, სადაც ექსპრესია და ბრუტალიზმი ბადებს ნამუშევრების დრამატურგიას.

საბჭოთა საქართველოში აბსტრაქტული ხელოვნების პირველი ტალღა ჩნდება 1950-60-იან წლებში და შემდგომ მეორე – 1980-90-იანებში. ორივე ტალღა და მისი მიმდევარი მხატვრები აბსტრაქციას უმეტესად მიმართავდნენ, როგორც პროტესტის ფორმას საბჭოთა წყობის მიმართ. უშანგის შემთხვევაში კი ეს იყო მისი აზროვნების და ცხოვრების ბუნებრივი გამოვლინება და მხატვრული ანაბეჭდი.  

 

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.