fbpx

პოლიტიკური პროზა და პოეტური ძალა, ანუ ნობელიანტი სამხრეთ კორეიდან


გააზიარე სტატია

ნობელის პრემიის წლევანდელ დაჯილდოებას ლიტერატურის დარგში ორი ისტორიული პირველობა აქვს – ჰან კანგი, მსოფლიოს გამორჩეული  მწერალი ქალი, პირველია თავისი ქვეყნიდან, ესე იგი სამხრეთ კორეიდან, ვინც გაიმარჯვა, მეორე კი ისაა, რომ პირველი გამარჯვებულია, ვინც 70-იან წლებშია დაბადებული. იქამდე ამ ქალმა  პრესტიჟული  ბუკერის პრემიაც აიღო, ახლა კი ნობელს აუღო გემო. პრემიის ტრადიციული ახსნა-განმარტება  ასე გამოიყურება: „მძაფრი პოეტური პროზისთვის, რომელიც უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და ააშკარავებს ჩვენი სიცოცხლის სიმყიფეს“. მართლაც, ჰან კანგის ლიტერატურა ასეთია – პირადიდან საერთომდე გავლებული ბეწვის ხიდი, სადაც ფრთხილი პოეტური ნაბიჯებით მოძრაობს  და ქმნის მნიშვნელოვან, რთულ და მაღალი ხარისხის ლიტერატურას. ამაზე ეს ტექსტი.

ლიტერატორთა შორის სხვადასხვა მოლოდინი იყო – ზოგი ფიქრობდა ნობელის კანადაში, მარგარეტ ეტვუდთან გამგზავრებას, ზოგიც კი პრემიას სალმან რუშდის უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ეს უკანასკნელი უკვე რამდენიმე წელია თამაშგარე მდგომარეობაში რჩება, ასეც შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე ჟანრის კანონია. პრემია საბოლოოდ აღმოსავლეთში გაემგზავრა.

ეს სამხრეთკორეელი ქალი, რომელიც პოლიტიკურ პროზას წერს, ქართველი მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა მსოფლიოსთვის ამბავი ასე არაა,  ბოლო დროს  მან საკმაო პოპულარობა მოიპოვა ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე. მიზეზიც მარტივია – მძაფრი პიროვნული და პოლიტიკური საკითხების რეფლექსია – მისი ნამუშევრები იკვლევს ადამიანის ტანჯვისა და ტრავმის გამოცდილებას, ზოგადად, არსებობის დელიკატურ ბუნებას, და რაც ყველაზე მთავარია, ამას აკეთებს ისტორიული კონტექსტის შესაბამისად, ეს არის პოეზიისა და პროზის უნიკალური ნაზავი, სადაც ქსოვილივითაა გადახლართული ადამიანის ტრავმები, მეხსიერება და ეგზისტენციალური სისუსტეები. აქ არ არის ადამიანი დარჩენილი ცარიელ ფსიქოლოგიურ ქვაკუთხედებში, ის დიდი გარემოს ნაწილია, რომელზეც სამყაროს ნებისმიერი გულისცემა მოქმედებს.

ჰანი უბრუნდება მოდერნისტული ხანის ტენდენციებს, მისი წიგნები ეძებენ შთაგონებას ცხოვრებისთვის.

მწერალი დაიბადა 1970 წელს სამხრეთ კორეის ქალაქ გვანგჯუში, რომელიც ცნობილია პოლიტიკური აჯანყებებით, რამაც ღრმა გავლენა მოახდინა მწერლის თემებზე და ლიტერატურულ გზაზე, განსაკუთრებით კი 1980 წლის გვანგჯუს აჯანყების სასტიკმა პერიპეტიებმა.

2014 წელს გამოცემული წიგნი – Human Acts სწორედ ამ აჯანყების შესახებ მოგვითხრობს და მასზე მწვავე რეფლექსიას ახდენს. ის აღწერს სტუდენტების მიერ დაწყებული პროტესტის სასტიკ ჩახშობას. ფოკუსირებულია გადარჩენილების მიერ განცდილი ტრავმების აღწერაზე. ეს არის წიგნი, ერთგვარი მედიტაცია ძალადობის წინააღმდეგ, კვლევა მეხსიერების მიუღწეველი უბნების და პასუხის გაცემა ისეთ მნიშვნელოვან კითხვაზე: თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი.

გვანგჯუს აჯანყება კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა გახლდათ, ის ასეთი სახელითაც  ცნობილია – გვანგჯუს დემოკრატიზაციის მოძრაობა. ამბავი ასე იყო: კორეას სამხედრო დიქტატორი ედგა სათავეში, სახელად ჩუნ დუ-ჰვანი. ხელისუფლების დაკავების შემდეგ, ჩუნმა დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები, დახურა უნივერსიტეტები, აკრძალა ოპოზიციური პარტიები და ჩაახშო პრესა. ეს ის მოვლენებია, რომლის საფრთხის წინაშეც, სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოც დგას. 1980 წლის მაისში  სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ სტუდენტები გაერთიანდნენ, აჯანყებას ძალადობრივი ჩახშობა მოჰყვა. არსებობდა შიში, რომ პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებსაც მოედებოდა, რომ შესაძლო იყო საქმეში ჩრდილოეთ კორეა ჩარეულიყო.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ჩონნამის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები მშვიდობიანი გზებით აპროტესტებდნენ კორეის მილიტარისტულ რეჟიმს, რა დროსაც მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს, ცეცხლს მოჰყვა მსხვერპლი. გვანგჯუს მოქალაქეების ნაწილმა აიღო იარაღი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი პოლიცია, რომლებმაც დაიწყეს სამთავრობო შენობების დარბევა და შეძლეს ქალაქის დიდი ნაწილის გაკონტროლება იქამდე, სანამ სამხედროების ახალი ტალღა  შევიდოდა ქალაქში და კვლავ აიღებდა კონტროლს. ხოცვა-ჟლეტის შედეგად დაიღუპა 600-მდე ადამიანი, ხოლო 2300 ადამიანი დაშავდა. საბოლოო ჯამში, ჩუნის რეჟიმმა აჯანყება არასახელმწიფოებრივად ცნო, დაწესდა ძლიერი ცენზურა, პროტესტის მონაწილეები გაიგივდნენ კომუნისტ აგენტებად. მთავრობა მალავდა რეპრესიების მასშტაბებს. საბოლოო ჯამში, კორეის დემოკრატიზაციის პროცესი 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და ის დიდწილად, სწორედ ამ  აჯანყებას უკავშირდება. ისტორიამ საბოლოდ ასე ინება და დღეს ეს პროცესები გაიგივებულია გადარჩენისთვის ბრძოლის უკანასკნელ ამოკვნესად, რადგან ამ წინააღმდეგობამ, მიუხედავად ჩახშობისა, გამოიწვია პროდემოკრატიული მოძრაობების გაძლიერება.

გვანგჯუს აჯანყებამ საფუძველი ჩაუყარა მრავალ კულტურულ ნაწარმოებს, მათ შორის ფილმებს, სიმღერებსა და წიგნებს, რომლებიც იხსენებენ დაღუპულებს და ხაზს უსვამენ თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას. ასეთია ნობელიანტი ჰან კანგის შემოქმედება.

კანგის საერთაშორისო აღიარება მოუტანა 2007 წელს გამოსულმა რომანმა – „ვეგეტარიანელი“, სწორედ ამ ნაწარმოებისთვის მიიღო მან   ბუკერის პრემია. ავტორი  მოგვითხრობს ქალზე, რომელიც გადაწყვეტს შეწყვიტოს ხორცის ჭამა. ეს პროცესი გადაიზრდება ექსტრემალურ პიროვნულ ტრანსფორმაციაში, რომელიც აისახება ავტონომიის, სხეულისა და საზოგადოების ნორმების წინააღმდეგ აჯანყებაზე. წიგნი გამოირჩევა სიზმრის მსგავსი, ინტენსიური ნარატივითა და ადამიანის ფსიქიკის შესწავლით.

მართალია, „ვეგეტარიანელი“ ავტორს საერთაშორისო სცენაზე უხსნის კარს, თუმცა მისი საყვარელი ნაწარმოები ავტობიოგრაფიული მოტივებით შესრულებული, 2016 წელს გამოსული რომანია – „თეთრი წიგნი“, რომელიც ღრმა, პირადი თემებით ხასიათდება, მოგვითხრობს ცხოვრების სიყვარულის, სიკვდილისა და გლოვის შესახებ. წიგნი დაწერილია ფრაგმენტული სტილით და მას ავტორი უძღვნის თავის დას, რომელიც დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. თხრობა ტრიალებს თეთრი ფერის გარშემო, რაც სიმბოლოა სიწმინდისა და განკურნების.

ჰან კანგის შემოქმედებას მალე იხილავს ქართველი მკითხველიც, რადგან წესი ასეთია – ნობელიანტი ყველასთვის საინტერესოა. იმედია მისი ნამუშევრები, რომელიც ხშირად მიმართავს იდენტობის, ავტონომიურობისა და ღრმა ადამიანური ემოციების აღძვრას, საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის.

შეგახსენებთ, ნობელის პრიზი ალფრედ ნობელმა – გამოჩენილმა მეცნიერმა შექმნა და თავისი ქონების დიდი ნაწილი რამდენიმე დარგში პრიზების გაცემისთვის გამოყო. 1901 წლიდან გაიცემა პრიზები  მედიცინისა და ფიზიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის და, რა თქმა უნდა, მშვიდობის დარგში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.