fbpx

ლონდონის ქართული ფილმის ფესტივალი უკვე მერვედ ჩატარდა


გააზიარე სტატია

2024 წლის ოქტომბერში, 2-იდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ლონდონში, მაშინ როდესაც ქართული კინო საკუთარ სამშობლოში რეპრესიებსა და ცენზურას ებრძვის, ქართული კინოფესტივალი მერვედ გაიმართა.

2024 წელს ლონდონის ქართული ფილმის ფესტივალი სერგო ფარაჯანოვის დაბადების 100 წლისთავს დაემთხვა.

ფესტივალის დირექტორი ჯეისონ ოსბორნია, რომლის ბებიაც ქართველი გახლდათ. “ქართული კინო ვიზუალურად ძალიან ძლიერია, ეს განსაკუთრებით ისეთ ფილმებში იგრძნობა, როგორიცაა “ ჩემი ბებია”, რომელმაც შთამბეჭდავი ავანგარდული მიდგომა წარმოადგინა. ქართველები მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ერია, ბრწყინვალე ქვეყნიდან. რაც იდეალურ საფუძველს ქმნის კარგი კინოწარმოებისთვის. გარდა ამისა, კინოს სჭირდება საინტერესო, მოსაყოლი ისტორიები, ქართველებს კი, სამწუხაროდ, ხშირი ტრაგიკული გარემო – პირობებიდან გამომდინარე, ასეთი ბევრი ისტორია დაუგროვდათ. ვფიქრობ, მუნჯი კინოსა და საბჭოთა კავშირის დროებაში და ახლაც, დღევანდელ დღეს, ქართული კინო დასავლეთში დიდ ინტერესს იწვევს, ის ყოველთვის მაღალ შეფასებას იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა და ღარიბი ქვეყნიდან მოდიოდა. საუკეთესო ქართულ ფილმებში არის იუმორი და სილაღე, რომელიც ბუნებრივად ერწყმის ტრაგიკულ მოვლენებს და ხდის მას უფრო მიმზიდველსა და მშვენიერს.”

წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 10 ქართული ფილმი, მათ შორის – ნანა ექვთიმიშვილის “გრძელი ნათელი დღეები”, რომელიც, ბერლინის 2013 წლის კინოფესტივალზე “ახალი ქართული კინო ტალღის” დაბადების სიმბოლოდ დასახელდა. ასევე უჩვენეს კლასიკოსების – ალექსანდრე წუწუნავას, სერგო ფარაჯანოვის და ოთარ იოსელიანის ფილმები.

ფესტივალზე ლანა ღოღობერიძის 2023 წლის ფილმის, “დედა-შვილი ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი”, დიდ ბრიტანეთში პირველად აჩვენეს. ფილმი ლანას დედაზე – ნუცა ღოღობერიძეზეა, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი რეჟისორი ქალი საბჭოთა კავშირში. ასევე გიორგი სიხარულიძის ფილმის, “პანოპტიკონის” ბრიტანული პრემიერაც შედგა. ფესტივალის პროგრამაში იყო ნინო კირთაძის “დურაკოვო – ბრიყვთა სოფელი”, ლუკა ბერაძის “ღიმილიანი საქართველო”, და სხვა პოლიტიკურად თუ სოციალურად მნიშვნელოვანი ფილმები.  აღინიშნა კინემატოგრაფისტების მრგვალი თარიღები: ოთარ იოსელიანი 90, სერგეი ფარაჯანოვი 100 და ნატო ვაჩნაძე 120.  პანელ დისკუსია გაიმართა რეჟისორ უტა ბერიასთან და ასევე თიკო ნადირაშვილმა წარმოადგინა სტენდ – აპი.

“ახალი ქართული კინოს წარმატება ამჟამად მთავრობის მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კულტურის მინისტრმა თითქმის ყველა მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუციას წაართვა დამოუკიდებლობა, რაც პუტინის ქმედებებს მოგვაგონებს. ივანიშვილი დომინირებს ჯანსაღ დემოკრატიაზე, რაც მნიშვნელოვნად ხევს საქართველოს უკან და აშორებს ევროპულ მომავალს, რომლისკენაც უმრავლესობა მიილტვის, რაც საზოგადოებრივი გამოკითხვებიდან ჩანს. მე ძალიან ვღელავ საქართველოზე, რადგან ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილი ან “ქართული ოცნება” პატივს სცემდნენ დემოკრატიულ არჩევნებს. მაგრამ ვიცი, რომ ქართული სული ძლიერი და ფუნდამენტურად კრეატიულია, ის უამრავ შემოსევებსა და თავდასხმას გადაურჩა, ამიტომაც ვგრძნობ, რომ ქართველი ხალხი კვლავაც შეძლებს დამოუკიდებლად, თავისუფლებაში ცხოვრებას, გრძელვადიან პერსპექტივაში.” – ჯეისონ ოსბორნი.

ფესტივალის დამფუძნებელია “ბრიტანულ-ქართული საზოგადოება” (British Georgian Society) და “კინოში ასახული ცხოვრება” (Life Throough Cinema). წლევანდელი ფესტივალის პარტნიორები ლონდონის ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français), “აჭარა გრუპი”, “სტაბმა”, “ნატო ვაჩნაძის ფონდი”, და “საქართველოს კინოინსტიტუტი” და საპროდიუსერო კომპანია “1991”, KOHA  და სხვა.










მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.