ლევან გელბახიანი: რატომ დავტოვე ქვეყანა? – DW Akademie-ს სტატიების სერია ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე
ფოტოგრაფი: ელენე შენგელია
DW Akademie-სთან ერთად At.ge აგრძელებს ინტერვიუების სერიას, რომლებშიც სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასული საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციაზე საკუთარი გამოცდილებიდან საუბრობენ.
ლევან გელბახიანი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. “მოგესალმებით, მე ვარ ლევან გელბახიანი, 26 წლის. მსახიობი და მოცეკვავე, უკვე ყოფილი მოცეკვავე,” – ამბობს ლევანი ჩვენთან საუბრისას ინტერვიუს დასაწყისში.
საქართველო 2021 წლის მიწურულს დატოვა და შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის შტატში გადავიდა საცხოვრებლად.
“ქვეყნიდან წასვლის ბევრი მიზეზი მქონდა: ეკონომიკური უძრაობა და უპერსპექტივობა; ზიზღის და სიძულვილის ტირაჟირება ხელისუფლების და მასთან დაკავშირებულ მოძალადე ჯგუფების მხრიდან, როგორც არის, მაგალითად, “ალტინფო”, საქართველოს საპატრიარქო და ამასთანავე გაუსაძლისი ემოციური ტერორი, რაშიც ივანიშვილის რეჟიმი გვამყოფებს,” – ამბობს ლევან გელბახიანი.
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ?
ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში პიროვნულ, ემოციურ და მენტალურ სიმშვიდესთან ბევრად უფრო ახლოს ვარ, ვიდრე საქართველოში ვიყავი. რთული იყო ამერიკის მასშტაბის გააზრება: ჩემი გონება თითქოს პატარა საზოგადოების სტრუქტურით მუშაობს, რაც ადაპტაციის პროცესში გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა. მაგალითად, ნიუ-იორკში პოპულაციით შესაძლოა ერთი უბანი უფრო დიდი იყოს, ვიდრე მთელი საქართველო. შესაბამისად, აქ შესაძლებლობებიც უამრავია.
ნებისმიერ დღეს შეგიძლია, შეცვალო შენი არჩეული გზა – სხვა პროფესია სცადო, სხვა ინტერესები აღმოაჩინო. უამრავი იდეა არსებობს, თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანი და მისი წილი თავისუფლება. ამერიკამ მასწავლა ამ იდეების პატივისცემა, მათთან თანაცხოვრება, მოთმინება და პრობლემის დიდი მასშტაბით გაანალიზების უნარი შემძინა.
რას საქმიანობთ ამჟამად?
ამჟამად უქმეებზე ნახევარი განაკვეთით ბარმენად ვმუშაობ. ეს საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად მყოფნის. დანარჩენ დროს ვუთმობ კასტინგებისთვის ვიდეოების მომზადებას და ჩაწერას. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ბევრს ვმუშაობდი და ჩემი თავის გაცნობის, ტრავმების უკეთ აღმოჩენის, მათი მოშუშების და შეცდომების დანახვის დროც არ მქონდა. შემდეგ მიხვდი, რომ ჩემი პიროვნების დაცულობის შეგრძნება, მისი მოფრთხილება უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. 2023 წლის ზაფხულში გავიარე კასტინგი რეჟისორ ჟაკლინ ზუნდთან ფილმისთვის Don’t Let The Sun (Catch You Crying). პროექტი შვეიცარიის და იტალიის კოპროდუქციაა და იმავე წლის ზაფხულში იტალიაში ექვსკვირიანი გადაღებები მქონდა. ფილმი უკვე დამთავრებულია და ვემზადებით პრემიერისთვის. ასევე მაქვს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც 80-იანი წლების პიანისტი კაცის, მისი ხანმოკლე, მაგრამ შეუდარებელი ცხოვრებისა და კარიერის შესახებაა. ადრეულ მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ ახლა და გაზაფხულზე გადაღებების დაწყება იგეგმება.
რამდენი ხნით გეგმავთ დარჩენას ან საერთოდ, აპირებთ თუ არა დაბრუნებას?
სამწუხაროდ, ამაზე კონკრეტული პასუხი გულწრფელად არ მაქვს. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დაბრუნება ყველაფერზე მეტად მინდა. გაჯეტების ეპოქაში ემიგრაცია საკმაოდ მტკივნეული პროცესია. მე ვცხოვრობ ორ პარალელურ სამყაროში: ერთი არის ჩემი ყოველდღიური რუტინა აქ, ხოლო მეორე – ეკრანს მიღმა საქართველო. სულ მაქვს ბრძოლები, რომ ტელეფონი გადავდო და ქართული ონლაინ სივრცეების გარეშე გავატარო დრო, მაგრამ ორ დღეზე მეტხანს ვერ ვძლებ. ჩემი გონება საქართველოსკენ გამორბის.
თუ არის გარემოებები, რაზეც თქვენი დაბრუნებაა დამოკიდებული?
ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ოქტომბერში საქართველოს პოლიტიკურ ფინალზე. მე მჯერა ჩვენი და ჩვენი მშობლების თაობის!
ახლა, როცა საქართველოში არ ხართ, როგორ ხედავთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს?
სამწუხაროდ, საქართველო ამჟამად ეგზისტენციალურ კრიზისში იმყოფება. სიღარიბე და ოკუპაცია ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიმაჩნია. უმცირესობების მიმართ ძალადობა, უთანასწორობა, ჰომოფობია, ტრანსფობია, ფემიციდი და პედოფილია – ეს არის საკითხები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას სერიოზულად აზიანებს. კორუმპირებული სასამართლო სისტემა და დამოუკიდებელი ინსტიტუციების ნაკლებობა ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საგანმანათლებლო სისტემის ხარისხი, ჯანდაცვა, ფასების ზრდა და კორუფცია – ეს ყველაფერი პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. დღეს უამრავი პრობლემა და გამოწვევაა. ივანიშვილის რეჟიმმა, ქვეყანა დიდ დეპრესიაში ჩააგდო.
პოლიტიკური ელიტების ღალატმა და უპრინციპობამ თაობები შეიწირა. საბედნიეროდ, ვფიქრობ, დრო ჯერ კიდევ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ უწინდელ შეცდომებს აღარ დავუშვებთ და დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ ქართველები!
როგორ გესახებათ საქართველოს ისეთი მომავალი, რომელშიც ცხოვრებას ისურვებდით?
საქართველო ვერ გადარჩება სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების გარეშე და ეს ფაქტია. ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ პარტნიორ სახელმწიფოებს იქ, სადაც დიქტატურები ყვავის.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება განვლილი 30 წელი. მე 1997 წლის 30 დეკემბერს დავიბადე ჭიათურაში. დედამ მითხრა, რომ საოპერაციო ოთახში ფანჯრები ჩატეხილი იყო. იმ წელს დეკემბერში უჩვეულოდ დიდი თოვლი მოსულა. მამაჩემი სოფლიდან ქალაქამდე ზურგით შეშას დაატარებდა. დეკემბრის ყინვებს ვერ გავუძელი და 2 დღის ჩვილს ფილტვების ანთება დამემართა. დღეს საქართველოს მომავალს მხოლოდ ევროკავშირში ვხედავ, სადაც ადამიანი და მისი კეთილდღეობა დაცულია. მოქალაქეს აქვს წვდომა ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე და მშრომელთა უფლებები დაცულია.
სახელმწიფოში ბავშვები არ უნდა იძინებდნენ მშიერი და ჩვენი მოხუცებისათვის სიკვდილი შვებასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. უნდა შევძლოთ და ბოლომდე მივიყვანოთ 1918 წელს დაწყებული ბრძოლა დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. უნდა გავაძლიეროთ სამოქალაქო სექტორი, ცალკეული სფეროები და ინსტიტუციები, რათა შემდეგმა ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლოს მათი დაშლა და დანაწევრება. მე მინდა ვცხოვრობდე ევროპულ საქართველოში, სადაც შრომა დაფასებულია; ადამიანის უფლებების დაცვა ხელშეუხებელია; სადაც საზოგადოებრივი კეთილდღეობა ბიზნესზე პრიორიტეტულია; მინდა ვიცხოვრო იქ, სადაც ჩვენი გადახდილი გადასახადები ისევ საზოგადოებას გვხმარდება; იქ, სადაც 700,000 სოციალურად დაუცველი ოჯახი ტრაგედია იქნება და 84 მილიონერი პარლამენტარი ნორმად არ აღიქმება.
თუ გეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და რა არის თქვენი გზავნილი თანამოქალაქეებისთვის?
რა თქმა უნდა, ვგეგმავ! ჩემი წილი გასაფერადებელი მაქვს. არ დაგეზაროთ არჩევნებზე მისვლა, ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ!