fbpx

თოფურიას ტრიუმფი: MMA-ს ახალ სიმაღლეებზე აყვანა


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

გუშინ ორი მნიშვნელოვანი დღე იდგა ჰორიზონტზე – არჩევნები და UFC308, სადაც ჩვენებური ილია თოფურია მოპოვებულ ქამარს იცავდა. პირველის ამბავი გვერდით გადავდოთ და მზერა სწორედ ამ უკანასკნელს მივაპყროთ – შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ქამრის მოპოვებაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი დაცვაა. ჩემპიონი შეიძლება გახდე, როგორც ერთი გამოთქმაა – ყარაულის თოფივით გაგივარდეს, თუმცა მთავარი შემდეგ იწყება, მებრძოლის ხარისხიც იმით იზომება, თუ რამდენად დიდხანს შეძლებს სტატუსის შენარჩუნებას – ილია თოფურიამ ეს გზა დაიწყო და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით მოპოვებული ჩემპიონობა მეორე ლეგენდის, მაქს ჰოლოუეის დანოკაუტებით დაიცვა. თოფურიამ ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო – ჰოლოუეის 35 პროფესიული ბრძოლა აქვს ჩატარებული და არც ერთ მათგანში არასდროს გათიშულა, თოფურიას კი მისი ყბის მონგრევისთვის 15 წუთი დასჭირდა.

შერეული საბრძოლო ხელოვნება  სპორტის ახალი სახეობაა, რომლის პოპულარობაც არნახული სისწრაფით იზრდება, შესაბამისად, ის ახლა ყალიბდება, ჯერ კიდევ მანეჟშია  და ფეხს იდგამს – ახალ ეტაპზე გადადის როგორც შოუ, ასევე ტექნიკური ნაწილი, ერთი სიტყვით, იზრდება ხარისხი.

MMA-ს ჰყავს თავისი გვარდია, ვინც ეს სპორტი განაახლა და მნიშვნელოვან ეტაპზე გადაიყვანა. ჩემთვის ასეთი სამი მებრძოლია:

პირველი  ბრაზილიელი როის გრეისია, რომელიც ერთი პერიოდი დომინირებდა ორგანიზაციაში ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ეფექტებით და ამტკიცებდა, რომ ტექნიკასა და უნარს შეუძლია გადალახოს ზომისა და წონის საკითხი. მაგაზეა ნათქვამი: ხერხი ჯობია ღონესაო. გრეისის პერფორმანსებმა რევოლუცია მოახდინა და ამ  სპორტში გრეპლინგის – ესე იგი, მიწაზე ბრძოლის ხელოვნება დააფუძნა.

მეორე  ჟორჟ სენტ-პიერია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, ცნობილი თავისი ათლეტიზმით, მრავალფეროვნებით და სტრატეგიული მიდგომებით. მან MMA-ში დისციპლინა აიყვანა  ოსტატობის მეცნიერების დონეზე. მისი ელიტარულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის თანაბრად საინტერესო მებრძოლი იყო დგომში და პარტერში – ესთეტიკური დარტყმებისა და ჭიდაობის შესანიშნავი სინთეზი. სენტ-პიერმა დიდი გავლენა იქონია და გარდაქმნა წარმოდგენები სპორტში პროფესიონალიზმის დონეზე.

მესამეა კონორ მაკგრეგორი. მოდი, ვიყოთ სამართლიანები და ვთქვათ, რომ არა ირლანდიელი, MMA ისეთი პოპულარული ვერ გახდებოდა, როგორიც არის. ეს სპორტი მიწისქვეშა სანახაობად ითვლებოდა, რომელსაც მთლად ბოლომდე საქმეში ჩახედული ხალხის თვალი აკვირდებოდა, კონორმა კი თავისი მიმზიდველი ქარიზმით, უნიკალური მოძრაობებითა და ძალით, ამ სპორტის კომერციული უნარები გაზარდა. დაუნდობელი ნოკაუტებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით ცნობილი მაკგრეგორი ახალ სიმაღლეზე მიათრევს  სპორტის ამ სახეობას, რაც იძლევა მაგალითს საქმოსნებისთვის და UFC ემსგავსება სტენდ’აპ შოუს. ერთი სიტყვით, The Notorious-ს დანა უაითმა ფეხები უნდა დაბანოს.

ილია თოფურიას საბრძოლო სხეული კი მაძლევს იმის თქმის ლეგიტიმაციას, რომ მას ეს სპორტი სხვა ეტაპზე გადაჰყავს, აძლევს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჩანს – ჰოლოუეისთან გამარჯვება არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო მომენტი, რომელიც გვახსენებს, რატომ ვუყურებთ, რატომ ვაანალიზებთ და რატომ ვიკავებთ სუნთქვას ყოველ რაუნდში. თოფურიას სპექტაკლი არ იყო მხოლოდ ტექნიკური უნარების რეპრეზენტაცია, ეს იყო ევოლუცია იმისა, თუ რას ნიშნავს სრულფასოვანი მებრძოლი, რომელიც არა მხოლოდ ფლობს სხვადასხვა უნარებს, არამედ ამ უნარებს ფლობს მისი უმაღლესი გამოვლენით.

ვისაც უყვარს MMA,  უყვარს მაქს ჰოლოუეი, რადგან ამ სპორტის სულს მთელი თავისი დიდებულებით განასახიერებს.  ის ეპოქალურ მომენტებს ქმნის, შეუძლია ბრძოლის ბოლო რაუნდის ბოლო წამებზე მეტოქეს თითით ცენტრისკენ მიანიშნოს, გაცვლაში შევიდეს და მიწაზე დაანარცხოს. შერეული საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს გემახსოვრებათ კელვინ კატართან ბრძოლა, UFC-ს ისტორიაში დარტყმების რეკორდი რომ მოხსნა – მეტოქეს არც უყურებდა, ისე ურტყამდა, თან გადამღებ კამერას ელაპარაკებოდა: I’m the best boxer in the UFC. მართლაც, მაქსი ბევრისთვის UFC-ში საუკეთესო მოკრივეა, ან იყო. ასეც შეიძლება.

UFC-მ ნამდვილად შესანიშნავი ღონისძიება შემოგვთავაზა, დამატყვევებელი მთავარი ბრძოლით – თოფურია VS ჰოლოუეი. ორი თაობა – მომავალი და ვეტერანი მებრძოლები. ერთი მხრივ, ერთ დროს დივიზიონის ჩემპიონი, მეორე მხრივ კი ახალგაზრდა და მშიერი, სრულიად ამოუხსნელი განტოლება.

თოფურიას წინააღმდეგ ჩვენ ვიხილეთ ფრთხილი და პედანტური კრივით აღჭურვილი მაქს ჰოლოუეი, რაც იქამდე არასდროს გვინახავს, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ის  გამოცდილი მებრძოლია, მის გუნდში ასეთივე ხალხია.  მათ გონებაში კი აუცილებლად გადახარშული იქნებოდა, რომ ჯასტინ გეიჯთან გაკეთებული, ანუ გაცვლებში შესვლები, თოფურიასთან მომაკვდინებელ შედეგებს მოიტანდა. ასეც მოხდა, ბრძოლის დასაწყისშივე თოფურიამ ჰოლოუეი იციტირა და სცენის ცენტრში გაცვლებში შემოსვლა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა და გეგმაზომიერ დისტანციაზე ჩხუბს მიჰყო ხელი.

მაქსის ტაქტიკა კონტრშეტევებზე და სადესანტო დარტყმებზე აიგო, გამოიყენა არსენალში მქონე კარგი ფეხურებიც, მარტივად გასარჩევი იყო სურვილი, მეტოქე დაეჭირა მაღალი დარტყმით, რადგან ილიას თითქმის უნაკლო კარიერაში ერთ-ერთი ჩავარდნა სწორედ მაღალი დარტყმით მოხდა – სწორება მაქვს ჯაი ჰერბერტთან ბრძოლაზე, თუმცა იქვე თოფურიას გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობაც გამოჩნდა.

კლასიკურმა კიკბოქსინგმა არ გაამართლა და ილიამ თავადაც შეუტია ფეხებით, თან საკმაოდ დამაზიანებლად, რამაც მაქსს დგომისა და მოძრაობის პრობლემები შეუქმნა, ეს კი მისი ტაქტიკის მთავარი ღერძი გახლდათ – ჰოლოუეის მართებდა და ასეც მოხდა – ემოძრავა ბევრი, გაჰქცეოდა კუთხეს ან გალიას, რადგან ჟანრის კანონის შესაბამისად, ვინც თოფურიასთან რვაკუთხედში მოცემულ წერტილში მარტოვდება, ცუდად ამთავრებს. ამას ხვდებოდა მაქსის გუნდი, ამიტომ ის ბევრს მოძრაობდა, ცდილობდა ერთ წერტილში დიდხანს არ შეჩერებულიყო, გაჰქცეოდა ისეთ წერტილს, სადაც უკან დასახევი გზა არ იქნებოდა, თუმცა თოფურიას შესანიშნავმა ტაქტიკამ გაამართლა, ილიას დინამიკურმა მოძრაობამ მაქსის უნარები მარტივად აიტანა, რიტმი თავად განსაზღვრა, სიმშვიდის შენარჩუნებით გამოკვლეული მოწინააღმდეგის თავდაცვის ინსტრუმენტები კი საბოლოო ჯამში გამარჯვების წყაროდ გადაიქცა.

თოფურიას მოძრაობა იყო არა მხოლოდ გათვლილი, არამედ მხატვრული, როგორც ლირიკული პოეზია; სიზუსტე და კონტროლის ხელოვნება – დარტყმების ქირურგიული სიზუსტით, როცა ყველა მოქნეულს თავისი მიზანი აქვს, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ მეტოქის დაზიანებისთვის, არამედ დესტაბილიზაციისთვის. სიმართლე გითხრათ თოფურიას გამარჯვებას ველოდი, თანაც ვადამდელს, თუმცა მაქსის ყბის მითი მოქმედებდა – ილიას გამარჯვება მიწაზე, ჭიდაობისა და გრეპლინგის მეთოდით წარმომედგინა, თუმცა შევცდი – თოფურიამ დანაპირები კიდევ ერთხელ შეასრულა და იქამდე გაუთიშავი გათიშა, როგორც თვითონ იტყოდა – სინათლე ჩაუქრო თვალებში.

არაპროგნოზირებადი და მრავალმხრივი უნარებით აღჭურვილმა ქართველმა მებრძოლმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე MMA არ არის ერთ სტილზე დგომა; საუკეთესოებისთვის საჭიროა თამაშის ყველა ასპექტის ათვისება – ილია ახალი არქეტიპია შერეული საბრძოლო ხელოვნებისთვის.

ამასობაში კი ქართველი მებრძოლები დიდი ისტორიის წერას განაგრძობენ…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.