გიორგი ურუშაძე: რატომ დავტოვე ქვეყანა? – DW Akademie-ს სტატიების სერია ემიგრაციაში წასულ ადამიანებზე
At.ge და DW Akademie ერთობლივი პროექტი იმ ადამიანების ინტერვიუებს მოიცავს, რომლებმაც ქვეყანა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზითა და მიზნით დატოვეს. ამ სტატიის გმირი 31 წლის ანტრეპრენერი და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენელი გიორგი ურუშაძეა. გიორგი ურუშაძემ რამდენიმე წლის წინ საქართველოში დააფუძნა ახალი აპლიკაცია – სოციალური ქსელი, სახელწოდებით Tasteit, რომელიც დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ხელმისაწვდომია. ამავდროულად, გიორგი ურუშაძე სააგენტო Factory Berlin-ის კრეატიული დირექტორია.
გიორგი ურუშაძემ საქართველო ხუთი წლის წინ დატოვა, როდესაც სრული დაფინანსებით სასწავლებლად Miami ad School-ის ბერლინის ფილიალში გაემგზავრა. მისი თქმით, ქვეყნიდან გადასვლის გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და ახალი გამოცდილების მიღება იყო. ამბობს, რომ საკუთარი თავის უკეთ გაცნობა გაცნობა იმ გარემოში, სადაც არაფერს წარმოადგენდა და მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული, მიაღწევდა თუ არა წარმატებას.
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი და ჩემს წარმატებაში საკუთარი თავის გარდა, დიდი როლი არავის უთამაშია, ქვეყნის დატოვების შემდეგ ახალი გამოწვევები გაჩნდა. დავრჩი საკუთარ თავთან მარტო, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად და მივხვდი, რომ ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ჩემს მომავალზე აისახება. პირველი რამდენიმე თვე ყველაზე რთული იყო: ადაპტაცია, სოციალიზაცია, ახალი პროფესიის ათვისება და კარიერის ნულიდან დაწყება. გამოწვევების მიუხედავად, მივხვდი, რომ ეს იყო იდეალური შანსი რეალური გიორგის გასაცნობად და ერთ რამეში დასარწმუნებლად – შემიძლია თუ არა ის, რაც მგონია, რომ შემიძლია.
რით განსხვავდება საქართველოში არსებული გარემოსგან ის ქვეყანა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
პირველი სიტყვა, რაც მაფიქრდება, არის დაცულობა. პირველი კულტურული შოკი, ალბათ, იმის გააზრება იყო, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე და როგორ იცავს დასაქმებულებს უსამართლობისგან; რამდენად დაცულია სიტყვის თავისუფლება. თუ სტრესული სამსახური გაქვს და ვეღარ უძლებ, სახელმწიფო მაშინაც გვერდში გიდგას, გაძლევს საშუალებას, დატოვო სამსახური, ერთი წლის განმავლობაში ხელფასის მინიმუმ 60% გადაგიხადოს და ამასთან ერთად, ახალი პროფესიის დასაუფლებლად სწავლა სრულად დაგიფინანსოს. აღარ მაქვს საუბარი უამრავ სხვა სარგებელზე – უფასო მგზავრობაზე თუ, მაგალითად, საგამოფენო სივრცეებში უფასო წვდომაზე. აქ მუშაობის დაწყების პირველ წელს ქართული ტრავმული გამოცდილების გამო, ავად გახდომა “მერიდებოდა”. საბედნიეროდ, მსგავსი კომპლექსებისგან გავთავისუფლდი.
თუ არის გარემოებები, რაზეც თქვენი დაბრუნებაა დამოკიდებული?
გერმანიაში ხუთი წელია ვცხოვრობ, თუმცა დღემდე არ ვამბობ, რომ წამოვედი. საქართველოდან არსად წავსულვარ, დრო მოვა და დავბრუნდები. ჩემი სტარტაპი Tastei საქართველოში შეგნებულად დავიწყე. ერთი მთავარი ამბიცია მამოძრავებდა – მინდოდა, შემექმნა პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც გლობალური პროდუქტი გახდებოდა და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. სამწუხაროდ, არჩევნების გაყალბებამ დაბრუნების პროცესი შეანელა, თუმცა უფრო ბრძოლისუნარიანი გამხადა; გამაბრაზა და მიმახვედრა, რომ მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მზად ვარ ბრძოლისთვის.
ახლა როცა საქართველოში არ ხართ, როგორ ხედავთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს?
საქართველოს ახლა ყველაზე რთული დღეები აქვს. სიამოვნებით ვიმსჯელებდი ამ აბზაცში პრობლემებზე განათლების სისტემაში და ჩემს ხედვაზე, თუ როგორ შეიძლება მისი შეცვლა. სამწუხაროდ, ახლა ჩვენი, როგორც ერის გადარჩენის საკითხია მთავარი პრიორიტეტი. რუსული ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს თვალებში ნაცარს აყრის და უკან, ბნელ საბჭოთა კავშირში აბრუნებს. ახლა მთავარია, ქვეყანა ამ სიბნელიდან გამოვიდეს, მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლება დაუბრუნდეს და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
როგორია თქვენი განწყობა 26 ოქტომბრის არჩევნებია შემდეგ?
თუ გინდა, ერის იდენტობა გააქრო, მათ იმედი უნდა მოუკლა. თუ გინდა, ადამიანს გული ატკინო და სამუდამო დაღი დაასვა, მას იმედი უნდა წაართვა. მე დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემს იმედს ვერავინ წაიღებს და ზუსტად ვიცი, ბევრი ჩემნაირი ადამიანი ცხოვრობს ჩემს საქართველოში. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შიში შეიძლება ძლიერი ემოცია იყოს, თუმცა მისი დამარცხება შესაძლებელია და მასზე გამარჯვებას თავისუფლება და ბედნიერება მოაქვს.