fbpx

სოფლის მღვდლის დღიური – ფენომენოლოგიური გამოცდილება კინოში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: რატი ტყემალაძე

 

მე დიდ პატივს ვცემ მაყურებელს. ისინი ყოველთვის მზად არიან იგრძნონ იქამდე, სანამ გაიგებენ.

– რობერ ბრესონი

 

კაურისმიაკის ფილმის, “ჩამოცვენილი ფოთლების” ორი პერსონაჟი კინოთეატრიდან გამოდის და ერთ-ერთი ამბობს, რომ ფილმი ზომბების აპოკალიფსზე ძალიან მოეწონა. უფრო მეტიც, ბრესონის “სოფლის მღვდლის დღიური” გაახსენა. ვერაფერს ვიტყვით, კარგი ხუმრობაა, მაგრამ რობერ ბრესონის მიერ 1951 წელს გადაღებული ფილმი (Journal d’un curé de champagne) არც ზომბებზეა და არც კათოლიკური რელიგიის აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე. ფრანგი რეჟისორის ნამუშევარი ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება, ჟორჟ ბერნანოსის ავტორობით. ესაა ისტორია ახალგაზრდა ავადმყოფ მღვდელზე, რომელსაც თავის პირველ სამრევლოს ჩააბარებენ ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში.

გამოცდილება, რომელსაც ბრესონის ფილმი უტოვებს მაყურებელს ფუნდამენტურად განსხვავდება კლასიკური რელიგიური ჟანრის ფილმებისგან. მაგალითად, მელ გიბსონის „ქრისტეს ვნებანში“ ჩვენ ვხედავთ ეშმაკეულ ჩვილებს, დემონურ ყვავებს და კატაკლიზმურ მოვლენებს, რომლებიც რაღაც ზებუნებრივის არსებობაზე მიგვითითებენ. სოფლის მღვდლის დღიური, მსგავსი რელიგიური ჟანრისგან განსსხვავებით, მინიმალისტურია, აღწერს მღვდლის ყოველდღიურ რუტინას და არ აქვს ეკრანზე ტრანსცენდენტური მოვლენების გადმოტანის პრეტენზია. გიბსონის ფილმში მომხდარი მოვლენები მაყურებლების ყოველდღიური გამოცდილებების მიღმაა და შეუძლებელია მათი რაციონალიზაცია. ეს იმდენადაა დამაჯერებელი, რამდენადაც სუპერგმირების არსებობა.

“I want to represent not action, not events, but feelings. (March 12, 1951) –

Bresson on Bresson”

ბრესონის ჩანაფიქრი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სხვა ბევრი გამოცდილებიდან ერთ-ერთის, – რელიგიის  ასახვა ყოველდღიურობაში. ამ ფორმით ბრესონი არ ეძებს პასუხებს ზეცაში, სამოთხეში ან თუნდაც კათოლიკურ რელიგიაში, არამედ ესაა ადამიანის არსის ძიება პიროვნული, ყოველდღიური გამოცდილებებიდან გამომდინარე.

რეჟისორს ამისთვის არ სჭირდება ხანგრძლივი კადრები. ის ორიენტირებულია მსახიობების ნაკლებად ექსპრესიულ გამომეტყველებაზე, მატერიალურ ნივთებზე, რომლითაც რეალობაა გაჯერებული და ყველაზე მთავარზე: სამმაგ თხრობაზე. მაყურებელი ხედავს მღვდლის დღიურს –  ჩანაწერებს, ამავდროულად, ესმის მისი  მონათხრობი და, საბოლოოდ, ცოცხლდება ის სცენები, რომლებიც ახლახან აღწერა მთხრობელმა. პროტაგონისტის პირადი სივრცის ასეთი მძლავრი ექსპრესია მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: უშუალოდ განგვაცდევინოს მისი მდგომარეობა და შევძლოთ სამყაროს მისეული აღქმის წარმოდგენა.

ჰაიდეგერის ფენომენოლოგიაზე დაყრდნობით, ფილმში აღწერილი ეს ყოველდღიურობა შეგვიძლია გავიგოთ, როგორც მღვდლის მუნყოფნის (Dasein) გამოცდილება. ჰაიდეგერის აზრით, სწორედ ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სიტუაციებზე დაკვირვებით შეგვიძლია გავიგოთ ადამიანის არსებობის სტრუქტურა და მისი ჩამოყალიბების პროცესი.

ჰაიდეგერის მუნყოფნის აზრით, მღვდლის ყოველდღიური რიტუალები, ურთიერთობები და მარტოობის მომენტები წარმოაჩენს ყოფიერების მდიდარ ტექსტურას, რომელიც ჩვეულებრივ გარემოსა და რუტინებში ვლინდება.

გავიხსენოთ მღვდელსა და გრაფინიას შორის სიტყვიერი დუელი. საკვანძო მომენტებში ისმის ჭექა-ქუხილის ხმა და კამერა ორჯერ გვაჩვენებს ფანჯრის მიღმა  მდებარე პარკს, სადაც მებაღე ფოთლებს რწყავს. ეს გადასვლა ინტენსიური რელიგიური დიალოგიდან გარეთ, ჩვეულებრივ სამყაროში მინიშნებაა ყოველდღიურობის მნიშვნელობაზე. ბრესონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავივიწყოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.

კიდევ ერთი სცენა, რომელშიც მღვდელი და მეუფე საუბრობენ. მეუფე ჩვეულად აკრიტიკებს მღვდელს, რადგან სათანადოდ არ იცვამს, საკმარისად არ ლოცულობს და კიდევ ბევრი სხვა. ამავე მომენტში მღვდელი ფიქრობს, რომ მეუფის პირით მას ღმერთი ესაუბრება – უკანა ფონზე ძაღლის ყეფის და ძროხების ხმა ისმის.

ბრესონის ფილმი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ფენომენოლოგიის ნიმუში. ასეთი წაკითხვით შესაძლებელია დაფიქრება ფილმის გამოცდილებაზე, როგორც ერთ-ერთ საშუალებაზე ადამიანის არსის ყოველდღიურობის რიტმში აღმოჩენისთვის. ბრესონის კამერა იღებს ყოველდღიურობის სტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც მღვდლის სულიერი მოგზაურობაა გადმოცემული. მისი ეგზისტენციის იდეა არ იმალება ზეცაში, რელიგიაში ან მიღმიერ სამყაროში, არამედ პატარა, ხშირად უგულებელყოფილ რუტინებში, რომლებიც ადამიანის გამოცდილებას აყალიბებს.

 

ლიტერატურა

  • Price, Brian. Neither God nor Master: Robert Bresson and Radical Politics. University of Minnesota Press, 2011.
  • Bresson, Robert. Bresson on Bresson: Interviews, 1943-1983. New York Review Books, 2016.
  • Bresson, Robert. Notes on the Cinematograph. Translated by Jonathan Griffin. New York: New York Review Books, 1977.
  • Heidegger, Martin. On Time and Being. Translated by Joan Stambaugh. Chicago: University of Chicago Press, 2002.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.