ორთაჭალა – იგივე სეიდაბადი – იგივე ხარფუხი
„ტბილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსი და დიდშენნი ავაზიანი მარადის მომფინარე ცხელი წყალი. აქ თაბორს ყოფილა ციხე, არამედ აწ შემუსვრილი არს. აქ დასხა შასეფიმ სეიდანი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდ აბადს…”
ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, 1745 წ. (ქვეთავი „აღწერა ტფილისისა“)
ორთაჭალასა და მის შემოგარენს, ზოგადად ძველ თბილისს – კალასა და ისან-ავლაბრის ჩათვლით, ძალიან დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს მაგიურ ადგილებს შორის ჩაეწეროს, რადგან აქაური ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებული მიკროკლიმატი, მძაფრი ბრძოლებისა და საქარავნო გზების ისტორიები, ეთნიკური და შესაბამისად, სხვადასხვა კულტურების სიჭრელე, რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისის დაარსების ცნობილ ლეგენდაზე, ამ მიდამოებში მოხვედრილს თავბრუს ახვევს და დროსა და სივრცეში ამოგზაურებს.
საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ეს კომპლექსური ასიმილაცია ყოველდღიურობასა და ყველა ნიუანსში იგრძნობა და პირველ რიგში ორთაჭალისა და მისი შემოგარენის ადგილების ეტიმოლოგიაშია დალექილი. მაგალითად, სახელი „ორთაჭალა“ ორი სიტყვისგან შედგება: თურქული „ორთა“ და ქართული „ჭალა“. „ორთა“ ქართულად „შუა“-ს ნიშნავს, ანუ „შუა ჭალა“, რომელიც აღნიშნავდა რეალურ კუნძულს, რომელსაც ვიწრო კალაპოტიდან წამოსული მტკვარი სამხრეთით ორად განტოტვისას წარმოქმნიდა.
ეს კუნძული, ანუ „ორთაჭალა“ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სეიდაბადის ქვემოთ მდებარეობდა. როგორც ეს ვახუშტი ბაგრატიონის თბილისის გეგმაშია. თავის ცნობილ კარტოგრაფიულ ნაშრომში ვახუშტი ბატონიშვილი მას „ჭალაის ბაღად“ მოიხსენიებს. თბილისის გეგმა თან ერთვის ვახუშტის 1735 წლის ატლასს ჩანართის სახით, ქართლის რუკის ტაბულაზე. იგი ასახავს თბილისის მდგომარეობას „ოსმალობის“ წინ – მაქსიმალურ საზღვრებში, რომელსაც მიაღწია დედაქალაქმა მე-18 ს-ის დასაწყისში. გეგმა დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
რაც შეეხება „ჭალაის ბაღებს“, ანუ სეიდაბადის ბაღებს – აქ გაშენებული ყოფილა ვენახები და ზვრები, რომლებიც ქალაქის მოურავს, დიდებულებს და ქალაქის მცხოვრებლებსაც, კრწანისელებს ეკუთვნოდათ. აქედან მარაგდებოდა თბილისი ხილითა და ბოსტნეულით. ორთაჭალის ბაღები ირწყვებოდა მდინარე მტკვრისა და წავკისის წყლიდან გაყვანილი, სპეციალური სარწყავი არხებით.
„სეიდ აბადი“ სპარსულიდან მოდის და სედების სამოსახლოს ან სეიდების უბანს ნიშნავს.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს სახელწოდება გაჩენილა იმის გამო, რომ აქ სპარსეთის შაჰს აბანოებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სეიდების ტომი ჩაუსახლებია.
სეიდაბადის გვიანი სახელი „ხარფუხია“. ეს სიტყვა სომხურია და ამ ადგილმა ეს სახელი თაბორის მთის ძირში მდგარი საკულტო დანიშნულების ქვის გამო მიიღო, რომელზეც ხატი იყო დასვენებული. ხარფუხი – სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს და სწორედ სურდოშეყრილი ბავშვები მიჰყავდათ ამ ქვასთან მოსალოცად და განსაკურნებლად.
სეიდაბადიდან დასავლეთით, კალას სერზე, თბილისის ძველ უბანში, კლდისუბანში, დღევანდელ გომის ქ. #3-ში – წარმართული ზოროასტრული ცეცხლის სამლოცველოა. მიუხედავად იმისა, რომ იგი დროთა განმავლობაში გადაკეთდა მეჩეთად, მაინც შეინარჩუნა ზოროასტული სახელწოდება – ათეშგა. ათეშგა – მოდის სპარსული სიტყვისგან „ათეშ“ – ცეცხლი და „გაჰ“ – ადგილი. ზოროასტრიზმში უზენაესი ღვთაებაა აჰურა მაზდა, მისი სიმბოლო ცეცხლია. ათეშგაში მუდმივად ენთო ცეცხლი საკურთხევლის წინ.
სეიდაბადშია თბილისის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე – „განჯის კარი“. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით „განჯის კარი“ მდებარეობდა დღევანდელი თბილისის ბოტანიკური ბაღის შესასვლელში, „წავკისის წყალზე“ გადებულ ხიდთან, თბილისის გალავნის სამხრეთ კედელზე, ამ კარიდან გზა მიემართებოდა როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით ის საბაჟო ფუნქციასაც ასრულებდა. სახელწოდება „განჯის კარი“ ჩნდება ჯალალ-ად-დინის მიერ თბილისის ალყის აღწერისასაც.
ჯალალედინის და ხვარაზმელების გარდა თბილისის ამ კარიბჭეს ახსოვს სპარსელების, ბიზანტიელების, არაბების, მონღოლების, თურქ-სელჩუკების, თემურ ლენგის იერიშები და შემოჭრები, აღა-მაჰმად-ხანი, ოსმალობა თუ ყიზილბაშობა.
მაგრამ ამასთანავე „განჯის კარიდან“ თბილისში შემოდიოდნენ აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან წამოსული ქარავნები. ეს იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც სამხრეთიდან მოდიოდა და თბილისს აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებდა და უამრავი რჯულის ვაჭარსა თუ მოგზაურს უყრიდა აქ თავს, რომელთა მემუარებსა და ნაშრომებში ორთაჭალა თავისი აბანოებითა და ბაღებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა:
მე-10 ს-ის არაბი გეოგრაფი – იბნ ჰაუკალი თავის ნაშრომში „გზათა და სამეფოთა წიგნში” აღნიშნავს, რომ თბილისში არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, „რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“
მე-19 ს-ის მე-2 ნახევარში თბილისის სულფიდური თერმული წყლების პირველი კვლევა ჩაატარა გერმანელმა გეოლოგმა, კავკასიის ცნობილმა მკვლევარმა – ვილჰელმ აბიხმა (1806-1886) Otto Wilhelm Hermann von Abich;
ალექსანდრე დიუმა კი თბილისის გოგირდის აბანოებზე წერდა: “როცა თავით ფეხებამდის რძესავით თბილსა და თეთრ ქაფში გამხვიეს, აბაზანასთან მიმიყვანეს, სადაც ისეთი განუსაზღვრელი გატაცებით ჩავხტი, თითქოს მასში დასახლებული ყოფილიყვნენ ნიმფები, ჰილასი რომ მოიტაცეს…” (ალ. დიუმა, „კავკასია“, თავი 35. სპარსული აბანოები.)
გამოყენებული ლიტერატურა:
- თეიმურაზ ბერიძე „ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია“. თბილისი 1977წ.
- გურამ ყიფიანი, ძველი თბილისის ზოროასტრული ტაძარი; რედ. რამინ რამიშვილი; ილიას სახელმწიფო. უნივერსიტეტი, ICOMOS საქართველო, თბ., 2009 )წ.
- თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახლებანი“. თბილისი. 1985წ.
- „ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია“ 1977. თ. კვირკველია
გამოყენებული ვიზუალური მასალა
- თბილისის გეგმა . ვახუშტი ბაგრატიონი.
- ხოხობი (უბრალოდ ხოხბის ფოტო თემატური რადგან არის ამ ლოკაციასთან)
- გოგირდის აბანოები ( სქრინი ჩენი ვიდეოდან)
- სეიდაბადი (ფრაგმენტი წიგნიდან „ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია“ 1977. თ. კვირკველია)
- 5(1) ფრანგი მოგზაურის – ჟან შარდენის თბილისის პანორამული ხედი. გრაფიკული ჩანახატი 1672-1673წწ. ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის (CSEM) არქივიდან
- თბილისის ათეშგა, გაგარინის ჩანახატი, https://visualanthropology.iliauni.edu.ge/
- დიმიტრი ერმაკოვი – მექისეები.