“ერთი კაცის პრობლემა” – 33-წლიანი პროტესტის მოკლე რეტროსპექტივა
ავტორი: ირაკლი რობაქიძე
თსუ, სადოქტორო პროგრამის – ფილოლოგია (ქართული ლიტერატურის ისტორია) – მესამე კურსის სტუდენტი
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდამეცამეტე წელია და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს პერიოდი სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
დემონსტრანტები ქუჩებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოტივით გამოდიოდნენ, თუმცა ამ 33-წლიან აქციებს ერთი საერთო მაინც აქვს – “ერთი კაცის პრობლემა”, უფრო ზუსტად, როგორც წესი, პრობლემად ერთი კაცის აღქმა.
1991-1992 წლებში, იმდროინდელი ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან, ამ ერთ კაცად საქართველოს პირველი (კანონიერი) პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია იქნა მიჩნეული. დემონსტრაციების მონაწილეები გამსახურდიას დიქტატორს უწოდებდნენ. მას ხშირად მოიხსენიებდნენ ჩაუშესკუდ.
მოგეხსენებათ, ნიკოლაი ჩაუშესკუ იყო რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, რუმინეთის პირველ პრეზიდენტი, დიქტატორი, რომელიც 1989 წელს ხალხის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების, ეკონომიკის განადგურებისა და გენოციდის მოწყობის მუხლით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, თბილისში რამდენიმედღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 1992 წლის 6 იანვარს მას საქართველოს დატოვება მოუწია. 1993 წელს გამსახურდია სამშობლოში დაბრუნდა. მან კანონიერი ხელისუფლების აღდგენა სცადა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ამავე წლის ბოლოს, ოფიციალური ვერსიით, გამსახურდიამ თავი მოიკლა, მეორე ვერსიის მიხედვით კი, ის მოკლეს.
გამსახურდიას მთავრობის გადატრიალების შემდეგ, ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ, რომელმაც საქართველოში იმჟამად რუსეთში მყოფი საქართველოს სსრ ყოფილი შსს მინისტრი, საქართველოს სსრ ცკ-ის ექს პირველი მდივანი, სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე მოიწვია. ის ჯერ სათავეში ჩაუდგა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, 1992 წლის ბოლოს კი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფოს მეთაური.
მართალია, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შევარდნაძეს ყოველთვის ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, თუმცა ფაქტია, რომ მან მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება – 1995 წელს ის საქართველოს მეორე პრეზიდენტი გახდა.
ამის პარალელურად, თანდათან იზრდებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთათვისაც XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მიზეზი ერთი კაცი – ედუარდ შევარდნაძე – იყო.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გაყალბების მოტივით დაწყებული დემონსტრაციები 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციით დასრულდა, რასაც შედეგად შევარდნაძის გადადგომა და 2004 წლის იანვარში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა.
მოქალაქეთა 97%-ით არჩეული ახალი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების ნაწილის მხრიდან პრობლემად მალევე იქნა მიჩნეული. მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, მწვავე გამოსვლები 2007 წლიდან დაიწყო. ხალხის ნაწილი სააკაშვილს ავტოკრატს, ნაწილი კი დიქტატორს უწოდებდა. შედეგად, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა.
სააკაშვილი პრეზიდენტი 2013 წლის ნოემბრამდე იყო, თუმცა მან ზემოაღნიშნულ არჩევნებში მარცხი აღიარა და ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“ გადააბარა. ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა.
დროთა განმავლობაში ძლიერდებოდა აზრი, რომ ის საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებელი იყო. საზოგადოების ნაწილისთვის ისევ ერთი კაცი – ამჯერად ბიძინა ივანიშვილი იქცა პრობლემად. როგორც წინა შემთხვევაში, მის წინააღმდეგაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასშტაბის დემონსტრაციები ეწყობოდა. ისინი დღემდე გრძელდება.
მართალია, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის, ოპოზიციისა და დასავლეთისათვის პრობლემურია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და აღნიშნული არჩევნების შემდეგ, პარლამენტის პირველი სხდომა ერთპარტიული იყო, თუმცა ივანიშვილი ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.
ამრიგად, საქართველოში ერთი კაცის პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფო, კონსტიტუციური მოწყობით თვალსაზრისით, საპრეზიდენტოდან ნახევრად საპარლამენტო მოდელზე გადაეწყო, სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ისევ ერთი კაცის ხელშია აკუმულირებული.
ამ 33 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, უამრავი უბედურება – სიდუხჭირესა და (თავის)უფლებების უგულებელყოფასთან ერთად, ძალადობა, დარბევა, მსხვერპლი – უნახავს, თუმცა არცერთ მათგანს საზოგადოებისთვის არ გამოუცხადებია, რომ გარკვეული დროით (აქ: ოთხი წლით) ევროკავშირთან მოლაპარაკებებს დღის წესრიგში არ დააყენებდა.
მიმდინარე ფართომასშტაბიანი, მწვავე პროტესტიც სწორედ მთავრობის ამ განცხადებას მოჰყვა. ასე გრძელდება საქართველოს უმძიმესი ისტორია – ქართველი ხალხი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც კი, კვლავ ცდილობს, დასავლეთისკენ გაიკვლიოს გზა და მისი სრულფასოვანი (პოლიტიკური) წევრი გახდეს.
შესაძლოა, ვინმე იმასაც ფიქრობდეს, რომ მთელი ეს 33-წლიანი პროტესტი სინამდვილეში არის ერთპიროვნული მმართველობის სისტემის საწინააღმდეგო მთლიანი ამბავი, სადაც მხოლოდ მმართველთა სახელები და გვარები იცვლება. ერთი კაცის (ერთმმართველის) პრობლემა ამ ქვეყანაში ნამდვილად იდგა და დგას, მაგრამ საქართველოს ევროინტეგრაციის საფრთხე ასეთი რისკის ქვეშ აქამდე არასდროს ყოფილა.