იმაზე, რაც არ უნდათ, რომ ვიცოდეთ – საგამოცდო პროგრამიდან ამოღებული ლიტერატურის შესახებ
ავტორი: მათე წიკლაური
სულ ცოტა ხნის წინ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა და, როგორც აღმოჩნდა, ცვლილებებიც შეუტანია ზოგიერთ საგანში. გადაწყვეტილების თანახმად, ისტორიის პროგრამიდან ამოღებულია რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებების მთელი ქრონიკა, რუსეთის წინააღმდეგ ქართული საზოგადოების გაუტეხელი და უწყვეტი ბრძოლის ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი.
ერთი შეხედვით, ცვლილებაში არაფერია ცუდი, განახლება ვის არ უყვარს, ილიამ სიახლის კი არა, რევოლუციისაც არ შეგეშინდეს, მკითხველოო… ზოგისთვისაც, გადაწყვეტილების მიმღებთაგან, შეიძლება, მაღალმხატვრული ღირებულებით არ გამოირჩეოდა საგამოცდო პროგრამაში შემავალი რამდენიმე ნაწარმოები, მაგრამ რამდენად იყო ეს პოზიტიური განახლება? რამდენად გვაქვს საქმე „ცუდი“ და „კარგი“ ტექსტების სწავლებასთან?.. – შევეცდები ამ და სხვა რიტორიკულ კითხვებს სტატიაში ვუპასუხო ორი პერსპექტივიდან, რამდენიმე ნაწარმოების გახსენების კვალდაკვალ.
ეჭვგარეშეა, რომ ყოველდღე უფრო და უფრო შორდება საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ფასეულობებს და გვაახლოებს რუსეთთან. აქ ამოსაცნობიც აღარაფერია, ისინი სრულებით არ ერიდებიან ამის აფიშირებას. უცნაურია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდისთვის განკუთვნილი პროგრამიდანაც დიდწილად ის ნაწარმოებები გააქრეს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დღევანდელი მმართველი რეჟიმის პროპაგანდას საფუძვლიანად არყევდა და საპირისპიროს გვასწავლიდა. რეალობა კი, რომელშიც ვაჟა-ფშაველას არ დავუჯერებთ და „ქართული ოცნების“ წევრს – დავუჯერებთ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ბუნდოვანია.
I მხარე
უფრო ძველი დროის მოღვაწეებთან ერთად, სულხან-საბა ორბელიანი ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის სახელი და პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოს ევროპულ წარსულთან, აწმყოსთან თუ მომავალთანაა დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ „სიბრძნე სიცრუისა“ იყო ერთადერთი რესურსი ქართული იგავის შესწავლის გზაზე, ის ასოცირდებოდა იგავისთვის დამახასიათებელი მოარული ჟანრის თვალსაზრისით, ძველ ბერძენ მეიგავე ეზოპესთანაც. ამდენად, არ გავაბუქებთ, თუ ვიტყვით, რომ აქ სულხანის პერსონაჟ ურია მალქოზთან კი არ ჰქონდა პრეტენზია გამოცდების ეროვნულ ცენტრს, არამედ იმ ევროპულ მოგზაურობასთან, რომელიც მწერლისა და საქართველოს ბიოგრაფიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სულხან-საბა წერს უგუნურების, მორალური სიბრმავის, უმოქმედობის წინააღმდეგ, ტოტალიტარულ რეჟიმში კი არავის სჭირდება მოქმედი ადამიანი, – ორუელის „დიდი ძმა“ უძრავებს უფრო კარგად აკონტროლებს
„დავითიანი“, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მაღალი კლასის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა (და სამწუხაროდ, ამ ნაწარმოების საუკეთესო ნაწილები სკოლაში საერთოდ არ ისწავლება), იმ ნაწარმოებთა სიაშია, რომლებიც წარმოაჩენენ, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ზოგადსაკაცობრიო საკითხები და ყოფითი დეტალები, და რაოდენ მნიშვნელოვნად განკარგავს პოლიტიკური ცხოვრება თითოეული ადამიანის ბედისწერას. აი, სადაც ეს საკითხი იყო განხილული, ის თავები აღარ ისწავლოთო. გურამიშვილის დატყვევების, გამოქცევის, ისევ დატყვევების, ქართლ-კახეთის უბედურებების ამბავი მკითხველს უჩვენებს ჯაჭვს, რომელშიც პიროვნების ბედი გადაბმულია სახელმწიფოს მდგომარეობასთან. უფრო რომ გავამარტივოთ, რომ არა უაზრო დაპირისპირებები მტრის ნაცვლად ერთმანეთის წინააღმდეგ, ქართლში ამდენი დამპყრობელი ფეხს ვერ მოიკიდებდა და გურამიშვილსაც არავინ გაიტაცებდა ლამისყანიდან. საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკაში არ ვერევი“ საზოგადოება სჭირდება, გურამიშვილი კი ყოველივე ამის საწინააღმდეგოს გვასწავლიდა და გვიჩვენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამთავრობო პროპაგანდა, მართალია, ყალბ, მაგრამ მაინც მშვიდობისა და ჰარმონიის ძიებას დაეფუძნა სევდიან და, როგორც ბარათაშვილი იტყოდა, „მსახვრალ“ წუთისოფელში, გადაწყვიტეს, ამოეღოთ „ვპოვე ტაძარი“, „ცისა ფერს“ და კიდევ ერთი-ორი ლექსი. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება არის ფილოსოფიური ხაზის უმთავრესი გამტარი ქართულ პოეზიაში. ბარათაშვილი, როგორც რომანტიკოსი პოეტი, გვიყვება ყველაფრის წარმავალობაზე, ადამიანის გარშემო ამ ნიადაგზე გაჩენილ ტრაგიზმზე (მაგრამ ამას აკეთებს ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანისაგან სრულიად განსხვავებულად, მაღალმხატვრულად და ოსტატურად). ბარათაშვილის სიღრმე თვალუწვდენელია, მისი პატარა შემოქმედება გვიამბობს ღმერთთან მიახლოებაზე, დაუღალავ ბრძოლაზე, პატრიოტიზმზე, დაცემაზე, მაგრამ გაუტეხლობასა და წამოდგომაზე – ყველაფერ იმაზე, რაც გვჭირდება, რომ ევროპული მომავალი გვქონდეს, რაც გვჭირდება, რომ ილიას მოხევის სიტყვები: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ წარსულის მოგონებად კი არ დავტოვოთ, მარადიულ აწმყოდ ვიქციოთ… თუმცა ილიაც ამოიღეს, მთლად „მგზავრის წერილები“ არა, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ლექსი, მათ ყურს და გონებას რომ ცუდად მოხვდებოდა, – კი. ასეთია „ბედნიერი ერი“ და „ჩემო კალამო“. ილიას მიზანი და ამოცანა, – დაგვანახოს ჩვენი უარყოფითი მხარე, გვასწავლოს საკუთარი თავის სარკეში დანახვა, ისე რომ სარკეზე კი არ გავბრაზდეთ, არამედ თუ რამ ურიგობა გვცხია, მოვიცილოთ, წარუმატებლობის, დამარცხების მიზეზებზე ფიქრი ვისწავლოთ და გამოსავალი, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავში მზერის ჩაბრუნებით ვიპოვოთ,- სწორედ „ბედნიერ ერში“ აისახა. „ჩემო კალამო“ კი პოეტობას, ერის თავისუფლებისთვის მებრძოლობად გვისახავს, მაგრამ სახელმწიფოს, რომელიც 21-ე საუკუნეში ზვიად რატიანის მსგავს ბრწყინვალე პოეტებს სწორი შეხედულებებისა და ქვეყნის სიყვარულის გამო სჯის, ილიას ეს ლექსები მართლაც არ სჭირდება.
„კაცია-ადამიანის?!“ დასაწყისში ილია წერს: “ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა”. შეიძლება, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ ერთი კოლბაში მცხოვრები, ხეებზე შეყვარებული კაცისთვის სარკე აღმოჩნდა და მაშინ მისი გაქრობაც პროგრამიდან გასაგებია, მხოლოდ ილიას ფრაზა იცვლება ოდნავ: „თუ ყვარყვარეში ოლიგარქი თავის თავს დაინახავს, მაშინ პროგრამიდან ამოაგდებს ამ პიესის „უხეირო“ დამწერსა“.
მთავარი პროპაგანდისტული პათოსი ამ ცვლილებებისა ჯერ კიდევ წინაა და ვაჟა-ფშაველამდე მიდის. როდესაც გავრილოვს, პოზნერს და სხვა რუსებს ეპატიჟებოდნენ საქართველოში, არგუმენტად „სტუმარ-მასპინძელი“ მოჰყავდათ ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს დამახინჯებული, სპეციალურად სათავისოდ მორგებული მსჯელობა გახლდათ. მერე გვმოძღვრავდნენ, რომ აი, ჯოყოლამ, მტერი როგორ მიიღო და დაიცვაო, ეს, ცხადია, ტყუილია – ჯოყოლამ არ იცის ზვიადაურის ვინაობა, როცა სახლში მიჰყავს, თორემ „სავალად მეტად ძნელ“ ბილიკზე რა ამბავი იქნებოდა მერე გენახათ. ამდენად, ეს პოემა მტრის შეწყალებაზე სრულებითაც არაა. „ბახტრიონი“ მათ მიერ მოშველიებული რუსული პროპაგანდის არგუმენტად არ მახსენდება, ან კი როგორ გამოდგებოდა, ეს ხომ პირდაპირ ახშობს მონურ ნარატივს: „აბა, ომი გინდათ?“… ომი გვინდა? ომი ჩვენ რომ გვეზიზღება, ისე უნდა, მაგრამ, კვლავ ილიას მოხევესთან მივდივართ:„ცარიელ მშვიდაბა მიწაშიაც გვეყოფის“. ლელთ ღუნიას პოლიტიკური შეხედულება მიმართულია თავისუფლების გააზრებისაკენ, ვაჟას „ბახტრიონი“ კი შეგვახსენებს ისტორიულ წარსულს, რომ საქართველო ხშირად მდგარა მრავალათასიანი მტრის წინაშე, მაგრამ ერთობითა და დაუმონავობით მრავალჯერ უზეიმია გამარჯვება. პოემაში კახეთის სატკივარი მთაშიც ვრცელდება, პოემაში საქართველო ერთიანდება, ბოლოს პოემაში ლუხუმი ლაშარის გორზე დგება და სრულყოფილებას აღწევს, სრულყოფილება კი ვაჟასთვის კომფორტი და ცარიელი მშვიდობა კი არა, თავისუფლებაა! არც კვირიას, არც ლელა ბაჩლელს, არც სანათას, არც ლუხუმს… არავის არ უნდა ომი, მაგრამ მათ უფრო არ უნდათ ნაძრახი სიცოცხლე, სახელოვანი სიკვდილი ურჩევნიათ – რუსთაველს უჯერებენ.
ვაჟას შემოქმედებიდან შემდეგი სამიზნე „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ აღმოჩნდა. წერილი ერთგვარი ტრაქტატია, ინსტრუქცია, როგორ იქცე ღირსეულ მოქალაქედ, რომ კოსმოპოლიტიზმი „ქართველობას კი არ გაკარგვინებს“, პატრიოტიზმს კი არ უპირისპირდება, არამედ პირიქით- ეს ორი ამ ერთმანეთს ავსებს, ჰარმონიულად ერწყმის… მაგრამ საქმე ისაა, იქ ტოტალიტარიზმის საწინააღმდეგო რამეებიც წერია, იქ დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის პათოსიც იგრძნობა, იქ ვაჟა წერს: „პატრიოტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად დაჰყვება ადამიანს…“ – თუ არ დაგყვა და თუ იმათ ებრძვი, ვინც ყველა გადაწყვეტილებას სამშობლოს სიყვარულით იღებს, ეს წერილი არ გჭირდება. ვაჟა-ფშაველას უყვარს ფორმულების შექმნა, „კაი ყმა“ ღირსეული მოქალაქის, ვაჟკაცის ფორმულაა, რომელიც ალუდას, ჯოყოლას, ზვიადაურის, ლუხუმის და სხვათა ცხოვრებაში ცოცხლდება, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ კი მთაში, უკაცრიელ ადგილას, მარტოობაში მოსული აზრთა ნაკადი, აბსოლუტურ ჭეშმარიტებამდე ფიქრით მისული კაცის ნაამბობი, ჩვენთვის – სათაყვანებელი, მტრისთვის – წასაშლელი და დასავიწყებელი.
II მხარე
მოდით, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას სკოლაში თორმეტწლიან კურსად გამოვხედოთ. საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლისთვის უნდა წარმოადგენდეს კონკრეტულ მწყობრ სისტემას, რომელში გარკვევის საფუძველზე მათ ლიტერატურისა და ქვეყნის ისტორიის შესწავლასთან ერთად, ცივილიზებული მოქალაქისთვის საჭირო ფასეულობების ჩამოყალიბება გაუმარტივდებათ. ვაჟა-ფშაველასთან წაკითხულს რუსეთისა და საქართველოს ისტორიას დაუკავშირებენ და სწორ დასკვნებს გამოიტანენ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, დაირღვა ქრონოლოგია, ლიტერატურული შემოქმედების განვითარების საილუსტრაციო ხაზი გაფერმკრთალდა, ხოლო შემოქმედება თავისუფლებისა და ქვეყნის სიყვარულზე აკრძალული წიგნების თაროს კიდევ ერთხელ დაუახლოვდა, რამაც ცხადად გვიჩვენა, რომ ეს განახლება კი არა, საბჭოურ ნარატივთან მიბრუნებაა.
თუ გავყვებით დაშვებას, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა ხანგრძლივი კურსია, მაშინ, ჩნდება შეკითხვა, რანაირად შეიძლება, რომ სკოლიდან გავიდეს სრულწლოვან ასაკს მიღწეული ადამიანი და არაფერი იცოდეს პაოლო იაშვილის შესახებ, გაიაროს ვაჟა-ფშაველა, მაგრამ არ იცოდეს ლექსში „რამ შემქმნა ადამიანად“ განვითარებული ფილოსოფიისა და ესთეტიკის შესახებ. ამ მსჯელობის ნაწილია უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობის, რომანტიზმის ფაქტობრივად გაქრობა სასწავლო პროგრამიდან – ეს იმიტომ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ისაუბრო კავკასიაში ჩადენილ რუსულ დანაშაულზე, რაც შეიძლება ნაკლებად შეეხო 1832 წლის შეთქმულებას, მაგრამ ბოლო ხანებია ვამჩნევთ გულისმომკვლელ ტენდენციას, რომ დიდი წარმატების მიღწევას ცოდნა არ სჭირდება… ამიტომ აქ არ გვქონია საქმე მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ნაწარმოებების გადარჩევასთან, ეს არის ის, რატომაც „თამაში ჭვავის ყანაში“ იყო აკრძალული, ეს არის, როცა გეზიზღება ყველაფერი მართალი, თავისუფალი, პატრიოტული.
და ბოლოს, სულაც არაა გასაკვირი, რომ რუსული ვექტორით მოძრავ სახელმწიფოში იმ მწერლის შემოქმედებას ამოიღებდნენ პროგრამიდან, რომელიც რუსთა სისასტიკეზე ყველაზე ბევრსა და ყველაზე ღიად წერდა. აბა, როგორ შეხედავდნენ მოწყალე თვალით მწერალს, რომელიც მოჭრილი რუსის თავის კლდეზე გორაობასა და დაფლეთას დეტალურად აღწერს… ჰოდა, „ხევისბერ გოჩასაც“ აღარ ისწავლითო და ტრადიციებისადმი ბრმა მორჩილებამ რომ შეიძლება ტრაგედიამდე მიგიყვანოს, მაგასაც ვეღარ გაიგებთო…
ჩვენ ეს ნამდვილად აღარ გვიკვირს, საერთოდ ბევრი რამ აღარ გვიკვირს, მაგრამ სანამ ეს არგაკვირვება მიჩვევასა და შემდეგ კმაყოფილებაში გადაგვეზრდება, უნდა გავთავისუფლდეთ რუსული ჭირისაგან, რათა ერთ ახალ წელს მაინც შევხვდეთ ისე, რომ აღარ დაგვჭირდეს თქმა: რა გითხრათ, რით გაგახაროთ.