fbpx

 „ხიდი: ციურიხი – თბილისი“- თანამედროვე ქართული კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი


გააზიარე სტატია

ფესტივალი „ხიდი: ციურიხი – თბილისის“ მესამე გამოშვება, 9 აპრილს, ქალაქ ციურიხში გაიხსნება. ფესტივალი კვლავ მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება შვეიცარიელი პუბლიკის წინაშე. წლევანდელი პროგრამა აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ფოტოგრაფია, კინო, ლიტერატურა, მეცნიერება და მუსიკა. 

ფესტივალი „ხიდი: ციურიხი – თბილისი“ მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული შემოქმედების და კულტურის უკეთ გაცნობას შვეიცარიაში და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას. ფესტივალი 2021 წელს ციურიხში დაფუძნდა, ასოციაცია „ქართული კულტურის პლატფორმის“ პრეზიდენტის, ელენე ჩეჩელაშვილის, ინიციატივით.

ფესტივალის პროგრამა იგეგმება და ხორციელდება ორ წელიწადში ერთხელ, შვეიცარიისა და საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.

ფესტივალის დამფუძნებელ  ელენე ჩეჩელაშვილს ციურიხში ესაუბრა თინა ლაღიძე

თინა ლაღიძე: როგორ გაჩნდა ფესტივალის ” ხიდი ციურიხი- თბილისი” იდეა? და რა არის მისი მიზანი? 

ელენე ჩეჩელაშვილი: ასეთი ფესტივალის პროგრამის შედგენა, საინტერესო შემოქმედებითი პროცესია, საკუთარი კულტურული იდენტობის მუდმივი გააზრების თუ გადააზრების მცდელობაც, რომლის საჭიროებას უფრო მძაფრად განიცდი, როდესაც სხვა   ქვეყანაში ცხოვრობ.
ციურიხი, შვეიცარიის მნიშვნელოვანი კულტურის ცენტრია და მაღალი რანგის ინსტიტუციების მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამოირჩევა. სწორედ ასეთი ორგანიზაციები უმასპინძლებენ ქართულ პროგრამას.

ევროპის ცენტრში, აქტუალური ქართული შემოქმედების წარმოდგენა, ვფიქრობ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შვეიცარიული მედია, ძირითადად მაშინ ეხმაურება საქართველოს ამბებს, როდესაც რაღაც ცუდი ხდება და ქვეყანა ინგრევა. ავტომატურად, აქცენტი კეთდება ნეგატიურ ფაქტებზე და არა იმაზე, თუ როგორი საინტერესოა კულტურული და შემოქმედებითი თვალსაზრისით საქართველო.
მნიშვნელოვანია ჩანდეს, რომ ამ გამუდმებულ ქაოსში, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მაინც ახერხებენ იფიქრონ, იაზროვნონ, დაწერონ წიგნი, შექმნან ახალი მუსიკა, გადაიღონ ფილმი…ფესტივალი ფოკუსში აქცევს იმას, რაც დღეს და ახლა იქნება, მთავარი აქცენტი საავტორო შემოქმედებაზეა დასმული. ფესტივალი შესაძლებელს ხდის, საქართველო, თავისუფალი და დამოუკიდებელი შემოქმედი ადამიანების თვალით დავანახოთ შვეიცარიას.

საყოველთაო დეზინფფორმაციისა და პროპაგანდის პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელ კულტურულ სცენას ქონდეს თავის ხმა, მნიშვნელოვანია უშუალო შეხვედრები და საუბრები. შემოქმედ ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ დიალოგში შევიდნენ დაინტერესებულ შვეიცარიელ პუბლიკასთან. 

თინა ლაღიძე:  რამ განაპირობა ინტერდისციპლინური ფორმატის არჩევა?

ელენე ჩეჩელაშვილი: ჩემთვის ერთგვარი ინტერესის და კვლევის საგანია, როგორ აირეკლება ერთმანეთში სხვადასხვა დისციპლინები. ზოგადად,  ჟანრები კულტურის მთლიანობის ნაწილებია, ისინი უფრო მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული ერთმანეთთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ფოტოგრაფია ისევე ჰყვება ისტორიებს, როგორც კინო, მაგრამ თავისებურად – შეიძლება რაღაც მხრივ, სტატიკური კინოა. კინო არ არსებობს მუსიკის გარეშე… ლიტერატურა ყვება ისტორიებს და მასში დიდი დოზით არის როგორც კინო, ასევე მუსიკა. მეცნიერება არ არსებებოს წარმოსახვის და ფანტაზიის გარეშე, ამიტომ ამ კუთხით, ისიც შემოქმედებით სფეროს შეიძლება მივაკუთვნოთ.

 

თინა ლაღიძე:  როგორია შვეიცარიელი პუბლიკის ინტერესი ქართული კულტურის მიმართ და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, ხელოვნებაში ასახული თანამედროვეობის წარმოდგენა? 

ელენე ჩეჩელაშვილი: ქართული კულტურა ერთისმხრივ ღრმად არის ფესვგადგმული ტრადიციებში, მაგრამ ამავე დროს ღიაა სიახლეებისადმი. ჩვენი ქვეყანა იმყოფება მნიშვნელოვან გარდამავალ პროცესში — დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, წარსულსა და მის მიერ შეგნებულად არჩეულ ევროპულ მომავალს შორის. ეს გარდაქმნა ხელოვნებაშიც აისახება — და სწორედ ამ ცოცხალ პროცესს აჩვენებს ფესტივალი. 

ქართული კულტურის მიმართ ინტერესი მაღალია, რადგან როგორც აღვნიშნე, უმეტესად საქართველო წარმოდგენილია პოლიტიკური მოვლენებით ან თუ კულტურით, ეს უმეტესად კლასიკური მუსიკით და ფოლკლორით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ხომ ძალიან დიდი ხნის წინ შექმნილი ნაწარმოებებია და ნაკლებად გადმოსცემს დღევანდელ განცდებს, პოზიციებს თუ ემოციებს. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არსებობს ასეთი ფესტივალი.

თანამედროვე კულტურით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არამარტო წარსულში ვიყავით შემოქმედი ერი, არამედ დღესაც ცოცხალი და საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ჩვენს კულტურაში და დღესაც იქმნება რაღაც ახალი.

 

თინა ლაღიძე: წელს ფესტივალი მესამედ ტარდება, მოგვიყევით პროგრამის შესახებ. (აგრეთვე, თუ ეხმიანება პროგრამა სამყაროში მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ  მოვლენებს?)

ელენე ჩეჩელაშვილი: წინა ფესტივალისგან განსხვავებით, ამჯერად ქართველი მონაწილეები „ხიდს“ თბილისიდან ციურიხში „გადმოლახავენ“. 

პროგრამა გაიხსნება 9 აპრილს, გურამ წიბახაშვილის ფოტო-ლექციით. ეს იქნება, ფოტო-მოგზაურობა დროში, 1989 წლის 9 აპრილიდან, 2025 წლის  9 აპრილამდე, გავიხსენებთ, რა გზა გამოიარა საქართველომ. ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბჭოთა წარსულიდან დღემდე პერიოდის გააზრება და გაანალიზება, კითხვების დასმა, სად დგას ახლა ჩვენი ქვეყანა და აგრძელებს თუ არა ის, სვლას ევროპისკენ, რაც მისი არჩევანი იყო და დღესაც არის. 

10 აპრილს, ციურიხი ლიტერატურის სახლში, მწერალთან – ივა ფეზუაშვილთან და მთარგმნელთან, ნათია მიქელაძე-ბახსოლიანთან ერთად გაიმართება კითხვა და დისკუსია.  რომანი “ბუნკერი“ 2024 წლის სექტემბერში გამოიცა გერმანულ ენაზე და შვეიცარიაში პირველად მოხდება მისი წარდგენა. რომანი აგრეთვე ეხმიანება საბჭოთა წარსულის გააზრების თემას.

11 აპრილს კინოპროგრამა გაიხსნება მუნიციპალურ კინოთეატრ „კინოპოდიუმში“, პროგრამა წარმოადგენს, უახლეს ქართულ ფილმებს, 2021 წლიდან 2024 წლამდე. გაიმართება როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმების  ჩვენება, შემდგომი პანელ-დისკუსიებით მოწვეულ რეჟისორებთან ერთად. 

პროგრამა:
ალექსანდრე კობერიძე – “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” (2021) მხატვრული
დეა კულუმბეგაშვილი – “აპრილი” (2024) მხატვრული
ლანა ღოღობერიძე – “დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” (2023) დოკ.
ლუკა ბერაძე – “ღიმილიანი საქართველო” (2023) დოკ.
ირინე ჟორდანია – “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” (2024) მხატვრული
ტატო კოტეტიშვილი – “წმინდა ელექტროენერგია” (2024) მხატვრული
სოსო ბლიაძე – “ჩემი ოთახი” (2022) მხატვრული

13 აპრილს,  სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას,  დოქ. ანი მარგველაშვილი წაიკითხავს: “ნამდვილად “ქართველი“ იყო პირველი ევროპელი?” დმანისელი ჰომინიდების აღმოჩენა და მათი გავლენა ადამიანის ევოლუციის ისტორიასა და აღქმაზე. დღევანდელი მონაცემებით პირველი ევროპელი, ნამდვილად „ქართველი“ იყო; )

ფესტივალი დაიხურება კლუბ Moods-ში კონცერტით „Ending Pad“, ანსამბლი „კიოსკის“, ანუშკა ჩხეიძის და კორძის მონაწილეობით, რომლებიც სრულიად ახალ ნაწარმოებებს შეასრულებენ. ეს მუსიკოსები გამორჩევიან იმით, რომ მუდმივად სიახლის ძიებაში არიან და ცდილობენ თამამი ექსპერიმენტებით ახალი მიმართულებების და ჟღერადობების შექმნას.

თინა ლაღიძე – იგეგმება თუ არა ფესტივალის მე-4 გამოშვება 2027 წელს  და როგორი წარმოგიდგენიათ ის?

ელენე ჩეჩელაშვილი: მთელ ევროპაში და ასევე შვეიაცრიაშიც მნიშვნელოვნად იკვეცება კულტურის ბიუჯეტი და ეს თანხა გადაიარაღებას ხმარდება, რასაც ომის გამჩაღებელ იმპერიებს უნდა ვუმადლოდეთ. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს პროექტი და თუ როგორ გაგრძელდება ის.

დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ფესტივალი ევროპოს ცენტრში, ერთგვარი განაცხადიც არის, თუ სად ვხედავთ საკუთარ თავს და ნათელ მომავალს. დიახ, გვსურს  საბოლოოდ ჩამოვშორდეთ ნაცრისფერ, რეპრესიულ საბჭოთა წარსულს და გავხდეთ ცივილიზებული ევროპული ოჯახის წევრი.

ციურიხი სიხარულით ელის ქართულ ფესტივალს!

ფესტივალის ვებგვერდი:  www.zuerich-tbilissi.ch

 

#ZuerichTbilissi
#GeorgischeKulturplattform

Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100071776163980
Instagram: https://www.instagram.com/zuerich_tbilissi/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.