აჭარელი ქალების მემკვიდრეობა მითსა და თანამედროვეობას შორის – ირმა შარიქაძის საავტორო პროექტი
ნაქარგი ხებერი
18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ დროებით გამოფენაზე, რომელიც ვიზუალურ არტისტ ირმა შარიქაძესთან თანამშრომლობით განხორციელდა. გამოფენა “ნაქარგი ხებერი” (აჭარულ დიალექტზე ხებერი ამბავს ნიშნავს) აჭარული ნაქარგობის არქეტიპულ და ესთეტიკურ შრეებს მულტიმედიური ფორმატით წარადგენს.
ექსპოზიცია აჭარელ ქალთა შემოქმედებით მემკვიდრეობას ხელოვანის პერსონალური ხედვით წარმოაჩენს. ნაქარგობის კოლექცია პირველად განთავსდება მუზეუმის სივრცეში და მოიცავს აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილებზე ხელით შესრულებულ ნაქარგ ორნამენტებს, უნიკალური მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით, ზოომორფული და ანთროპომორფული სახეებით, ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებული სიცოცხლის ხისა და მისი მცველების სიმბოლიკით, რაც აჭარის უძველეს მითოსურ წარმოდგენებთან კავშირშია.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ირმა შარიქაძის მიერ გადაღებული ფოტოდოკუმენტაცია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების შესახებ, აგრეთვე ფილმი “აჭარული მზითვის ფერი”, ახალი ობიექტები და Irma De Flore-ის აჭარული ტრადიციული სამოსის ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმები. გამოფენის გახსნაზე დაგეგმილია პერფორმანსი თანამედროვე ბალეტის წამყვანი სოლისტების მონაწილეობით. მონაწილეები: ნინა გოგუა და ნათია ბუნტური; ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების” ყოფილი სოლისტი თეა დარჩია.
საგამოფენო პროექტი ხორციელდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გრძელვადიანი ინიციატივის „მუზეუმი და კოლექციონერი“ ფარგლებში. გამოფენა არის ნაწილი ირმა შარიქაძის საავტორო პროექტისა “აჭარული მზითვის ფერი.”
გამოფენის თანხმლები პროგრამა
- 31 მაისი, 13:00-17:00, 2025 – მედიტაცია მუზეუმში: თანამონაწილეობითი პერფორმანსი და ქარგვის მასტერკლასი აჭარელ ქალებთან ერთად
- 14 ივნისი, 16:00-18:00, 2025 – „აჭარის მითოლოგია და არქეტიპი” – მოწვეული მკვლევარი: ხათუნა თავდგირიძე (თემატიკა: ტრადიციული აჭარული სიმბოლიკა, ნარატივები და თქმულებები)
- 28 ივნისი, 16:00-18:00, 2025 დახურვის ღონისძიება – “არქეტიპი, როგორც შთაგონება: შეხვედრა ხელოვან ირმა შარიქაძესთან” (თემატიკა: ტრადიციული სიმბოლოების რეპრეზენტაცია თანამედროვე ხელოვნებასა და მოდაში)
18 მაისი – 28 ივნისი, 2025
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ცაბაძის ქუჩა #6
გახსნა: 18 მაისი, 17:00-21:00




