კანის 78-ე კინოფესტივალის 22 საკონკურსო ფილმის მიმოხილვა ნესტან კვინიკაძისგან
კანის 78-ე კინოფესტივალის 22 საკონკურსო ფილმის მიმოხილვა
(ტექსტი შეიცავს სპოილერს)
ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე
კანის 78-ე კინოფესტივალი ბოლო წლებში საუკეთესო საკონკურსო პროგრამით გამოირჩეოდა. პირველი მსოფლიო ომისა და სტალინური რეპრესიების ეპოქა; თანამედროვე ირანი და ეგვიპტე; მასაჩუსეტსი ვიეტნამის ომის დროს; კოვიდ პანდემია ნიუ მეხიკოში; 1980-იანი წლების ტოკიო; რესიფი; ფილმი ჟან ლუკ გოდარის ფილმზე და ფილმები დიდი და ახალგაზრდა დედების შესახებ, – ეს და კიდევ სხვა თემები 22 საკონკურსო ფილმის ფოკუსში მოექცა.
კლებერ მენდოსა ფილიო ახალი სულიერი წყობის რეჟისორია. ბრაზილიელი ავტორის კინოფილმები სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა სექციებში სტუმრობდა კანის ფესტივალს. ”მერწყულის”, “ბაკურაუს” და “მოჩვენებების პორტრეტების” შემდეგ, წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში მისი “საიდუმლო აგენტი” მონაწილეობდა. 180-გვერდიან კინოსცენარში გადაღებისას თითქმის არაფერი შეცვლილა. ვიზუალური დრამატურგიით, გამოსახულებით და ჩვეული, საინტერესო სასპენსით, ფილმი მაყურებელს პირველივე კადრებიდან იპყრობს და დასასრულამდე მენდოსა ოსტატობის კლასს აჩვენებს.
რეჟისორი მის საყვარელ ქალაქში, რესიფიში, პოლიტიკურ ტრილერს ათამაშებს;
1970-იანი წლების ბრაზილიის სამხედრო დიქტატურის დროს მთავარი გმირი – მარსელო სან პაოლოდან რესიფიში წარსული ისტორიის გამო გარბის, რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქვეყანა დატოვოს. სიკვდილით მოცულ ქალაქში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს, სადაც სისხლი, ჩაგვრა და დევნა ჩვეულებრივი ამბავია, ცხადია, პროტაგონისტისთვის სამოქმედო გეგმის შესრულება რთული აღმოჩნდება.
“საიდუმლო აგენტის” არაერთგვაროვანი და საინტერესო არქიტექტონიკა, პოლიტიკური კინოს, დეტექტივის და ფანტასტიკის ეპიზოდების სინქრონიზებას ახერხებს. მომნუსხველი გამოსახულებით ვიზუალური თხრობა ყინულზე სრიალივითაა; ობიექტივი რესიფის ყველა უბნის ქუჩებზე, ფანჯრებზე, სკვერებზე, სანაპიროზე, ადამიანებზე და ადამიანების სისხლიან თითებზე ახალი დაკვირვებითაა მიმართული.
ფილმის ოპერატორია პეტერბურგში დაბადებული და საფრანგეთში მოღვაწე ევგენია ალექსანდროვა. ფემისის დამთავრების შემდეგ, ის ბევრ მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობდა, ხშირად ჰონორარის გარეშე. მოგვიანებით, სრულმეტრაჟიანი პროექტების ოპერატორი, კლებერ მენდოსას პროექტზე ფილმის პროდიუსერის რეკომენდაციით აღმოჩნდა.
მენდოსამ ყოველთვის ზუსტად იცის, რა სურს; ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭირო იყო ბრაზილიის ჩვენება ცოცხალი და არა ეგზოტიზირებული ფერებით. ორსაათნახევრიანი ფილმი, რომელიც სხვა ეპოქას, მასობრივ სცენებს და ბევრ დუბლს მოიაზრებდა, ფირის იდეას გამორიცხავდა. ტექნიკურად რთული პროექტისთვის “პანავიჟენის” ანამორფული ობიექტივი – სერია ბ შეირჩა, რომელიც სწორედ იმ ეპოქაში გამოიყენებოდა. ამ ობიექტივით გამოსახულება ფირის ეფექტს მიუახლოვდა.
1970-იან წლებში რეჟისორი მხოლოდ 8 წლის იყო; სხვა რეფერენსებთან ერთად, ის სწორედ ბავშვური წარმოსახვიდანაც ციტირებდა. იქნებ ის ფანტასმაგორიული სცენაც, რომელიც ზვიგენის პირიდან გადმომხტარი ამოძრავებული ადამიანის ფეხის ბრუტალური თავდასხმების სერიას წარმოადგენს და მნიშვნელოვან მეტაფორას გულისხმობს, იქვე, იმ ბავშვური მეხსიერების ანარეკლიცაა.
”საიდუმლო აგენტი” ის ფილმია, რომელიც მაყურებელს სხვაგან არსად უშვებს, მხოლოდ იქ ვართ, ბრაზილიაში, რესიფიში, დიქტატურის თვითმხილველები. რეჟისორის მიზანიც ესაა – ბრაზილიური საზოგადოების სოციალური წინააღმდეგობისა და უსამართლობის თემა წარსულსა და აწმყოში მენდოსას შემოქმედების მთავარი ფერმენტია. “საიდუმლო აგენტი” კრიტიკოსებისა და აუდიტორიის გამორჩეული ფავორიტი გახლდათ. ჟიურიმ მენდოსას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცა; ფილმის მთავარი გმირი, ბრაზილიელი ვარსკვლავი – ვაგნერ მოურა კი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
ჯაფარ პანაჰის არაერთხელ გამოუცდია პატიმრობა, ძირითადად, პროტესტის გამო, რომელსაც ის, ირანელი კოლეგების ჩაგვრის წინააღმდეგ გამოთქვამდა. ამ მიზეზით, მისი ფილმები კანში ავტორის გარეშე მონაწილეობდა ხოლმე. პანაჰი 78-ე კინოფესტივალს 15 წლის შემდეგ პირველად დაესწრო და შინ ოქროს პალმით დაბრუნდა.
“უბრალო შემთხვევითობა” – ასე ჰქვია ირანელი რეჟისორის ნამუშევარს. ფილმი გვიყვება ყოფილი პოლიტპატიმრების შესახებ, რომლებიც შემთხვევით მათ უშუალო მწამებელს გადაეყრებიან. პოლიტპატიმრები მას იტაცებენ და ჯალათთან პირისპირ აღმოჩენილები ფიქრობენ, რა ქნან.
თხრობის დრამატურგიის ოსტატი, ჩინებული სამსახიობო დასით, ზუსტი ვიზუალური გამომსახველობით, იუმორით, ნახევრად იატაკქვეშა გადაღებების პირობებში, პანაჰი ქმნის უფრო მეტს და დიდს, ვიდრე შესაძლოა ერთი კინოსურათის შემთხვევაში იყოს. რეჟისორმა კინოსამყაროს, ირანს და დანარჩენ მსოფლიოს მეტისმეტად მნიშვნელოვანი სათქმელი შესთავაზა. უსამართლობაში, დევნაში, ფიზიკურ განადგურებასა და წამებაში გამომწყვდეული ხალხი, ბოლოს და ბოლოს, მოძალადის პირისპირ დააყენა. როგორც შექსპირმა – ჰამლეტი. და მოტივი უცვლელი დარჩა – რატომ ვერ/არ ვამხელთ, რატომ ვერ ან არ ვიძიებთ შურს, მაშინ როდესაც დამნაშავე ჩვენს ხელთაა?!
ამბობდნენ, კანის ფესტივალის შემდეგ, პანაჰი ევროპაში დარჩება და უკან აღარ დაბრუნდებაო, მაგრამ ჯაფარ პანაჰი სამშობლოში ჩავიდა. მას იქ უნდა ჩაეტანა ოქროს პალმა, როგორც აბას კიაროსტამის 1997 წელს. უნდა ჩაეტანა, მიუხედავად ირანული პრესის უღიმღამო შეფასებებისა, შიშისა და რეჟიმის მუქარისა.
საიდ რუსტაი კი ირანში უსამართლო და მძიმე ყოფაზე ერთი ოჯახის პერსპექტივიდან გვიყვება. პანაჰისაგან განსხვავებით, სადაც იუმორი ერთგვარ სტიმულს აძლევს მაყურებელს, “ქალი და შვილის” მძიმე ქრონიკა დამხმარე ეფექტების გარეშეა წარმოდგენილი. ტრაგიკული შემთხვევის წინაშე მარტო დარჩენილ ქალს, მაჰნაზის (პარინაზ იზადიარი), თავის დაცვა საკუთარი ოჯახის წევრებისაგან უწევს. “ლეილას ძმების” რეჟისორი კვლავინდებურად პატრიარქალური საზოგადოების წნეხის შედეგებს, ქალების გაუსაძლისად მძიმე ყოფას გვიჩვენებს.
ეგვიპტური წარმოშობის შვედი რეჟისორი ტარიკ სალეჰი “რესპუბლიკის არწივებით” მონაწილეობდა კონკურსში. ფილმში ეგვიპტელი ვარსკვლავის, “ეკრანის ფარაონად” წოდებული მსახიობის თავგადასავალია მოთხრობილი. განქორწინებული, მდიდარი ჯორჯ ფაჰმი (ფარეს ფარესი) დამწყებ მსახიობთან ერთად ცხოვრობს, მოზარდ შვილს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებს, დატვირთული შემოქმედებითი დღის წესრიგი აქვს და ღიად გამოხატავს პროტესტს რეჟიმის მიმართ. ხალხის საყვარელი არტისტის აქტიურობა ხელისუფლებას არ მოსწონს. იწყება მოქმედება ჯორჯ ფაჰმის გადასაბირებლად. მეგობრების დაკავებით, შანტაჟით და დაშინებით მსახიობს საბედისწერო როლის შესრულება უწევს.
ოლივიერ ლაქსმა მისი ბრწყინვალე მისტიკური ოდისეით წლევანდელი ფესტივალის ჟიური, კრიტიკოსები და აუდიტორია თანაბრად მოხიბლა. “სირატი” პირველივე კადრებიდან უაღრესად შთამბეჭდავ, მომნუსხავ და უნიკალურ ნამუშევარს აანონსებს. მაროკოს უდაბნოში გათამაშებული ამბავი, სადაც გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის ავტორი, ასეთივე ატმოსფეროს, გამოსახულებას და ხმის დიზაინს წარმოგვიდგენს, შუახნის მამის მოგზაურობაა, რომელიც უმცროს შვილთან ერთად, გაუჩინარებულ უფროს ქალიშვილს ეძებს. უდაბნოში ტექნო-ფესტივალისთვის შეკრებილ რეივერებთან შერწყმული მამა-შვილი გაუკვალავ გზას ერთად აგრძელებს.
კანგდინგ რეის საუნდტრეკით, საუცხოო მონტაჟითა და სამსახიობო დასით მართული ფაბულა ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს მაყურებელს.
“სირატში” ყველაფერი ერთდროულად საზარელი და ლამაზია. კამერა ყველა მანძილიდან ითვისებს მასობრივ სცენებში თავმოყრილ რეივერებს, ოფლიან და დასახიჩრებულ სხეულებს. უხეში სატვირთო მანქანების მოძრაობაც მუსიკალური და პოეტური ხდება.
ბიბლიიდან ნასესხები მოტივებიდან თანამედროვე პოლიტიკურ დაზაფრულებამდე “სირატი” მისტიკური დრამაცაა და რეალობის ქრონიკაც. მშვენიერზე მეტია ლაქსის დანაღმული უდაბნო; სამყაროს ბუნდოვანებისა და გამქრალი ადამიანების მისეული აღქმა. “სირატი” არაფერს ჰგავს, რაც აქამდე უნახავს მაყურებელს, ამიტომაც აღინიშნა ის ჟიურის პრიზით.
წლევანდელ კონკურში კიდევ ერთი ოდისეა ჩინელმა, 35 წლის ბი განმა წარმოადგინა. ახალი თაობის ჩინური არტ ჰაუსის ფუძემდებელმა რთული სტრუქტურისა და ქვეტექსტის ნამუშევარი – “აღდგომა” გვიჩვენა. სამეცნიერო ფანტასტიკისა და დრამის ნაზავი ფილმის ქრონომეტრაჟი 2 საათი და 40 წუთია. ჩვენებას აქტიურად ტოვებდა მაყურებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეს-ჩვენებას ვესწრებოდი, ეს ნიშნავს, რომ დარბაზს კინოკრიტიკოსები ტოვებდნენ. მაგრამ, ჟიურის წევრებმა ჟულიეტ ბინოშის ხელმძღვანელობით დააფასეს მონსტრის სულის სტრუქტურირების რთული საქმე და მას ჟიურის სპეციალური პრიზი გადასცეს.
“აღდგომაში” რეჟისორის ბრწყინვალე წარმოსახვა ასეთივე დეკორაციების საშუალებით ცოცხლდება, შოკის მომგვრელი ატმოსფერო და ვიზუალი ძალადობრივ, სასტიკ სცენებსაც, ერთგვარად, მშვენიერების ელფერს აძლევს.
კაცობრიობამ სიზმრების ნახვის უნარი დაკარგა. ერთადერთი არსებაა მონსტრი, რომელიც ხილვებში იმას ხედავს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ერთ დღესაც ჩნდება ქალი, იშვიათი უნარით – ხედავდეს ილუზიებს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. ქალი გადაწყვეტს მონსტრის სიზმრებში შესვლას, რომ მის ქვეცნობიერში დამალული სიმართლე ამოხსნას.
მთავარი გმირი სხვადასხვა ქვეთავში სახეცვლილი გვევლინება: სამხედრო დამნაშავე; ბუდისტი მღვდელი; მოთამაშე; განგსტერი და ასე შემდეგ. მრავალშრიანი სტრუქტურით, ალუზიებით და პირობითობით “აღდგომა” თანმიმდევრულობის უნარს აკარგვინებს მაყურებელს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, მგზავრი ხარ ავტორის სამყაროში, ან იქნებ, უფრო ლაბირინთში, რომელიც რეჟისორმა ექვსი ელემენტის გაერთიანებით ააწყო – ხუთი გრძნობა და გონება.
მონსტრებით და ვამპირებით, თოვლში და მზის ამოსვლის მოლოდინში, ღამის კლუბში და ზღვაში – რეჟისორი სამყაროს შემოქმედებითად იპყრობს.
კინოს ჟანრებს და სტილისტურ შესაძლებლობებს დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე ოსტატურად იყენებს, – ფილმი მუნჯი კინოს ესთეტიკით იწყება და ფერადი გამოსახულებით, ღია კინოს სცენით სრულდება. “აღდგომა” კინოს ისტორიაცაა და კაცობრიობის ამბავიც. ენიგმური და ფანტასმაგორიული, თუმცა, მეორე მხრივ, მეტისმეტად ნაცნობიც – აღარავინ კამათობს, რომ სამყარო ცუდ დღეშია. ბი განი სიცოცხლესთან დაბრუნების რთულ გზას აღბეჭდავს. აღბეჭდავს უნიკალურად.
თამამი, რთული და საინტერესო კონსტრუქცია აქვს მაშა შილინსკის “ვარდნის ხმას”. გერმანელი რეჟისორის ნამუშევარი საკონკურსო პროგრამაში პირველ დღეს, პირველ ფილმად უჩვენეს. ლუიზ პეტერის თანაავტორობით შექმნილ სურათში ოთხი მოზარდი გოგოს ცხოვრება 1920-იან, 1940-იან, 1980-იან და ჩვენ დროში დამოუკიდებლად ვითარდება. ოთხ განსხვავებულ ამბავს მოქმედების ადგილი – ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე საქსონია – ანჰალტის ფერმის სახლი აკავშირებს და ასევე, გოგონების იდენტური გამოცდილებები; ერთგვარი გენეტიკური მეხსიერება – მარტოობა, შიში, ტრამვა, ახლობლის დაღუპვა, სექსუალური ვნებები.
ოთხ სხვადასხვა დროში და მარტოობის განცდით დაზაფრული მოზარდების მდგომარეობაში ავტორი კამერის საშუალებით, თითქოს ძვლებამდე შედის. მომნუსხველი ხმის დიზაინი და ორიგინალური რეჟისურა, მინდვრებს, მონოტონურ ინტერიერებს, ტბებს და წყლის ქვეშ მოქცეულ სხეულებს, სასტიკ სცენებს და საშიშ ატმოსფეროს თანაბარი ოსტატობით იმორჩილებს.
40 წლის რეჟისორის უფრო პროზაული, ვიდრე პოეტური კინოფილმი მისტიკური ექოს თანხლებით ზოგისთვის ჰანეკეს ასოციაციას აღძრავს, გარდიანისთვის კი Folk-horror-ად იქნა აღქმული.
საუკეთესო საკონკურსო სელექციიდან გამომდინარე, ჟიურის სპეციალური პრიზი ორ კონკურსანტს ერთდროულად გადასცეს. მაშა შილინსკიც, ლაქსის მსგავსად, ამ კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.
ქალებს აკვირდებიან ძმები დარდენებიც. უფრო ზუსტად კი – “ახალგაზრდა დედებს”. ბელგიის ქალაქ ლიეჟში, არასრულწლოვანი დედების ან მომავალი დედების მზრუნველობის სახლში, გამოუცდელ გოგონებს ჩვილების მოვლას ასწავლიან. ერთგვარ კომუნაში საერთო საქმეებიც განაწილებულია.
სცენაზე ჯესიკა, პერლე, ჟული, ნაიმე და არიანე – 5 ერთმანეთისგან განსხვავებული დედა და მომავალი დედაა. ესაა და ეს. ჟან პიერ და პოლ დარდენებს არ სჭირდებათ ექსტრავაგანტური ფაბულა იმისთვის, რომ ბრწყინვალე ნამუშევარი შექმნან. ოსტატური დრამატურგია, ეკონომიურობა დიალოგებში, სისადავე, ზუსტი სამსახიობო დასი და კამერა, რომელიც ასე საუცხოოდ გაგრძნობინებს შეშინებული, დაღლილი, დიდი იმედებით სავსე თუ ოდნავ გახარებული, მაგრამ მაინც იმედგაცრუებული მოზარდების მდგომარეობას.
78-ე კინოფესტივალის ჟიურიმ საუკეთესო სცენარად სწორედ “ახალგაზრდა დედები” დაასახელა.
საპრემიერო ჩვენებაზე იოაკიმ ტრიერის “სენტიმენტალური ღირებულება” 19-წუთიანი აპლოდისმენტებით აღნიშნეს. 2021 წლის კანის კინოფესტივალის ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი – რენატ რეიმსვე, ამჯერადაც მთავარ როლშია ოჯახურ დრამაში, სადაც ის უფროსი დის, ნორა ბორგის, თეატრისა და ტელევიზიის ცნობილი მსახიობის როლს ასრულებს. ნორა კინორეჟისორ მამასთან დისტანცირებულია და უარს ამბობს შემოთავაზებაზე მონაწილეობა მიიღოს მამის ფილმში, რომელიც სწორედ ნორას ეძღვნება.
ფლეშბექების საშუალებით ნორას დღიურები ბორგების ოჯახის ისტორიას გვაცნობს.
ტრიერი მელანქოლიას იუმორით ოსტატურად აზავებს. ორიგინალური საუნდტრეკი, რომელიც პოლონელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა ჰანია რანიმ შექმნა, სრულყოფს ტრიერის სცენას, სადაც რეალობა და კინოში კინოგადაღება მოულოდნელად ერწყმის ერთმანეთს.
“სენტიმენტალური ღირებულება” ზოგისთვის ბერგმანის გამოძახილია,ზოგისთვის ბერდმენის მოტივი, მაგრამ იოაკიმ ტრიერი კამათის გარეშე ახალი და ინდივიდუალური ხელწერის ავტორია. მას არ უყვარს “აკრობატიკა” კინოში; ის ყოველთვის ყოფით, ხანდაზმულ პრობლემასა და თემაზე კონცენტრირდება და თანამედროვე, ცოცხალი, ოსტატური მოქნილობით ასრულებს დავალებას.
რთულ კონკურენციაში გრანპრი სწორედ მის ნამუშევარს მიენიჭა.
ფრანგი მსახიობი და რეჟისორი ჰაფსია ჰერცი წლევანდელ საკონკურსო პროგრამაში “უმცროსი დით” მონაწილეობდა. ფატიმა დაასის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანის ადაპტაცია 17 წლის ფატიმას (ნადია მელიტი) თვითგამორკვევის ამბავია. პარიზის გარეუბანში მცხოვრებ ფრანგულ-ალჟირულ ოჯახში ის მშობლებთან და ორ უფროს დასთან ერთად ცხოვრობს, ისლამის წესებს იცავს და თანატოლ ბიჭს ხვდება. დასაწყისში ფატიმას კონფლიქტი საკუთარ თავთან და სურვილებთან მხოლოდ ცნობიერებაშია გამომწყვდეული. როდესაც პარტნიორი დაქორწინებას შესთავაზებს, ფატიმა იდენტობის გამოსარკვევად რეალური გამოცდილების თავგადასავალში გარბის.
“უმცროს დაში” ორი მნიშვნელოვანი სცენაა: ერთი მანქანის – როდესაც სოციალური ქსელით გაცნობილი უცნობი ლესბოსელი ქალი ფატიმას გამოცდილებას უზიარებს და რჩევებს აძლევს და დედისა და ფატიმას ფინალური სცენა სამზარეულოში, სადაც მშობელი ატირებულ შვილს თანაუგრძნობს.
ნადია მელიტის პერფორმანსი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა. ამ კატეგორიაში გამარჯვებას ჯენიფერ ლოურენსს უწინასწარმეტყველებდნენ. ის ლინ რამსეის დრამაში “მოკვდი, ჩემო სიყვარულო” ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდა ქალის როლს ასრულებს.
ლოურენსს პარტნიორობას რობერტ პატინსონი უწევს.
78-ე კინოფესტივალი რეჟისორმა რიჩარდ ლინკლეიტერმა 1950-60-იანი წლების საფრანგეთში დააბრუნა. საკონკურსო პროგრამაში წარმოადგინა ფილმი, სახელწოდებით “ნუველ ვაგი”, რომელიც ჟან ლუკ გოდარის “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” გადაღებების პროცესის შესახებ გვიამბობს. ეპოქის და ატმოსფეროს სრულ შესაბამისობაში რეკონსტრუირებულ ფილმში ახალი ტალღის თითქმის ყველა გმირი ცოცხლდება, ვხვდებით იმ დროში მოღვაწე არტისტებს: ანიეს ვარდას, ერიკ რომერს, ფრანსუა ტრიუფოს, რობერტო როსელინის პროტოტიპებს და, რა თქმა უნდა, მთავარ გმირებს – თავად ჟან ლუკ გოდარს, შესანიშნავ ჯინ სიბერგს, რომლის როლსაც ზოე დოთჩი ასრულებს და ჟან პოლ ბელმონდოს – ადრი დალინის მონაწილეობით.
ფილმში აშკარაა, რომ გოდარი მოუმზადებელი იწყებს გადაღებებს; სპონტანურობა და ქაოსი პატარა გადამღები ჯგუფისთვის დიდი გამოწვევაა. კარგი ფილმის მოლოდინი არავის აქვს. საბოლოოდ და რეალურად კი, “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ის ფილმი აღმოაჩნდა, რომელმაც არამცთუ კინოზე, მთელი მსოფლიოს თანამედროვე კულტურაზე იქონია გავლენა. ჯინ სიბერგმა ქალის სრულიად ახალი იმიჯი გამოძერწა, სიცოცხლის 40 წლამდე 35 კინოფილმში ითამაშა. ბელმონდო კი სწორედ ამ კინოფილმით იქცა ვარსკვლავად.
პრემიერის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ლენკლეიტერს “ნუველ ვაგის” შექმნის იდეაზე ჰკითხეს. “გიჟური იდეაა, მაგრამ კინოს ხალხი არანორმალურია”, – უპასუხა მან.
“ნუველ ვაგი” კრიტიკოსების და პრესის მაქსიმალური შეფასებით ლიდერობდა, მაგრამ კონკურსში წარმოდგენილმა კინო-მანიფესტებმა ადგილი აღარ დატოვა სენტიმენტებისთვის. კანის ფესტივალს წელს ძველი სილაღე აკლდა. თუ სხვა დროს რეჟიმების გამოწვევები, ომები და მომავლის შიში მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების ფილმებში ირეკლებოდა, წლევანდელი სელექცია თითქმის სრულად ილუსტრირებდა, რომ მთელი მსოფლიო ბუნდოვანების ან დიქტატურის პირდაპირი თუ ირიბი მძევალია…
გამოხმაურების გარეშე დარჩა ილივერ ჰერმანუსის ისტორიული დრამა “ხმოვანების ისტორია”, რომელშიც მთავარ როლს პოლ მესკალი ასრულებს. ორი ახალგაზრდა ამერიკელი მამაკაცის მიჯნურობის რთული ამბავი პირველი მსოფლიო ომის დროს თამაშდება. ინგლისში მოგზაურობისას წყვილი წინაპრების მუსიკას და ხმებს აგროვებს.
ჟურნალისტებმა გააკრიტიკეს და ჟიურიმ არ მოიწონა ასტერის “ედინგტონი”, რომელსაც ემა სტოუნის, პედრო პასკალის და ხუანკინ ფენიქსის თაყვანისმცემლები განსაკუთრებით ელოდნენ. ნეო-ვესტერნი ნიუ მეხიკოში 2020 წელს თამაშდება; კოვიდის დროა და შესაბამისად, ბენდენების ნაცვლად, პირბადეები ჭარბობს. “ედინგტონი” პატარა ქალაქის შერიფსა და მერს შორის დაპირისპირების მოსაწყენ სქემაში გვაქცევს.
ყურადღების გარეშე ჩაიარა კარლა საიმონის “რომერიამაც”; ჰაიაკავა ჩიეს “რენუარი” კი დასაწყისში სხვადასხვა გამოცემის მაღალი შეფასებებით სარგებლობდა, თუმცა, მოგვიანებით, 1980-იანი წლების იმპრესიონისტული ამბავი ტოკიოელ ფუკიზე არავის გახსენებია. ტრავმირებული დედა, მომაკვდავი მამა – 11 წლის გოგო მოზარდობის რთულ გზას მარტო გადის.
კინომოყვარულებს ახსოვთ, რომ 2021 წელს კანში გამარჯვებულ “ტიტანს” მთელ საერთაშორისო პრესაში დიდი ხმაური მოჰყვა; წელს კონკურსში მონაწილე ჟულია დუკოურნოს “ალფა” კრიტიკოსების ყველაზე დაბალი შეფასებით აღინიშნა; ჩვენების შემდეგ დავიწყებას მიეცა და, როგორც აღმოჩნდა, ვერც ჟიურიზე იმოქმედა ბოდი-ჰორორმა, სადაც ალფას, გოგონას, მოზარდობის რთულ პროცესს ვაკვირდებით და უცნაური ვირუსის თვითმხილველები ვართ, – ვირუსი ადამიანებს ქვებად აქცევს. ფილმში, ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ორი სცენაა – აუზის და ფეხბურთის მოედნის; ეს უკანასკნელიც სანდრო კობერიძის “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” ასოციაციებს აღძრავდა.
წლევანდელ ფესტივალზე ვერც უეს ანდერსონმა მოიწონა თავი, იმის მიუხედავად, რომ “ფინიკიურ სქემაში” სასურველი მაღალბიუჯეტიანი დეკორაციები მოაწყო და მთელ თანავარსკვლავედს მოუყარა თავი: ბენისიო დელ ტორო, სკარლეტ იოჰანსონი, ბილ მიურეი, ტომ ჰენკსი, უილიამ დეფო, შარლოტ გინსზბურგი და სხვები უდავოდ შთამბეჭდავი სანახავები იყვნენ კინოკადრშიც და წითელ ხალიჩაზეც.
უიღბლო პრემიერის ჩამონათვალშია “ფუირიც”. იტალიელი მარიო მარტონეს საკონკურსო ფილმი, გოლიარდა საპიენცას ნაწარმოების ეკრანიზაცია, საპატიმროსა და მის გარეთ სამი ქალის მეგობრობაზე გვიყვება.
ლეა დრუკერი სტეფანის როლს ასრულებს დომინიკ მოლის ფილმში “საქმე #137”. ის ყვითელი ჟილეტების მოძრაობის დროს დაზარალებული დემონსტრანტის საქმეს იძიებს, რომელშიც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იკვეთება.
პრიზების გარეშე დარჩენილი კინოფილმებიდან აღსანიშნავია კელი რეიკარდტის “ოსტატი” და სერგეი ლოზნიცას “ორი პროკურორი”.
რეიკარდტმა ზუსტი ვიზუალური ესთეტიკით, ფერით, კოსტიუმებით, ხმის დიზაინით და განწყობით, თითქოს სრულად გააცოცხლა 1970-იანი წლების მასაჩუსეტსი და ხელმოცარული და დაკარგული ადამიანების მდგომარეობა. ჯოშ ო კონორის პერსონაჟი ქურდის როლს ასრულებს. ჯეი ბი მუნი ორშვილიანი, სახელოვნებო სფეროს განათლების უმუშევარი ახალგაზრდა კაცია. ვიეტნამის ომის დროა, მუნი თავისი პირველი მასშტაბური ქურდობისთვის ემზადება. “ოსტატის” მელანქოლიაში ჩუმი სიცილი გამოკრთება ხოლმე, რადიოდან იპარება ომის ქრონიკა და დემონსტრაციების ხმა.
ეპოქის ზუსტი ასახვით, შესანიშნავი რეჟისურით და სამსახიობო დასით გამოირჩეოდა სერგეი ლოზნიცას წლევანდელი ნამუშევარიც, სახელწოდებით “ორი პროკურორი”.
1937 წლის სტალინური რეპრესიებისა და დიდი ტერორის ამბავს რეჟისორი და სცენარის ავტორი ლოზნიცა, ორიგინალ ტექსტზე დაყრდნობით, ორი პროტაგონისტის პერსპექტივიდან წარმოგვიდგენს.
ალექსანდრე კუზნეცოვი ბრწყინვალედ ასრულებს ახალბედა პროკურორის როლს, რომელიც გულანთებული იწყებს უსამართლობასთან ბრძოლას.
“ორი პროკურორი” რეპრესირებული მწერლის, გიორგი დემიდოვის ნაწარმოები, მისი რეაბილიტაციის შემდეგაც არ დაბეჭდილა საბჭოთა კავშირში. 1980-იან წლებში მისი არქივი სრულად დალუქა კგბ-მ.
როგორც ვარაუდობენ, არც ლოზნიცას “ორ პროკურორს” უჩვენებენ რუსეთში. იმის მიუხედავად, რომ ფილმში კანონმდებლობით აკრძალული არაფერია. თუმცა, რეჟიმისთვის მიუღებელი თავად რეჟისორია, ისე როგორც მსახიობები. სამივე მთავარი როლის შემსრულებელმა რუსეთი სწორედ პროტესტის ნიშნად დატოვა.
ვრცელი მიმოხილვა გამოვიდა. მოკლედ ასეა: კინო (ხელოვნება) ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია.


























