fbpx

„მატერიალისტები“ – ღირს ნახვა?


გააზიარე სტატია

 

ავტორი: საბა ოსანაძე

 

12 ივნისს ქართულ კინოთეატრებში გამოვიდა სელინ სონის ფილმი „მატერიალისტები”. შარშანდელ ოსკარებზე სონის სადებიუტო „წარსულმა ცხოვრებებმა“ სცენარისთვის ოქროს კაცის სტატუეტი მიიღო. 12-მილიონიანი ბიუჯეტით „წარსულმა ცხოვრებებმა“ გაქირავებაში შთამბეჭდავი თანხა  – 42 მილიონი შეაგროვა.  

მოდით, ცოტათი გავეცნოთ ახალი ფილმის ამბავს და ვნახოთ, თუ რას წერენ მსოფლიოს წამყვანი ჟურნალები უნიკალური გემოვნების მქონე რეჟისორის მეორე ფილმზე.   

„მატერიალისტების“ ვარსკვლავური ქასტინგი იმწამსვე მოიგებს თქვენს გულებს, როცა ფილმის პოსტერს ნახავთ. 

 

კატასტროფულ “Madam Web”-ში მთავარი როლის თამაში დაკოტა ჯონსონისთვის შოკური თერაპიის მსგავსი გამოცდილება იყო და ის დაუბრუნდა პატარა პროდაქშენს. „მატერიალისტებში“ ის თამაშობს ამერიკელ ხანუმას, ლუსის, რომელიც მაჭანკლობით პურის ფულს შოულობს. თავად სელინ სონიც ერთ დროს ამ პროფესიით იყო დაკავებული.  

50 წლის პედრო პასკალი, რომელმაც დაიპყრო სერიალების სამყარო და ნებისმიერი შოურანერისთვის საოცნებო მსახიობად (და, ბევრისთვის, მამაკაცად) იქცა, ახლა უკვე კინოსამყაროსაც იპყრობს. მხოლოდ წელს ის სამ  ფილმში თამაშობს. ესენია: არი ასტერის „ედინგტონი“, მარველის „ფანტასტიკური ოთხეული“ და სონგის „მატერიალისტები“. „მატერიალისტებში“ ის თამაშობს მდიდარ და მომხიბვლელ ჰარის, რომელსაც ლუსი სურს. 

ორს შორის მესამე ჩნდება, რათა ჟანრის კანონის მიხედვით სასიყვარულო სამკუთხედი შეიქმნას. ლუსის ცხოვრებაში თავისი თავქარიანი წარსულის სიმბოლო, მისი ყოფილი, ჯონი გამოჩნდება და ლუსის გულის მოგებაში ჰარის გაუწევს კონკურენციას. ჯონს თამაშობს კრის ევანსი. “კაპიტანი ამერიკის” დიდი საგის დასრულების შემდეგ კრის ევანსი დაუღალავად ეძებს ახალ ადგილს ჰოლივუდში. „მატერიალისტები“ ის იშვიათი პატარა პროდაქშენის კინოა, რომელშიც მსახიობი  მონაწილეობს.

 

 

Guardian „მატერიალისტებზე“ გამოზომილად წერს:

„ამ ფილმში ვერ იპოვით განსაცვიფრებელ სასიყვარულო ისტორიას, ვერც სენტიმენტალურ ფინალს, თუმცა „მატერიალისტებს“ თავისი ღირსებებიც აქვს. მაგალითად, სელინ სონის მდიდარი და დახვეწილი ვიზუალური სტილი… რაც მთავარია, პაემნებზე ვერთქმული აზრების უხეშად, მორიდების გარეშე და ხმამაღლა გაჟღერებით მიღებული კათარსისი… „მატერიალისტები“ სრულყოფილებისგან შორსაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პაემნის ღირსი არ არის.“ 

Variety სონის ფილმს ადარებს ყველასთვის ცნობილ სერიალს – „Sex and the City”-ს: 

„ფილმი მომხიბლავად წინააღმდეგობრივია – სერიოზულ ნოტებზე გათამაშებული რომანტიკული კომედია… ეს არის გამჭრიახი და გულწრფელი სოციალური რომანტიკული დრამა, სავსე ზუსტად შენიშნული დეტალებით იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ ახლა… ზოგჯერ „მატერიალისტებზე“ იფიქრებ, რომ ეს არის „Sex and the City”, რომელიც ერიკ რომერმა გადაიღო.”

 

 

Deadline  მსახიობებისთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებს:

„სონგმა სამივე მთავარი როლი იდეალურად შეარჩია. ჯონსონი ზუსტად აჩვენებს თავდაჯერებული ბიზნესვუმენის უკან დამალულ კომპლექსებს და შიშებს… ევანსი… კარგად ასახავს იმ კაცის ნიუანსებს, რომელიც ჯერ კიდევ წვალობს, როგორც მსახიობი და როგორც ადამიანი, რომელიც ნამდვილი სიყვარულის პოვნას ცდილობს, თანაც ხვდება, რომ ალბათ უკვე იპოვა… და დაკარგა. პასკალი თავის ერთგანზომილებიან პერსონაჟს სიღრმეს, ადამიანობას და მომხიბვლელობას სძენს.“

 

 

„მატერიალისტები“ საინტერესოდ ჟღერს. რეცენზიების მთავარ აგრეგატორზე Rotten Tomatoes-ზე ფილმს შეფასებებიდან 88% დადებითი აქვს და საერთო აზრი მის შესახებ ასეთია: „ტრადიციული რომკომის ზრდასრული დეკონსტრუქცია… „მატერიალისტები“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სელინ სონი თანამედროვე რომანტიკული დრამების ოსტატია.“

საბოლოო ჯამში საინტერესოა, როგორ გემოს დაუტოვებს „მატერიალისტები“ ქართველ მაყურებელს. 

550 total views, 4 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.