ანტიყოფიერება. ონტოციდი – წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“
ესეები მიხაილ ეპშტეინის წიგნიდან „რუსული ანტისამყარო. პოლიტიკა აპოკალიფსის ზღვარზე“
თარგმნა ირაკლი ლომოურმა
ანტიყოფიერება. ონტოციდი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ზღაპრის სახელწოდებაა „წადი იქ – არ ვიცი სად, მოიტანე ის – არ ვიცი რა“. აი, ასევე მთელი რუსეთი, როგორც მისი ზღაპრული გმირი, ანტიყოფიერების ძიებაშია. თანამედროვე პოლიტიკურ-ფილოსოფიურ ენას აკლია ცნება ონტოციდი (ბერძნ. on, ontos – ყოფიერება + cide, მკვლელობა) – ყოველივე არსებულის ტოტალური განადგურება, ომი ყოფიერებასთან, როგორც ასეთთან. გენოციდი, ზოოციდი, ეკოციდი – ონტოციდის მხოლოდ ნაწილობრივი გამოვლინებაა. ყოფიერებისადმი, როგორც ასეთისადმი, მტრობა მთელ რიგ რელიგიურსა და პოლიტიკურ მოძრაობას უდევს საფუძვლად: გნოსტიციზმს, ნაწილობრივ ძველ მოწესეობას, ევრაზიელობას, ფაშიზმს, რაშიზმს… სამყარო ბოროტსა შინა ძევს ანდა სატანის მიერაა მიტაცებული – და მაშასადამე, განადგურებას იმსახურებს.
პუტინმა კრემლში გამოსვლისას ნათქვამ სიტყვაში, როდესაც ოთხი უკრაინული ტერიტორიის ანექსია გამოაცხადა, მთელ დასავლეთს სატანიზმში დასდო ბრალი: „…თავისუფლების ჩახშობა „ამოყირავებული რელიგიის“ – აშკარა სატანიზმის ნიშნებს იძენს“ (Обращение Владимира Путина по случаю вхождения в состав РФ новых субъектов // ТАСС, 30.09.2022.). ამის შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭომ და მთელმა პროპაგანდამ სპეცოპერაციის ძირითად მიზნად უკვე მხოლოდ უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია კი არ გამოაცხადა, არამედ – დესატანიზაცია. ეს იდეოლოგიასთან ანდა არმიასთან ბრძოლას კი არ ნიშნავს, არამედ – თავად უკრაინის არსებობასთან. ონტოციდი, პრაქტიკულად, გადამწვარი მიწის ტაქტიკაა. მას ზოგჯერ არმია უკან დახევისას მიმართავს ხოლმე, რადგან აგრესორს მიტაცებული რესურსების გამოყენების საშუალება არ მისცეს. მაგრამ ომის წარმოების საერთაშორისო ნორმებითაც კი, ასეთი ტაქტიკა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ახლანდელ ომში გადამწვარი მიწის ტაქტიკას იყენებს თავდამსხმელი არმია, რომელიც მანიაკურად აცამტვერებს ტერიტორიას, როგორც ასეთს, ქალაქებს ნანგრევებად აქცევს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს, მშვიდობიან მოსახლეობას სითბოს, სინათლეს, წყალს ართმევს, არსებობის საფუძვლებს უსპობს.
მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში სრულად მოსპო ასობით ქალაქი და დაბა, მათ შორის – მარიუპოლი, ვოლნოვახა, იზიუმი, რუბეჟნოე, სევეროდონეცკი. 150 ათას სახლზე მეტი დაანგრიეს ანდა დააზიანეს. დაახლოებით 8 მილიონმა ლტოლვილმა დატოვა უკრაინა და კიდევ 8 მილიონი ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირად იქცა. სამოქალაქო ობიექტებს საშუალოდ 60-ჯერ უფრო ხშირად უშენდნენ ცეცხლს, ვიდრე სამხედროს. დაიხოცა 6 მილიონი შინაური ცხოველი და 50 ათასი დელფინი შავ ზღვაში. სროლების შედეგად ტყის მილიონობით ჰექტარი გადაიწვა. უკრაინის ტერიტორიის 40% მეტი დანაღმულია, იქ მსოფლიოში ყველაზე ვრცელი დანაღმული ველი შეიქმნა – დაახლოებით 250 ათასი კვ. კმ. ფართობისა* (*ეს წინასწარი მონაცემები შემდგომ შეიძლება დაზუსტდეს.). ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ არა მხოლოდ გენოციდზე, ზოოციდსა და ეკოციდზე, არამედ – ონტიციდზე მთლიანობაში. ტოტალური არარსებობის ასეთი პოლიტიკა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს, არამედ – ომის პრაგმატიკასაც. ნაცისტური გერმანიაც კი ცდილობდა იმაზე მეტი არ დაენგრია, ვიდრე ეს სამხედრო გამარჯვებისთვის იყო საჭირო, რათა მიწების ოკუპაცია მოეხდინა და უკვე გერმანიის ძალაუფლების ქვეშ შემდგომი განვითარებისთვის გამოეყენებინა.
სიძულვილი და ეჭვიანობა ყოფიერების, როგორც ასეთის, მიმართ – გავრცელებული რუსული გუნება-განწყობაა. არმყოფობას შურს ყოფიერების სიცოცხლის ნებისმიერი გამოვლინებისა. ვთქვათ, ამქვეყნად გაჩნდა რაღაც – ყოფიერების რაღაც ფორმა, ღივი თუ ამონაზარდი, ბალახის ღერო. ევროპელი ამას დაინახავს – და მოუნდება სხვადასხვა მხრიდან შეხედოს. მის მიზეზს ჩაუღრმავდეს. მისგან რაღაც უფრო დიდი გამოზარდოს, მის საფუძველზე რაღაც ააგოს… რუსეთში კი იმ რაღაცას ეჭვის თვალით შეხედავენ. ვითომ რაო, რა უნდაო? რა უფლება აქვს აქ იყოს? არაფერი არ იყო – და უცებ, გამარჯობა, მოგვევლინა, თქვი ერთი, ვის რაში სჭირდები? წყალსაც აგვიმღვრევს. უფლებებს მოითხოვს. რაღაც არ მოხდეს. მის გარეშე ყოფნა ჯობია… და დაიწყებენ იმ რაღაცის გადათელვას, მიწაში ჩაფვლას, რაც შეიძლება სწრაფად რომ მოსპონ. არმყოფობა – ეს ათვლის წერტილიცაა და დანიშნულების საბოლოო პუნქტიც.
„არის ვინმე ჩვენს ხალხზე უფრო სასტიკი? – კითხვას სვამს ი.ბუნინი „სოფელში“, რომელიც 1910 წელს დაწერა, XX საუკუნის ყველაზე სასტიკ მოვლენებამდე. – ისტორიას წაიკითხავ – თმა ყალყზე დაგიდგება: ძმა ძმის წინააღმდეგ მიდის, მოყვარე – მოყვრისა, შვილი – მამისა, მზაკვრობა და მკვლელობა, მკვლელობა და მზაკვრობა… თქმულებები, ასევე ერთი სიამოვნებაა: “გამოუფატრა თეთრი მკერდი”, “ნაწლავები მიწაზე გადმოაყრევინა” …
მაქსიმ გორკი, მშობლიურ მიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დაუღალავი მოხეტიალე, ასეთივე დასკვნას აკეთებს:
„მიმაჩნია, რომ რუს ხალხს განსაკუთრებულად ახასიათებს, ისევე განსაკუთრებულად, როგორც ინგლისელს – იუმორის გრძნობა, ზღვარგადასული სისასტიკე, ცივსისხლიანი და თითქოს ადამიანური მოთმინებისა და ტკივილის ფარგლების გამომცდელი, გეგონება, სიცოცხლის სიმჭიდეს, სიმტკიცეს იკვლევდესო. რუსულ სისასტიკეში იგრძნობა ეშმაკისეული დახელოვნება, მასში არის რაღაც ნატიფი, დახვეწილი… ადამიანის ტანჯვით კოლექტიური თავის შექცევა. <…> ტყვე ოფიცერს აშიშვლებდნენ, მხრებზე კანს ახევდნენ სამხრეების ფორმით, ხოლო ვარსკვლავების ადგილას ლურსმნებს აჭედებდნენ; კანს აძრობდნენ პორტუპეების და ლამპასების (სამხედრო ფორმის ზოლების. – მთარგმნ. შენიშვნ.) გაყოლებაზე – ამ ოპერაციას ერქვა „ფორმაში გამოწყობა“. ის, ეჭვგარეშეა, საკმაო დროსა და დიდ დახელოვნებას მოითხოვდა. <…> მაგრამ სადაა, ბოლოს და ბოლოს, ის კეთილგანწყობილი, გონიერი რუსი გლეხი, სიმართლისა და სამართლიანობის დაუღალავი მაძიებელი, რომელზეც მსოფლიოს ასე ლამაზად მოუთხრობდა მე-19 საუკუნის რუსული ლიტერატურა? ახალგაზრდობაში მთელი ძალით ვეძებდი ასეთ ადამიანს რუსულ სოფლებში და ვერ ვიპოვე“.
(*რაც უნდა პარადოქსული იყოს, გორკი ვარაუდობს, რომ „გამომგონებლობით სისასტიკის განვითარებაზე გავლენას ახდენდა წმინდა დიდმოწამეთა ცხოვრებების კითხვა, – რაც მიყრუებულ სოფლებში წერა-კითხვის მცოდნეთა საყვარელი საკითხავი იყო“. ვიღაც ცდილობდა მოწამეებისთვის მიებაძა, მაგრამ უმეტესობა მწამებლების მაგალითით იყო შთაგონებული. იხ.: Горький М. О русском крестьянстве. Берлин: Издательство И. П. Ладыжникова, 1922.)
ასეთი სისასტიკე – თავისებური ხალხური ცნობისწადილია ყოფიერების მიმართ, თუმც კი, უარყოფითი: „წადილი“ სიტყვიდან „წამება“ (пытливость от слова «пытка». სიტყვასიტყვით ამის ქართულად თარგმნა, ცხადია, შეუძლებელია. – მთარგმნ. შენიშვნ.). ვითომცდა რა ყოფიერებაა ეს? უნდა გავარკვიოთ. გადავამტვრიოთ, გადავუგრიხოთ, გადავთელოთ, მოვგრიხოთ. დეფორმაციის უკიდურესი ფორმები – რათა აყვირდეს, ტკივილისგან აფართხალდეს, თავისი თავი გასცეს. და, აი, მაშინ, სიკვდილისკენ მიმავალი, ის საინტერესო გახდება. გორკი აღნიშნავს, რომ სისასტიკეს რუსეთში ასევე შემეცნებითი, კვლევითი ინტერესი აქვს: „თითქოსდა სიცოცხლის სიმჭიდეს, სიმტკიცეს იკვლევს“. ცოცხალი ყველაზე მძაფრად ყოველთვის განადგურების პროცესში აღიქმება. როდესაც ერთიანია, საშიშროებას წარმოადგენს, რაღაცაზე პრეტენზიას აცხადებს, შეიძლება ჩვენი ადგილი დაიკავოს. მაგრამ თუ დაამტვრევ, მოგუდავ, დაახრჩობ, ის თავისი მღელვარე, მომაკვდავი სიცოცხლის მთელ ძალას გამოავლენს.
აქ ყოფიერება უყვართ მისი ჭრილობებით, ყვირილით, ფართხალით, კონვულსიებით. მაშინ ჩვენ წარმოგვიდგება მისი ჭეშმარიტება, დაფარული სიმართლე (подлинность, подноготная გავიხსენოთ, ამ სიტყვების წამებისეული წარმომავლობა). (რუსული გამოთქმა „подноготная правда“, ანუ, სიტყვასიტყვით, „ფრჩხილქვეშა სიმართლე“, წამების ძველი რუსული მეთოდისგან გაჩნდა: ადამიანს ფრჩხილის ქვეშ ლურსმნებს ან ნემსებს ურჭობდნენ. – მთარგმნ. შენიშვნ.)
როგორც ა.ნ. ტოლსტოი აღიარებდა, მისი რომანი „პეტრე პირველი“ „საიდუმლო საქმეთა პრიკაზის“ (ანუ უწყების) წამებათა ჩანაწერებისგან წარმოიშვა: „ამ სამძებრო აქტებს იწერდნენ „დიაკები“ (მდივნები ძველ რუსეთში), რომლებიც ცდილობდნენ მაქსიმალურად შემჭიდროებული და ხატოვანი ფორმით ჩაეწერათ იმ ადამიანთა მონათხრობი, რომლებსაც აწამებდნენ. ზებრძენი „დიაკები“, ვინც არანაირ „ლიტერატურულ“ ამოცანებს არ ისახავდნენ, მაღალ მწერლობას ქმნიდნენ. მათ ჩანაწერებში – ლიტერატურული რუსული ენის მარგალიტებია“. (Толстой А. Н. Чистота русского языка // Красная газета, 22.12.1924 (отклик на заметку В. И. Ленина «Об очистке русского языка», опубликованную в «Правде» 03.12.1924).
წამება – ესაა შემეცნებითი დამოკიდებულება ყოფიერების მიმართ, ხალხური ეპისტემიოლოგიისა და ეტიმოლოგიის საფუძველი. ცნობისმოყვარეობა… (Любо-пытство…) გამოცდილება… (О-пыт…) გამოცდა… (Ис-пытание…) მცდელობა… (По-пытка…) სანამ ყოფიერება ცოცხალია, ის ცდილობს, გაგვისხლტეს; ხოლო როცა მას ვაწამებთ, ის სიღრმისეულად იხსნება და სრულ გულახდილობას აღწევს აგონიაში, სიკვდილის ზღვარზე.







