MZE top shop – ახალი სივრცე ბათუმში
ავტორი: ანი თენიეშვილი
ბათუმი სინთეზური ქალაქია. აქ საუკუნეებია ერთმანეთს გადაჰკვეთს სხვადასხვა კულტურა, ენა, იდენტობა და ჟღერადობა. აქ ჰორიზონტი ერთად იტევს მწვანე საფარში გახვეულ ზღვისპირა ფონსა და შორიდან აღმართულ კავკასიონს. ეს არის ქალაქი, სადაც ყოველდღიურობა თითქოს ნელა მიედინება, ქალაქის მოსახლეობის დავალება კი ისაა, რომ ამ დინებაში ხმაური შეიტანოს. არჩევანი, რომელიც აუცილებელია. ადგილები, სადაც შეგიძლია მოუსმინო, ნახო, ჩაერთო და დარჩე.
ამ კონტექსტში MZE top shop არის ადგილი, რომელმაც ბათუმის მნიშვნელოვანი კულტურული დანაკლისი შეავსო – ახალი მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც ქალაქს აცოცხლებს.
სახლიდან დაწყებული იდეა
მზეშოპის ისტორია ბათუმში გიორგი ანანიძის სახლიდან იწყება. ჯერ იყო მცირე შოპი, სადაც ტანსაცმელს, სპრეებსა და სკეიტის ნაწილებს იპოვიდი. ეს იყო ერთგვარი სივრცე ახალგაზრდებისთვის, როგორც თავისუფალი ადგილი და შემოქმედებითი ძიების შესაძლებლობა. დროთა განმავლობაში სივრცე გაიზარდა – დაემატა პატარა ბარი, მუსიკალური სტუდია CLIME, და ბოლოს – ახალი გალერეა. დღეს MZE top shop უკვე ერთიან არქიტექტონიკად იქცა, სადაც ერთიანდება ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კომუნიკაციისა და ინდივიდუალური თვითგამოხატვის შესაძლებლობა.
შოპი ამ სივრცის მხოლოდ ერთი განზომილებაა, გარდა იმისა, რომ აქ ტანსაცმელი და სკეიტის შეძენაა შესაძლებელი, ასევე ტარდება კინოჩვენებები, კერამიკის ვორქშოპები, მუსიკალური ივენთები, და რაც მთავარია, ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები გზებს, ხედვებსა და იდეებს აზიარებენ. ნებისმიერი თაობა აქ პოულობს ინდივიდუალურ ადგილს. ეს არის სწორედ სივრცის ფილოსოფია – გააერთიანოს ადამიანები ხელოვნების, მუსიკისა და სკეიტ-კულტურის გარშემო, სადაც ყველა ელემენტი ავსებს და აძლიერებს ერთმანეთს.
Clime Records კი ამ შემოქმედებითი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, ტრენინგ-რუმი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მუსიკალურ აპარატურასთან ვარჯიში. ეს სივრცე ასევე ღიაა ქართველი არტისტებისთვის, როგორც პროფესიული განვითარების პლატფორმა.
„კომა“ – გელა წულაძის გამოფენა MZE top shop-ის გალერეაში – არცერთი დღე წერტილის გარეშე
Mzeshop-ის ახლად გახსნილმა გალერეამ პირველ გამოფენას უმასპინძლა, მხატვარმა გელა წულაძემ წარმოადგინა გამოფენა, სახელწოდებით „კომა“. ექსპოზიცია, რომელიც 8 აგვისტომდე გაგრძელდება, ვიზუალური ხელოვნების, პიროვნული მეხსიერებისა და კოლექტიური ქვეცნობიერის გადაკვეთაზე მოგვითხრობს.
გელა წულაძე თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომლის წვლილი ბათუმის კულტურულ განვითარებაში წლებია იგრძნობა. 2009 წლიდან, განსაკუთრებით კი 2013 წლიდან მოყოლებული, გელა წულაძემ არაერთი პროექტი განახორციელა – მათ შორის Street Art ფესტივალი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი 41°F 41°E (ეს სახელი ალუზიაა ძმებ ზდანევიჩების მიერ გასული საუკუნის ოციან წლებში თბილისში დაარსებული სამიზდატის 41°. გარდა ამისა, ბათუმის კოორდინატები სწორედ 41°-ზე მდებარეობს), რომელიც ვიზუალური ხელოვნებისა და ექსპერიმენტული მუსიკის მნიშვნელოვან ადგილად იქცა. წლების განმავლობაში ბათუმში განთავსდა მის მიერ შექმნილი ქანდაკებებიც. პანდემიის დროს პიტერ ნობელთან ერთად დააარსა „თავისუფალი მხატვრობის სკოლა“ – ბათუმში, 39-ე სართულზე.
„ხელოვნების ცენტრში „41°F 41°E“-ში ხშირად ჩნდებოდნენ სწორედ mzeshop-ის ახალგაზრდები – აკვირდებოდნენ სივრცეს, სკეიტებით მოძრაობდნენ ირგვლივ. აქ გადაკვეთები ბუნებრივად ხდებოდა, და ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ თაობასთან შემოქმედებითი დიალოგი გავაგრძელო“. – ამბობს გელა წულაძე.
გამოფენის სახელწოდება „კომა“ პირდაპირ ბავშვობის მეხსიერებას უკავშირდება.
„მამაჩემი ფსიქოანალიტიკოსი იყო. 8 წლის ვიყავი, როდესაც ასისტენტობა შემომთავაზა, მითხრა, მიმეტანა ფუნჯი და შავი საღებავი, კიბე დადგა და მთხოვა, ჭერზე, პაციენტის თავზე, წერტილი დამესვა, დავუსვი და მადლობა გადამიხადა, ამის შემდეგ ამ წერტილში შეიყვანა ყველა პაციენტი, ჩემთვის ეს წერტილი არის კოლექტიური ქვეცნობიერის სამყარო, რომელსაც ვცდილობ გამოვხატო ჩემს ნახატებში, ამავე დროს ეს არის ფორმულა, რომ არ გაჩერდე, არცერთი დღე წერტილის გარეშე, თუ წერტილის დასმა არ შეგიძლია, მძიმე მაინც უნდა დასვა. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ქვეცნობიერთან, რომელიც მერე ჩემს მხატვრობაში განვავითარე“. – გელა წულაძე.
სივრცე, რომელიც არჩევანს გაძლევს
MZE top shop ბათუმისთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ალტერნატიული კულტურის კერა. ის არჩევანია – შეხვედრის, დაკვირვებისა და განვითარების საშუალება. ქალაქისთვის, სადაც კულტურული მრავალფეროვნება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მსგავსი სივრცეების გამოჩენა არა უბრალოდ საჭიროება, არამედ აუცილებლობაა.
როცა ადამიანს აქვს არჩევანი – სად წავიდეს, რა ნახოს, ვის მოუსმინოს – ქალაქი ცოცხლდება.














