დაბლარვა ოლიგარქიას!
დაბლარვა ოლიგარქიას!
ავტორი: ნინო ამონაშვილი
2024 წელს ოლიგარქიამ ცეცხლი წაუკიდა ქართული საზოგადოების მოთმინებას და ამ ცეცხლმა აანთო პიროტექნიკა და სწორედ ეს ცეცხლი დაწვავს ოლიგარქიას, რადგანაც არც ცეცხლთან და არც ქართულ საზოგადოებასთან თამაში არ შეიძლება. ადამიანების ხანგრძლივმა და დაუმორჩილებელმა ბრძოლამ გააჩინა პროტესტის სხვადასხვა კერა, ამ კერებმა შობა პროტესტის მრავალფეროვანი და ცოცხალი ფორმები. წინააღმდეგობამ გააფერადა ცა და დაამსგავსა იაპონელი ხელოვანის, რინკო კავაუჩის “ჰანაბის” სერიას, რომელშიც ყველაფერი ფეთქავს, დინამიკაშია, ჰაერში იშლება და აჩენს იმედს გზაზე, აჩენს ლამაზ, ფერად ნათებებად. მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში გვიბიძგებს, გვიწვევს, ან ცდილობს, მხოლოდ მათ მიერ შექმნილი ბატალური თუ ბრუტალური სცენით დავკმაყოფილდეთ და მხოლოდ მათ “ასახვაში” მივიღოთ მონაწილეობა, ამის საპირისპიროდ მან მიიღო და იღებს ფეიერვერკს, მკვეთრ, ფერად, დახვეწილ ძალას, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ფხიზელი, ცოცხალი და საინტერესოა.
რა დაახვედრა ამ პროცესში ხელოვნებამ რეჟიმს? რას ვაყურებინებთ რეჟიმს? პროტესტში, სადაც მტკიცედ დგანან ხელოვანები, იბრძვიან ხელოვანები და მოქმედებენ ხელოვანები, შეუძლებელია ვიზუალური ენა არ ააშკარავებდეს მთავარს ამ წინააღმდეგობის სამართლებრივ ან მორალურ არსზე. ამის ნათელი მაგალითია გორის ხელოვნების სახლში გაჩენილი წარწერა: “ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის”. ინსტალაცია კარგად ასახავს დაუმორჩილებლობის აქტს, რომელსაც საზოგადოება ესწრაფვის და არ თმობს. ჩაგრული და დასისხლიანებული თავს არ დახრის, მტერს არ დანებდება.
“დერეფანი
გასასვლელი
სასაზღვრო ზონა
მიტოვებული ბენზინგასამართი სადგური
მრავალსაუკუნოვანი ფრესკის დაშლილი ნაწილი
არარსებობასთან კონტრაქტი
ტურისტული კოშმარი…
ვიცი, ჩემგან არ იქნება მოულოდნელი, მაგრამ, ძვირფასო, უნდა დაგემშვიდობო. შეგეცი, პრემიერ მინისტრო! შეგეცი!” – ეს სიტყვები დავით ხორბალაძის პიესიდან და სპექტაკლიდანაა, სახელად “Unlove“. სპექტაკლი უამრავ თემას ეხება და მათ შორისაა პოლიტიკაც.
მაყურებელს, რომლისთვისაც ნაცნობია გელათის ფრესკის ტრაგიკული ამბავი, ცხადია, დაშლილი ფრესკის ხსენებისას უნდა გაახსენდეს კიდეც ის, მკითხველი, რომლისთვისაც ნაცნობია ქვეყანა, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს აგრესიასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, სასაზღვრო თუ სხვა, გაახსენდება ის გარემო, სადაც ცხოვრობს.
აშკარაა, რომ რეჟიმისთვის საშიშია ყველა სპექტაკლი, სადაც მაყურებელი ცნობს იმ ტკივილებს, რომელსაც ყოველდღე აწყდება გარემოში, რომელზედაც პასუხისმგებლობაც ამჟამად არსებულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას აკისრია. დათა თავაძე თავის სპექტაკლში “შიმშილი” მაყურებელს სცენიდან უსვამს კითხვას:
დარბაზში იყო სიჩუმე და ქუჩაში რეჟიმის მსახურების შიში. რეჟიმის მსახურები აქაც ჩამორჩნენ მოვლენებს და პასუხების გაცემა დაიწყეს მაშინ, როცა ისინი აღარავის სჭირდებოდა, რადგან საზოგადოებამ იმ დროისთვის უკვე ყველას სიმხდალე ნახა. პასუხის მშიშარა ავტორებს თეატრში მისვლა დააგვიანდათ, თეატრის კარებს კი არ უყვარს ისინი, ვინც აგვიანებენ. ცხადია, რეჟიმს “შიმშილისაც” ეშინია და ეშინია ყველაფრის, რაც ბადებს ეჭვებს, აჩენს კითხვებს და არის კრიტიკული რაიმეს მიმართ, განსაკუთრებით კი მაშინ ეშინია, თუ ეს რაიმე ვინმეს ქცევაა – სოციალური ჩაგვრით განპირობებული, სახარბეზე დაფუძნებული.
თუკი ჩვენ გვინდა ვისაუბროთ პოლიტიკური მოვლენების გარშემო არსებულ რეაქციაზე, შეგვიძლია ამ პროცესებამდე არსებულ, წარსულ სახელოვნებო გამოცდილებებს გადავხედოთ, სადაც დავინახავთ სხვადასხვა ხელოვანის რეფლექსიას. 2010 წელს ოლეგ ტიმჩენკო პერფორმანსით გვიყვებოდა ოლიგარქიაზე და ოლიგარქის ბუნებაზე. შევეშვათ ინდივიდებს და ვისაუბროთ ნამუშევრებზე, რომლებიც ერთგვარი წინასწარი განცდა იყო მოსალოდნელი მოვლენების.
ხელოვანი დაცვასთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმში მიდის, უფრო სწორად, ამ როლის შემსრულებლებთან ერთად და საგამოფენო სივრცეში იწყებს მათთან ერთად მოძრაობას, შემდეგ გამოდის გარეთ, დგება შესასვლელთან, ყოვნდება, ბოლოს კი ჯდება ლიმუზინში და ტოვებს ადგილს. მთელ ამ პერფორმანსში მას არავისთან არ აქვს სიტყვიერი კომუნიკაცია, ასევე არ აქვს ფიზიკური შემხებლობა აუდიტორიასთან – მხოლოდ ხელის ჰაერში აწევით და მსუბუქი მოძრაობით ესალმება აუდიტორიას. ეს დისტანცია, ცხადია, ცოტათი კომიკურია, ამპარტავნული, უფუნქციო და რაც მთავარია დამახასიათებელია ოლიგარქის ქცევისთვის.
მზე არც დედაა ჩვენი და არც ოლიგარქია მამაჩვენი. ამ პროცესმა გამოჰკვეთა ხელოვანების როლი და გამოჰკვეთა ისიც, როგორ ესაუბრება ხელოვნება რეჟიმს. თავად რეჟიმის ხალხთან სასაუბრო ენა კი ხშირად ყოფილა აბსურდული და აგრესიული, დამამცირებელიც კი. სამოქალაქო საზოგადოებას არ უყვარს აბსურდში ცხოვრება, მაგრამ აბსურდი უყვარს ხელოვნებას და ზოგჯერ იწოვს კიდეც მას, გარდაქმნის და აძლევს ფორმას. სწორედ ასეთ აბსურდულ ფორმად მოგვევლინა რეალობაში დაფუძნებული სიტყვები და გამოსახულებები გამოფენაზე „ჩემი დედა…“, სადაც კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მახინჯი სისტემის მახინჯი სახე, სახასიათოდ დასამახსოვრებელი მახინჯი ბუნებით.
თუკი ვინმეს უჩნდება კითხვა იმის შესახებ, გამოხატავს თუ არა თანამედროვე ქართული ხელოვნება პროტესტის ენას, შეუძლია გაიხსენოს ჯგუფი “ბულიონი” და მათ მიერ შექმნილი პერფორმანსები, რომელშიც აუცილებლად წააწყდება პოლიტიკურ მოტივებს. სერია “ძალოსნობის სტრატეგიები / WEIGHTLIFTING STRATEGIES” ასახავს პოლიტიკურ რეჟიმებთან დამოკიდებულებას და ის ერთგვარი კრიტიკაა არსებული რეალობის, სადაც ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობრივად და უხეშად ცდილობენ, სადაც ზოგჯერ ადამიანს რუტინული ქცევა აქვს, სადაც თუ ველით ცვლილებებს, ის არ დგება, ტაში არ სრულდება, ადამიანი სკამიდან არ ჩამოდის, სადაც დანგრეულ კედელს თავით ვერ გაამაგრებ…
ქართული პოლიტიკური პერფორმანსების არც ისე მრავალი ავტორიდან გამორჩეულად შეგვიძლია ანდრო დადიანი დავასახელოთ. ანდროს პერფორმანსი “ნიჩვრიტი” ასახავს იმ დაპირებების სიყალბეს, რომელსაც ყველაზე ხშირად არჩევნების წინ ვისმენთ.
“პოლიტიკოსები სულ გვპირდებიან და მერე უკან მიაქვთ ის – ამ თამაშის წესებზე დგას პოლიტიკური სისტემა და მნიშვნელობა არ აქვს ვინ იწყებს ლაპარაკს”, – აცხადებს ავტორი და შეუძლებელია, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ სიცხადეს გავექცეთ და მის ამ სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ.
სწორედ ამ შეუსრულებელ დაპირებებზე გვიყვება ლუკა ბერაძის ფილმიც. ლუკამ 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე გვიამბო, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სპეციალური სტომატოლოგიური მომსახურება გამოცხადდა. 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას უფასოდ უმზადებდნენ კბილის პროთეზებს. პროგრამას „ღიმილიანი საქართველო“ დაარქვეს. მაგრამ პროგრამა არ განხორციელებულა, რადგან ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა. მათ კი არ ისურვეს უკბილოდ დატოვებული ადამიანებისთვის კბილების გაკეთება, ცხადია, ეს არცერთ პოლიტიკურ ძალაზე კარგად არ მეტყველებს. ფილმის ჩვენებაზე ბევრი ვიცინეთ და ამის არ გვერიდებოდა, რადგან ზუსტად ვიცოდით, რომ ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებოდით, იმ ქვაბში, სადაც ერთხელ მაინც ურწმუნიათ პოლიტიკოსის ცრუ დაპირების.
პროცესი, სადაც არჩევნები ფარსია და ისინი, ვინც ასარჩევები არიან – ფარისევლები, გაგვახსენებს ილია ბალავაძის ნამუშევრებს. სერია I am real გვიყვება გარემოსა და იმიჯებზე და ამ იმიჯებში ჩვენთვის ნაცნობ პერსონებსაც წავაწყდებით, იმ ადამიანებს, ვინც მუდმივად ერთსა და იმავეს ამტკიცებს, არ იცვლის ესთეტიკას, ეთიკას და ყველაზე ნაკლებად ისაა, რადაც საკუთარ თავს წარადგენს. “Vote” ის სიტყვაა, რასაც პოლიტიკოსები მუდმივად ახსენებენ ხალხს, მაშინაც კი, როცა თავად სავარძელზე სძინავთ. ის უნდა ყვიროდეს, ჟღერდეს და ფონად გასდევდეს ყველაფერს.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების პროტესტში არსებული მტკიცე სოლიდარობის დახმარებით, რომელშიც ცხადად ჩანს ხელოვნების როლი, უამრავმა ამბავმა შეიძინა ფორმა, რომლითაც ხალხი საუბრობს აწმყოსთან, წარსულთან და მომავალთან კავშირზე. ეს ნამუშევრები გვთავაზობს ვიზუალურ დოკუმენტებს. 2025 წლის იანვარში სტამბაში ხელოვანების მხარდამჭერი გამოფენა მიმდინარეობდა, სადაც მაყურებელმა იხილა ალექსი სოსელიას ფოტო, რომელმაც ჩემს გონებაში არსებული სურვილების მინიმალისტური ნაწილი ფრაგმენტულად გამიღვიძა და გამიცოცხლა.
ფოტოზე საქართველოს პარლამენტია გამოსახული. დიდ და გაშლილ სივრცეში სულ რამდენიმე პერსონაა, ამ რამდენიმეში ერთ-ერთი გამორჩეულ ყურადღებას იქცევს. ესაა ქალბატონი, რომელიც პარლამენტის ჰიგიენასა და მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი. ფოტოს ამჟამინდელი სოციო-პოლიტიკური კონტექსტი ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. ის თითქოს მიგვითითებს პოლიტიკური ჰიგიენის დაცვაზე, რომელიც ახლა და აქ ასე ძალიან გვჭირდება.
კოტე სულაბერიძემ გვაჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებამ აჩვენოს დროის ტოქსიკურობა, პოლიტიკური ტოქსიკური გაჟონვა და ამავე სიტუაციიდან “ევაკუაციის” საჭიროება. ამის მაგალითია სულაბერიძის მიერ შექმნილი პორტრეტი, რომელზეც ედუარდ შევარდნაძეა გამოსახული. ნამუშევარზე არსებული მწვანე ფერი ზუსტად რომ ზემოთ ნახსენებ ქიმიურ გაჟონვას მოგვაგონებს.
პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენების გარდა, ხელოვნებისთვის ასევე ყოველთვის საინტერესო საკვლევი ობიექტი იყო სხვისი პირადი სივრცე და ის არღვევდა მას იქამდე, სადამდეც შეეძლო. ერვინ ვურმის სერიაში “Instructions on how to be politically incorrect” ავტორი სხვის პირად და საჯარო სივრცეს უგულებელყოფს, ვიზუალურ ზეწოლას ახდენს მაყურებლის გრძნობებზე – ცოტა აგრესიული და ხისტი ფორმით ან შინაარსით.
“Instructions on how to be politically incorrect” შეგვიძლია ერთგვარ ირონიულ კომენტარად აღვიქვათ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იყო პოლიტიკურად არასწორი და პოლიტიკურად არასწორი ხდები მაშინ, როდესაც იჭრები სხვის პირად ცხოვრებაში, აზიანებ მას და არ აცდი სხვას მშვიდად ცხოვრების საშუალებას, ურღვევ ადამიანს პირად სივრცეს, ურღვევ საჯარო სივრცეს და თავხედობ. ცხადია, ამ პოლიტიკურ სითავხედესაც აქვს ზღვარი. უკვე დიდი ხანია საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა გასცდა ამ ზღვარს და ძალიან ცოტა უკლია პარლამენტარ ნინო წილოსანს ჩვენს წვნიანში ჩაფურთხებამდე.
ხელოვნებამ შეიძლება ვერ დაამხოს ავტორიტარული რეჟიმები, მაგრამ მას შეუძლია მისი დასრულების შეგრძნების მასშტაბი განგვაცდევინოს. ეს კიდევ ერთხელ ცხადი გახდა 2025 წლის ქოლგა ფესტივალზე, ნომინაციაში “One shoot”, მნახველმა გაიცნო სირიელი ფოტოჟურნალისტი ომარ ჰაჯ კადური, ნამუშევრით “ტირანების დაცემა: ჩაგვრისა და უსამართლობის ეპოქის დასასრული”. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 28 დეკემბერს და ასახავს ჰაფეზ ალ-ასადის ქანდაკების ნანგრევებს. 2024 წლის 8 დეკემბერს ხალხმა ის საკუთარი ხელით გაანადგურა, შიშსა და ჩაგვრაზე გამარჯვება გამოაცხადა, დაამსხვრია რეჟიმის ერთ-ერთი იმიჯი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის ქოლგა ფესტივალის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროტესტს და მის მხარდაჭერას, ფოტოგრაფების ნამუშევრებით, რომლებიც ასახავდა პროტესტის დინამიკას, სოლიდარობის მრავალმნიშვნელობიან სცენებს. ზოგადად, ამ პროტესტში ფოტოგრაფია იყო ერთ-ერთი იარაღი სიმართლისთვის ბრძოლაში.
თუკი პოლიტიკურ ხელოვნებაზე და ტირანიის დასასრულზე ვისაუბრებთ, ვაჟიკო ჩაჩხიანის გახსენებაც შეგვიძლია, რომელიც სხვადასხვა მედიუმში მუშაობს და მათ შორისაა მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მისი ერთ-ერთი ვიდეო “Winter Which was not There”, რომელიც საბჭოთა წარსულის ნგრევას უკავშირდება და იმას, თუ როგორ ვიშორებდით ამ წარსულს სხვადასხვა დროსა და სივრცეში, სხვადასხვა თაობა როგორ იშორებდა მას იმ განცდით, რომ მომავალ თაობას მასთან კავშირი აღარ ექნებოდა.
ტრავმული ისტორიული მეხსიერების მოცილების ერთ-ერთი ფორმა სწორედ ძეგლების განადგურება იყო. კადურის და ჩაჩხიანის ნამუშევრები ამით ჰგავს ერთმანეთს. ორივე ტრავმული გამოცდილების უარყოფას ეხება და იმას, თუ როგორ იმსხვრევა კერპები და აწმყო რჩება მათ გარეშე. სინამდვილეში, ეს პროცესი მტკივნეულია, რა დადებით პერსპექტივასაც არ უნდა მოასწავებდეს, ის მაინც მძიმედ ილექება საზოგადოების მეხსიერებაში და წლები სჭირდება მის გააზრებას.
ასეთი რთულად გასააზრებელი მოვლენა იყო ვარდების რევოლუცია. კოკა რამიშვილის “ტრილოგია”, სახელად Changes – სწორედ რომ ხანგრძლივ ემოციურ გავლენებზე გვესაუბრება. სამივე ნაწილი შენელებული კადრით გვაქვს მოცემული. არსებული ფაქტისა თუ მოვლენის Slow motion ვიდეო საშუალებას გვაძლევს უფრო ნელა დავაკვირდეთ ადამიანების მოძრაობებს და ემოციებს.
პირველ ნაწილში შეგვიძლია უკეთ დავინახოთ პოლიტიკური რეჟიმის ნელი სიკვდილი, მეორეში კი ცვლილება, რომელიც პრეზენტაციული ხასიათის იყო, მესამეში კი დავინახოთ მმართველი, რომელიც ისევე მიდის უკან, როგორც მოვიდა. არ უარვყოფ, რომ მესამე ნაწილს მოუთმენლად ველი, რომ კიდევ ერთხელ “აღსრულდეს ნება მათი, აღსრულდეს ნება ქართველი ხალხისა”.
ცხადია, ზუსტი ციტირების დროც მოვა, ისეთი ციტირების, როგორიც თეატრალებმა გამოფინეს რუსთაველის თეატრის ფასადზე და გააცოცხლეს სანდრო ახმეტელის ბრძოლისა და თავდადების ისტორია. ქართულმა ხელოვნებამ არალეგიტიმურ მთავრობას განუცხადა, რომ მან უნდა დაამხოს კერპები და ებრძოლოს ტირანიას და ეს ყველაფერი გააკეთა ქართული თეატრის დღეს, თანაც ძალიან ხმამაღალი განცხადებით.
ქვეყნის მცველების ბრძოლა უღირს პოლიტიკოსებთან გრძელდება და ამ ბრძოლაში საზოგადოებას უწევდა და უწევს უამრავი აგრესიული ფორმის ყურება: უსამართლოდ დასახიჩრებული ადამიანების, სამშობლოს სიყვარულისთვის დაპატიმრებული ხალხის, მოძალადეების მიერ ნაცემი მოქალაქეებისა და ამ ყველაფრის შემოქმედი იყო არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც სხვადასხვა ფორმით იძალადა საზოგადოებაზე როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ადამიანებს ქუჩაში უსაფრთდებიან, აშინებენ, ურტყამენ და უსამართლოდ აკავებენ სხვადასხვა ფორმითა თუ სასჯელით. მთელ ამ უსამართლობასა და ჩაგვრაზე შეგვიძლია უამრავი ხელოვანის გახსენება და მათ შორისაა ლეონ გოლუბი თავის მძიმე ნამუშევრებით. საპროტესტო აქციებზე ჩვენ ვნახეთ, როგორ უსწორდებოდნენ ძალოვანი სტრუქტურები ადამიანებს მშვიდობიანი პოზიციის დაფიქსირების გამო.
და მაშინ როცა ჩვენ გვირტყამენ, გვცემენ, გვაშინებენ და გვატერორებენ, რას ეუბნება ხელოვნება რეჟიმს?
„ვიცი, ჩემგან არ იქნება მოულოდნელი, მაგრამ, ძვირფასო, უნდა დაგემშვიდობო. შეგეცი, პრემიერ მინისტრო! შეგეცი!”



















