fbpx

მედეას სამი ამბავი – თავისუფლების ჩირაღდანი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

„მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება.“ – ვაჟა-ფშაველა

 

რა შეიძლება იფიქროთ ქალზე, რომელიც კაცის გამო ყველაფერს მიატოვებს, მის იდენტობას შექმნის, მერე ღალატის მსხვერპლი გახდება, შვილებს დახოცავს, თავს მოიკლავს, ან არ მოიკლავს და ცეცხლმოდებული ეტლით გაიქცევა? პერსონაჟი თუ ყველაფერს ჩაიდენს, მკითხველსაც ბევრი ექნება საფიქრალი. მედეას ბევრი ავტორი ჰყავს, ერთმანეთის გავლენით შეკავშირებული და ისტორიის სხვადასხვანაირად შემფუთველი. თითოეული ინტერპრეტაცია ევრიპიდეს ვარიანტისა განმასხვავებელ ასპექტებს მოიცავს, მაგრამ რიგ ეპიზოდებში შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საერთოდაც არ შორდება ანტიკურ ფესვებს. მკითხველი ამ დროს ცუდად ნანახი ფილმის გადამმეორებელს ემსგავსება, – თითქოს ეს სადღაც გინახავს, ეს პერსონაჟიც ნაცნობია, ოღონდ ქრისტეს დაბადებამდე პერიოდში, ახლა კი შეიძლება 1946 წელი იყოს და ჟან ანუი „მედეას“ წერდეს.

უმბერტო ეკოს ესეიში „გავლენის რაობა: ეკო და ბორხესი“ ორი ავტორის ურთიერთგავლენაზე საუბრისას A და B სიმბოლოები შემოაქვს, ორ ვარიანტს გამოყოფს:

  1. როცა ორი ავტორი ერთ პერიოდში წერდა. 
  2. A ქრონოლოგიურად უსწრებდა B-ს. აქ მხოლოდ A-ს B-ზე გავლენა შეინიშნება. 

ეკო სქემას სამკუთხედის წარმოდგენით ავსებს და თავზე X-ს სვამს. X ენციკლოპედიის სამყაროა. ამ დაყოფაზე საუბარს ეკო ბორხესისა და სტრუქტურალიზმის კავშირით ამყარებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ არგენტინელი კონცეპტუალურ სტრუქტურებს ეყრდნობოდა. კონცეპტუალური სტრუქტურაა მსოფლიო ლიტერატურაში მედეას მხატვრული სახეც, რომლის ავტორებსაც ერთ დროში არ უცხოვრიათ, მეტიც, ჟან ანუი ყველაზე უფრო B პუნქტია იმ ორ ავტორში, რომელთა ადაპტაციებიც ევრიპიდეს „მედეას“ გადაიაზრებს. სენეკასა და კორნელს ეს ისტორია სხვაგვარად ესმოდათ.  

ახლა, რასაც წაიკითხავთ, არავითარ ლიტერატურულ თეორიას არ ეყრდნობა. მხოლოდ ის, რაც ჩემს გონებაში მოვიდა…

პირველი ამბავი – დემონთან მოახლოება – სენეკა

ბავშვობაში ნანახ მულტფილმთაგან ერთი სცენა დამამახსოვრდა ყველაზე უფრო. პიტერ პარკერს ერთმანეთისკენ ქაჩავენ ვენომი, როგორც სიმბიოტი, რომელიც საარსებოდ ადამიანის სხეულს იყენებს, და ის კეთილი ლურჯ-წითელ სამოსიანი ადამიანი ობობა. ვენომთან მეტი ძალა და ვნებაა, რომელსაც ჰუმანიზმი ეწირება. პარკერს სურს დააღწიოს თავი სიმბიოტს და, ამდენად, ძალიან სტოიკურია. მედეას ეს არ უცდია. 

მედეა შესავალ სიტყვაში გულს „კავკასიური სისასტიკით ივსებს“ და რისხვით შეპყრობისაკენ მიდის, ეს რისხვა კი იმდენად ძლიერია, რომ თაობებს უნდა გადაეცეს. მედეას დემონად გადაქცევა სურს, კლავს საკუთარ თავში თანაგრძნობის განცდას და იასონს ცეცხლთან შეერთებას უსურვებს. შემთხვევითი არაა, რომ პიესა ამ შინაარსის, სისასტიკით მოცული სიტყვით იწყება, – მედეას სისასტიკე ფიზიკურ ტრანსფორმაციამდეც კი მიდის და მას მეტაფორულ დემონად აქცევს:

„და შეშლილობის ყველა ნიშანს სახით ატარებს:

ლოყები უხურს, სუნთქავს მძიმედ, ქოშინ-ქოშინით…“

ჩრდილოურ რენესანსში თუ ვინმეს უშნოდ დახატავდნენ, ის ბოროტიც იყო და გარეგნობა ხასიათთან იგივდებოდა, სენეკამ რენესანსი სულ არ იცოდა რა იყო, უბრალოდ, ის ბოროტება დემონიზაციის გარეშე ვეღარ წარმოიდგინა. 

ევრიპიდეს მედეამ გაწირა ბავშვები და მოწამლული ტანსაცმელი გაატანა. გაწირვა ამ სიუჟეტში, ცხადია, მკვლელობას გულისხმობდა, მაგრამ უშუალოდ სიკვდილის სცენა ნაწარმოებში არ დადგა. ბერძნული ლიტერატურული წყარო მედეას სენტიმენტალურ განწყობას წარმოაჩენს, რომაულ კულტურაში კი მედეა ფილოსოფიური, ძლიერი ქალის სიმბოლოდ იქცა. ევრიპიდე მედეას წასასვლელს უმზადებს, სენეკასთან კი ეს თავში არავის მოსვლია აზრად, რადგან ყველამ იცის, რომ მედეას მარტოც შეუძლია გაიგნოს გზა. ქორომ, როგორც ანტიკური ლიტერატურის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ასპექტმა, სენეკას პიესაში ობიექტურობის შენარჩუნება სცადა, მაგრამ მაინც უფრო იასონს მიემხრო, როცა ბერძნული ვარიანტი მედეას უჭერდა მხარს. 

რომაელი ავტორი თითქოს ცდილობს, რომ დემონის ფენომენი მედეაზე დაყრდნობითაც გამოიკვლიოს და ძალიან დიდ დროს უთმობს ნაწარმოებში საწამლავის დამზადების ეპიზოდს. ევრიპიდემ თქვა, რომ მედეამ უბრალოდ მოამზადა შხამი, სენეკასთან კი მსოფლიოს ყველა წერტილის მომწამვლელ ნივთიერებებს შეაზავებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბს გასწვდება იასონის დასასჯელად. 

მედეას დემონიზაცია სენეკას გადაწყვეტაა. ის არასოდეს ყოყმანობს, ძალიან ბევრს საუბრობს, ფილოსოფიურ პათოსს ეყრდნობა და ნაწარმოებსაც ასე ასრულებს. სენეკას, როგორც სტოიკოსს, არ მოსწონს ის. სტოიციზმი ვნებების მოთოკვაა, მედეა კი აქ ხორციელ ვნებებთან ბრძოლაში მარცხდება, განსხვავებით კრეონისგან, რომელსაც სენეკამ სტოიცისტური მახასიათებლები მიანიჭა. კოსმოსს სენეკა მედეას გარეშე თითქოს ვერ გაიგებდა და კოსმოსური დემონი შექმნა, ვრცელი მონოლოგებით, განუზომელი ძალით, ენით უთქმელი სისასტიკით. ამბავი შურისგებისა, რაციონალური მოტივით იწყება – იასონზე უნდა იძიოს შური, მაგრამ ეს შურისძიების წყურვილი მას გაუწონასწორებელ ქალად აქცევს – ხან სიმწრით იცინის, ხან ქარიშხალს ემსგავსება, ხან მტირალ, მიტოვებულ არსებას. ეს ემოციური არასტაბილურობა დემონურია, დამანგრეველი, სასტიკი და დაუვიწყარი:

„მას ვერც სიკვდილი შეაშინებს, თავად მახვილსაც

აღუდგებოდა წინ ხალისით“.

ძიძა იტყვის, მინახავს როგორ უტოლდება ღმერთებსო, მაგრამ ჩვენ გვინახავს უფრო საინტერესო რამ: როგორ უხმობს ღმერთებს, როგორც მმართველი, სისასტიკის ჩასადენად. აქ სულ მაგიაა, გველები, შხამი, ცეცხლი, რომელიც შვილების დახოცვით გვირგვინდება. ამას იზამს და დრაკონიანი ეტლით გაიქცევა. და კიდევ ერთხელ:

ეს სტოიკოსს არ მოეწონებოდა… ამიტომაც სენეკამ მედეა შეცდომაში შეყვანილ საცოდავად კი არა, დემონურ ჯადოქრად წარმოიდგინა, რომელიც ვნებებს აჰყვა და უარი უთხრა ყოველგვარ რაციონალურსა და ემოციურს. ეს ოჯახიდან, საზოგადოებიდან, მორალური კანონიდან გაძევებული დემონური არქეტიპია სიძულვილით შეპყრობილი, რომელიც დამცირებულ ცოლად ყოფნას არ აირჩევს და  დემონად იქცევა.

ცინიზმის სახით კი:

რომაულ მედეას, მისივე თქმით, დანაშაული არ ჩაუდენია, დანაშაულს ის ჩაიდენს, ვისაც ეს ხელს აძლევს, მე ჩემი დანაშაულით არ მიხეირიაო…

 

მეორე ამბავი – მეწვრილმანე კაცები – კორნელი

XVII საუკუნის ფრანგული ლიტერატურის კლასიციზმში გადმოვხტით, ეს პიერ კორნელია, რომელმაც სენეკას „მედეა“ მოიწონა და ადაპტაციაც იმას დააყრდნო. გათავხედდა და პერსონაჟი დაამატა, ვიღაც დიოსკური… კრეონის ქალიშვილის, იასონის საცოლის, კრეუსას მხატვრული სახე უფრო გამოჰკვეთა და იასონი თანამედროვე პერსონაჟად წარმოაჩინა, ცოტა მეწვრილმანედ. ანა კორძაია-სამადაშვილს აქვს ერთ მოთხრობაში, ტურისტები არ მიყვარს, არც ჩემი თავიო, შეგსვამენ აქლემზე ხუთ დოლარად, ჩამოსვლაში ორმოცდაათს გამოგართმევენ, რადგან მათთვის სულელი და ტურისტი ხარ, მეტი არაფერიო… კორნელის იასონს მაგას ვერავინ აჭმევს, კაი თაღლითი კაცია, – მედეას მოტყუება არ ჰყოფნის და თავსაც იტყუებს, საშინლად ცინიკური ვინმეა – ისე გამოჰყავს, მეფის ასულზე ნაკლები ცოლი, გეგონება, არ ეკადრება, მაგრამ გადაწყვეტილების სიმტკიცე, რომ შეირყევა, ნაკლულ კაცებში ფილოსოფიური განმარტებები შემოდის ხოლმე უხვად, ნუ ლიტერატურაში ნაღდად ასეა:

იასონმა თქვა, სილამაზემ ერთგულება დაამარცხაო…

ესო ბავშვებისთვისაა უკეთესიო…

მედეა სენაკასთან რომ იყო, ისეთი სასტიკი აღარ არ არის, თორემ კაი ბიტნიკი ვინმეა, ყველაფერზე წავა და დრაივს არ გამაზავს…

„ეგღა გვაკლია, ჩვენ, მზის შთამომავლობას, სისიფოსის შთამომავლობის გვერდით დავდგეთ!“ – ამას იტყვის და საკუთარ სიდიადეს გახაზავს, დაიმუქრება, რომ ვერავინ დაივიწყებს და მართალიც გამოვა…

აქ იმ საწყალმა კრეუსამ თვითონ ითხოვა კაბა, აი, იმას რომ აქვს, ისეთი მეც მინდაო და გაუგზავნეს კიდეც, ეს კაბა მოწამლული კი არ არის, მოჯადოებულია, თორემ მეფემ რაღაცა ისქესა – მოიცა, აბა, ერთი ეს დასასჯელი ნიზა რომ გვყავს, იმას ჩავაცვათ, შხამიანი არ იყოს, კაცოო, თუ რამე და ეს ისედაც მოსაკლავიაო… ეგ კაბა სხვას არაფერს უზამს, მხოლოდ კონკრეტულ ტიპებზეა გათვლილი… იასონი, აი წეღან რომ ფილოსოფია შეჰპაროდა, ლაჩრულ ნარატივში ბოლოს თავს მოიკლავს და კორნელი ამ „გაპრავებებს“ ჩაუფლავებს, რადგან:

გადამაგდები და მეწვრილმანე ადამიანის ბოლო უეჭველად ეგეთია,

პური თავისუფლებაზე მაღლა როგორ უნდა დააყენო?!

 

მესამე ამბავი – თავისუფლება პურზე მეტია – ჟან ანუი

ჟან ანუის შემოქმედების მწვერვალი „მედეა“ არ არისო, მე ეს მაგნუმ ოპუსები ცოტა მეგოიმება… 1946 წელია და მწერალი მაგიდას მიუჯდა, მედეა რომ გადააკეთოს. ამ დროს ფილოსოფიაში ეგზისტენციალიზმისა და აბსურდიზმის აღზევებაა. კამიუც გაჩითული ტიპი გახდა და სარტრიც.

ჟან ანუიმ კი, დავარქვათ ასე, – ყოფითიზმი – უნდა შექმნას. პიესაში ყველა ამ სიტყვის გარშემოა. ძიძა, კრეუსა, კრეონი, ბავშვები – ესენი სხვა სიბრტყეში არიან, იასონი და მედეა კი აქაც კოსმოსს გასცდნენ. ეს მედეა იმდენად შთამბეჭდავი პერსონაჟია, რომ როცა მას კითხულობ, შეიძლება ვინმეს ეგონოს, მასზე ნაწყენი ხარ და ამიტომ არ სცემ ხმას. 

ევრიპიდესთან ქმარი ღალატობდა ცოლს და ამას ტრაგიზმს მატებდა ის, რომ მედეა იასონის იდენტობის შემქმნელია. ანუისთან პირიქითაა, ფიზიკურად მედეა ღალატობს მას შემდეგ, რაც მისგან დაკომპლექსებულმა იასონმა ფურგონიდან საწოლი გარეთ გადგა, შიგნით ჰაერი არ არისო. ამ პასაჟით დრაივზე უარი თქვა და მშვიდობა აირჩია,  – ცოტა სამასხარვაოდ რომ ვთქვათ, არ სცოდნია ლელთ ღუნიას აზრი, ცარიელი მშვიდობა მიწაშიც, რომ გვეყოფა… 

ადრე იყო პოპულარული ფრაზა: „განსხვავებული რომ ვარ, ჩემი გშურთო…“ – მედეა მართლა ამიტომაა მიუღებელი. 

მსოფლიო ომი ერთი წლის მორჩენილია, ხალხი თავისუფლების დაკარგვასა და კეთილდღეობასთან გამოთხოვების ზღვარზეა. მედეამ კი თავისუფლება აირჩია, იასონმა – უსაფრთხოება. აბა ომი უნდა??? ანუიმ მედეას გაურტყა, როგორც თავისუფლების მძებნელ ქალს, კოლხეთიდანაც ამიტომ გამოიქცა, არც მონები ენატრება, არც ფული, არც ცხენი – მოკალით კაცო ეგო… მეტი რაღა თქვას?! ამ ფრანგულ ვარიანტში გაქცევაზე ლაპარაკი არ არის, არც თავშესაფარზე, აღარც დრაკონებიანი ეტლია. ეგ კი არა, კრეონს ეუბნება, მომკალი კაცოო და იმან ვერაო, ჰოდა ეს მადლობელი კი არ არის – ბანძი მეფე ხარო, პირში მიახლის…

ჰიპსტერია რა… 

იასონი შეჭამა, ინდივიდუალიზმი გაუქრო, ცუდ არგონავტად წარმოაჩინა და ენქიდუს დაამსგავსა. 

ეს ენქიდუ გილგამეშის ამბებშია, ნადირების მეფე იყო, მერე ქალი გაიკარა, ცხოველებმა ქალის სუნი აიღეს და დაივიწყეს. ანუის იასონი მონობისთვის იბრძვის, თავისუფალი მედეასთან იყო. იასონი მედეას დანამატი გახდა და მანდ მთავრდება – აბა დანამატი რომ გახდები… ჰო, იქ რაღაც ზარდახშაა, საჩუქარი დევს, ბავშვებს გაატანენ, კრეუსას ჩააცმევენ, მერე ცეცხლია, ყველაფერი იწვება, თვითონაც იწვის მედეა… 

პიესა რომ თავისუფლებაზეა მახვილგონიერი მკითხველიც კი ფინალით უფრო დაამუღამებს. დასასრული ძალიან მერკანტილურია. ძიძა, „მთელი წლის განმავლობაში რომ არ ამოუღია ხმა“, იტყვის, დრო არ გქონდათ ჩემთვის მოგესმინათ და ახლა მათქმევინეთო – მეთქი, ახლა მაგარს იტყვის, თან ეს დიასახლისები და ძიძები ბირთვი არიან ხოლმე ოჯახის, ფოლკნერთან ეგრე იყო და ფამუქთანაც… ანუის ძიძამ კიდე, ხვალო ყავა დავლიოთო, კარგი წელი იქნებაო, სარეცხს გავრეცხავო, მოსავალი მოვაო. მოკლედ, ამ პიესაში არ უნდა არავის თავისუფლება, კოლექტიური დამონებული იასონები არიან, ყველას უნდა პური, თავისუფლება -არავის, მაგისთვის ბრძოლა ყველას ეზარება, რადგან არავინ არ აღიარებს, რომ მონაა. ეს მერკანტილურობა, ყოფითობა, მაგიტომ შემოაგდო ფრანგმა კაცმა. მშვიდობას ირჩევენ…

არც დიდი ამბის შეგრძნება აქვთ და არც თავისუფლების!

ეგზისტენციალიზმმა ჩვენი საქციელი აყალიბებს ჩვენს პიროვნებასო..!

ჰოდა ამდენი მაგიტომ ვილაქლაქე, ჩვენზეა ეგ წიგნიო, არ უნდა ვათქმევინოთ არავის.

თავისუფლების ჩირაღდნის ჩაქრობა არ შეიძლება!

თავისუფლება>პური!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.