თეატრის ჯადოქარი: რობერტ ვილსონის სცენური რევოლუცია
ავტორი: ტატო ჩანგელია
ნეკროლოგების წერის არაფერი გამეგება, არადა ისეთი წელი დადგა – უნდა გაგეგებოდეს. მნიშვნელოვანი, შეიძლება ასეც ითქვას, საკულტო ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ დედამიწას და სადღაც, იმ ქვეყნიერში მიემგზავრებიან. ღამისა და წყვდიადის შვილი, თანატოსი, ამჯერად ოკეანის გადაღმა იყო მივლენილი, სადაც კაუჭი ავადმყოფობაში ჩავარდნილ თეატრის ჯადოქარს, რობერტ ვილსონს გამოჰკრა. არისტოფანეს ერთი პიესის ალუზიით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ასეთი სურათიც: სუფრაზე შეკრებილი დრამატურგები, თავში მჯდომი თეატრის ღმერთი დიონისე და სუფრას ახლად შემატებული თეატრის ჯადოქარი – რობერტ ვილსონი. ისინი თრობას არიან მიცემულნი და უსასრულოდ კამათობენ თეატრის დანიშნულებისა და მისი გამართვის მექანიზმზე. ვილსონი კი თავის გამოცდილებასა და დაკვირვებებს უზიარებს რიტმზე, სივრცეზე, მოძრაობაზე, სინათლეზე, ხმაზე… ყველაფერ იმაზე, რაც ქმნის თეატრს.
რობერტ უილსონი თანამედროვე თეატრის ცენტრალური ფიგურაა. ახალი თეატრალური დროის ათვლა შეგვიძლია სწორედ მისი ოპერებიდან დავიწყოთ – ვილსონმა შექმნა თეატრის ახალი პერსპექტივა, სადაც საუკუნეების განმავლობაში გამჯდარი ანთროპოცენტრული აღქმა იშლება, და სცენაზე მსახიობზე მნიშვნელოვანი ფიგურები განათება, რიტმი, მუსიკა და სხვა ნიუანსები ხდება. თავად მსახიობიც მთლიანად ჩაშენებულია სცენის ამ ერთიან პარადიგმაში. სცენის ეს თანასწორი, დეიერარქიული წყობა საბოლოოდ ქმნის უილსონის საავტორო ხერხს, სადაც ნიშნები ჩვეულებრივი მნიშვნელობისგან თავისუფლდება და სტერილურ სიცარიელეში ეშვებიან. მაგალითად, უილიამ ბეროუზის ტექსტით შექმნილი სპექტაკლი – The Black Rider – ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული, ვიზუალურ-ტექნოლოგიური პროექტი, სადაც ის მუშაობს პანორამული პროექციებით, სინათლის ქორეოგრაფიითა და ხმოვანი ინსტალაციებით – საბოლოოდ, ამ მეთოდებით ის აღწევდა აბსტრაქტულ, სიურრეალისტურ ესთეტიკას.
მსახიობის გაუქმება ან, უფრო სწორად, მისი ტრადიციული როლის შეკვეცა თეატრს ამსგავსებს გარკვეული სახის ფერწერულ გამომსახველობით ტილოს, ეს მხატვრის თეატრია, თითქოს ვუყურებთ სცენას და ჩვენ თვალწინ Photoshop-ის პროგრამის ინსტრუმენტები ჩნდება.
„აინშტაინი პლაჟზე“ არა მხოლოდ ვილსონის, არამედ თანამედროვე თეატრის ცენტრალური სპექტაკლია, თეატრის გავლენიანი მკვლევრების მტკიცებით, პოსტდრამატული, გნებავთ, პოსტავანგარდული თეატრი სწორედ მოცემული წარმოდგენიდან იღებს სათავეს. სპექტაკლის პრემიერა 1976 წელს ავინიონის ფესტივალზე შედგა, და მას შემდეგ რეგულარულად იდგმება. სცენაზე ჩნდება საათი, რომელიც ისრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობს. იქვე ჩანს ბირთვული აფეთქებების სქემა. ამ სიმბოლოებში ძნელი არ არის „განკითხვის დროის“ დანახვა – მაჩვენებლის, თუ რამდენად მოუახლოვდა კაცობრიობა გლობალურ კატასტროფას. მეორე მხრივ, ამ პოლიტიკური ხაზის მიღმა, არის სიურრეალისტებისთვის დამახასიათებელი ტიპური პარადოქსი: მაყურებელი ერთდროულად ხედავს ნაცნობ და უცნობ სურათებს: მატარებლის შემოსვლა, გოგონა ზღვის ნიჟარით, ან გოგონა იარაღით, მოსამართლე პარიკით, მემანქანე წითელი წვერით, სტენოგრაფისტები, ადამიანები, რომლებიც სკამის კუთხეზე სხედან, ისე, თითქოს სამყაროში გრავიტაციაა გამორთული. წარმოდგენაში სიუჟეტი სრულიად მოშლილია, ისმის ფილიპ გლასის მინიმალისტური, პერმანენტული მელოდიები, ქორო მღერის ფრაზებისა და სიტყვების ნატეხებს, ხოლო ხანდახან უბრალოდ რიცხვებს. „აინშტაინი პლაჟზე“ ოპერის სამყაროში დიდი აფეთქება იყო, დაახლოებით ისეთი, როგორიც მისმა გმირმა მოახდინა ფიზიკის დარგში.
უილსონი ტეხასში დაიბადა და ადგილობრივ უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირებას სწავლობდა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა და 1961 წელს ნიუ-იორკში გაემგზავრა, რათა ხელოვნებას მიჰყოლოდა. თავდაპირველად ვილსონი მუშაობდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მომვლელად, სადაც თეატრალურ პრაქტიკებსა და პერფორმანსს იყენებდა კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის ინსტრუმენტად. საბოლოო ჯამში ვილსონის შემოქმედებაში აუტისტური ნიშნები ბევრია, შეიძლება ითქვას, რომ არსებითად, ეს აუტისტური ფორმის ხელოვნებაა, სადაც აღმნიშვნელი აღსანიშნის პოვნას არ ცდილობს.
სწორედ 1968 წელს ნიუ-იორკში დააარსა ექსპერიმენტული ჯგუფი Byrd Hoffman School of Byrds, რომელშიც შედიოდნენ ყრუ აფროამერიკელი მოზარდი, აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭი და სხვა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის მქონე ადამიანები, რომლებსაც ვილსონი ქუჩაში შეხვდა, ან ჰარლემის სოციალურ საავადმყოფოში იპოვა.
ამ ჯგუფის მოღვაწეობა ნაწილობრივ ხსნის ვილსონის სპექტაკლების მომაჯადოებელ, სრულიად უცხო თვისებებს, ის ცდილობს შეხედოს სამყაროს იმათი თვალით, ვინც არ ეტევა მიღებულ ფიზიკურ ან მენტალურ ნორმებში, და ვისაც სპეციფიკური აღქმა აქვს გარე სამყაროსი. ის ამ მუშაობის პროცესში ყურადღებას ამახვილებს ენის დეკონსტრუქციაზე, როგორც ფონეტიკურ დონეზე (სხვადასხვა დიქციებისა და აქცენტების დაპირისპირება, სიტყვების ცალკეულ მარცვლებად დაყოფა), ისე სემანტიკურ დონეზე (სიტყვების მნიშვნელობის შეცვლა, მათი უჩვეულო კონტექსტში განთავსება, მეტყველების სხვადასხვა სტილისტიკის კონფლიქტი).
ყრუ, აფროამერიკელ მოზარდთან შეხვედრამ ვილსონი შთააგონა 1970 წელს შეექმნა „ჩუმი ოპერა“ – „ყრუთა მზერა“, მისი პრემიერა აიოვა სიტიში შედგა. სპექტაკლი წარმოადგენს აბსტრაქტულ და სიურრეალისტურ ნამუშევარს, რომელიც ხაზს უსვამს ვერბალურ კომუნიკაციას, რიტმს, სივრცულ ურთიერთობებსა და ვიზუალურ კომპოზიციას. სპექტაკლში არ არის ტრადიციული დიალოგი ან ნარატივი; ნაცვლად ამისა, ის იყენებს მოძრაობას, სინათლეს, ხმის ეფექტებსა და ვიზუალურ ელემენტებს, რათა გამოხატოს ყრუ-მუნჯი ადამიანის სამყაროს აღქმა. უილსონის ეს ნამუშევარი იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი თეატრალური ენის განვითარებაში, სადაც მან სცადა შეექმნა ისეთი თეატრი, რომელიც არ არის დამოკიდებული სიტყვებზე და ხაზს უსვამს სენსორულ გამოცდილებას.
1971 წელს სპექტაკლი პიერ კარდენის მხარდაჭერით პარიზში წარადგინეს. ჩვენების შემდეგ სიურრეალიზმის ერთ-ერთმა მამამ – ლუი არაგონმა დაწერა, რომ თეატრში მას არასდროს არაფერი უნახავს უფრო მშვენიერი, რომ ეს სპექტაკლი – ხმებისა და ტექსტის გარეშე, მთლიანად მოძრაობასა და ვიზუალურ სახეებზე აგებული – არის რეალობა, შერეული სიზმართან, ხოლო უილსონი კი ისაა, ვისზეც სიურრეალისტები მხოლოდ ოცნებობდნენ: „ის მოვიდა ჩვენ შემდეგ და ჩვენზე შორს წავიდა“. – თქვა არაგონმა.
ბიზნესადმინისტრირების შესწავლა, როგორც ვთქვით, შორს არ წავიდა, თუმცა ვილსონის განათლების მიღების წყურვილი ამით არ შემოფარგლულა – მან ისწავლა ნიუ-იორკის პრატის ინსტიტუტში დიზაინი, არქიტექტურა – არიზონაში, პაოლო სოლერის ხელმძღვანელობით, რომელმაც შექმნა არკოლოგის კონცეფცია, ესაა არქიტექტურისა და ეკოლოგიის ერთგვარი სინთეზი. პარიზში კი ის სწავლობდა მხატვრობას აბსტრაქტული ექსპრესიონისტის, ჯორჯ მაკნილსის ხელმძღვანელობით.
ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი თეატრთან მხოლოდ ირიბ კავშირშია, მაგრამ სწორედ ამ მრავალფეროვანმა უნარებმა განსაზღვრა უილსონის უნიკალური სტილი, სადაც ვიზუალური ნაწილი ყოველთვის მოქმედებაზე მნიშვნელოვანია (სიუჟეტზე, რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც ზოგჯერ საერთოდ არც არსებობს). ის თავად ქმნიდა დეკორაციებსა და რეკვიზიტებს, თავად აწყობდა განათებას (რომელსაც თვლიდა სპექტაკლის უმთავრეს ელემენტად).
გარდა ამისა, უილსონი ბევრს მუშაობს, როგორც მხატვარი და მოქანდაკე. 1993 წელს მოიპოვა ხელოვნების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – „ოქროს ლომი“ ვენეციის ბიენალეზე. 1997 წელს კი მიიღო ევროპული თეატრალური პრემია, რითაც გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ამერიკელი, რომელიც ამ ჯილდოს დაეუფლა.
რობერტ ვილსონმა დატოვა დიდი მემკვიდრეობა და ხდომილება, რომელიც იძლევა უზარმაზარ საჭვრეტ წერტილს, საიდანაც თეატრის შესაძლებლობები უსასრულო ჰორიზონტადაა გაშლილი. მან დაამხო თეატრის ტრადიციული ჩარჩოები, შექმნა ახალი ვიზუალური ენა, სადაც სინათლე, ხმა, რიტმი და მოძრაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიუჟეტი. ვილსონის შემოქმედება მდიდარია ეპოქალური დადგმებით: “ყრუთა მზერა“, „აინშტაინი პლაჟზე“, „შავი მხედარი: ჯადოსნური ტყვიების ჩამოსხმა“, „მარინა აბრამოვიჩის ცხოვრება და სიკვდილი“, „ბებერი ქალი“, „სალონები“, „პუშკინის ზღაპრები”, “შექსპირის სონეტები” და სხვა.
გასულ წელს ქართველ მაყურებელს ჰქონდა პატივი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ერთი მხრივ, ენახა რობერტ ვილსონის საავტორო სპექტაკლი, მეორე მხრივ კი, შეხვედროდა პირადად მას. ვილსონის გარდაცვალება თანამედროვე თეატრის სამყაროში უდიდესი დანაკლისია, მაგრამ მისი ნამუშევრები ინსპირაციის მუდმივ წყაროს წარმოადგენს და მომავალ თაობებს აძლევს ყველაზე მნიშვნელოვან შუქს, რომელიც ანათებს უსასრულო ექსპერიმენტის სამყაროში.









