fbpx

„რას ჩურჩულებს ტალახი” – დეა ჭოლოკავას ფილმის ამერიკული პრემიერა ქემდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე


გააზიარე სტატია

ავტორი: თინა ლაღიძე


„რას ჩურჩულებს ტალახი” – დეა ჭოლოკავას ფილმის ამერიკული პრემიერა CamdenIFF-ზე – ქემდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე 11-14 სექტემბერს  გაიმართება!
პირველად ფილმი  2025 წლის მაისში კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სექციაში, მთავარ კონკურსზე აჩვენეს,  ივნისში კი ახალ ზელანდიაში – Doc Edge-ს  საერთაშორისო კინოფესტივალზე!

ერთი ადამიანის რეალობა შეიძლება მეორე ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იყოს…  

როგორც ყველა  ზღაპარში, ფილმშიც გმირების გარემო ერთდროულად მტრული და ჯადოსნურია, ხოლო გასავლელი გზა – სირთულეებით აღსავსე. 

თანამედროვე საქართველოში მძიმე პოლიტიკურ, სოციალურ – ეკონომიკურ ფონზე განვითარებულ რეალურ ამბავს ზღაპრად ფილმის – „რას ჩურჩულებს ტალახი“ ავტორი დეა ჭოლოკავა და ფილმის მთავარი გმირი, ექვსი წლის თაკო, ერთად გარდაქმნიან. 

თაკო რეალური ადამიანი და ზღაპრის უნივერსალური, თითქმის არქეტიპული გმირია, ისევე, როგორც ოდისევსი ან პენელოპე. მისი პირადი ოდისეა სავსეა სირთულეებით, უსამართლობით, სიდუხჭირით, მარტოობით და ბოროტ-კეთილის ძიებაში დასმული პასუხგაუცემელი შეკითხვებით.

ოდესღაც  თერაპიული ტალახის აბანოებით ცნობილი კურორტი დღეს  მიტოვებულ და გასაქრობად განწირულ ადგილს ჰგავს. კახეთში ახტალის კურორტის ბედი გარემოსდაცვითი საკითხების უგულებელყოფას, პოლიტიკურ კორუფციას და ეკონომიკურ ექსპლუატაციას ეწირება. გადაწყვეტილების მიმღები პირები კი მოსახლეობას შეგნებულად აცხოვრებენ  სიღარიბეში, რათა იაფი მუშახელის დეფიციტი არ შეექმნათ.

თაკოს ბებიაც ერთ-ერთი მათგანია. დღეს უკვე ნახევრად დანგრეულ, უწყლოდ დარჩენილ სანატორიუმში ის თეთრეულის მრეცხავია და მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევა. ამიტომ, თაკო თითქმის მუდამ მარტოა. უშველებელ, ტალახით სავსე მოჯადოებულ სამყაროში მოხეტიალე, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ტალახის პრინცესას ჰგავს, რომელიც თავის  კითხვებთან მარტოა დარჩენილი: „ტალახის კაცო, აქ ხარ?“  „ტალახის კაცო, მე მგონი, აქ ხარ, ვხედავ შენ სუნთქვას, ვხედავ, როგორ ამოდის ბუშტები…“ „მგონი, აქ ხარ! მიპასუხე!“

ფილმი ღმერთის ძიების მეტაფორადაც შეგვიძლია აღვიქვათ. ჩვენც ხომ ამ შეკითხვებზე პასუხის ძიებაში ვატარებთ ცხოვრებას. თაკოს სწამს, რომ ტალახის კაცი არსებობს, მისი მეგობარია და ცხოვრებისეულ უსამართლობას ერთად დაძლევენ, ამიტომ მას გამუდმებით ელაპარაკება: „ტალახის კაცუნა, შენ როგორ ართობ შენ თავს? მიპასუხე!” „მტკივნეულია, თავი უხილავად, გარიყულად და უცხოდ იგრძნო იმ ქვეყანაში, სამყაროში და პლანეტაზე, სადაც ცხოვრობ. ეს არის ტკივილი, რომელმაც დამაკავშირა ამ პატარა გოგონასთან.“ – ამბობს დეა ჭოლოკავა. სწორედ ავტორის გრძნობათა ბუნება ქმნის იმ  უნიკალურ მხატვრულ ხედვას, რომელიც ფილმში, ძლიერ ვიზუალურ თხრობაში ითარგმნება.

თვრამეტწუთიან ფილმში რეჟისორი დროის მდინარებასაც ოსტატურად გვაჩვენებს, კადრში ორი წლით გაზრდილი თაკო, თოკებზე გაფენილ ზეწრებს შორის დადის და იგივე კითხვებს სვამს. როგორც მაყურებელი, შიშმა შემიპყრო – გამეფიქრა, რომ შემდეგ კადრში დაპატარავებულ ვარდისფერ კაბაში გამოწყობილ, ასაკოვან თაკოს დავინახავდი, რომელიც ბებიამისივით სიბერემდე ტილოებს ფენს, იგივე შეკითხვებს სვამს და ვერ ამჩნევს, რომ გარემო სრულიად გაუდაბურდა, ჯადოსნური სამყარო კი მას –  „ტალახის პრინცესას” ყოველდღიურ რეალობად ექცა.

ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები მთავარ პრობლემებზე კი არ ვფოკუსირდებით, არამედ მეორადი პრობლემების გადაჭრაში ვატარებთ ცხოვრებას. თანამედროვე სამყაროში დამკვიდრებული მოთხოვნების გამო, მიზანმიმართულად ვკლავთ ადამიანებში ბავშვურ საწყისს, მოსმენის, ფანტაზიის, შემოქმედებითობის უნარებს, ორგანულ სამყაროს მთლიანად ვემიჯნებით და მას საკუთარ თავს ვარგებთ, რასაც საბოლოოდ, ეკოლოგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისებამდე მივყავართ. 

რა თქმა უნდა, თაკოს  ეს მიზეზშედეგობრიობა არ ესმის, მაგრამ გრძნობს, რომ მის სამყაროს გაქრობა ემუქრება. მკურნავი ტალახი, ამ ადგილის – „სული”, შეიძლება სრულიად გამოიფიტოს, დაშრეს და ტალახის ნაცვლად, მხოლოდ ლეგენდაღა დატოვოს. მაგრამ, რადგან თაკო ჯერ კიდევ პატარაა და რწმენით სავსე, იმედს ვიტოვებ, რომ „ტალახის კაცუნა“ მას შეამჩნევს და მისი სამყარო გადარჩება, ისევე როგორც დეა ჭოლოკავას გამორჩეული, კონიუნქტურისგან დაცლილი საავტორო ხედვა და სამყაროს მისეული ფაქიზი აღქმა, კინოსამყაროსთვის არ დარჩა შეუმჩნეველი.  

ბოლო დროს ხშირად გამიგია, რომ დოკუმენტური კინო რენესანსის ხანაშია.

მხატვრული კინოს მსოფლიო კრიზისის ფონზე  დოკუმენტურ კინოში ახალი ფორმები ვითარდება, მისი საზღვრები ფართოვდება, დეა ჭოლოკავას მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – „რას ჩურჩულებს ტალახი” ამის კარგი მაგალითია. ავტორი ორ ურთიერთსაპირისპირო მოცემულობას – რეალობასა და ილუზიას კინოველში აერთიანებს და იშვიათ, ახალ ჟანრს –  სოციალურ ზღაპარს ქმნის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.