fbpx

“Red Dot” – ოდა ფლორას


გააზიარე სტატია


ტექსტი და ფოტო: ანი თენიეშვილი

 

„შეგიძლია მოჭრა ყველა ყვავილი, მაგრამ ვერ შეაჩერებ გაზაფხულს“. – პაბლო ნერუდა

Mze Top Shop გალერეა, გახსნიდან მცირე დროის მიუხედავად, უკვე  მეორე გამოფენას მასპინძლობს. გელა წულაძის სოლო გამოფენის შემდეგ, სივრცე ახალგაზრდა ვიზუალური ხელოვანების – თეკლა კიღურაძისა და ნოდო უგულავას ნამუშევრებმა დაიკავა. ახალი გამოფენა „Red Dot“ ადამიანის მიერ შექმნილისა და ბუნების ძალის დაპირისპირებას იკვლევს.

ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე Mze Top Shop-ის სივრცე ურბანული გარემოს გაგრძელებას ჰგავს – ბეტონის ბრუტალური არქიტექტურა აქ თანამედროვე ხელოვნებისთვის შესანიშნავ ფონს ქმნის. ნამუშევრების ურბანული შინაარსი და ფორმა ორგანულად ერწყმის სივრცის ატმოსფეროს. კედლებზე წარმოდგენილი ფოტოების პირველი თვალში საცემი დეტალი ხელოვნურად დატანილი წითელი წერტილებია, თუმცა ყურადღებით დაკვირვებისას ერთიან მოტივს ამოიცნობთ – ბეტონის საფარში ამოსული მცენარეები. ეს ერთი შეხედვით შეუძლებელი მოვლენა, როცა ყვავილი ბეტონს ჭრის და ზედაპირზე ამოდის, ალბათ ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ, კორპუსის სახურავზე ან ტროტუარზე. აქ ეს ფენომენი ვიზუალური გადამუშავების ობიექტი ხდება.

მცენარეები ჩნდებიან იქ, სადაც თითქოს შეუძლებელია მათი არსებობა – ბეტონის ნაპრალებში, ასფალტის კიდეებში, შენობების კედლებში. ავტორები წითელი წერტილებით აღნიშნავენ ამ მცენარეებს, რათა გაუსვან ხაზი მათ გამძლეობას და შეუპოვრობას. შესაძლოა ეს წითელი წერტილი დაბადების ალეგორიასაც ქმნიდეს, ერთგვარ შეუძლებელ ინტერვენციას. საბოლოო ჯამში ეს წერტილი გარდაიქმნება სიმბოლოდ, რომელიც ავსებს ყვავილს წინააღმდეგობისა და თავისუფლების ნიშნებით.

ფილოსოფოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ სამყარო განსაზღვრულია, იქ კი შემთხვევითობის ან გადახვევის ფენომენი არ არსებობს. ეს შეფასება ავიწროებს ადამიანისა და ბუნების შესაძლებლობებს. ფრანგი ფილოსოფოსი ჟილ დელეზის ცნობილი რიზომას თეორიით თუ ვიხელმძღვანელებთ, რომელიც საკმაოდ ნაცნობია თანამედროვე ხელოვნებისთვის; რიზომა არის ერთგვარი მეტაფორა და ის აღნიშნავს უწესრიგო, არაპრევალირებულ მიმართულებას ცნობიერებისა. თავად სიტყვა კი ნიშნავს მცენარეების მიწისქვეშა ფესვებსა და ღეროებს, რომელიც არ ემორჩილება ცენტრალიზებულ სტრუქტურას, არამედ უსასრულო მიმართულებით ვრცელდება. რიზომა არ იზრდება “ზემოთ”, როგორც ხე, ტრადიციული გაგებით, არამედ “ყველა მხარეს” – ჰორიზონტალურად, გვერდულად, დიაგონალურად.

ბეტონი თითქოს განსაზღვრული, მკაცრი ტერიტორიაა, სადაც სიცოცხლეს არ აქვს ადგილი. მაგრამ მცენარე ამ წესრიგს არღვევს. მისი გაჩენა ბეტონის ნაპრალში არის დეტერიტორიალიზაციის აქტი: მკაცრი ურბანული სტრუქტურის დაშლა და ახალი სიცოცხლის “ტერიტორიის” შექმნა.

ძალა ყოველთვის ქმნის გარკვეული სახის წინააღმდეგობის ფორმას. ბეტონში ამოსული ყვავილი გვაჩვენებს, რომ სიცოცხლე არა მხოლოდ ადაპტირდება, არამედ გზას პოვებს იქ, სადაც წესრიგი მას გამორიცხავს.

შემთხვევითობა, დამთხვევა, წესრიგში მიმავალი დინებების მოულოდნელი გადახვევა, ეს არის ის ფენომენი, რასაც შეუძლია წარმოქმნას ახალი სიცოცხლე, ცხოვრება, უკეთეს შემთხვევაში კი სამყარო. კიდევ ერთი ფრანგი ფილოსოფოსი – ალან ბადიუ აყალიბებს მოვლენის ფენომენს, რომელიც დადგენილ ყოფიერებაში შემთხვევითობის განცდით ამოყოფს ხოლმე თავს. რომანტიკოსი ფილოსოფოსისთვის ასეთია სიყვარული. 

Red Dot-ში მცენარეებიც ასე მოქმედებენ: ისინი შემთხვევით ამოდიან – ქარის მიერ მოტანილი თესლით, ნესტში ჩარჩენილი მარცვლებით, მათი არსებობა გარდაქმნის გარემოს. ისინი ხდებიან მოვლენები, რომლებიც გვახსენებენ, რომ სიცოცხლე ყოველთვის პოულობს გზას, მიუხედავად იმისა, რამდენად მკაცრადაა მის წინააღმდეგ მიმართული პირობები. ბეტონში ამოსული მცენარე ასევე არის მეტაფორა იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია.

გამოფენა არ არის მხოლოდ ვიზუალური დოკუმენტაცია, ის ცდილობს დაგვაფიქროს ჩვენი ყოველდღიური გარემოს მნიშვნელობაზე და იმ სიმბოლურ ძალაზე, რომელსაც ბუნება ატარებს, კონცეფციაშიც ასე ვკითხულობთ:

ოდა ტყის გაშენებას

„ბეტონში ამოზრდილ მცენარეს გარკვეული ხიბლი აქვს. სამშენებლო გარემო, რომელიც რადიკალურად ზღუდავს სასიცოცხლო სივრცეს, აშკარა შემთხვევითობა, რომელშიც მცენარე ადაპტირებასა და ზრდას ახერხებს. ფოლადისა და ასფალტის ხისტი ჩარჩოები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ბუნებისგან სივრცის დასაბრუნებლად, ინგრევა საგულდაგულო ​​მოპირკეთების ფონზე; ნიადაგის პატარა ზედაპირები, რომლებსაც დროდადრო ერთი ან მეორე ყვავილი გამოაქვთ. ჩვენ მათ ინვაზიურს, მუდმივს, მდგრადს ვუწოდებთ, ისინი ცდილობენ აღმოცენდნენ და გააგრძელონ მათში არსებული ბუნებრივი პროცესები და მითური კათექსისი. ფლორასთან ეს შეხამება უსიცოცხლობის ინდიკატორია.“

გამოსახულებები: თეკლა კიღურაძე, ნოდო უგულავა

ტექსტი: ნოდო უგულავა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.