fbpx

ტრიუმფალური აწმყო


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩვენს ქვეყანაში სპორტულ ტრადიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ისტორიული გამარჯვებები კი სამუდამოდ ოქროს ასოებით იწერება გულშემატკივართა მთელი თაობების მეხსიერებაში, აერთიანებენ რა უხილავი ძაფებით აწმყოს დიდებულ წარსულთან და საიმედო მომავალთან.

სწორედ ასეთ ტრიუმფალურ აწმყოდ იქცა საქართველოს ეროვნული გუნდის გამარჯვება ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ – საფრანგეთის ნაკრებთან, რომელმაც ქომაგებს 1962 წელს თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალის“ დამარცხება შეახსენა…

ცნობილია, რომ იმ მატჩს ემიგრაციაში მყოფი სახელგანთქმული მწერალი გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა: „გუშინ დიდი სიხარული განვიცადე – როგორც ქართველმა. ძალიან ვღელავდი. ჩემმა თანამემამულეებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს. ფანტასტიურია! საქართველო ცოცხლობს. გაუმარჯოს საქართველოს!“ – ასეთი იყო მწერლის შთაბეჭდილებიდან ამონარიდი ჟენევაში გამართულ მატჩთან დაკავშირებით, რომელიც „დინამომ“ ანგარიშით 90:83 მოიგო.

იმ შეხვედრაში უგრეხელიძე „დაფრინავდა“, რომელმაც თანაგუნდელებს 14 ქულა შესძინა.

მას შემდეგ კი 73-მა წელიწადმა განვლო. ამ დროის მანძილზე ქართულმა კალათბურთმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. გასულ კვირას კი მან თითქოს შეუძლებელი შეძლო, მიმდინარე ევრობასკეტზე ესპანეთის შემდეგ ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი გამოთიშა ასპარეზობიდან, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის ადგილი დაიკავა და ტრიუმფალური ძაფი სამომავლოდ ოთხეულისკენ გაჭიმა, რისთვისაც მას ფრანგებთან და ესპანელებთან ერთი შეხედვით შედარებით სუსტი, თუმცა თვით მძვინვარე სერბეთის მომგები ფინეთის ნაკრების ძლევა დასჭირდება. 

საფრანგეთის ნაკრები ჩვენებმა 10 ქულის სხვაობით 80:70 დაამარცხეს და თანაც ისე, რომ მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ დაწინაურდა.

თავდაპირველად მან ანგარიში გახსნა, რასაც ჩვენების მყისიერი პასუხი მოჰყვა. პირველი მეოთხედი და, როგორც გაირკვა, ზოგადად, მატჩი კი თორნიკე შენგელიას ბენეფისად იქცა, რომელმაც გუნდს 24 ქულა შესძინა და გარდა ამისა, რვა მოხსნა, ორი შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა განახორციელა.

თორნიკეს მსგავსად, 24 ქულა კამარ ბოლდუინმა მოიპოვა, რომელმაც აგრეთვე 4 მოხსნა, ორი შედეგიანი გადაცემა და ორი ჩაჭრა მიითვალა. 

ჩვენებს შესანიშნავი პირველი მეოთხედი გამოუვიდათ, რომელიც ანგარიშით 24:20 მოიგეს, მაგრამ ყველაფერი რომ ჯერ კიდევ წინ იყო, მეორე მეოთხედშივე გამოჩნდა, რადგან შესვენებამდე მეტოქემ ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.

წინ იყო ურთულესი მეორე ნახევარი, როდესაც ჩვენს გუნდს უპირატესობის შესანარჩუნებლად სათამაშო ტექნიკასთან ერთად, განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და ფსიქოლოგიური მომზადება უნდა გამოევლინა, რადგან საფრანგეთის ნაკრებს სხვა თუ არაფერი, ზურგს NBA-ში მოასპარეზე სამი მოთამაშე უმაგრებდა. 

ჩვენებს ნამდვილი გამოცდის ჩაბარება მალევე მოუწიათ, როდესაც მეტოქემ მატჩში გარდატეხის შეტანა და მეორე ნახევრის დასაწყისშივე ოთხი ქულის უპირატესობით დაწინაურება შეძლო. თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, უკანასკნელად.

სწორედ ამ ეპიზოდში გამოამჟღავნეს ჩვენებმა ხასიათის სიმტკიცე. თორნიკე შენგელიამ და გოგა ბითაძემ ჯარიმები ზედიზედ აჰკიდეს მეტოქეს, საქართველოს ნაკრებმა ჯერ მინიმუმამდე დაიყვანა ანგარიშში სხვაობა, ცოტა ხანში კი სანდრო მამუკელაშვილმა სამქულიანი ტყორცნის შემდეგ კვლავ ორი ქულით დააწინაურა საკუთარი გუნდი.

განა იფიქრებდნენ ფრანგები იმ ეპიზოდში, რომ მატჩის ბოლომდე დარჩენილ 15 წუთში ანგარიშის გათანაბრებას ვეღარც ეღირსებოდნენ?

ჩვენებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს დაცვაში შესანიშნავი თამაში დაუპირისპირეს, მესამე მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი კვლავ მამუკელაშვილმა იმარჯვა, მას ბოლდუინმაც მიჰბაძა და დასკვნითი მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრებმა ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვა.  

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა მცირეოდენი პაუზის შემდეგ თამაშის გაგრძელების ხასიათს. საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს უნდა დაერეგულირებინათ ჯარიმების რაოდენობა და ცივსისხლიანად ემოქმედათ მათი შეგნებული აკიდებისა და პირიქით, ზოგიერთ ეპიზოდში გარისკვის ფასად მეტოქისათვის სროლის საშუალების მინიჭების ზღვარზე. 

სამქულიანი თუ საჯარიმო სროლების სიზუსტე კი თამაშის მოგების გარანტად უნდა ქცეულიყო და თანაც მაშინ, როდესაც მძვინვარე მეტოქემ სულ რაღაც 7-8 წუთის წინ დაწინაურება შეძლო. ასეთი რამის ხელმეორედ დაშვება კი  უნდა გამორიცხულიყო, რადგან მეოთხედფინალამდე გუნდს სულ რაღაც ათი წუთი სათამაშო დრო აშორებდა.

განწყობა სრულიად გასაგები იყო და დასკვნით მეოთხედში ფრანგების პირველივე შეტევა გიორგი შერმადინმა და თორნიკე შენგელიამ ერთობლივი ძალებით უგულებელყვეს. 

სამწუხაროდ, საპასუხო შეტევა ჩვენებმა ვერ გამოიყენეს, მაგრამ ფრანგებმაც იჩქარეს, სამქულიანი ვერ ჩააგდეს, ხოლო ბექა ბურჯანაძემ კი პასუხად საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარღვევას შეუწყო ხელი. თავდაპირველად მან ურთულეს პოზიციაში უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ტყორცნის შედეგად, თავისი გუნდი შვიდი ქულით დააწინაურა, შემდეგ კი საკუთარ ფარქვეშ ბურთი მოიპოვა და მეტოქეს ჯარიმა აჰკიდა, რაც ბოლდუინის მიერ გუნდის ცხრა ქულით დაწინაურებაში გარდაისახა. ასეთ უპირატესობას ჩვენებმა მატჩში პირველად მიაღწიეს.

ფრანგებში პანიკამ დაისადგურა. მიუხედავად ამისა, მესამე სამქულიანი ტყორცნა მათ ზუსტი გამოუვიდათ, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი სროლა გააფუჭეს, რასაც ჩვენების მხრიდანაც შეცდომები მოჰყვა და საბოლოოდ, მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, ფავორიტებმა ანგარიშში ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანეს.  

წუთშესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურა და შეიძლება ოდნავ გაუმართლა კიდეც, რადგან ფრანგები ვერც სამქულიანებს და ვერც საჯარიმოებს ვერ ასრულებდნენ ზუსტად… 

სამაგიეროდ თორნიკემ უაღრესად საჭირო მომენტში სამქულიანი ჩააგდო და მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გუნდი ხუთი ქულით დააწინაურა, თუმცა ფრანგებმა სტატუს-კვო  მყისვე აღადგინეს და მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც.

საქართველოს ნაკრების ტრიუმფალური სვლა გამარჯვებისკენ კი მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე აღებული წუთშესვენების შემდეგ დაიწყო, რაც საბოლოოდ მისი ათი ქულით მოგებაზე აისახა.

პარკეტზე დაბრუნების შემდეგ თორნიკე შენგელიამ მორიგი ზუსტი სამქულიანი ტყორცნა შეასრულა, ფრანგებს პასუხად გოგა ბითაძემ შესანიშნავი ბლოკი დაახვედრა, ბოლდვინმა მეტოქეს სამი საჯარიმო აჰკიდა და ჩვენების უპირატესობამ უკვე ფრანგების მიერ აღებული წუთშესვენების შემდეგ ექვს ქულას მიაღწია. 

მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი ფრანგებს სასროლი ჯარიმები უკვე შენგელიამ აჰკიდა, მართალია, ერთი ტყორცნა არ გამოუვიდა, მაგრამ ჩვენების უპირატესობამ მეტოქისთვის საგანგაშო 5 ქულას მიაღწია. 

ამ დროს კი თორნიკეს წინააღმდეგ ფრანგები კვლავ დაჯარიმდნენ, კაპიტანმა ამჯერადაც ერთი სროლა ჩააგდო, მაგრამ მეტოქემ სამქულიანი ხელახლა გააფუჭა, საპასუხოდ, გოგა ბითაძემ ჩატენა და თამაშიც დამთავრდა! 

მატჩის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე  მოპოვებულ რვაქულიან უპირატესობას ჩვენებმა დარჩენილ დროში კიდევ ორი ქულა დაამატეს და საბოლოოდ, მთელი მატჩის მანძილზე დაფიქსირებული მაქსიმალური სხვაობით – ათი ქულის უპირატესობით გაიმარჯვეს. ბოლო ჩატენვა მამუკელაშვილის ანგარიშზეა. 

ტრიუმფალური აწმყოს გაგრძელების მოლოდინში კი სრულიად საქართველოა. გულშემატკივრები შარშან, 24 ნოემბერს ამ გუნდების შორის დაფიქსირებული შედეგის განმეორებას ელიან, მერე კი მადა ჭამაში მოდისო, ხომ ნათქვამია?! 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.