პრემია „თავისუფალი 2025” განაცხადების მიღებას იწყებს!
პრემია „თავისუფალი’’ დაფუძნდა 2023 წელს დამოუკიდებელი თეატრების, არტისტებისა და კომპანიების მხარდასაჭერად. პროფესიული პრემია წელიწადში ერთხელ გადაეცემათ უახლესი სათეატრო პროცესების გამორჩეულ ავტორებს. შეფასება ხდება სპეციალურად შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე დარგის ექსპერტების მიერ. ორი წლის განმავლობაში საუკეთესო ნამუშევრებისთვის დაჯილდოვდა 5 არტისტი და 2 თეატრალური კომპანია. პრემიის დაარსება სფეროში მიმდინარე პროცესების წახალისებას, ნიჭიერი არტისტების პოპულარიზაციასა და მათ ირგვლივ სადისკუსიო სივრცის შექმნას ემსახურება.
დაფუძნების დღიდან ინიციატივას მხარი დაუჭირა კერძო სექტორის არაერთმა წარმომადგენელმა, საერთაშორისო ფონდმა, თბილისის მერიამ, ინდივიდუალურმა პირმა და მედია ორგანიზაციამ. პრემია „თავისუფალი“ მადლობას უხდის თითოეულ მათგანს.
წელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უკვე ტრადიციად ქცეული პროფესიული დაჯილდოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა კომპანია „კოკა-კოლას’’ გადაწყვეტილებამ საპრემიო ფონდის სრულად დაფინანსების შესახებ, შესაძლებლობა მოგვცა დავიწყოთ განაცხადების მიღება პრემიის მესამე გამოშვებისთვის და დეკემბერში ისევ შევქმნათ დღესასწაული. გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას პრემიის მთავარი პარტნიორის მიმართ!
თვეების განმავლობაში ჩვენ არ ვიცოდით, შევძლებდით თუ ვერა ამ სტატუსით დაბრუნებას. ქუჩებში, ციხეებისა და სასამართლოების წინ მდგომ ადამიანებს, პროტესტში მონაწილე გაფიცულ თეატრს, სინდისის პატიმრებს, რომელთა შორის არიან ჩვენი უძვირფასესი კოლეგები ანდრო ჭიჭინაძე და ვეფხია კასრაძე, პოლიტიკური დევნის მსხვერპლ რეჟისორებს, მსახიობებს ვეტყოდით თუ ვერა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვბრუნდებით და ისევ მზად ვართ პროფესიული პრემიის გაცემით წარმოვაჩინოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, აქტუალური სათეატრო პროცესი, რომელსაც ამ მძიმე დროში კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მისია დაეკისრა.
ჩვენ ვაგრძელებთ, რადგან ალბათ დღეს, ისე როგორც არასდროს, ერთმანეთს ვჭირდებით. ამ თვეების განმავლობაში გადაღლილებმა, ნიჰილიზმსაც ბევრჯერ წამოვკარით ფეხი, მაინც ვცდილობთ ვაცოცხლოთ რწმენა, რომ ბრძოლა სიკეთის, თავისუფლების, სინათლის გადასარჩენად ვერ შეწყდება, რადგან ეს ადამიანის მთავარი ბრძოლაა და ყველაზე უკეთ ამ ყველაფერზე საუბრობს ხელოვნება.
პროცესს, რომელსაც პრემია „თავისუფალი” უჭერს მხარს, როგორც ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან მოვლენას უახლეს ქართულ თეატრში და რომელსაც დღეს ქმნიან დამოუკიდებელი თეატრები, არტისტები და კომპანიები, წლების წინ ბიძგი მისცა და მოტივაციით აავსო ბათუმის თეატრის მსახიობმა, რეჟისორმა, დრამატურგმა და პროდიუსერმა ოთია ქათამაძემ. ოთია იყო უიშვიათეს გამონაკლისებს შორის ერთ-ერთი პირველი, ვინც მუდამ ცდილობდა დამოუკიდებელი პროექტების მხარდაჭერას, მათი განვითარებისთვის საინტერესო გარემოს შექმნას. ბევრი დღეს უკვე წარმატებული რეჟისორი თუ მსახიობი სწორედ მის დაარსებულ მონოდრამის ფესტივალზე გაიცნო მაყურებელმა. ვფიქრობთ, დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო მტკივნეული გახდება ოთიას წასვლა, კიდევ უფრო საგრძნობი ის დანაკლისი, რომელსაც ვეღარავინ შეავსებს ოთიასავით.
პრემია „თავისუფალის” პირველი დაჯილდოების ცერემონიაზე მთავარი პრიზი გასცა დავით დოიაშვილმა. ის იყო და არის უახლესი ქართული თეატრის ერთ-ერთი შემოქმედი. ქართული თეატრის ისტორია, გარდა მისი ხელოვნებისა, შემოინახავს ძალიან მნიშვნელოვან ადამიანურ, პრინციპულ გადაწყვეტილებას, როცა დავით დოიაშვილმა საკუთარი დატყვევებული მსახიობის მხარდაჭერის ნიშნად გააჩერა თეატრი და სრულიად შეგნებულად გაიმეტა საკუთარი თავი იმ თეატრიდან გათავისუფლებისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება ქმნიდა.
თითქმის ლეგენდად იქცა დათა თავაძის სპექტაკლი „ლიბერტე”. დამანგრეველი გულწრფელობით მოყოლილი სიყვარულის ისტორიის გამო ნამდვილი ტერორი გადაიტანა თეატრმა. გვახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ რეჟისორს, მის დასს, მისი ოჯახის წევრებს. ესეც დარჩა თეატრის ისტორიაში და თეატრი არის იმის ღირსი, რომ გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის!
პრემია “თავისუფალის” მესამე გამოშვება ეძღვნება ღირებულებებისთვის მებრძოლ ადამიანებს და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კომპანია კოკა-კოლა წელს სრულად უზრუნველყოფს საპრემიო ფონდის გაცემას.
მადლობა კოკა-კოლას ამ დღესასწაულისთვის! 🎉
პრემიაზე წარდგენილ სპექტაკლებს შეაფასებენ:
- დავით ბუხრიკიძე
- თამარ ცაგარელი
- ნინო ბურდული
პრემიები ტრადიციულად გაიცემა 3 ნომინაციაში. დეკემბრის ბოლოს დაჯილდოვდება:
- საუკეთესო სპექტაკლი – 10 000 ლარით
- საუკეთესო მსახიობი – 5 000 ლარით
- საუკეთესო სცენოგრაფი – 5 000 ლარით
განაცხადის შევსებისთვის გთხოვთ, ჩამოტვირთოთ განაცხადის ფორმა.
სპექტაკლების მიღების ბოლო ვადა – 30.09.25
პრემიის ვიზუალური კონცეფცია – ქეთი ნადიბაიძე
საინფორმაციო მხარდაჭერა: პუბლიკა, at.ge


