fbpx

.Gwatta.-ს სადებიუტო ალბომი Out Of Body 25 სექტემბერს CES records-ზე გამოვა


გააზიარე სტატია

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ქართველ არტისტს – გვანცა უმა ჯაფარიძეს, იგივე  .Gwatta.-ს.

პირველად მის შესახებ გასული წლის თებერვალში მოგიყევით, როცა თეატრ ჰარაკში მისი მუსიკალური ალბომის, Out Of Body-ს პრეზენტაცია მუსიკალური პერფორმანსის სახით ჩატარდა.

სადებიუტო ალბომი Out Of Body  ღრმა და ემოციურად დატვირთული მოგზაურობაა ფსიქოემოციურ ტრანსფორმაციაში, რომელიც გვანცა უმა ჯაფარიძემ მენტალური კრიზისის დროს განიცადა. თითოეული სიმღერა არის პიროვნული განცდებისა და შინაგანი კონფლიქტების ამსახველი, რომლებიც მარტოობის, შფოთვისა და ტრავმებთან გამკლავების რთულ, მაგრამ გარდამტეხ გზას აღწერენ. ალბომის ჟღერადობა წარმოადგენს ექსპერიმენტულ, Dream-Pop-ის, ელექტრონული როკისა და ინოვაციური საუნდ დიზაინის სინთეზს, რომელსაც მსმენელი ინტიმურ და მედიცატიურ სამყაროში გადაჰყავს.

ალბომი ჯერ კიდევ 2024 წელს უნდა გამოსულიყო ქართულ დამოუკიდებელ მუსიკალურ ლეიბლზე – CES records-ზე, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენჯერმე გადაიდო. 

ამჯერად ალბომი Out Of Body 25 სექტემბერს CES records-ზე გამოვა და რილიზ შოუ [კონცერტი] 2 ოქტომბერს, მუტანტ რადიოში ჩატარდება.

.Gwatta. მულტიმედია არტისტია თბილისიდან. ის არის პოპულარული ქართული ჯგუფის, „მწვანე ოთახის“ წევრი და ფინელ კონტრაბასისტ ტუომას ტალვისთან ერთად დუო პროექტის, Uma & Tuomas დამფუძნებელი.

არტისტის შემოქმედება მოიცავს მრავალ ექსპერიმენტს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში. მისი შემოქმედებითი გზა ეფუძნება თბილისის კონსერვატორიასა და ფინეთში, სიბელიუსის აკადემიაში გატარებულ პერიოდს. 

როგორც სიმღერების ავტორი, თავის ნამუშევრებში ის გვიყვება მუდმივად ცვალებადი გრძნობებისა და ემოციების შესახებ. ეს ერთგვარი მუსიკალური მოგზაურობაა, რომელშიც ავტორი საკუთარ  თავს სხვადასხვა პერსონაჟებისა და სიტუაციების მიხედვით გამოხატავს. 

არანჟირებისას გვანცა იყენებს როგორც ანალოგურ, ასევე ციფრულ ინსტრუმენტებს, რაც საშუალებას აძლევს შექმნას სიმჭიდროვე და დახვეწილი მუსიკალური ტექსტურები. თავისი მომავალი ალბომისთვის „Out Of Body“ გვანცამ შექმნა Synthestra – სინთეზატორული ორკესტრი, რომელიც ინოვაციურ ექსპერიმენტულ ჟღერადობას წარმოგვიდგენს.

.Gwatta.-ს პირველი სინგლი „phone Call“ გამოვიდა CES Records-ის ლეიბლზე 25 მარტს, რომლის ვიდეოზეც იმუშავა ნიკა მაჩაიძემ (Nikakoi).

 

1-ელ ივლისს გამოვიდა მეორე სინგლი – „ნაცრისფერი“, .Gwatta.-ს პირველი ქართულენოვანი სიმღერა, რომლის ვიდეო თავად გვანცას ეკუთვნის და წარმოადგენს მის სადებიუტო ვიზუალურ ნამუშევარს.

„ნაცრისფერი“ ეხება ემოციურ არასტაბილურობას, მარტოობასა და შინაგან ტრანსფორმაციას – თემებს, რომლებიც სიმღერისა და ასევე მთელი ალბომის, Out of Body-ის ძირითად კონცეფციას ქმნის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.