fbpx

გეთსბის შემქმნელი გეთსბიზე დიდია


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

1896 წლის 24 სექტემბერს მსოფლიოს ლიტერატურული სამყარო ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს იხსენებს. ამერიკელ მწერალს, რომელიც თითქოს საკუთარ რომანებში ცხოვრობდა. სევდიანი პოეტი, სასიყვარულო ინტრიგების გარშემო, ჯაზის ეპოქის ცნობილი სახე და ოცნებებთან მებრძოლი…

მასზე საუბრისას „დიდი გეთსბი“ გვახსენდება, საუკუნე რომ დაამარცხა ისეთი რომანი -ამერიკული ოცნების სიმბოლო, მერე ლეონარდოს განსახიერებული პერსონაჟი და სიმდიდრე, მეჯლისები – ბოლოს კი დასასრული, სევდიანი და თავიდანვე შეწყვეტისთვის განწირული… ფიცჯერალდი მხოლოდ გეთსბი არ არის, ამ წიგნის შემქმნელი წიგნზე დიდია…

ფიცჯერალდის ცხოვრება თავისი გმირების ბედს ჰგავდა – ახალგაზრდა, ამბიციებით სავსე, მარად დიდებისა და სიყვარულის მოლოდინში მყოფი ბიჭი, მინესოტაში დაიბადა და წარმატება სამხედრო სამსახურის დამთავრებამდე არ ღირსებია. 1920 წელს გამოაქვეყნა რომანი „სამოთხის ამ მხარეს“ და წარმატებული კარიერისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთი აიღო. მერე ზელდას ამბები იყო, ამერიკის ყველა კაშკაშა წყვილად იქცნენ და ერთმანეთს უმეორებდნენ: „ძვირფასო სკოტ – ძვირფასო, ზელდა…“ სულ წვეულებებს მართავდნენ, ხმაურითა და თავისუფლებით ტკბებოდნენ, მაგრამ ეგ ამბავიც მალე მორჩა – ფინანსურ პრობლემებს ფსიქიკური სირთულეებიც დაერთო და თითქოს ყველაზე მკვეთრი შუქი სამუდამოდ ჩაქრა. ამბობდნენ, ფიცჯერალდს ჰემინგუეი სძულდა, რადგან ზელდასა და მას შორის რომანზე ეჭვობდაო…

ეგონა, რომ მარადიული ბედნიერება ნახა და ეგეც წარმავალი ყოფილა. 1925 წელს გეთსბის ისტორია გამოვიდა, მაგრამ პოპულარობა დიდად ვერ მოიხვეჭა, დრო დასჭირდა იმას, რომ მკითხველი მიმხვდარიყო – ეს წვეულებების წიგნი კი არა, ადამიანის ტრაგიკულ შრეებში ხეტიალია. პერსონაჟი ძალიან ცხადად მისდევდა ილუზიას, ამერიკულ ოცნებას, ძალაუფლებით, სიმდიდრითა და სიყვარულით სავსე სამყაროს შენატროდა, სკოტიც ესეთი იყო…

ფიცჯერალდი გეთსბის სჯობდა, საკუთარ ოცნებებს, რომლებსაც ცხოვრება უნგრევდა, ფურცლებისთვის ინახავდა და იქ აღადგენდა ხოლმე, მერე მწერალიც ხდებოდა და მოთხრობის გმირიც… გეთსბის აღდგენა არაფრის არ გამოუვიდა, ფიცჯერალდმა კი ეგრე იცხოვრა, ცოტა ხნით, მაგრამ ზუსტად ეგრე…

ვისაც ფრენსის სკოტი მარტო გეთსბის შემქმნელი ჰგონია, ცდება. „ნაზია ღამემ“ გვითხრა, როგორ ინგრევა ინტელიგენციის ცხოვრება ევროპის ნაპირებზე, მაგრამ ეს თითქოს გეთსბის ისტორიის გადავლა იყო, უფრო ვრცელი, მაგრამ ბევრისთვის უფრო ზედაპირულიც – ფიცჯერალდი ეგეთი მწერალია, გეზიზღება თუ გიყვარს, მაინც ვერ ელევი და სულ კითხულობ, რამე თუ ჩაგივარდა ხელში, რადგან არავინ ისე ოსტატურად არ გადაურევს ერთმანეთში ფანტასტიკის, სევდისა და სისასტიკის იდეებს ერთამანეთს, როგორც ის და ასეთ დროს ავტორიც ბედნიერია და მკითხველიც. ჯაზის ეპოქაში იყო და სალიტერატურო სტილიც მუსიკალური ჰქონდა, თითქოს ჯაზი ხმა გესმის მისი ტექსტების კითხვისას – ის ლაღია, სევდიანი, ცვლადი მუსიკალური ტემბრით და ეპოქის საუნდტრეკადაც იქცევა.

ალკოჰოლიზმს ჯაზის ეპოქის ექსტრავაგანტური კაცი აბა როგორ გაექცეოდა? რეალურად სმამ მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არ უცხოვრია, ამერიკულ ლიტერატურაზე უდიდესი კვალი დატოვა, კრიტიკული პერსპექტივა, სულ სხვა პერსპექტივიდან დანახული ამერიკული ოცნება, მნიშვნელობის და ფუნქციის ძიება ამ აჩქარებულ სამყაროში, ზედაპირული მომხიბვლელობა და მერე იმედგაცრუება, – ეს თემები განიხილა. 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, ყველანაირი დრაივი გამოიარა და ისე წავიდა. ვიღაცისთვის ზელდაზე შეყვარებული მწერალია, ვიღაცისთვის უბრალოდ დიდი ავტორი, ვიღაცისთვის მელანქოლიური იდიოტი, მაგრამ მისი სიდიდეც ეგაა – რომ ყველასთვის არის ვიღაც, ვინც დიდ გეთსბიზე უფრო დიდია, ვისაც მნიშვნელობა ყველას გულში შეძენილი აქვს და სწორედ ამ გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ ეს ის კაცია, ვინც სევდას სილამაზედ აქცევს – ეს ბევრს არ შეუძლია.

 

343 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.