fbpx

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება – რას უნდა ველოდოთ?


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

თბილისის წიგნის დღეები – დღესასწაული წიგნის მოყვარულთათვის კვლავ ბრუნდება. 14-16 ნოემბერს ტრადიციულად ექსპო ჯორჯია გვიმასპინძლებს. ფესტივალზე ათეულობით გამომცემლობა დაგვხვდება. გარდა გამოფენა-გაყიდვისა, როგორც ყოველთვის, წიგნის დღეებზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სტუმართათვის მომზადდება კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამა. ჩვენ კი რამდენიმე კარგ წიგნს გირჩევთ, რომელიც ლიტერატურულ ზეიმზე არ უნდა გამოგრჩეთ.

 

  • სიმონ დე ბოვუარი – მეორე სქესი (ცხოვრებისეული გამოცდილება – წიგნი II)

რევოლუციური მნიშვნელობის ნაშრომის მეორე წიგნი თქვენ წინაშეა. სულაკაურის გამომცემლობა აგრძელებს სიმონ დე ბოვუარის ტექსტის გამოცემას და ქართველ მკითხველს აძლევს საშუალებას, უფრო კარგად გაეცნოს სქესთა შესახებ საყოველთაოდ დამკვიდრებულ მოდელებს და შეისწავლოს-დაანგრიოს გავრცელებული სტერეოტიპები. ამ წიგნში ასახულია მამაკაცების მიერ შექმნილი „მარადიული ქალურობის“ მითის გავლენა ქალის ბედზე. ავტორი მრავალი პერსპექტივიდან გვიამბობს ქალის არსის თაობაზე გავრცელებული უსაფუძვლო აზრების გამეფების პროცესებზე და თითოეულ მძიმე შეკითხვას სცემს პასუხს. 

 

  • ნიკოს კაზანძაკისი – კნოსოსის სასახლეში

ნიკოს კაზანძაკისის საოცარ შემოქმედებას ქართველი მკითხველი უკვე ძალიან კარგად იცნობს. ფანტასტიკური ბერძენი მწერლის ლიტერატურულ სამყაროში გამომცემლობა „ინტელექტი“ კიდევ ერთხელ გვაბრუნებს. „კნოსოსის სასახლეში“ ბერძნულიდან მაია კაკაშვილმა თარგმნა და ქართველ მკითხველს ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა. რომანი 1940 წელს დაიწერა და მითების რეფლექსია გახლავთ. კაზანძაკისი გვიყვება თავისუფლებაზე, განცდაზე, რომელიც უფლისწულს, მეფეს, ქვეშევრდომს და საერთოდ ყველას ერთნაირად სჭირდება. მთავარი გმირ თეზევსს საკუთარი თავის პოვნა აქვს გადაწყვეტილი. რომანი საოცრად პოეტურადაა დაწერილი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სამყაროში მუდმივი არაფერია.  თავისუფლება, დასასრული, ანტიკური სამყარო და პოეზია კაზანძაკისთან გველოდება…

 

  • თომას მანი – იოსები და ძმანი მისნი“

გამომცემლობა „ინტელექტის“ საოცარი საჩუქარი მკითხველს – ლეგენდარული თომას მანის შედევრი „იოსები და ძმანი მისნი“ ქართულ ენაზე. რომანი-ტეტრალოგია, რომელსაც თავად მანი საკუთარ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა. ამაზე ვრცელი მას არაფერი დაუწერია. რომანი იმდენად დიდია, რომ ბრეხტმა იხუმრა: „ყოველთვის მიყვარდა მისი მოკლე მოთხრობები.“ თომას მანი ნაცისტური რეჟიმის ზეობის ხანაში სამშობლოდან გადაიხვეწა. მან მოახერხა და მკითხველი იუდეურ ტრადიციასთან დაკავშირებულ ბიბლიურ ამბავს ახლებურად აზიარა. ეს იყო ბრძოლა რეჟიმთან, ბრძოლა საკუთარ თავთან, ბრძოლა ლიტერატურასთან, რომელიც თომას მანის გამარჯვებით დასრულდა და, ვარაუდობენ, ამან გამოიწვია ისრაელში თომას მანის აღიარებაც.

 

  • პატრიკ ზიუსკენდი – კონტრაბასი

რომან „სუნამოს“ ავტორი, ლეგენდარული პატრიკ ზიუსკენდი, კვლავ ჩვენ წინაშეა. გერმანელი მწერლის პირველი ნაწარმოები „კონტრაბასი“ ქართულად ბიძინა რამიშვილმა თარგმნა. გამომცემლობა „სიესტა“ ზიუსკენდის მკითხველებს შანსს აძლევს, კიდევ ერთხელ შეხვდნენ მათ საყვარელ ავტორს, რომელიც სევდიანი, ფაქიზი იუმორით პერსონაჟის აღსარებას გვთავაზობს. მარტოსული კონტრაბასისტი თავისი მეორეხარისხოვანი როლის წინააღმდეგ გაილაშქრებს და ვრცელი მონოლოგის საშუალებით საკუთარ დრამებით სავსე სამყაროში ამოგზაურებს მკითხველს.   

არ გამოგრჩAt წიგნის დღეები და მოუწყვეთ თქვენს თავს განსაკუთრებული ლიტერატურული გარემო.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.