fbpx

კულტურციდი – Mixed media პოლიტიკაში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო ამონაშვილი

 

იაპონელი ხელოვანის, იოშინორი ნივას თქმით, აუცილებელია ისტორიის, როგორც დომენის და დომინანტური საჯარო ისტორიული ნარატივის ურთიერთობის გარკვეული „რეაბილიტაცია“. როგორც ნივა ამბობს, დომენისა და დომინირების ამ პოზიციებს შორის ძალაუფლების ურთიერთობები რატომღაც არასრულყოფილია და რეაბილიტაციას საჭიროებს. 

 https://edelassanti.com/

ნივას 2012 წლის ნამუშევარი – “ვლადიმერ ლენინის ძებნა მოსკოვის ბინებში” ერთგვარი გამოძახილია წარსულის, რომელშიც საბჭოთა რეპრესიების კვალი ბევრ ქართულ ბინასა და ოჯახში შემოგვრჩა. დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოება ისევ ებრძვის ამ მემკვიდრეობას და ნივას მსგავსად, ვინმეს ლენინი რომ მოეძებნა სახლებში, ალბათ მას ბევრგან იპოვიდა. რთულია გაუმკლავდე მძაფრად დალექილ პროპაგანდას, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ ნივთებს, რომელსაც ჯერ კიდევ იყენებენ და ასევე საბჭოთა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მით უფრო მაშინაა რთული, როცა შენი მეზობელი რუსეთია და შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, ქართულ საზოგადოებას მძინარე მდგომარეობაშიც მოასმენინებდა საბჭოთა ჰიმნს. 

ცალსახაა, რომ ქართულ ხელოვნებასაც უსაუბრია სხვადასხვა დროსა და სივრცეში პოლიტიკასა და წარსულზე, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ თანამედროვე ხელოვნებას არ უყვარს ბევრ ფულზე საუბარი და თავის მხრივ არც ბევრ ფულს უყვარს თანამედროვე ხელოვნებ. ეს დამოკიდებულება ორმხრივია. მაგრამ ჩვენმა სახელოვნებო სივრცემ მაინც შემოინახა ნამუშევრები, რომლებიც გარკვეულ განაცხადს აკეთებენ ამ თემაზე.  კონსტანტინე მინდაძის ნამუშევარი, რომელიც 2011 წლის გამოფენა “Eco inspiration”-ზე ჰქონდა წარმოდგენილი, სწორედ ამის ნათელი მაგალითია. საგამოფენო სივრცეში მინდაძემ წარადგინა ინსტალაცია, რომელიც სხვადასხვა მასალას აერთიანებდა. რამდენიმე მწკრივად დაწყობილ თეფშებზე ქისები ელაგა და ამ ქისებზე  მნახველი მეკობრეთა ნიშანს ხედავდა, როგორც სიმბოლოს სიხარბისა და მომხვეჭელობის. ინსტალაცია ერთგვარი კრიტიკაა მძაფრი კოლექტიური სურვილების, ფულის მიმართ გამოხატული ფეტიშების, რომლებიც პირად კეთილდღეობას უკავშირდება. ცხადია, ფული კვების ობიექტი პირდაპირი მნიშვნელობით ვერ იქნება და არც უნდა იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ბიუჯეტს ეხება, რომელიც ოლიგარქთან ერთად არალეგიტიმურ ხელისუფლებას აბარია, ეს ფული შეიძლება “სადილიც” იყოს, “საუზმეც” და “ვახშამიც”. 

სოციალურ ჩაგვრაზე და თავგანწირვაზე გვიყვება სალომე ჯოხაძის ნამუშევარი “პირი ამოიკერეს”. ავტორმა ის გალერეა 4710-ში წარადგინა. 2020 წლის ჯგუფური გამოფენის სახელწოდება – “აუცილებელი რიტუალები” ერთგვარ ირონიად გასდევს ნამუშევარს. კონტექსტი იმჟამინდელ მძიმე სოციალურ ფონს უკავშირდება, რომელიც დღემდე მოუგვარებელ პრობლემად გვრჩება და პერიოდულად ისევ გვახსენებს თავს. სიტყვათა ერთობლიობა – “აუცილებელი რიტუალები” გარდაუვალ მოცემულობად ებმის ნამუშევარს, თითქოს პირის ამოკერვა ის აუცილებელი აქტია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. სოციალურ უთანასწორობაში, ემპათიისგან დაცლილ ხელისუფლებასთან ბრძოლის უკიდურესი ეს ფორმა, თავისი სიმძიმის მიუხედავად, მთავრობისთვის მაინც დარჩა შეუმჩნევლად. სალომეს ნამუშევარიც თავის მხრივ გამოხატავს საზოგადო განწყობას და აქრობს სისხლიან, ტკივილიან ბუნებას, ტოვებს ამბავს ყვავილებად, ვიზუალურ პოეზიად. 

თუკი ავტორიტარულ რეჟიმში მთავრობის მხრიდან რამის მიმართ არსებობს ვნება, კორუფციის ვნება ერთ-ერთია. გვანცა ჯიშკარიანის “Economics of Betrayal”  ღალატსა და ფულზე ერთდროულად მიგვანიშნებს. ნამუშევარი ერთგვარი ირონიული კომენტარი ხდება ქართულ სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც ვუყურებთ, მთავრობის წევრები საკუთარ ყოფილ და ახლანდელ თანაპარტიელებს როგორ აკავებენ ან დასაკავებლად ამზადებენ. სიტყვათა შეთანხმება – “ღალატის ეკონომიკა” უკვე მოიაზრებს იმას, რომ არსებობს ღალატის “ფასი” – მორალური თუ წმინდა ფინანსური გადმოსახედიდან. გვანცა ამ ნამუშევრით კიდევ ერთხელ გვახსენებს ძალაუფლების იმ ფორმას, რომელშიც ფინანსური კეთილდღეობისთვის ღალატობენ ქვეყანას, მეგობრებს, თანაპარტიელებს და საკუთარ თავსაც კი. მსგავს დაძაბულ კონტექსტში, თუკი პოლიტიკოსს თვითგამორკვევა ან სულაც თვითგადარჩენა უნდა, შესაძლოა მისთვის ჯენი ჰოლზერის  – “Protect Me From What I Want” უფრო კარგი შეხსენება აღმოჩნდეს, ვიდრე რიგითი მოქალაქისთვის.  

ჰანს ჰააკეს ნამუშევარი კი “The Business Behind Art Knows the Art of the Koch Brothers” (2014) ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად და გასაკრიტიკებლად, თუ როგორ იძენენ საზოგადოებრივი ინსტიტუციები მდიდარი დონორების იდეოლოგიურ გავლენას. ჰააკეს ეს ნამუშევარი ასახავდა იმას, თუ როგორ ფინანსდებოდა კულტურული ინსტიტუცია კორპორაციული კაპიტალით და ეს ყველაფერი იყო მყვირალა, ხმაურიანი, მარკეტინგულიც.

ქართულ ხელოვნებაშიც არაერთი მსგავსი შემთხვევა გვაქვს. ხელოვნება ხშირად ხდება სხვისი გავლენის ობიექტი, ძალაუფლების და ბევრი ფულის. ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ამან კიდევ უფრო მახინჯი სახე მიიღო. ამ  ფაქტის ნათელ მაგალითად ბევრი ქართული სახელოვნებო პროცესის მოყვანა შეგვიძლია სხვადასხვა დროსა და პერიოდში, მაგრამ ამ მხრივ გამოვყოფდი 2015 წლის ამბავს, როცა ივანიშვილმა ფიროსმანის ნახატი “არსენალის მთა ღამით” კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა. ამ ამბავში ალბათ არაფერი განსაკუთრებული არ იქნებოდა, რომ არა ერთი რამ: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მისული დამთვალიერებელი ამ ფაქტს ადგილზეც ეცნობოდა, რადგან ნამუშევრის ქვევით, პატარა აბრაზე დატანილი იყო ინფორმაცია, საიდანაც ირკვეოდა ის, თუ ვისი მსუყე წვლილი იყო იმაში, რომ ეს ნამუშევარი ეროვნულ გალერეაში მოხვდა და გამოიფინა. ცხადია, რომ ამ ფაქტს და ჰააკეს ნამუშევარს ბევრი საერთო აქვთ: პოლიტიკით დაინტერესებული ინდივიდები, მით უფრო ისინი, ვისაც ქვეყნის მმართველობა სურთ, ყოველთვის დგამენ პიარისთვის ხმაურიან ნაბიჯებს, ამისთვის იყენებენ ხელოვნებას, თანაც საზოგადოებისთვის სენსიტიურს, ძვირფასს და საყვარელს; გვევლინებიან კულტურის მცველებად, ფინანსურ დონორებად, ქველმოქმედ ადამიანებად და ზოგჯერ ეს ყველაფერი იქამდე არ სრულდება, სანამ საზოგადოების მხრიდან გამოხატული ნდობა მასშტაბურად არ ვლინდება ან  ძალაუფლების შენარჩუნება არ ხდება საჭირო. 

“Letter to the censors” (წერილი ცენზორთათვის) კი კარლოს გარაკოას ნამუშევარია, რომელიც ეხება გამოხატვის თავისუფლებას და ხელოვანის ბრძოლას შეზღუდვებთან. “Letter to the Censors” არის პასუხი იმ რთულ გამოცდილებასა და შემოქმედების პროცესში ჩარევაზე, რომელიც კუბას უკავშირდება და არა მხოლოდ. ნამუშევარი მოიცავს კინოთეატრის მაკეტს, რომელშიც მნახველი ნახავდა  ცენზურაგავლილი  ფილმების პროექციას. ეკრანზე არა მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ფილმებია პროეცირებული, არამედ ცენზურის ოფისიც, სადაც თავმოყრილი იყო დაშლილი ფირები და ფირების მონტაჟზე მომუშავე ცენზორების ფიგურები. ავტორიტარული რეჟიმების ბედი ყოველთვის უფრო მძიმეა, ვიდრე მიტოვებული, დანგრეული და უსახურავო შენობებისა. ქართულმა ოცნებამაც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ფილმის ცენზურისკენ გადადგა და სამიზნეში რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი – “მოთვინიერება” ამოიღო. რეჟიმს არცერთი სამხილი არ სჭირდება, სადაც პატარა ნამცეცი მაინც იკვეთება საზოგადოების უკმაყოფილების, მაგრამ ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ხელოვნება ინახავს და ამხელს არსებულ რეალობას. ცენზურის ფაქტები გაგრძელდა და გაგრძელდება ქართული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობაც. 

 ოლიგარქიულ და რეპრესიულ მმართველობაში მძიმეა იმ ხალხის ბედიც, ვინც დუმს და ხმას არ იღებს. ასეთი კონფორმისტები კი მრავლად გვყავს. ხელოვნებაში ცოტაა ისეთი რამ, რომ არ გაცხადდეს. დუეტის Sommerer / Mignonneau 2010 წლის ნამუშევარი – “The Value of Art – Sheep’s Head” (ხელოვნების ღირებულება – ცხვრის თავი) მგონია, რომ სწორედ ასეთი კონფორმისტი ხელოვანების ვიზუალური პორტრეტის დასახასიათებლად არის გამოსადეგი, მაშინ როცა ისინი უთქმელი ცხვრებივით იქცევიან და პარალელურ რეჟიმში საკუთარი “ბეწვის” გაყიდვით არიან დაკავებულები.

პროცესი, რომელსაც ოლიგარქიული მმართველობის დროს ვუყურებთ, სხვა არაფერია, თუ არა კულტურციდი. ამორალურობის დამკვიდრება და ხელოვანებთან ბრძოლა არალეგიტიმური მთავრობის რუტინა გახდა, ისევე როგორც სახელოვნებო პროცესში ჩარევები. სანდრო ფაჩუაშვილის 2022 წლის ნამუშევარი – “What a show” ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა ემართებათ მათ, ვინც ხელოვნების წინააღმდეგ მიდის. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული თანამედროვე ხელოვნება იქნება კონტრვერსიული და წინააღმდეგობით სავსე.  თუ კი ცენზორთათვის წერილების წერა მოგვიწევს, ჩემს წერილში აუცილებლად იქნება სანდროს ნამუშევარი, დასტურად ჩვენი გამარჯვებისა. 

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! გამარჯვება ხალხშია!  

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.