fbpx

Aea: Culture Initiative-ის პირველი გამოფენა წლევანდელ ვენეციის დიზაინის ბიენალეზე


გააზიარე სტატია

 

📍Tanarte / Spazio Tana, Fondamenta della Tana, 2111, Venice
4 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, 2025
ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 10:00 – 9:00.
დაკეტილია  ორშაბათობით (20 ოქტომბრის გარდა).
დასწრება თავისუფალია.

Aea: Culture Initiative ემიგრანტი შემოქმედების ტრანსდისციპლინური  ლაბორატორიაა, რომელიც ქალის პერსპექტივაზეა ორიენტირებული.
Aea-მ ვენეციის დიზაინის ბიენალეს მე-5 გამოშვებაზე  პირველი ფიზიკური პროექტი წარადგინა. გამოფენა, სახელწოდებით  “ფორმა, რომელიც რჩება: ექვსი ჟესტი დარღვეული  გეოგრაფიების აღსადგენად” იკვლევს და აკვირდება, თუ როგორ განვაგრძობთ ცხოვრებას ჩვენთვის ჩვეული სამყაროს დანგრევის შემდეგ. გამოფენა ამერიკელი პოეტისა და მწერლის, ლიზა ტეილორის რომანის სახელს ატარებს. რომანი ტრაგიკული დანაკარგის შემდეგ ცხოვრებაში დაბრუნებას ეხება. 

პროექტი შედგება ექვსი დამოუკიდებელი ნაწილისგან, რომელიც მონაწილე ხელოვანების პირად გამოცდილებებზეა აგებული. ყოველი ნამუშევარი არის მათი რეაქცია უკვე არსებულის, ჩვეულის განადგურებასა და რღვევაზე, რის შედეგადაც გადარჩენის არასწორხაზოვანი გზები იბადება. ქალებმა – იტალიიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან – არა მხოლოდ გადაჰკვეთეს საზღვრები, არამედ გადაურჩნენ პოლიტიკურ, ეკოლოგიურ, კულტურულ თუ პირად კრიზისებს. სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებში ასახულია  ზრუნვის, ყურადღებისა და გამძლეობის ჟესტები. ეს ისტორიები არა რეგენერაციაზე, არამედ შინაგანი ცხოვრების რღვევებზე გვესაუბრება – მწუხარებით, გაურკვევლობით, მაგრამ იმედით. ის გვიყვება ქალის არჩევანზე, რომ დარჩე იმ მდგომარეობაში, რომელიც  გატეხილია, ნაცვლად ხელოვნური გამთლიანებისა. თანამედროვე სამყაროში, სადაც მუდმივი დაშლის, ნგრევის პროცესი მიმდინარეობს, პროექტი რეალობასთან თანაარსებობის გზების პოვნას გვთავაზობს.

გამოფენის კურატორი: ნატა ტატუნაშვილი
მონაწილე ხელოვანები: სარა ქოულსი (აშშ), ნანკა დოლიძე (უკრაინა, საქართველო), სილვია გელაინი (იტალია, საფრანგეთი), ოლენა გრანკინა (უკრაინა, გერმანია), ლიზა კოლოსოვა (რუსეთი, საქართველო), ალისა გვოზდევა (რუსეთი, საქართველო), კიმია დეგჰანი (ირანი, საქართველო).

Aea: Culture Initiatives

Aea ტრანსდისციპლინური  ლაბორატორიაა ემიგრანტი შემოქმედებისთვის, რომელიც ჩამოყალიბებულია მიგრაციის გამოცდილებით და ორიენტირებულია ქალის პერსპექტივაზე. ინიციატივა აერთიანებს 60-ზე მეტ ქალს ცხრა ქვეყნიდან და ავითარებს სახელოვნებო პროექტებს კოლექტიური შემოქმედებისა და თანამშრომლობითი მეთოდების გამოყენებით, რაც მოიცავს პუბლიკაციებს, რეზიდენციებს, ვორქშოფებს, საჯარო ღონისძიებებს, დისკუსიებსა და გამოფენებს. Aea-ს მუშაობა ეფუძნება ჰორიზონტალურობას, კოლექტიურ მოქმედებას და საერთო ცოდნას, რომელიც მომდინარეობს მიგრაციით  განპირობებული ცხოვრებიდან.

www.aeainitiative.com 

ვენეციის დიზაინის ბიენალე  დიზაინის კულტურის მუდმივი ფორუმია, რომელიც ვენეციას დიზაინის საერთაშორისო ლიდერების ქსელთან აკავშირებს.  ვენეციის დიზაინის ბიენალე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და  არქიტექტურის ბიენალეს ემთხვევა.


ვენეციის დიზაინის ბიენალე 2016 წელს დააარსეს ლუკა ბერტამ და ფრანჩესკა ჯუბილეიმ. ბიენალეზე წარმოდგენილია მთავარი კურატორული თემატური გამოფენა და სხვა თანაგამოფენების სერია. მე-5 გამოშვების თემა, რომელიც პროექტის კურატორებმა და დამფუძნებლებმა ლუკა ბერტამ და ფრანჩესკა ჯუბილეიმ შემოგვთავაზეს, არის გადაშენება / ხსნა Extinction / Salvation. www.venicedesignbiennial.org

პროექტის მთავარი პარტნიორი – Agglotech SpA ევროპაში ტერაცოს უდიდესი მწარმოებელია, რომელიც მარმარილო-ცემენტის აგლომერატების გამოყენებას უწყობს ხელს. 

www.agglotech.com  

პარტნიორი – Ani Pirveli Events

სრული სერვისის ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ქმნის დასამახსოვრებელ ღონისძიებებს.

www.anipirvelievents.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.