თიბისის მხარდაჭერით ლადო ასათიანის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
ფოტოგრაფი: გიორგი ნაკაშიძე
24 ოქტომბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა.
პროექტი, რომლის განხორციელებაშიც თავად პოეტის შვილიშვილი ეკა ჯანიკაშვილი მონაწილეობდა, ლადო ასათიანის ცხოვრებას ახლიდან და უფრო ახლოდან გვაცნობს. სახლ-მუზეუმის ახალი კონცეფციის ავტორი მწერალი აკა მორჩილაძეა, პროექტის კურატორი – მარიამ კაკაბაძე, მიზანი კი პოეტის ცხოვრების იმ ნაწილის ჩვენება, რომელსაც საბჭოთა ცენზურა ათწლეულების განმავლობაში მალავდა.
განახლებულ ექსპოზიციაში პოეტის პიროვნება და შემოქმედება საბოლოოდ თავისუფლდება ცენზურისგან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლადო ასათიანის ოჯახის ისტორიას, საბჭოთა ეპოქის მძიმე, რეპრესიულ რეალობასა და იმ პირად ტრაგიზმს, რომელიც პოეტის ცხოვრებას თან სდევდა.
მარიამ კაკაბაძე, პროექტის კურატორი
როგორ გაჩნდა ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის რეექსპოზიციის იდეა?
იდეა, რომ გაკეთებულიყო ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის რეექსპოზიცია, 2022 წელს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩატარებული ლადო ასათიანის პოეზიის საღამოს ექსპოზიციის აწყობის შემდეგ გაჩნდა. ხელნაწერები სხვადასხვა არქივებიდან შევაგროვე და ვეცადე თანამედროვე ფორმით, წინანდლის მუზეუმის დარბაზში გამომეფინა. შემდეგ ეს კოლექცია ცაგერის ისტორიულ მუზეუმს გადავეცით.
რამდენიმე წლის განმავლობაში ლადო ასათიანის ოჯახთან და ცაგერის მუზეუმთან მუდმივი თანამშრომლობა გვქონდა და შესაბამისად, იგეგმებოდა ამ პროექტზე მუშაობის ეტაპები. თიბისი ბანკის დიდი მხარდაჭერით, 2025 წელს საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო.
რა არის მთავარი ღერძი, რომელსაც მიჰყვება ახალი ექსპოზიციის კონცეფცია და რა იყო მთავარი გამოწვევა განახლების პროცესში?
გამოწვევა იყო თხელ ზღვარზე სვლა, რომ ბალანსი არ დარღვეულიყო მემკვიდრეობისა და თანამედროვე ფორმის დაკავშირებისას. გადაბმის წერტილი სწორი, მათემატიკურად ზუსტი და თან პოეტური და შემოქმედებითი უნდა ყოფილიყო. ძალიან რთული იყო დროისა და სივრცის შეგრძნება და მისი ზუსტი გადმოცემა ისეთ ინტიმურ და თან საჯარო სივრცეში, როგორიც არის სახლ-მუზეუმის სტრუქტურა.
ძალიან საფრთხილო, სათუთი პროცესი გავიარე იმისათვის, რომ იმ ეპოქის არქიტექტურა, როგორც ფასადი, ასევე ინტერიერი არ დარღვეულიყო პატარა ელემენტებითაც კი, რაც ხელოვნურობის განცდას დატოვებდა. ყველა მინიმალური დეტალიც კი დიდი ყურადღებითა და სიზუსტით შევარჩიე.
რამდენიმე კომპონენტი შემიძლია გამოვყო ამ პროექტზე მუშაობის პროცესიდან – არქიტექტურული ნაწილი – ეთნოგრაფიული მხარე; ინტერიერი – რომელიც იყოფა როგორც საცხოვრებელ სივრცეებად, რაც საკმაოდ ინტიმური გარემოა, ასევე, ექსპოზიციის სივრცედ, სადაც უფრო მკაფიო და გრაფიკული სამუზეუმო დიზაინის კომპონენტები ფიგურირებს; ლადო ასათიანისა და მისი ოჯახის სრული სურათის ჩვენება – ისტორიული ფონის და ეპოქის სიმძიმის ხაზგასმა – საბუთები, ოქმები და ა.შ.; პოეზიის ნაწილი – ლადოს ავტოგრაფების რეპროდუქციების გამოფენა; ფოტოგრაფია – პირადი და მისი სამეგობროს, უდიდესი ქართველი მოღვაწეების ფოტოები, რაც კიდევ უფრო დეტალურად უსვამს ხაზს მთელ კონტექსტს: – ეს რამდენიმე კომპონენტი თანამედროვე ენით უნდა გადმოთარგმნილიყო, ამასთან ძალიან ფრთხილად და მკაფიოდ, რომ სტუმარს სრული, მრავალშრიანი სურათი და კონტექსტი უფრო ადვილად აღექვა. ვფიქრობ, საბოლოოდ, ზუსტად ის შედეგი მივიღეთ, რაც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული და ერთობლივი რესურსით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული, სამეცნიერო და საკურატორო ნამუშევარი და სივრცე შეემატა ჩვენს ქვეყანას.
ეკა ჯანიკაშვილი, ლადო ასათიანის შვილიშვილი
რას ნიშნავს ლადო ასათიანის ოჯახის წევრისთვის სახლ-მუზეუმისა და პოეტის ცხოვრების დამალული ნაწილის გაცოცხლება?
ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ლეჩხუმში, სოფელ ბარდნალაში, ასათიანების საგვარეულო სახლში არსებობს ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი, რომელიც ლეჩხუმის გამორჩეული ადგილია კულტურული და ისტორიული მნიშვნელობითაც. სამწუხაროდ, ბარდნალის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი საბჭოთა ცენზურაგავლილი მასალის უმრავლესობა საერთოდ არ ასახავდა ლადო ასათიანის მძიმე ცხოვრებასა და მისი ოჯახის ტრაგიკულ ბედს. ეს სახლ-მუზეუმი ბევრ მოგონებასთან არის დაკავშირებული. მახსოვს, როგორ იქმნებოდა პირველი ექსპოზიცია, რომლის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობა მიიღო ლადოს დამ – მედეა ასათიანმა და ლადოს მეუღლემ – ანა ვაჩნაძემ. ახალ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ბევრი ახალი და უცნობი მასალა უფრო ნათლად ასახავს 26 წლის პოეტის ტრაგიკულ ბედს, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ემოციურია. მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო და ხალხი.
ვფიქრობ, რომ განახლებული სახლ-მუზეუმი ბევრი საინტერესო და შემოქმედებითი შეხვედრის ადგილი გახდება ნატო ზაქარიაძის, ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, აქტიური თაოსნობით.
მარიამ წიქარიძე, თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი
რა მნიშვნელობა აქვს თიბისისთვის მსგავს კულტურულ პროექტებში ჩართულობას და როგორ ეხმაურება ეს ინიციატივა ბრენდის საერთო კულტურის მხარდაჭერის სტრატეგიას?
თიბისისთვის კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდი უკვე წლებია ორგანიზატორი, მხარდამჭერი და მასპინძელია უამრავი გამოფენისა და კულტურული პროექტის, რომელიც ქართულ კულტურულ ცხოვრებას ახალ ენერგიას სძენს.
ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის ექსპოზიციის განახლება სწორედ თიბისის კულტურის სტრატეგიას პასუხობს. ამ პროექტში ერთიანდება ის მთავარი მიზნები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია: ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა, რეგიონული კულტურული სივრცეების გაძლიერება და ისტორიული მეხსიერების თანამედროვე კონტექსტში გაცოცხლება.
დღეს, მუზეუმის ახალი ექსპოზიცია საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ლადო ასათიანის ნამდვილ ამბავს, სადაც კარგად ჩანს პოეტის ცხოვრება, განვლილი გზა და ის, თუ როგორ სასტიკად ეპყრობიან რეჟიმები ადამიანებს.
როგორ ხედავთ ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის პროექტის გავლენას ადგილობრივი კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნაზე?
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მუზეუმი მხოლოდ პროექტის მემორიალად არ დარჩეს – მას უნდა ჰქონდეს გაგრძელება თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში, გადაიქცეს ცოცხალ ადგილად, რომელიც ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს გააჩენს, იქნება შეხვედრების, კვლევის, დიალოგის და შთაგონების სივრცე.
რადგან ყველა პროექტის უკან ადამიანები დგანან, მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ღირებული და სასიამოვნო იყო ამ პროექტზე მუშაობა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანთან – ლადო ასათიანის შვილიშვილთან, ეკა ჯანიკაშვილთან, პროექტის კურატორ მარიამ კაკაბაძესთან, მუზეუმის განახლებული კონცეფციის ავტორთან, მწერალ აკა მორჩილაძესთან, ცაგერის ისტორიის მუზეუმის დირექტორთან – ნატო ზაქარიაძესთან, ექსპოზიციონერ ედიშერ ბერაძესთან და მუზეუმის ერთგულ გიდთან – ფატი ომანაძესთან ერთად.
გვიხარია, რომ განახლებული მუზეუმი ბარდნალასა და მთლიანად ლეჩხუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი ყოველთვის იყო ლეჩხუმელებისთვის საყვარელი შეხვედრის ადგილი. იმედია, ასეც გაგრძელდება – ერთმანეთს შეხვდებიან ადგილობრივი მოსახლეობა და სტუმრები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და ბევრი საინტერესო ინიციატივაც გაჩნდება.









