fbpx

ნიუ-იორკში, გლადსტოუნის გალერეაში ანდრო ვეკუას გამოფენა გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

ფოტო: ზაქარია ჭელიძე, ნათია აბრამია

 

6 ნოემბერს ნიუ-იორკში, ცნობილ გლადსტოუნ გალერეაში ქართველი ხელოვანის, ანდრო ვეკუას გამოფენა გაიხსნა. 

როგორც გალერეის პრესრელიზში ვკითხულობთ, ანდრო ვეკუა ახალ ნამუშევრებში ისტორიულ ტრადიციას თანამედროვე ეპოქის სირთულეებთან აერთიანებს. მხატვარი იყენებს კლასიკურ თემატიკას – ყვავილების ნატურმორტებს, მწოლიარე ფიგურებს და პორტრეტებს, თუმცა, მათ აძლევს ღრმა ფსიქოლოგიურ განზომილებას, რითაც წარსულს კომპლექსურ ინდივიდუალურ გამოცდილებასთან აკავშირებს.

ამ ნამუშევრებში მხატვარი იკვლევს ზღვრულ სივრცეს ინდივიდის სუბიექტურ გამოცდილებასა და სამყაროს უნივერსალურ აღქმას შორის. წარმოსახვის, შემოქმედებითი პროცესისა და ნამუშევრების სტრუქტურის მეშვეობით კი ქმნის ემოციურად დამუხტულ ლანდშაფტს. ფორმალური ტრადიციის შეზღუდვებისა და თხრობის საზღვრების თავიდან აცილებით, ვეკუას შემოქმედება ნახევრად სინათლეში, ფსიქიკურ გეოგრაფიაში არსებობს, სადაც წარსული აწმყოს ეჯახება.

ხელოვანი თავისი ნამუშევრებით მაყურებელს ხშირად სთავაზობს წარსულში მტკივნეულ, თუმცა ფრაგმენტულ დაბრუნებას,   რაც შესაძლოა, მის ბავშვობასთანაა დაკავშირებული – ანდრო ვეკუა სოხუმიდანაა, იქ გაიზარდა და აფხაზეთის ომის დროს მოუწია მშობლიური ქალაქის დატოვება. მის ნამუშევრებში მუდმივად ერთიანდება პერსონალური თუ კოლექტიური მოგონებები. ხშირია განმეორებადი მოტივები ან ფრაგმენტები. 

ანდრო ვეკუა ამჟამად ციურიხსა და ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს, მისი ნამუშევრები  კი მსოფლიოს უამრავ ცნობილ და მნიშვნელოვან საგამოფენო სივრცეებში გამოიფინა.  არტისტი მხატვრობის გარდა ხელოვნების სხვადასხვა მედიუმშიც მუშაობს – იქნება ეს  ფოტოგრაფია, ფილმი, კოლაჟი, სკულპტურა თუ ინსტალაცია. 

გლადსტოუნის გალერეა, სადაც ანდრო ვეკუას გამოფენა მეოთხედ გაიმართება, საერთაშორისო ხელოვნების გალერეაა, რომელიც ნიუ-იორკში 1980 წელს ბარბარა გლადსტოუნმა დააარსა. გალერეა ცნობილია იმ მხატვრებთან თანამშრომლობით, რომელთა ექსპერიმენტული და წინასწარმეტყველური მიდგომები თანამედროვე ხელოვნების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამასთანავე, გალერეა ზრუნავს ისტორიული ფიგურების მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. 

დამთვალიერებელი გამოფენის ნახვას დღეიდან 20 დეკემბრის ჩათვლით შეძლებს. 

247 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.