სამშობლო – ჯგუფი ‘ბულიონის’ გამოფენა გორის ხელოვნების სახლში
რა არის სამშობლო და რა გვიყვარს, როდესაც სამშობლო გვიყვარს?
ხელოვნებისგან პასუხებს არასდროს ველი; უფრო კითხვებს თუ ვეძებ ხოლმე ან თანამგრძნობ სივრცეს – საკუთარი კითხვების დადასტურებას, თანაშეგრძნებას, რომ ჩემ ფიქრებს სხვაც იზიარებს.
ჯგუფი ‘ბულიონის’ გამოფენას, რომელიც 20 სექტემბერს გაიხსნა გორის ხელოვნების სახლში, სწორედ ‘სამშობლო’ ქვია. ის დროში გაბნეულ ისტორიულ მოვლენებს ფაქტობრივი და პირადი გამოცდილების პერსპექტივიდან იკვლევს. საქართველოს მეტაფორებად ქცეულ ნამუშევრებს, პატარა აღწერების ნაცვლად, ხშირად, რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტაცია ახლავს თან, თითქოს, რომ უფრო თვალსაჩინო გახადოს – ეს ყველაფერი ნამდვილად იყო.
გამოფენა ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, იძულებითი მიგრაციის ისტორიებს ყვება, ძალაუფლების სიმბოლოებს, ადგილ-ადგილ, პოეტური და სევდიანი ჩანართები ცვლიან, მჩაგვრელები და ჩაგრულები – ერთი და იმავე ამბის ორი მხარე, აქ ერთ სივრცეში არიან მოქცეულნი.
ძალაუფლების სიმბოლოებს, ლადო ხართიშვილის და ნატალია ვაწაძის ობიექტებში, თითქოს სიმყიფე, სისუსტე აქვთ შეპარული და ჩვენ თვალწინ, ნელ-ნელა ძალა ეცლებათ. ასეთია, მაგალითად, ჯგუფი ‘ბულიონისთვის’ კარგად ნაცნობი სიმბოლო – სუფრა, რომელიც ამჯერად ნახევრად წაქცეულია. სუფრაზევე მოთავსებულ ხართიშვილის ობიექტს, პედესტალიდან გადმოვარდნილ თუ გადმოგდებულ სტალინის ძეგლს, მისივე თანმდევი ვიდეო ხსნის სადაც ხელი, მუჭში იმტვრევს ბელადის ფიგურას. სუფრის კიდეში, ნატალიას საოჯახო ფოტოები და ბერძნული მარკები დევს, რომლითაც ის მისი წინაპრების, პონტოელი ბერძნებისა და მათი გადასახლების ისტორიას ყვება. ეს ფოტოები ერთგვარ სიმძიმის ცენტრს ქმნიან, – თითქოს მათ გამო დაიხარა მაგიდა და გადმოვარდა სიმაღლიდან ‘დიდი ბელადი’ – ერთ ღამეში ადამიანთა აყრისა და გადასახლების დიდოსტატი.
‘ეს გამოფენა ჩემზეა, ომზე და ქვეყანაზე, რომელსაც სამშობლოს ვეძახი’ – ამბობს ნატალია და ყვება ამბებს საქართველოზე, წარსულზე და აწმყოზე, ყვება ამბებს ადამიანებზე – სამშობლოსთვის დაღუპულ, სამშობლოდან გადასახლებულებ, სამშობლოსთვის მებრძოლ ხალხზე.
ამ ადამიანებიდან, ზოგიერთი, საგამოფენო სივრცეში დაკიდებულ კოსტუმებზე დამაგრებული ფოტოებიდან გვიმზერს – 9 აპრილს დაღუპულთა სურათები, ნატალია ვაწაძის ნამუშევარში იმ სამგლოვიარო სიმბოლოებად გადაიქცა, რომელიც ყველასათვის ნაცნობია, ვისაც 90-იანების საქართველოში უცხოვრია. ახალომგამოვლილ ქვეყანაში, ძაძებში შემოსილ ქალებს, გულზე ხან ერთი, ხანაც რამდენიმე მრგვალი ფოტოსურთი ეკიდათ – იმ ადამიანების, ვინც მოუკვდათ, ვინც დაკარგეს და ვეღარ იპოვეს, ვისაც გლოვობდნენ.
კოსტუმებს იარლიყზე ‘სამშობლო’ აწერია, ჯიბეში კი დაღუპულთა გრძელი სია აქვს ჩაკერებული. ნამუშევრის გვერდით, კედელს ფურცლების რიგი მიუყვება, სავსე ინფორმაციით სხვადასხვა წყაროებიდან. აფხაზეთი, ოსეთი, 9 აპრილი… მსხვერპლთა სტატისტიკა – დევნილები, დაშავებულები, გარდაცვლილები.
რიცხვებში ადამიანების დანახვა რთულია, კოსტუმზე დამაგრებული ფოტოებიდან კი ისინი პირდაპირ თვალებში გვიყურებენ.
გამოფენის თანმდევი ხმა პატარა ობიექტიდან მოდის, რომელსაც იმდენი დეტალი აქვს, რამდენიც აზრობრივი შრე. ეს ობიექტი გარეუბანში უკვე ნანახის შთაგონებით შეიქმნა – ძველ მანქანაზე დაშენებული საეკლესიო მაღაზიით. ნატალიას ობიექტში, ეს მანქანა შავი ვოლგაა – საბჭოთა დროში მოხვეჭილობის სიმბოლო, რომელზეც არამყარი და შეკოწიწებული მასალითაა დაშენებული ეკლესია, გარედან მიდგმული საბჭოთა მერხით და ფასადზე გამოტანილი ჯვრითა და წარწერებით – უფალო შეგვიწყალენ. ამ ფრაზას დღეში 9-ჯერ ან 40-ჯერ იმეორებს ახლა უკვე შავ პრადოებზე შემომსხდარი სამღვდელოების მრევლი, მაგრამ უფალი, ამ ქვეყანაში, ისევ მხოლოდ სხვების ხარჯზე გამდიდრებულებს წყალობს.
კედელზე ამონათებული მფრინავი მერცხლების ისტორია, ამ გამოფენამდე გავიგე. ერთ-ერთი შეხვედრისას, ნატალიამ მომიყვა, როგორ იპოვა შჩეჩინის მუზეუმში საომარი, დამცავი სამოსის საყელოზე ამოქარგული ეს ჩიტები და როგორ მალევე შეიტყო პოლონეთიდან გერმანელების მასობრივი გადასახლების ისტორიაც, – ოპერაცია, სახელად ‘მერცხალი’. დროსა და სივრცეში დაუკავშირებელი ეს მოვლენები, საქართველოდან იმჟამად შორს მყოფი ხელოვანისთვის, სამშობლოში მიმდინარე ამბებთან და საკუთარ შეგრძნებებთან დაკავშირდა. ეს სიმბოლო კი, ემიგრაციისა და სამშობლოში დაბრუნების მეტაფორად იქცა და ასე აღმოჩნდნენ მერცხლები ჯერ შჩეჩინში, მერე კი გორში საგამოფენო სივრცის კედელზე. სანამ ამ ამბავს ვუსმენდი, ინსტიქტურად ვხატავდი მერცხლებს. ფურცელს რომ დავხედე, მერცხლები უფრო პატარა, ფრთებიან ადამიანებს გავდნენ, – გადამფრენებს. მათში მეგობრები ამოვიცანი. თურმე, მერცხლები უცხო ქვეყნებში მიფრინავენ, მაგრამ სამშობლოში ყოველთვის ბრუნდებიანო; თურმე, არასდროს ავიწყდებათ, სად არისო, მათი სამშობლო, – მიყვებოდა ნატალია.
სამშობლოს, იდენტობისა და მეხსიერების დანაკარგებზე ყვება თემო ქართლელიშვილის მოზაიკაც. ნამუშევრის ტექსტი მუჰაჯირებზე, კავკასიიდან გადასახლებულ მუსულმანებსა და საქართველოდან ფერეიდანში გადასახლებულ ქართველებზე გვიყვება. თეთრ ფონზე ცისფერი, ლამაზი არაბული ასოებით გამოყვანილმა წარწერამ, მეც მაშინვე ფერეიდნელი ქართველები გამახსენა. უფრო ზუსტად კი, ის ფაქტი, როგორ ქარგავდნენ ასწლეულების განმავლობაში აკრძალულ ქართულ ასოებს სუფრებზე და საყოფაცხოვრებო ტექსტილზე ისე, თითქოს ორნამენტები იყო. რომ ფერეიდნელს არ დავიწყებოდა, უცხოს კი ვერ ამოეცნო მათში ქართული ანბანი.
მოზაიკის წარწერის ქართული თარგმანი – ‘საქართველოო, ლამაზო..’, ანა კალანდაძის ლექსიდანაა. და გონება თვითონ ასრულებს გაწყვეტილ ფრაზას: ‘სხვა საქართველო სად არის?’
ცოტ-ცოტა საქართველო, ამ გამოფენაში, ყველა ნამუშევარში შეიძლება იპოვო:
სტალინის პედესტალიდან ჩამოგდებულ ძეგლში, ფეხმომტვრეულ სუფრაში, მფრინავი მერცხლების ფიგურებში, კოსტუმებზე დაკიდებული სამგლოვიარო ფოტოებიდან მომზირალ ადამიანებში, ვოლგაზე დაშენებულ ეკლესიაში, უფალო შეგვიწყალენში.
კიდევ ერთი ნამუშევარი, თემო ქართლელიშვილისა და ნატალია ვაწაძის ვიდეოა იმ პალმის ხეზე, რომელიც ნატალიას 2018 წელს აჩუქეს და რომელიც, არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, იმერეთიდან წამოიღო და გლდანში დარგო, უბანში, რომლის მაცხოვრებლებმაც 1990-იან წლებში იძულებით დატოვეს აფზახეთი.
რამდენიმე თვის შემდეგ, ხეს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ ცეცხლი ჩააქრო და ხე გადაარჩინა. ის კვლავაც დგას და იზრდება.
ჩვენი სამშობლო, ყველაზე მეტად, მე სწორედ ამ ხეს მაგონებს.
გორის ხელოვნების სახლის შესასვლელთან, კარის თავზე, წარწერაა – ‘საქართველომ დღემდე მოაღწია ციხით’. ეს წარწერა პირველად რამდენიმე წლის წინ შევნიშნე და მაშინ სულ სხვანაირად ჟღერდა ჩემთვის – ციხესიმაგრეების მუზეუმად ჩაფიქრებულ ამ შენობისთვის, სრულიად ბუნებრივ ფრაზად მომეჩვენა.
დღეს, სიტყვები ‘ციხე’ თუ ‘ციხესიმაგრე’, სულ სხვა დატვირთვას ატარებენ. ციხე მართლაც ის ადგილია, რასაც დღევანდელიდან ხვალინდელ დღემდე მიყავს საქართველო – რადგან იქაა გამოკეტილი მისი სინდისი. ციხესიმაგრე კი, ადამიანთა ის ერთობებია, ხან მრავალ და ხან რამდენიმე კაციანი, რომლებიც მთელ ქვეყანაშია გაფანტული და უკვე წელიწადზე მეტია, ჯიუტად იცავს სიმართლეს.
გორის ხელოვნების სახლი ერთ-ერთი ასეთი ციხესიმაგრეა.
გამოფენა დაიხურება 16 ნოემბერს, 14:00 საათზე შედგება კურატორის ტური








