fbpx

თბილისში 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა


გააზიარე სტატია

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იტალიელი რეჟისორის, პიეტრო მარჩელის ფილმით – „დუზე“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ფილმში მუსოლინის როლის შემსრულებელი, იტალიელი მსახიობი ვინჩენცო პიროტტაც ესწრებოდა. 

„ფილმი, რომელშიც მე მუსოლინის როლს ვასრულებ, ვფიქრობ, ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, იმის მიუხედავად, დედამიწის რომელ მხარეში ცხოვრობს. რადგან აქ საუბარია განსხვავებაზე დიქტატურასა და ადამიანურ ღირებულებებს შორის, რომელიც ყველასთვის ერთნაირად ძვირფასია“. 

კინოფესტივალის ისტორიაში პირველად, გახსნის ცერემონია დედა-შვილს, მსახიობებს – თინა ლაღიძეს და ქეთევან ბარნოვს მიჰყავდათ. ფესტივალის ორგანიზატორმა გაგა ჩხეიძემ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა როგორც კინოს მნიშვნელობაზე, ასევე იმ ადამიანებზე, ვინც დღეს ქუჩაშია და სხვათა უფლებებს იცავს.

„თბილისის კინოფესტივალი ყოველთვის კინოს ზეიმია, თუმცა, დამეთანხმებით, ძნელია იზეიმო მაშინ, როცა ბევრი ჩვენი კოლეგა, მეგობარი, და, ძმა, პედაგოგი, ვერ არის შენ გვერდით, იმიტომ რომ ქუჩის მიღმა აპროტესტებენ და იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, იბრძვიან ადამიანის უფლებებისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მე უნდა გამოვხატო მათ მიმართ სოლიდარობა, თანადგომა და ვუსურვო გამძლეობა. ალბათ ამ დარბაზში ის ხალხია, ვისაც სჯერა, რომ ხელოვნება შეცვლის სამყაროს, ამისთვის კი საჭიროა,  ხელოვნება იყოს ცოცხალი და დამოუკიდებელი“.

გაგა ჩხეიძის გარდა, სცენაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი  დაგლას უები და იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო. ყველა მათგანმა მხარდაჭერა გამოხატა კინოფესტივალის მიმართ. 

კინოფესტივალის „საპატიო პრომეთე“ შვეიცარიელ რეჟისორს – ნიკოლა ვადიმოვს გადაეცა. „ვერ გამოვხატავ ჩემს ემოციას –  გარდა იმისა, რომ ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, წლების წინ მე აღმოვაჩინე ნათესაური კავშირები საქართველოსთან, რამაც  ემოცია კიდევ უფრო გამიმძაფრა“. ნიკოლა ვადიმოვი გამოჩენილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ მანსვეტაშვილის შვილთაშვილია. მან კინოფესტივალზე სტუმრობისას წლების წინ სრულიად შემთხვევით გაიცნო თავისი ნათესავები. 

ჟენევაში 1964 წელს დაბადებულმა ვადიმოვმა კინოგანათლება კანადაში, მონრეალის უნივერსიტეტში მიიღო. სამი ათწლეულის განმავლობაში ვადიმოვი თანამედროვე შვეიცარიულ კინოში ერთ-ერთ ყველაზე გამბედავ და გამორჩეულ ავტორად ჩამოყალიბდა. მისი ფილმების უმეტესობა ეხება სოციალურ სამართლიანობას, პოლიტიკურ წინააღმდეგობას, ომს, ემიგრაციასა და მარგინალიზებულ საზოგადოებებს. ვადიმოვის ფილმები აღწერს რეალობას, სადაც ერთმანეთთან იკვეთება პოლიტიკა, ყოველდღიური ცხოვრების პოეტურობა, ადამიანის გამძლეობა და შეუპოვრობა.

წელს საპატიო პრომეთეს მფლობელი ქართველი მსახიობი ავთო მახარაძეც გახდა. ზოგადად, წლევანდელი კინოფესტივალის მთავარი ფოკუსი ქართული კინოზეა გადატანილი. წელს პირველად ფესტივალის კონკურსს ქართველი ჟიური შეაფასებს. რაც შეეხება სექცია ქართული პანორამის  ფილმებს, მათი ნახვას მაყურებელი 2 დეკემბრიდან კინოთეატრ „ამირანში“ შეძლებს. 

202 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.