გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ლაშა კინწურაშვილის სოლო გამოფენას – 90-იანი წლების ფერწერა
გალერეა ართბითი მასპინძლობს ქართველი მხატვრის, ლაშა კინწურაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელიც აერთიანებს 1990-იან წლებში შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებს. ექსპოზიცია ორი თემატური შრის ირგვლივ იშლება: თბილისის ურბანული სივრცე და სოფელ რუისის ყოველდღიური ყოფა — ორი განსხვავებული სივრცობრივი გამოცდილება, რომლებიც ერთად ასახავენ გარდამავალი ეპოქის გამოცდილებას.
ხელოვანის შემოქმედებითი ორიენტირი ორი ძირითადი კონტექსტით ისაზღვრება: ერთის მხრივ, ეს არის კულტურული მეხსიერების დეკოლონიზაცია და იმ ვიზუალური შრეების სიმბოლური რეაბილიტაცია, რომლებიც საბჭოთა იმპერიამ კოლექტიური ნარატივიდან განდევნა; მეორეს მხრივ კი — 1990-იანი წლების გარდამავალი პერიოდის რეალობა, რომელიც გამოირჩეოდა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური ფონით.
კინწურაშვილის ფერწერა ქმნის უნიკალურ იკონოლოგიურ სივრცეს, სადაც ქართული და კერძოდ სვანური ხატწერის ვიზუალური ტრადიცია გარდაიქმნება თანამედროვე ყოფის გამოხატვის ენად. მისი კომპოზიციები აგებულია ხატწერის არქიტექტონიკაზე — ფრონტალურ წყობაზე, ორნამენტის რიტმულ სტრუქტურასა და ფერის სიმბოლურ დატვირთვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ელემენტები ინარჩუნებს საკრალური გამოსახულების კანონიკას ავტორი მათ ყოფით სიუჟეტებში აინტეგრირებს და ახალ კონტექსტუალურ მნიშვნელობას ანიჭებს. შედეგად ფორმირდება ყოფითობის განახლებული იკონოლოგია: ყოველდღიური ჟესტი, მოძრაობა ან სოციალური გარემოს ჩვეულებრივი სცენა გარდაიქმნება სიმბოლურ ნიშნად, რომელიც ერთდროულად ეყრდნობა ხატწერის კომპოზიციურ სქემებს და 1990-იანი წლების სოციალური გარემოს გამოცდილებას.
გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 25 იანვრის ჩათვლით შეუძლია.







