“გაუკვალავი” – სალომე ბუკიას პერსონალური გამოფენა Subsequence-ში
მულტიდისციპლინარული სახელოვნებო სივრცე “Subsequence” წარმოგიდგენთ ხელოვან სალომე ბუკიას პერსონალურ გამოფენას.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი დოკუმენტური და კონცეპტუალური ნამუშევრები დღევანდელი, აქტუალური აწმყოდან და საქართველოს უახლესი წარსულის მასალიდან შეირჩა. სალომე უმეტესად საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მიმდინარე ჩუმ და ხმამაღალ პროცესებს აკვირდება, მიწა-წყლისა და საცხოვრებელი ტერიტორიების დაცვა ადამიანებს მათი სხეულებით უწევთ, პარალელურად რამდენიმე ლოკაციაზე არის მუდმივი პროტესტის კერა.
ამ ვნებათაღელვაში რაც იკარგება, ეს ადამიანია. სალომეს აინტერესებს ამ ადამიანის ურთიერთობა გარემოსთან, ეკოსისტემასთან, იმ რეალობასთან, რომელშიც მისი ცხოვრება მიმდინარეობს. სალომეს ნამუშევრებში ჩნდება წართმეული ტერიტორიები, დაკარგული ადგილები, ყურადღების მიღმა დარჩენილი ადამიანები. გამოფენაზე აწმყოს და უახლესი წარსულის მრავალი ფრაგმენტია, რომელთა შორის განგებ არის ჩართული ფოტო-სიუჟეტი სხვა ქვეყნიდან.
ჩვენს დროში მიმდინარე ბუნებრივ, და კიდევ უფრო მეტად, ხელოვნურად შექმნილ პროცესებში, როგორიცაა ომები, გენოციდი, ბუნებრივი კატაკლიზმების დაჩქარება; ინფორმაციულ ნაკადებში, გამოგონილ და ნამდვილ ამბებში, მნიშვნელოვანი ხდება ამ ფრაგმენტების აღქმა, გააზრება, სამეცნიერო და სახელოვნებო პრაქტიკებში აწმყოს დინებების დამუშავება.
სალომე ბუკია ინტერდისციპლინარული ხელოვანია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მის სახელოვნებო პრაქტიკას სწორედ აწმყოსა და უახლესი წარსულის მრავალმხრივ გააზრებას უძღვნის, რისთვისაც ხელოვნების სხვადასხვა მედიუმს იყენებს.
გამოფენის კურატორი: მარიამ ლორია
გამოფენა 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისამართი: ერეკლე ტატიშვილის N9










