fbpx

ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად – კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა


გააზიარე სტატია

„თეგეტა ჰოლდინგმა“ „თანამშრომლების დაჯილდოება 2025“ განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნა. 10, 15, 20 და 30-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, საგანგებოდ შექმნილი ჯილდოები საზეიმოდ გამართულ ღონისძიებაზე გადაეცათ – ასე აღნიშნა კომპანიამ განვლილი 30-წლიანი გზა. ჯილდოს შექმნის ისტორიაზე „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი თეონა კოხოძე გვიყვება. 

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „წელს 195 ადამიანი დავაჯილდოვეთ. ამ ჯილდოებით გვინდოდა არა მხოლოდ მიღწევების აღნიშვნა, არამედ მკაფიო გზავნილის გაზიარებაც: ეს არის კომპანია, რომლისთვისაც თანამშრომლების განვითარება პრიორიტეტი და წარმატებაა“.

30 წლის იუბილესთან დაკავშირებით განსაკუთრებული იყო ჯილდოც, რომელზეც ნინი ჭანტურიასთან ერთად იმუშავეთ. მოგვიყევით მისი კონცეფციის შესახებ – რატომ შეირჩა ეს არქიტექტურული ფორმები და რა დატვირთვა ჰქონდა მას? 

„თეგეტას“ 30-წლიანი ისტორია ეტაპობრივ განვითარებას ასახავს. ეს არის გზა, რომელიც იდეებით, ადამიანებით, ღირებულებებითა და გამბედაობით შენდებოდა. სწორედ ამ პროცესის ვიზუალურ მეტაფორად იქცა ჯილდოს არქიტექტურული ფორმები. ვფიქრობ, ჯილდო არა მხოლოდ აღიარების ნიშნად, არამედ ბრენდის ფილოსოფიის მატარებელ დიზაინ ობიექტად ჩამოყალიბდა, რომელიც როგორც კომპანიის, ისე თითოეული თანამშრომლის ისტორიას მოგვითხრობს. პროექტზე მუშაობა ნინი ჭანტურიასთან, NS Product-ის დამფუძნებელთან და კრეატიულ დირექტორთან ერთად დავიწყეთ. საწყის ეტაპზე, ჯილდოს დიზაინის სხვადასხვა ესკიზი და ფორმა გამოვიკვლიეთ. თავდაპირველად მოვსინჯეთ უფრო კომპლექსური, მრუდე ფორმები, თუმცა მრავალი განხილვისა და პროტოტიპის შემდგომ, საბოლოოდ გადავწყვიტეთ უფრო გეომეტრიული და არქიტექტურული ფორმისკენ წავსულიყავით. ეს არჩევანი პირდაპირ ეხმიანება იმ ინდუსტრიულ სტილს, რომელიც „თეგეტას“ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა დამახასიათებელი: მეტალი, სწორკუთხა გეომეტრია, ფუნქციური ელემენტები. 

 

ჯილდომ საბოლოო ფორმა ვენეციაში, DE Castelli-ს მეტალის ცნობილ საამქროში მიიღო, სადაც იტალიელმა ოსტატებმა დიზაინი ფურცლიდან რეალობად აქციეს. როგორი იყო DE Castelli-სთან მუშაობის პროცესი? 

De Castelli არის ლითონის, ოსტატობისა და ოჯახური მემკვიდრეობის ისტორია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს, გამორჩეული მჭედლების – ჩელატოს ოჯახმა დააარსა. De Castelli-ში ამბობენ, რომ ლითონი ემოციად იქცევა. თითოეული მათი ნამუშევარი უნიკალურია და ასახავს უძველესი ოსტატობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჰარმონიულ სინერგიას. პროექტზე მუშაობის პროცესი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. De Castelli-ს გავუზიარეთ საწყისი ესკიზები, მათთან ერთად დეტალურად განვიხილეთ შესრულების ტექნიკური ასპექტები, მივიღეთ ჯილდოს ფიზიკური ნიმუშები და შევიტანეთ მცირე კორექტირებები.

ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი უკვე გადავედით უშუალოდ აღსრულების პროცესზე, რომელიც შემდეგნაირად წარიმართა: თავდაპირველად ხდება მეტალის ლისტის ლაზერული ჭრა, რათა მივიღოთ სასურველი ფორმა. შემდეგ ეს ფორმები ინდივიდუალურად, ხელით მუშავდება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ იწყება დაფერვის, იგივე ოქსიდაციის პროცესი, რომელიც არის De Castelli-ის წარმოების ყველაზე დამახასიათებელი ხელწერა, რადგან სწორედ ამ დროს იძენს ზედაპირი მის უნიკალურ ტონებსა და შეფერილობებს. მეტალის ლისტი თავსდება რეაქტიული ოქსიდაციის აბაზანაში, სადაც დრო ხდება ფერის ინდიკატორი. წამზომის მეშვეობით შესაძლებელია ტონების რეგულირება, რაც უფრო მეტხანს ვაყოვნებთ მეტალს ქიმიურ ხსნარში, უფრო მუქ შეფერილობას იღებს. ფინალისკენ, ხელნაკეთი ფირფიტები სათითაოდ თავსდება წინასწარ მომზადებულ მეტალის ხერხემალზე, რომელიც მუქი ფერის ხის მასალითაა დაფარული.

როგორც ვიცით, ჯილდოების დიზაინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. რა დამახასიათებელი ნიშნები გამოარჩევდა მათ? 

10, 15, 20 და 30 წლიანი გამოცდილების განმსაზღვრელი ჯილდოები ერთმანეთისგან ფირფიტების რაოდენობით განსხვავდება. 30 წლიანი ჯილდო გამოირჩევა ფირფიტების ყველაზე მეტი რაოდენობით და შესაბამისად, ყველაზე მასიურია. 

რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის მისი თანამშრომლების წახალისება მსგავსი ტიპის ღინისძიებებითა და ჯილდოებით? რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ასეთი გამორჩეული დიზაინისა და იდეის მატარებელი ყოფილიყო ეს ჯილდო? 

ჩვენთვის თანამშრომლების წახალისება მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის, ეს არის მადლიერების ყველაზე გულწრფელი ფორმა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც კომპანიაში არა მხოლოდ წლები, არამედ საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარეს. ისინი არიან „თეგეტას“ ის ძლიერი ფუნდამენტი, რომელზეც დღეს „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმატება დგას.

ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები აძლიერებს კავშირს ადამიანებსა და ბრენდს შორის, ზრდის მოტივაციას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ კომპანიის სიმდიდრე არა ციფრებში, არამედ სწორედ ადამიანურ კაპიტალშია. რაც შეეხება ჯილდოს დიზაინს, თავიდანვე გვინდოდა, რომ ის ყოფილიყო გამორჩეული არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ კონცეპტუალურადაც. ჯილდოს მიზანი იყო, რომ აესახა სამი ათწლეულის მანძილზე განვლილი გზა და, ამავდროულად, ჰქონოდა ემოციური დატვირთვა თითოეული ადრესატისთვის. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ისეთი დიზაინი და კონცეფცია, რომელიც ბრენდის იდენტობას ეხმიანება და თანამშრომლებისთვის გახდება არა მხოლოდ მიღებული ჯილდო, არამედ პირადი ისტორიის ნაწილი – ნივთი, რომელიც მათ პროფესიულ გზას და მიღწევებს გაახსენებს.

„თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. ჰოლდინგი ამაყობს საკუთარი ისტორიით, რომ პატარა მაღაზიიდან რამდენიმე წელიწადში კომპანია რეგიონის ლიდერ ბრენდად ჩამოყალიბდა და, თავის გუნდთან ერთად, დღემდე ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ქმნის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.