fbpx

პერსონაჟივით მძაფრი – ჯეკ ლონდონი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ჯონ გრიფიტ ჩეინი, ჩვენთვის ნაცნობი, როგორც ჯეკ ლონდონი 1876 წლის 12 იანვარს სან-ფრანცისკოში დაიბადა. მსოფლიო მას არაერთი შედევრით იცნობს, იქნება ეს „მარტინ იდენი“, „წინაპართა ძახილი“, „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“, „თეთრი ეშვი“ თუ სხვა. მისთვის ლიტერატურა თავშესაფარი იყო, შემოქმედება კი წუხილის სხვათათვის გაზიარების მცდელობა. ეს წუხილი კი ყველა ჩვენგანშია და ლონდონი მკითხველს ლაბირინთში ეპატიჟება, რომელსაც თავი აუცილებლად მასთან ერთად უნდა დააღწიო.

 

  • ოჯახური აურზაური

 

ჯეკ ლონდონის დედა მდიდარი ამერიკელის შვილი გახლდათ, მამა ირლანდიელი იყო, მაგრამ ოჯახი დიდად არ უყვარდა. ჯეკის დაბადებამდე გაიქცა და მერეც არ უღიარებია შვილად. მამინაცვალზე ცუდს არაფერს ჰყვებიან, კეთილი და პატიოსანი კაცი აღმოჩნდა, მშრომელი… ფული მაინც არ ჰქონდათ და ჯეკს გაზეთების გაყიდვა უწევდა, სწავლისთვის პირობები არ იყო. ოჯახური დრამები სულ აწუხებდა და მერე შემოქმედებაც აღარ იყო სახალისო. თითქოს მცდელობაა ფერადოვნების, მაგრამ სინამდვილეში ყველა განცდა შავია, უფრო ზუსტად კი უფერული… მერე სან-ფრანცისკოს გაზეთმა „კოლიმ“ კონკურსი გამოაცხადა და ჯეკმა დაწერა „ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან“, მოიგო ჯილდო, მოუნდა კიდევ დაეწერა – გაზეთი მოთხრობებს აღარ იღებდა… სიღარიბე არსად მიდიოდა. ჯეკი ციხეში მოხვდა…1896 წელს დაიწყო პოლიტიკის, ეკონომიკისა და ფილოსოფიის შესწავლა, გახდა სოციალისტური პარტიის წევრი. ამას სოციალურ უთანასწორობაზე წერაც დაერთო და ბევრი ამბობს, რომანი „რკინის ქუსლი“ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური დისტოპიააო. 

  • თვითგანათლებული მწერალი და ოქროს ციებ-ცხელება

საუნივერსიტეტო განათლება არასდროს მიუღია. ბავშვობიდანვე მუშაობდა, წერას ბიბლიოთეკაში სწავლობდა და, ამბობენ, დღეში ათას სიტყვას წერდაო. ჯეკის მთავარ ღირსებად წყაროებში ქექვისას დისციპლინას წააწყდები და ამით გახდა რეალურად პროფესიონალი მწერალიც. 1897 წელს სიღარიბე გაუსაძლისი გახდა და ალასკაში გაემგზავრა. ოქროს ციებ-ცხელების დროა, აი, ჩარლი ჩაპლინის ფილმი რომ გვინახავს, ეგ ამბავია. იქ ვერაფერი ნახა, გარდა მუზისა, თუ მწერალი იყო, მუზის გარდა რა უნდოდა, მაგრამ საყოფაცხოვრებო პირობები არ ჰქონდა – არც პერსპექტივა და ნათელი მომავალი ჩანდა. ალასკის შთაგონებით „ველური ზარი“ და „თეთრი ეშვი“ დაწერა… მძაფრი, ქარიანი წიგნები და ოქროზე ჩასულმა, განძის ნაცვლად მსოფლიო ლიტერატურული საგანძური წამოიღო.

 

  • გაპიროვნების დიდოსტატი

 

ძალიან ხშირად მისი რომანების გმირები მგლები და ძაღლები არიან, მაგრამ შეცდომას დავუშვებთ, თუ ვიტყვით, თითქოს, მარტო ბუნებასა და ცხოველთა სამყაროზე წერდეს. ამ მგლების მიღმა, ადამიანური ინსტინქტები, თავისუფლებისა და გადარჩენისკენ სწრაფვა მოჩანს. თითქოს ყველა პერსონაჟი თავადაა, ცხოვრებაზე გაბრაზებული, ბასრი მწერლური კლანჭებით… რაღაც ცხოველური ხმის გამომშვები, ზუსტად ისეთი სიმძაფრით, როგორიც მისი გმირები არიან. 

 

  • დატვირთული ცხოვრება მოკლედ

 

ჯეკ ლონდონი ორმოცი წლისა გარდაიცვალა, მაგრამ ამ ხანმოკლე ცხოვრებამ ორმოცდაათზე მეტი რომანი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, სხვადასხვა ასპარეზზე ბედის ცდა და ლიტერატურაში წარუშლელი ასოებით ჩაწერა მოასწრო. ადამიანები, ფაქტობრივად, ბავშვობას იწყებენ მისით და არასოდეს ივიწყებენ იმას, რაც მისგან დარჩა… სიმართლე, სიმართლე, გაჭირვება და დაღლილობა, რომელმაც ვერასდროს გატეხა. თითქოს, არასაბავშვო სიტყვებია, მაგრამ მკითხველი ემზადება ადრინდელი ასაკიდანვე გაიგოს, რომ ცხოვრება, მხატვრული პათოსით თუ ვიტყვით, ქარტეხილებითაა სავსე და ჯეკ ლონდონის შემოქმედება გადასარევი გზამკვლევია. 

ჯეკ ლონდონმა გვიჩვენა, როგორ შეიძლება დაიბადოს ლიტერატურა ისეთ გარემოში, რომელშიც სულ არ გეწერება და გადარჩენისთვის იბრძვი, იქნება ეს ცივი ალასკა, გემის ბორტი, გაჭირვებით გატანჯული ახალგაზრდობა… დღესაც არავის დავიწყებია, რადგან ძლიერი, მძაფრი ენით დაწერილი მარტივი ამბები ჩვენი საყვარელი საკითხავია… თავისუფლება და გადარჩენა – ჩვენი მთავარი გამოწვევაა, საკუთარი ადგილის ძიება კი მთავარი პასუხისმგებლობა და ამ ყველაფერს გვასწავლის ჯონ გრიფიტ ჩეინი, ლიტერატურულ სამეგობრო წრეში ჯეკ ლონდონად ცნობილი…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.