Dear God, the Parthenon is still broken
ავტორი: ანი თენიეშვილი
იორგოს ლანთიმოსი ათენელი ხელოვანია, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში „ბერძნული უცნაური ტალღით“ დაიპყრო მსოფლიო კინემატოგრაფია, გასცდა ბერძნული კინოპროდუქციის საზღვრებს და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ წერტილებს მიადგა. ლანთიმოსი თანდათან ჩამოყალიბდა თანამედროვე კინოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად. მისი ფილმები, დაწყებული „ეშვით“, გაგრძელებული „ფავორიტით“ და დასრულებული „საწყალი არსებებით“, ყოველთვის გვიყვება რთულ, ხშირად კი ტაბუდადებულ თემებზე – ძალაუფლების, სოციალური იზოლაციისა და ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელ კუთხეებზე. თუმცა მიღმა იმ სიურრეალისტური, ზოგჯერ კი აბსურდული სამყაროებისა, რომელსაც ის ეკრანზე ქმნის, არსებობს კიდევ ერთი, უფრო ინტიმური ლანთიმოსი – ფოტოგრაფი.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Aperture-ში წავაწყდი ზაკ ჰეტფილდის ინტერვიუს იურგოს ლანთიმოსთან, რამაც სრულიად სხვა კუთხით დამანახა თანამედროვეობის ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორი. აღმოჩნდა, რომ ფოტოგრაფია მისთვის არა მხოლოდ ჰობი, არამედ პირველადი მოწოდებაა, რომელიც კინემატოგრაფიულ პროცესს განუყრელად სდევს თან.
თანამედროვე ხელოვნებაში, რასაკვირველია, გახსნილია ჟანრებსა და მიმდინარეობებს შორის კავშირი, და ეს ამბავი დიდად გასაკვირიც არ არის, თანაც ლანთიმოსი სანამ კინოკამერით შეიარაღდებოდა, როგორც ნამდვილი ბერძენი თეატრითაც იყო დაინტერესებული, რამდენიმე სპექტაკლიც დაუდგამს, საკმაოდ წარმატებულადაც. თუმცა, ფოტოგრაფია მისთვის სხვა ინტიმურ კატეგორიას წარმოადგენს.
ინტერვიუში ლანთიმოსი იხსენებს თავის დასაწყისს და იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც მას უძრავ კადრთან აქვს:
„კინოსკოლაში 19 წლის ასაკში მივედი. ვიყიდე კამერა და დავიწყე ყველაფრის გადაღება, ყოველგვარი მიზნის გარეშე… ბოლო წლებში ფოტოგრაფიამ უფრო მეტად გამიტაცა. ათენში, სამონტაჟო ოთახის გვერდით, საკუთარი ლაბორატორიაც კი მოვაწყვე ფოტოების გასამჟღავნებლად.“
ამ აღიარებამ დამაინტერესა და მის ფოტოწიგნებს მივადექი. ლანთიმოსს ორი გამორჩეული გამოცემა აქვს: „Dear God, the Parthenon is still broken“ და „I shall sing these songs beautifully“. ეს წიგნები შეზღუდული ტირაჟითაა დაბეჭდილი და კოლექციონერებისთვის ნამდვილ განძს წარმოადგენს.
რაც ყველაზე მეტად მხიბლავს მის ფოტოებში, არის ის, რომ ისინი არ ჰგავს სტანდარტულ „კადრს მიღმა“ ფოტოებს. ლანთიმოსი გადასაღებ მოედანზე დიდფორმატიანი კამერით მუშაობს და „პორტრეტების დროს“ აცხადებს. ეს არის მომენტი, როცა მსახიობები – ემა სტოუნი იქნება ეს თუ უილემ დეფო, პერსონაჟებიდან ფოტოობიექტებად გარდაიქმნებიან.
საინტერესოა მისი დამოკიდებულება პროცესისადმი – ინტერვიუში ის ჰყვება, როგორ ეხმარებოდა ემა სტოუნი 12-საათიანი გადაღებების შემდეგ სასტუმროს აბაზანაში ფირების გამჟღავნებაში. სწორედ ეს „ხელით შეხება“ ხელოვნებასთან, ფირის ჩხაპნები და შემთხვევითი დეფექტები ქმნის იმ ავთენტურობას, რაც მის ფილმებშიც იგრძნობა.
2025 წელს გამოსული, ლანთიმოსის ბოლო ნამუშევარი, „ბუგონია“ (Bugonia), კიდევ ერთხელ გვიჩვენებს მის გატაცებას ვიზუალური პერფექციონიზმით. თუმცა, როცა მის ფოტოებს ათვალიერებ, ხვდები, რომ ლანთიმოსისთვის კინო მხოლოდ გაცოცხლებული ფოტოგრაფიაა. თითოეული კადრი კი დამოუკიდებელი სამყაროა, სადაც ამბავი არა სიტყვებით, არამედ სინათლით, ჩრდილით და იმ უცნაური სიმეტრიით იწერება, რომელიც მხოლოდ მას ახასიათებს.
ლანთიმოსი გვასწავლის მთავარს: ხელოვნება არ სრულდება იქ, სადაც რეჟისორი „Stop!“-ს დაიყვირებს. ის გრძელდება წითელ შუქზე გამჟღავნებულ ფირზე, აბაზანის ნიჟარაში და იმ გაყინულ მზერაშიც კი, რომელიც მხოლოდ ფოტოობიექტივმა შეიძლება დაიჭიროს.









