ბორხესის პოსტმოდერნიზმი – „ქვიშის წიგნი“, როგორც რეალობის სიმულაკრი
ავტორი: მათე წიკლაური
ჟან ბოდრიარი წიგნში „სიმულაკრი და სიმულაცია“ პოსტმოდერნული ეპოქის მთავარ მახასიათებლად სიმულაკრული მოვლენების წინა პლანზე წამოწევას მიიჩნევს. მკვლევარი აღნიშნავს, რომ სიმულაკრულ მოვლენებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ, ისინი სიმულაციის, როგორც პროცესის, შედეგად გვევლინებიან და „საკუთარ თავს აწარმოებენ, პირველსაწყისის, ორიგინალის გარეშე“. პოსტმოდერნიზმში ხშირად ისმის შეკითხვა: „ხომ არ იყო ღმერთი მისი არსებობის ნიშნების უბრალო სიმულაცია.“ თუ დავაკვირდებით, XIX საუკუნის ფილოსოფიურ სკეპტიციზმს, შევამჩნევთ, რომ მიზეზშედეგობრიობის განცდის დაკარგვამ და სამყაროს ქაოსად წარმოდგენამ, დასავლური ხელოვნება მოდერნისტულ ეტაპამდე მიიყვანა. პოსტმოდერნიზმში მიზეზშედეგობრიობა კარგავს კანონზომიერებას, რაც გარკვეულწილად იწვევს სულიერ კრიზისს.
ჯერალდ გრაფს მიაჩნდა, რომ პოსტმოდერნიზმი რომანტიზმისა და მოდერნიზმის პათოსთან განხეთქილება კი არ არის, არამედ ლოგიკური კულმინაციაა ადრეული მიმდინარეობების პათოსისა. სწორედ ამ კულმინაციის არეკვლისა და ილუსტრირების მცდელობაა ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობების კრებული „ქვიშის წიგნი“. არგენტინელი ავტორი სამყაროს გაიაზრებს, როგორც სიმულაკრს და პოსტმოდერნიზმისათვის დამახასიათებელი თხრობის ხერხების გამოყენებით წარმოაჩენს, თუ რამდენად დაშორებულია სიმულაკრული სამყარო რეალურ მოვლენებს.
უმბერტო ეკო, ფილოსოფიისა და ლიტერატურის გავლენათა რაობაზე საუბრისას, სამკუთხედის მოდელს გვთავაზობს და მის თავზე X-ს სვამს. იტალიელი ავტორისთვის X ენციკლოპედიის სამყაროა. ეკოს სჯეროდა, რომ ჯოისთან ერთად, ბორხესი უნივერსალურ კულტურას თამაშის ინსტრუმენტად გამოიყენებდა. სწორედ ამ უნივერსალურ კულტურასთან თამაშით შექმნა ბორხესმა სიმულაკრული გარემო და კიდევ ერთხელ განამტკიცა ჰიბრიდული ჟანრის ცნება, რომელიც გაცილებით ადრე, მაგალითად, გრაფი ლოტრეამონის „მარდორორის სიმღერებსა“ თუ ოსკარ უაილდის „De Profundis“-შიც გვხვდება. ფრანგ რომანტიკოსთან ჰიბრიდიზაციის ორმაგი ნიმუში გვაქვს, „სიმღერათა ტექსტები“ და ცხოველური ფიგურების ფიქციურ ჭრილში წარმოდგენა, – ხოლო უაილდმა ობიექტური სინამდვილის ცნება გააქრო და ალფრედ დუგლასთან გადახდენილი სასიყვარულო ტრაგედია, რომელმაც ციხემდე მიიყვანა, სუბიექტური სიმართლის პრიზმიდან გვიამბო. ანჟეანეტ ვაისი, რომელიც სტატიაში ჰიბრიდული ტექსტის ნიუანსებს მიმოიხილავს, ორ მთავარ ასპექტს გამოყოფს. მკვლევრისთვის, ერთი მხრივ, მთავარია სინამდვილესა და გამონაგონს შორის საზღვრის გაბუნდოვანება, ხოლო, მეორე მხრივ, ის ტექსტის ჰიბრიდიზაციის პროცესს ჭეშმარიტების პერსპექტივიდან უყურებს.
ჯონ მაქსველ კუტზეეს მიაჩნდა, რომ ბორხესი დროთა განმავლობაში კარგავდა შემოქმედებით ენერგიას და მისი თხრობა უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა. ეს მსჯელობა, ვფიქრობ, „ქვიშის წიგნის“ მაგალითზე არარელევანტური სულაც არაა, თუმცა სიმულაციური ასპექტების მიმოხილვისას შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბორხესი ახალ ფორმას აძლევს საკუთარ შემოქმედებას და ლიტერატურის განახლებულ გამოწვევებს წარმოაჩენს. ბორხესის „ქვიშის წიგნის“ წაკითხვისას ცალსახაა, რომ პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი შტრიხები მას სიმულაციურ თამაშად მიაჩნია. მაგალითად, არგენტინელ მწერალს სურს გვიჩვენოს შეშფოთება ენისა და ცოდნასთან ასოცირებული საკითხების გაურკვევლობის მიმართ, ამიტომ მოთხრობა „ქვიშის წიგნი“ წარმოსახავს იდეას უსასრულო რაოდენობის გვერდებიანი წიგნის შესახებ. რაც უფრო მეტად ცდილობს მთხრობელი წიგნის მნიშვნელობისა და საიდუმლოს გაგებას, მით უფრო ვარდება ეკლესიასტესეულ „ტრაგიზმში“ – „რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისა სიმრავლე მეცნიერებისა არს; და რომელმან შესძინოს ცნობა, შესძინოს მან სალმობა“ (ეკლესიასტე 1.18). სწორედ ეს ქაოსი, რომელიც იბადება მთხრობლის თავში, არის პოსტმოდერნიზმის დამოკიდებულება ენობრივ ტენდენციებთან. პარალელურად პოსტმოდერნისტული ხედვის ილუსტრირებისა, ბორხესი მიმდინარეობის კიდევ ერთ მახასიათებელს წარმოაჩენს. ეს კი უსასრულობაა. პოსტმოდერნიზმში რთულია მიაგნო რაიმეს დასაწყისს ან დასასრულს, ანუ უარყოფს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და, როგორც მოთხრობის უსასრულო წიგნის თავისა და ბოლოს გაგებაა შეუძლებელი, ისეა პოსტმოდერნიზმის პრიზმიდანაც სამყარო, ამის ამოცნობა კი უკვე ამ სიმულაკრული თამაშის ნაწილია.
პოსტმოდერნიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელია საზღვრის წაშლა წარმოსახვასა და რეალობას შორის. „ქვიშის წიგნის“ ერთ-ერთი მოთხრობა „ულრიკა“ იწყება ფრაზით: „ამ მოთხრობაში რეალობის ერთგული ვიქნები, ყოველ შემთხვევაში იმ რეალობისა, ჩემს მოგონებებს რომ შემორჩა.“ ეს უკვე თამაშია, მიმართული იმის საჩვენებლად, რომ ფორმალური სკოლის მიდგომა წარმოაჩინოს სამყარო კონსტრუქციულ, სისტემურ მოვლენად, მცდარია, რომ პოსტმოდერნისტული აღქმა სამყაროსა და ქაოსის იგივეობის შესახებ სიმართლისგან შორს სულაც არაა. ავტორს ამჯერად სიმართლის თქმა აქვს გადაწყვეტილი. სიყვარულის ისტორია, რომელიც ავტობიოგრაფიულ პასაჟებს სწევს წინა პლანზე, ოღონდ ამჯერად სინამდვილით, მაგრამ ჩვენი კვლევის სამიზნისთვის აქ მოთხრობის სიუჟეტებზე მეტად მისი სტრუქტურულ-ენობრივი მხარეა გასააზრებელი. მაგალითად, მოთხრობა „უნდრ“ იწყება ფრაზით: „მინდა, მკითხველი თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ჩემ მიერ აქ მოყვანილ მასალას ამაოდ დაუწყებენ ძებნას ადამ ბრემენელის Libellus-ში.“ ვფიქრობ, ასეთი მიდგომა უილიამ ტრევორისთვის წარმოუდგენელი გახლდათ, მას უკიდურესად რეალისტურ მისიად ჰქონდა მოთხრობა წარმოდგენილი და ამიტომაც უწოდებდა ამ ჟანრში მოღვაწეობას „თვალის მოკვრის ხელოვნებას“. ტრევორი ყოველთვის ამკვეთრებს რეალობასა და წარმოსახულს შორის საზღვარს. გარდა ამ კრებულში შემავალი მოთხრობებისა, ბორხესი ანალოგიურ გადაწყვეტებს ძალიან ბევრგან მიმართავს. შეგვიძლია, გავიხსენოთ მელანჩტონის ისტორიაც. თეოლოგი მელანჩტონი საიქიოში ხვდება და ისეთ სახლში იდებს ბინას, სადაც ყველაფერი ზუსტი ასლია სიცოცხლეში ნაქონისა. მელანჩტონი კარგავს აზროვნების უნარს, ივიწყებს, რომ გვამია და ღმერთის ურწმუნოების გამო რეალურსა და წარმოსახვითს შორის ზღვარს კარგავს. მელანჩტონის პარალელურად მკითხველსაც უჭირს რეალურისა და ფანტაზიის გარჩევა. ამასთან ერთად, ბორხესს სურს გვიჩვენოს, რომ პოსტმოდერნიზმში ადამიანს ღმერთთან უწყდება კავშირი და, ამდენად, ნაწარმოებებიც ერთმანეთს მიემართებიან და არა ღმერთს.
როდესაც სიმულაციურ თამაშად მივიჩნევთ რეალობასა და წარმოსახვას შორის საზღვრის წაშლას, გვიჩნდება კითხვა, თუ რა ინსტრუმენტის საშუალებით ხდება ეს. ბორხესის საშლელი სამნაირია: ოქსიმორონი, პარადოქსი და წინააღმდეგობა. გონებამახვილური სისულელის საუკეთესო ნიმუშს მის „მსოფლიო მზაკვრობის ისტორიაში“ ვხვდებით, მაგრამ ანალოგიური პასაჟების დანახვა „ქვიშის წიგნშიც“ შეგვიძლია. მოთხრობა ნიღბიანი მღებავის შესახებ მოგვითხრობს კაცზე, რომელმაც ჭორის ძალით გადაწყვიტა ღმერთად ქცევა და გაავრცელა ხმა, რომ ვინც მის სახეს დაინახავს, დაბრმავდება. მოთხრობაში ბრმავდება ლეოპარდი, ხალხი იჯერებს. მალე გვეცხადება ქალი, რომელიც ნიღაბს ჩამოგლეჯს ჰაქიმს, ხალხი იგებს სიცრუის შესახებ და კლავს შარლატანს. მისტიკისა და რეალობის შერწყმა ბრძნული სისულელით მოხდა, ოქსიმორონს მოიცავს პარადოქსიც „ქვიშის წიგნის“ შემთხვევაში. რაც უფრო მეტად ვეცნობით უთვალავ გვერდიანი წიგნის იდეას, მით უფრო ბუნდოვანი ხდება ის.
კრებულის მეორე ნახევარში ბორხესი მისტიკასა და მითოლოგიას ეყრდნობა. მბრძანებლისა და პოეტის ისტორია ცოცხლდება მოთხრობაში „სარკე და ნიღაბი“. წერილობითი წყაროების არ არსებობა მეფეს ნებისმიერ გამარჯვებას დავიწყებისთვის განწირულად წარმოუჩენს, სევდით შეპყრობილი კი პოეტს კონკრეტულ დროს აძლევს გამარჯვებაზე დასაწერად. პირველი დაწერით მეფე იმდენად კმაყოფილია, რომ პოეტს ვერცხლის სარკეს აჩუქებს, თუმცა მესამე მცდელობა ხანჯლის ჩუქებითა და პოეტის თვითმკვლელობით მთავრდება, ხელმწიფე კი ირლანდიის გზებზე უადგილოდ დახეტიალებს. ის, რაც პოეტისთვის გაუგებარია, მეფეს მშვენიერებასთან ზიარებად ესახება. სიუჟეტი კი ისტორიის ერთ სიტყვამდე დაყვანის პროცესს წარმოაჩენს.
ვინაიდან პოსტმოდერნისტული გაგება კონტექსტს განაზოგადებს და მის ცვლად ბუნებას აღიარებს, პოსტსტრუქტურალისტურ ნარატივსაც ესადაგება. კარგად თუ დავაკვირდებით, მთავარი სიმულაციური თამაში თვითონ სიმულაციის რეალობასთან გაიგივებაა. ჟან ბოდრიარი ესსეიში „სახეთა ბოროტი დემონი და სიმულაკრის პრეცესია“ განმარტავს, რომ სიმულაცია, ერთი მხრივ, უპირისპირდება რეპრეზენტაციას, მაგრამ ამავდროულად, ეფუძნება პრინციპს, რომ რეალობა და ნიშანი, რაც არ უნდა უტოპიური იყოს ეს ტოლობა, ეკვივალენტურია. ბოდრიარი მიიჩნევს, რომ „თუკი რეპრეზენტაცია ცდილობს, მოიცვას სიმულაცია მისი ინტერპრეტაციით, როგორც ყალბი რეპრეზენტაციისას, სიმულაკრი გარს ეხვევა რეპრეზენტაციის მთელ სისტემას.“ ბორხესი თითქოს განამტკიცებს ბოდრიარის პოზიციას და „ქვიშის წიგნით“ სიმულაციის პროცესის იზოლირების შეუძლებლობას წარმოაჩენს. ამ ნიადაგზე სიმულირებულ მოვლენებს აღარ გააჩნიათ ხოლმე კონკრეტული მიზანი და „განუსაზღვრელად გარდატყდებიან ერთმანეთში“.
სწორედ ამიტომ, ბორხესი აღარ აგრძელებს იმ რეალისტური სკოლის ნარატივს, რომელიც მკითხველს სინამდვილეს აჩვენებდა. ბორხესი ეყრდნობა თვითრეფლექსურ თხრობას, რომელთა მთავარ გმირად „ქვიშის წიგნის“ თითქმის ყველა მოთხრობაში თავად გვხვდება. თუ არსებობს წიგნი გვერდების უსასრულო რაოდენობით, მაშინ რატომ ვერ იარსებებს სრულყოფილი მეხსიერების მქონე კაცი, რომელსაც ფიქრის უნარი არ გააჩნია, რატომ არ იარსებებს ფრანგი მწერალი, რომელიც ზუსტად დაწერს „დონ კიხოტის“ მონაკვეთს. ბორხესთან ეს ყველაფერი რამდენადაც შორდება რეალობას, იმდენად აღქმულია, როგორც ხელშესახები ცნება. არგენტინელის გულშემატკივრები ნობელის კომიტეტს ადანაშაულებენ ბორხესის პრემიის გარეშე დარჩენისთვის პოლიტიკური შეხედულებების გამო. ლიტერატურაში მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. უილიამ ფოლკნერმა მოდერნიზმის ეპოქაში დაწერა „ნიუორლეანური ჩანახატები“ და იზოლაციის გამონგრევა სცადა, ბორხესი კი მეტაფიქციას ირჩევს საზღვართა წაშლის ინსტრუმენტად. მეტაფიქცია პოსტმოდერნიზმის კონტექსტში ხდება პოპულარული და მისთვის დამახასიათებელ ელემენტებს ავტორები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ. „ქვიშის წიგნის“ ერთგვარი რეფრენია ბორხესის ავტორეფლექსურობა.
ძველი, მაგალითად, მითოლოგიური ნარატივის ფორმის ცვლილება ბორხესის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა პოსტმოდერნისტული მოთხრობების კრებულის შექმნის გზაზე. XVIII საუკუნის ესთეტიკიდან მოყოლებული კაცობრიობას აქვს შიში არსებული ხელოვნების გავლენის ქვეშ მოქცევისა. პოსტმოდერნიზმი არის ერთგვარი ახალი რელსი, გადატვირთვა არსებული ლიტერატურული ტრადიციისა. ის თავისი არსით ეფუძნება უკვე ნაცნობის გარდაქმნას და ეს გარდაქმნა სხვადასხვა ჟანრისა თუ სტილის აღრევის სახით მიიღწევა. ამდენად, მოდერნისტი ავტორისგან, ბორხესის, როგორც პოსტმოდერნისტის განმასხვავებელი ფაქტორი ისაა, რომ მას ძველის დანგრევა კი არა, აღდგენა, განახლება სურს. სწორედ ამიტომ, მის მოთხრობებში ბევრი რამ ქრისტეს შობამდე პერიოდის წარმოდგენათა გათანამედროვებული ვერსიაა. განმასხვავებელი ავტორთა შორის ძველის განახლების პროცესში შეიძლება იყოს ინსტრუმენტი, რომლითაც ისინი ამას შეძლებენ. ბორხესმა ინსტრუმენტად აირჩია სიმულაკრი და სიმულაციური თამაშებით წარმოსახულისა და რეალურის ერთმანეთში არევა.
მოთხრობაში „სხვა“ მთხრობელი ორეულს მომავალს განუსაზღვრავს და გარდაუვალი დაბრმავების შესახებ ამცნობს. გარდა იმისა, რომ ავტორმა თავის თავზე მოგვითხრო, მან ენობრივი ექსპერიმენტი ჩაატარა და დიალოგი ორ საკუთარ „მე-ს“ შორის გააბა. სხვა მოთხრობაში მან გამოიგონა დისკო, რომელიც ცალმხრივია და ოდინის გახლავთ. თვითირონიულია, რომ მოთხრობის მასპინძელი პერსონაჟი თავად ავტორია, რომელმაც ნივთის მითვისება მისი პატრონის მოკვლით გადაწყვიტა. ბორხესის მოთხრობისეული ორეული ვეღარ პოულობს დისკოს და სვამს წერტილს. ესეც ერთ-ერთი ნიმუშია სიმულაციური თამაშისა, რომელიც ადამიანის ხარბ ბუნებას, როგორც რეალურ შტრიხს, ისე აირეკლავს.
ბორხესის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რითაც რეალურად ის პოსტმოდერნისტულ გააზრებას დაუახლოვდა, როგორც აღვნიშნეთ, მეტაფიქციაა. მეტაფიქციას ავტორი იყენებს სიმულაკრული თამაშების შესაქმნელად და გადის დაშვებამდე, რომ სამყაროში ყველა ცნება ფილოსოფიურად განზოგადებადია იმდენად, რამდენადაც მათი კონტექსტია ცვლადი. გერმანელი მკვლევარი ვერნერ ვოლფი მეტაფიქციურობის რამდენიმე სახეს გამოყოფდა, რომელთაგან ერთ-ერთი გადმოცემის ფორმას მიემართება. ვოლფისთვის ფორმები ექსპლიციტური და იმპლიციტურია, პირველი მათგანი მეტატექსტობრივ სახეებს აჩენს, ხოლო იმპლიციტური ურთიერთგამომრიცხავ ელემენტებს მოიცავს. ბორხესი „ქვიშის წიგნში“ აერთიანებს ორივეს, რაც ამ ლიტერატურული ეპოქისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ურთიერთგამომრიცხავია ელემენტი, როცა რაც უფრო მეტს კითხულობს მკვლევარი წიგნს, მით უფრო ვერ იგებს მის მთავარ აზრს, რადგან წიგნი უსასრულოა.
ამდენად, სიმულაკრის, როგორც პოსტმოდერნისტული ქმნილების ეფექტი სიმულაციაა, რომელმაც თანამედროვეობა ძველის განახლებად აღიქვა. ამან კი წარმოსახვას მისცა გასაქანი, წარმოექმნა ტოტალური სიმულაციის ერა.
პოსტმოდერნიზმის თითოეულ ავტორს, რა თქმა უნდა, ეს შეუძლია განსხვავებული პერსპექტივიდან მოარგოს საკუთარ შემოქმედებას, მაგრამ ბორხესმა ჩვენ მიერ ნახსენები თამაშები და სიმულაციური რეალობის ამ გზით შექმნა აირჩია. ეჭვგარეშეა, არგენტინელი მწერლის მთელი, უზარმაზარი შემოქმედება გამოდგება ამ ყოველივეს დასტურად, მაგრამ ჩვენ მიერ გასაანალიზებლად შერჩეულმა მოთხრობების კრებულმა, „ქვიშის წიგნი“ გვიჩვენა, თუ როგორ იშლება პოსტმოდერნიზმში საზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის, როგორ ირგებს ბორხესი ჰიბრიდული ტექსტების ავტორის იმიჯს და როგორ იქცევა ყველანაირი ჩარჩოს, როგორც ბარიერის, გადალახვა მხატვრულ ხერხად.
ხორხე ლუის ბორხესის „ქვიშის წიგნში“ გაცხადებული ეს ხელწერა, კიდევ უფრო კარგად გამოჰკვეთს პოსტმოდერნიზმს, როგორც სამყაროს განახლებულ ვარიაციას და მკითხველს ავტორის როლს ძალიან მკაფიოდ უსახავს მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე.






