ფესტივალი Close Encounters შვეიცარიაში ქართველ მუსიკოსებს წარადგენს
ავტორი: რეზი ხუნწელია
„მუსიკა, რომელიც არ არის განსაზღვრული დროით და არ ექვემდებარება სისტემას,“ – წლების წინ ასე დაახასიათა Close Encounters-ის დამფუძნებელმა თამრიკო კორძაიამ აქტუალური მუსიკის იდეა. სწორედ ეს ხედვაა ფესტივალის მთავარი ხაზი უკვე ოცი წელია. წელს, 3 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით, შვეიცარიის ქალაქებში – ციურიხში, კურსა და ვინტერტურში ამ იდეის კიდევ ერთი მასშტაბური გამოვლინების მოწმე გავხდებით.
Close Encounters უკვე 20 წელია შვეიცარიისა და საქართველოს კულტურული სივრცეების დაახლოებას ცდილობს და ამას ექსპერიმენტული შინაარსის ღონისძიებებით და მულტიდისციპლინური პროგრამებით ახერხებს ხოლმე. გამონაკლისი არც 2026 წელი იქნება, სადაც ძალიან საინტერესო კოლაბორაციებსა და შემოქმედებით ურთიერთობებს ვხვდებით.
3 მარტს საფესტივალო პროგრამას გახსნის ექსპერიმენტული ელექტროაკუსტიკური ოპერა Homo Freq და მუსიკალური პროექტი Zugzwang, რომელიც ჭადრაკის პრინციპზეა აგებული. Homo Freq სამი ქართველი მუსიკოსის: თიკო ღოღობერიძის, ნაზი ჭავჭავაძისა და ლიზა კერესელიძის ექსპერიმენტული პროექტია, რომელიც კლასიკური მუსიკისა და ელექტრონული მედიის სინთეზს წარმოადგენს.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს არ არის მხოლოდ მინიოპერა; ის ღია პლატფორმაა ძველი და „უძრავი მონსტრის“, ოპერის, ხელახალი გააზრებისა და ტრანსფორმაციისთვის, რაც ჟანრს სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ციურიხის კონცერტზე, რომელიც 3 მარტს კლუბ Moods-ში გაიმართება, მათ შეუერთდება მოწვეული მუსიკოსი ფელიქს ფრიდრიხი.
რაც შეეხება Zugzwang-ს, ის ციურიხელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის, ტომას კორბერის პროექტია, რომელიც თამაშის კონცეფციას ეფუძნება და ფაქტობრივად გეიმიფიცირებული პერფორმანსია. პროექტისთვის მან შეკრიბა ექვსი მუსიკოსი (ტომას კორბერი, ქრისტიან კობი, ტობიას გერბერი, კაროლინა ომანი, თამრიკო კორძაია, ქრისტიან ვოლფარტი), რომლებიც თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. ტერმინი Zugzwang ჭადრაკიდან მომდინარეობს და აღწერს სიტუაციას, როდესაც მოთამაშე იძულებულია გააკეთოს სვლა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მის პოზიციას გააუარესებს.
ამ იდეაზე დაყრდნობით, ნაწარმოები აგებულია როგორც დინამიკური სათამაშო სისტემა იმპროვიზაციასა და კომპოზიციას შორის, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები და ბგერები სხვადასხვა „უკუკავშირის“ (feedback loops) მეშვეობით გავლენას ახდენენ ერთმანეთზე, რაც მუსიკოსებს მუდმივი რეაგირებისკენ უბიძგებს.
ასევე ძალიან საინტერესოა მეორე საფესტივალო დღე, 5 მარტი – წარმოდგენილი იქნება გიორგი კობერიძის ხმოვანი ინსტალაცია MurMur, ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ვიდეოთამაშის პერფორმანსი – Speedrun და დუეტის, Stones=ის პერფორმანსი.
„MurMur“ მულტიმედიური ხმოვანი ინსტალაცია და პერფორმანსია, რომელმაც უკვე დაიმსახურა ქართველი მსმენელის ყურადღება და დროა შვეიცარიაშიც იპოვოს თავისი მსმენელი. კომპოზიტორმა სპეციალურად ამ ნამუშევრისთვის თიხის ზარები ჩამოასხა, რომლებსაც დინამიკების ფუნქცია აქვთ შეთავსებული. დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ამ ზარებიდან მომავალი ხმოვანი ფაქტურები ქმნიან ინტიმურ სივრცეს მოსმენისა და რეფლექსიისთვის.
გიორგი კობერიძის მუსიკალური მედიტაციის პარალელურად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, ალექსანდრე კორძაიას (Kordz) არაორდინალური პროექტი „Speedrun“. ეს არის ერთგვარი ვიდეოთამაშისა და კონცერტი-პერფორმანსის ჰიბრიდი, სადაც ავტორმა შექმნა სათამაშო გარემო, რომელიც ერთდროულად კომპიუტერული თამაშიცაა და კომპოზიციის შექმნის ინსტრუმენტიც. ერთი შეხედვით, „Speedrun“ ტრადიციულ 2D პლატფორმულ თამაშს ჰგავს, სადაც მოთამაშემ პერსონაჟი სხვადასხვა დაბრკოლებებსა და ლანდშაფტებში უნდა ატაროს. თუმცა, აქ ყოველი მოძრაობა, ყოველი ნახტომი თუ გადაჭრილი ამოცანა მუსიკალური გადაწყვეტილებაა, რომელიც კომპოზიციას ახალ ტონებს, ჰარმონიებსა და ხმოვან ტექსტურებს ამატებს. ეს არის შემოქმედებითი თავისუფლებისა და თვითგამოხატვის ერთგვარი თამაშის ფორმით გააზრება, რომელიც ჰოლანდიურ ანსამბლთან – Het Muziek-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ხაზი პროექტი „Stones“ გახლავთ. ეს არის შვედი-შვეიცარიელი ჩელისტის, კაროლინა ომანისა და თამრიკო კორძაიას დუეტი. მათი კოლაბორაცია უკვე წლებს ითვლის და მსმენელს განსაკუთრებით ამახსოვრდება დახვეწილი შესრულების მანერით, რომელიც კლასიკურ ვირტუოზულობას უტოლდება. კონცერტზე შესრულდება რუსუდან მეიფარიანის (საქართველო), არეგნაზ მარტიროსიანის (სომხეთი), რაჰილია ჰასანოვას (აზერბაიჯანი) და ნავა ჰემიარის (ირანი) ნაწარმოებები. ეს არის მუსიკალური მოგზაურობა თბილისიდან თეირანამდე, სადაც ჩელოსა და ფორტეპიანოს დიალოგი რეგიონის კულტურულ მეხსიერებას აცოცხლებს.
7 მარტს ფესტივალი ციურიხიდან ქალაქ კურში, კულტურულ სივრცეში Postremise გადაინაცვლებს, სადაც მსმენელს მრავალფეროვანი პროგრამა ელის. საღამოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება ანსამბლ KIOSK-ის გამოსვლა. KIOSK ქართულ-შვეიცარიულ-გერმანული მულტიდისციპლინური გაერთიანებაა, რომელიც კლასიკური და ექსპერიმენტული მუსიკის, პოპ-არტისა და მუსიკალური თეატრის მიჯნაზე ოპერირებს. მისი წევრები არიან რუსუდან მეიფარიანი, თამრიკო კორძაია და სცენოგრაფი სოფი კრაიერი. ანსამბლის გამოსვლები გამოირჩევა ინსტრუმენტების არასტანდარტული არჩევანით – ფორტეპიანოსთან და სინთეზატორებთან ერთად, ისინი იყენებენ სათამაშო პიანინოებს, ჰარმონიუმს, ვოკალსა და სხვადასხვა ობიექტებს. ფესტივალის ფარგლებში KIOSK წარმოადგენს ზურა ძაგნიძის ახალ ნაწარმოებს, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ექსპერიმენტულ ინსტრუმენტზე, Springboard-ზე (ზამბარებიანი დაფა) შესრულდება.
ამასთანავე, კურში წარმოდგენილი იქნება ფესტივალის სხვა გამორჩეული პროექტებიც: გიორგი კობერიძის ხმოვანი ინსტალაცია MurMur, ალექსანდრე კორძაიას ვიდეოთამაშის პერფორმანსი Speedrun და ელექტროაკუსტიკური ოპერა Homo Freq, რაც კურიის მსმენელს საშუალებას მისცემს, სრულად შეიგრძნოს ფესტივალის მულტიდისციპლინური სული.
20 მარტს ფესტივალის ფარგლებში ციურიხში, Zeughaus 4-ის სივრცეში, გაიმართება ქართველი მუსიკოსის, თიკო ღოღობერიძის შემოქმედებითი რეზიდენციის შემაჯამებელი საჯარო პრეზენტაცია. რეზიდენცია ხორციელდება Close Encounters-ისა და ციურიხის თავისუფალი მუსიკალური სცენის ინიციატივის (IFMZ) მჭიდრო თანამშრომლობით. 9-იდან 22 მარტამდე მუსიკოსი მუშაობს ახალ იდეებსა და პროექტებზე, რომელთა შუალედურ შედეგებსა და შემოქმედებით პროცესს სწორედ 20 მარტს გაუზიარებს დაინტერესებულ აუდიტორიას. ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფესტივალის მიზანს ხელი შეუწყოს ხელოვანებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ცოცხალ შემოქმედებით დიალოგს.
30 მაისს ფესტივალი Close Encounters 2026 ვინტერტურში, კულტურულ სივრცეში – Kulturfeilerei – დასკვნით ღონისძიებას გამართავს. საღამო სახელწოდებით „Stones & Pillars“ (ქვები და სვეტები) ერთმანეთში გადახლართავს კავკასიურ და მის ფარგლებს გარეთ შექმნილ კომპოზიციებს ციურიხული ტრიოს, u/r-ის (ტობიას გერბერი, თამრიკო კორძაია, ტომას კორბერი) ელექტროაკუსტიკურ „ხმოვან სვეტებთან“. ტრიო u/r საფუძვლად აიღებს წარმოდგენილი ნაწარმოებების მუსიკალურ მასალას და მას ახალ, ექსპერიმენტულ განზომილებაში განავითარებს. ეს საფინალო აკორდი სიმბოლურად შეაჯამებს ფესტივალის 20-წლიან მოგზაურობას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კულტურათა შორის დიალოგის ძალას.















