fbpx

გადაგვარჩენს თუ არა სოლარპანკი?


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

ალბათ თქვენც გქონიათ ის მომენტი, როცა ქალაქის შუაგულში დგახარ, გრძნობ, როგორ მძიმდება ჰაერი  და სუნთქვა გიჭირს. ასეთ დროს გგონია, რომ გამოსავალი მხოლოდ გაქცევაა – ქალაქგარეთ, ბუნებასთან ახლოს, სადმე ტყეში, შორს, სადაც ტექნოლოგია და ინტერნეტი არ აღწევს. ჩვენ მივეჩვიეთ ფიქრს, რომ პროგრესი და ბუნება დაუძინებელი მტრები არიან, ან გაქვს თანამედროვე ქალაქი და ასფალტი, ან გაქვს ხელუხლებელი ბუნება. შუალედი თითქოს არ არსებობს.

მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ არსებობს სხვა გზა? გზა, სადაც ტექნოლოგია კი არ ანადგურებს ბუნებას, არამედ ეხმარება მას აყვავებაში. სწორედ ამას ეწოდება სოლარპანკი (Solarpunk). აყვავებული მწვანე დასახლებები სახურავზე გაშენებული ბაღებით, მცურავი სოფლები, სუფთა ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი – ეს არ არის სოციალური ქსელებისთვის შექმნილი ლამაზი მაკეტები,  ესაა მთელი ფილოსოფია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვიცხოვროთ ხვალ, უკეთეს მომავალში. 

ტერმინი სოლარპანკი 2008 წელს გაჩნდა და აღნიშნავს ხელოვნების მიმდინარეობას, რომელიც ფართო მასშტაბით წარმოაჩენს მომავალს, სადაც ჩვენ ბუნებასთან ჰარმონიაში, მდგრად და თანასწორუფლებიან სამყაროში ვცხოვრობთ. 

„სოლარპანკი ერთადერთი გამოსავალია იმ ეგზისტენციალური კლიმატური კატასტროფიდან, რომელშიც ჩვენმა სახეობამ საკუთარი თავი მოიმწყვდია“. – ამბობს მიშელ ტულუმელო, სოლარპანკ-ხელოვნების მასწავლებელი ნიუ-იორკიდან. – „თუ გადარჩენა და იმ ღირებულებების შენარჩუნება გვსურს, რაც დედამიწაზე გვაბადია, აუცილებელია მსოფლმხედველობის ფუნდამენტური შეცვლა – ჩვენი ხედვა კონკურენციიდან თანამშრომლობაზე უნდა გადავიტანოთ.“

სოლარპანკის იდეა უარყოფს დისტოპიაში ცხოვრებას, მომავალს, რომელსაც ხშირად ფილმებში გვიჩვენებენ – ნეონით განათებულ, ნაცრისფერ ცივ ქალაქებს, სადაც ყველაფერს გიგანტური კორპორაციები მართავენ. სოლარპანკი, ნამდვილი „პანკია“, რადგან ის ითხოვს, რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელში იყოს. მისი იდეის განხორციელებაში კი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტექნოლოგიას – ის არ უნდა იყოს რთული და მიუწვდომელი, რასაც მხოლოდ ერთეულები მართავენ. ტექნოლოგია უნდა იყოს მარტივი, შეკეთებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც მზის სინათლე.

ეპოქას, რომელშიც ვცხოვრობთ, მეცნიერები ანთროპოცენტრს უწოდებენ. ესე იგი, სამყაროს მთავარ ცენტრში ყველაზე მაღალგანვითარებული სახეობა – ადამიანი გვევლინება, რამაც ადამიანი გახადა დედამიწაზე ყველაზე დამანგრეველი ძალა, რომელიც ანადგურებს ბუნებას თავისი დაუდევრობით  თუ პირადი ინტერესით. სოლარპანკი კი გვთავაზობს გადავიდეთ სიმბიოცენში, რაც გულისხმობს ადამიანისა და ბუნების პარტნიორობას. წარმოიდგინეთ, ტექნოლოგია კი არ „აწამებს“ ბუნებას, მისგან რესურსების გამოსაძალად, არამედ სწავლობს მისგან. ამას ბიომიმიკრია ჰქვია. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უზარმაზარი, ენერგიისმჭამელი კონდიციონერები დავდგათ, შეგვიძლია შენობები ისე ავაშენოთ, რომ მათ ბუნებრივი ვენტილაცია ჰქონდეთ, ზუსტად ისე, როგორც ტერმიტები აშენებენ თავიანთ ბუდეებს. ან წარმოიდგინე მზის პანელები, რომლებიც კი არ აფუჭებენ ხედს, არამედ მცენარის ფოთლებივით ფუნქციონირებენ და თვითაღდგენის უნარი აქვთ.

ეს არ არის ფანტასტიკა. ეს არის მიდგომა, სადაც ტექნოლოგია ისე ერწყმის გარემოს, რომ მათ შორის საზღვარი იშლება. როგორც ერთ-ერთი ფუტუროლოგი ამბობს: „ნებისმიერი საკმარისად განვითარებული ტექნოლოგია ბუნებისგან განუყოფელია“.

 აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, სოლარპანკი არ არის სტერილური და ზედმეტად „გაწკრიალებული“ მომავალი. ხშირად გვაჩვენებენ ხოლმე ისეთ პროექტებს, როგორიცაა საუდის არაბეთის Neom-ის  გიგანტური, ულტრათანამედროვე ქალაქი უდაბნოში. ერთი შეხედვით ის სოლარპანკს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში მისი საპირისპიროა. რატომ? იმიტომ, რომ ის არის ცივი და ხელოვნური.

ნამდვილი სოლარპანკი არის „მომავალი ჭუჭყით ფრჩხილების ქვეშ“. ეს ნიშნავს, რომ შენ თავად ხარ ჩართული შენი გარემოს შექმნაში. ეს არის საერთო ბაღები კორპუსების სახურავებზე, სადაც მეზობლები ერთად მოიყვანთ პომიდორს, ეს არის პატარა სახელოსნოები, სადაც ნივთებს კი არ ვყრით, არამედ ვაკეთებთ, ეს არის ქალაქი, სადაც ასფალტის ნაცვლად ხეხილის ბაღებია. ეს არის ცოცხალი, ცოტათი ქაოსური, ფერადი და ძალიან ადამიანური გარემო.

როცა ამ იდეებზე ვფიქრობ, სულ ჩვენი ქვეყანა მიდგას თვალწინ. საქართველოს მიწას საოცარი ძალა აქვს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ არ გავიმეოროთ სხვების შეცდომები და არ გადავაქციოთ ჩვენი ქალაქები მხოლოდ ბეტონის ყუთებად. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ შევქმნათ ისეთი დასახლებები, სადაც ტექნოლოგია და მიწა ერთმანეთს დაუმეგობრდება.

წარმოიდგინეთ ჩვენი მთიანი სოფლები ან თუნდაც თბილისის ძველი უბნები, სადაც განახლებადი ენერგია ისეა ინტეგრირებული, რომ არაფერს აფუჭებს. სოლარპანკი გვეუბნება, რომ ყოველი კულტურა თავად უნდა წყვეტდეს, როგორი ტექნოლოგია სჭირდება მას. ჩვენ არ გვჭირდება უცხოური შაბლონები, ჩვენ გვჭირდება ჩვენი, ქართული „კოსმოტექნიკა“  ჩვენს მიწაზე, ჩვენს წყალზე და ჩვენს მზეზე მორგებული.

ჩვენ ახლა გარდამავალ ეტაპზე ვართ. ქალაქები ვეღარ სუნთქავენ და ჩვენც მათთან ერთად ვიგუდებით. სოლარპანკი კი არის იმედის სხივი, რომელიც გვეუბნება, რომ გამოსავალი არსებობს. ეს არ არის მხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვა, ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს არის სამყარო, სადაც შენი შრომა აზრიანია, სადაც შენი გარემო გიყვარს და სადაც პროგრესი არ ნიშნავს რაღაცის მსხვერპლად შეწირვას.

სოლარპანკი არის მოწვევა დიალოგზე. ეს არის შანსი, რომ მომავალს არა შიშით, არამედ ინტერესით შევხედოთ. მოდი, ნუ დაველოდებით, როდის აგვიშენებენ სხვები „ჭკვიან ქალაქებს“. მოდი, თავად დავიწყოთ ჩვენი გარემოს გაცოცხლება, თუნდაც ერთი პატარა აივნით, ერთი საერთო ბაღით ან ერთი კეთილი იდეით, რომელიც ბუნებასა და ტექნოლოგიას ერთმანეთთან შეარიგებს.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მომავალი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც მას დღეს წარმოვიდგენთ.

როგორ გგონია, ჩვენს რეალობაში რა იქნებოდა პირველი ნაბიჯი ასეთი მომავლისკენ?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.