fbpx

ქეით მოსი: მარადიული მუზა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

დემნა გვასალიას მიერ შექმნილი Gucci-ის პირველი კოლექცია ქეით მოსმა 1990-იანი წლების Tom Ford-ისა და ბრენდის კოლაბორაციის ინსპირაციით შექმნილი ზურგამოღებული, შავი ბრჭყვიალა კაბით დახურა. Gucci-ის ლოგოს უკან გამოსახული ჩიტები სუპერმოდელის შიშველ ზურგს ამშვენებდნენ.

ქეით მოსი სუპერმოდელის როლს დიდი ხანია გასცდა და თანამედროვე ხელოვნების მუდმივ მუზად იქცა. მოდელი თავისი მრავალმხრივი, ხატოვანი და ხშირად ენიგმატური გარეგნობით არაერთი მხატვრის, სკულპტორის და ფოტოგრაფის შთაგონების წყაროდ იქცა, რაც მაღალი მოდის, პოპ-კულტურისა და სახვითი ხელოვნების უნიკალურ გადაკვეთას წარმოადგენს.   

2002 წელს ფეხმძიმე ქეით მოსმ, ბრიტანელ არტისტსა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის, ზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილს ლუსიენ ფროიდს ტატუს გაკეთება სთხოვა. ფროიდმა, რომელმაც ტატუს გაკეთება სავაჭრო საზღვაო ფლოტში მსახურობისას ისწავლა, მოდელს ხერხემლის ძირში ორი პატარა მერცხალი დაახატა. 

ლუსიენ ფროიდს ცნობილი ადამიანების ხატვა არ უყვარდა. ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა „სელებრითებთან“ ასოცირებულ „გლამურულ ბრწყინვალებას“. მან პრინცესა დიანას და რომის პაპის დახატვაზეც კი უარი თქვა. მხატვარი უფრო ხორციელი ფორმებით, კანის სიმკაცრით და რეალობის განცდის გადმოცემით იყო გატაცებული. მისი ერთადერთი გამონაკლისი ქეით მოსი გახდა, რომლისთვისაც არტისტისთვის პოზირება კარიერული ამბიცია იყო. სწორედ ასე დაიწყო 80 წლის ფროიდისა და ქეით მოსის ხანგრძლივი და მოულოდნელი კრეატიული დუეტი. მეტიც, არაერთი ჭორი არსებობდა იმის შესახებ, რომ მოსს და ფროიდს რომანტიკული ურთიერთობაც ჰქონდათ. 

მოსი კვირაში სამჯერ, საღამოს შვიდი საათიდან დილის 2 საათამდე ფროიდისთვის პოზიორობდა (ფროიდი ხელოვნურ შუქზე ხატვას ამჯობინებდა). ორსული მოდელის შიშველი ნახატი ანონიმურმა მყიდველმა 3,9 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა. 

ბრიტანელი ვიზუალური არტისტის, მარკ ქუინის იოგას პოზაში წარმოდგენილი ქეით მოსის სკულპტურების სერია იდეალიზებული ფიგურის იდეას იკვლევს, რომელიც უფრო კულტურული ჰალუცინაციაა (ქეით მოსი როგორც ქალღმერთი), ვიდრე რეალური ადამიანი.

ამ  სერიების კულმინაცია „სირინოზია“ (2008 წ.) – ქეით მოსის სკულპტურა 18-კარატიან ოქროში. როგორც თავად ქუინმა აღნიშნა, ადამიანები ხშირად ქმნიან გამოსახულებებს და მათ თაყვანისცემას იწყებენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ისინი თავად გამოიგონეს. მითი თქმით, ეს ყველა ცნობილი ადამიანისა და რელიგიური ხატის საფუძველია. ოქრო არის ლითონი, რომელიც ადამიანებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას მასალად მიიჩნიეს, მაგრამ მათ მიერ გამოგონილი სრულყოფილების გამოსახულებების მსგავსად, ოქრო თავად რწმენის სისტემაა, რადგან ის თავისი არსით ყველაზე ღირებულია. 

„სფინქსის ოქროში ამოვლებით, სირინოზი ყველა შეუძლებელი ოცნების გამოსახულებას ქმნის, რომლებიც ადამიანებს რეალობის კლდოვან სანაპიროზე რიყავს.“ – მარკ ქუინი. 

ბრიტანელი ქუჩის არტისტის, ბენქსის 2005 წლის ქეით მოსის პრინტები, ენდი უორჰოლის მერლინ მონროს პორტრეტების სერიას ხელახლა წარმოაჩენს და მსახიობის სახეს მოდელის სახით ანაცვლებს, თუმცა მონროს ნეონის თმას ინარჩუნებს. ეს იმიჯები ერთგვარი სატირაა, რომელიც „სელებრითების“ კულტურას და მასთან დაკავშირებულ მითვისებას, ბრენდინგს და მითს იკვლევს.  

ამერიკელი არტისტი ჩაკ კლოუზი ათწლეულების განმავლობაში პიპერრეალისტურ პორტრეტებს ქმნიდა. მან ციფრული გამოსახულებების ანომალიებითა და ბადისებრი ტექნიკით, პიპერრეალიზმის მიმდინარეობის განვითარებას შეუწყო ხელი.

ქლოუზმა მოსი ჟურნალ W-ს 2003 წლის სექტემბრის ნომრისთვის გადაიღო, რომელიც მოდის ფოტოგრაფიისთვის დამახასიათებელ სილამაზეზე ორიენტირებული გამოსახულებების კონცეპტუალური გამოწვევა იყო.  ფოტოში მოდელი შიშველია, მაკიაჟის გარეშე, რითაც არტისტი აქცენტს უხეშ, გულწრფელ პორტრეტზე აკეთებს.  

ტრეისი ემინის ხელოვნება ფიზიკური ფორმით დღიურის წერას წააგავს – ნაქარგი კარვები ინტიმური სახელებით, გულისტკივილით შთაგონებული ნეონის ფრაზები, დაულაგებელი საწოლი… ემინის ხელოვნება ხშირად დამთვალიერებელს მის ემოციურ სამყაროში ურყევი გულწრფელობით იწვევს. 

არტისტი ნამუშევარში „ქეით მოსი 2000“ მოდელის არა კომერციულ, არამედ ინტიმურ სხეულს წარმოაჩენს. ეს კრეატიული დიალოგია, ვიზუალური საუბარი იდენტობაზე, განსახიერებაზე, დაუცველობასა და პოპულარობაზე, რომელშიც ემინი მოსს ეპატიჟება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.