fbpx

არქიტექტურა როგორც მოძრაობა


გააზიარე სტატია

                

ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

 ჩვენ – საზოგადოება, ადამიანები, ურთიერთობები, ალგორითმები და ინფორმაცია –  ეს ყოველივე ცოცხალია, მოძრაობს და ყოველდღიურად აისახება მატერიალურ სამყაროში, გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ – სახლებში, ქუჩებსა და არქიტექტურაში. 

დღევანდელი საზოგადოება მიჩვეულია აღიქვას არქიტექტურა, როგორც სტატიკა და მხოლოდ მატერიალური მხარე, მაგრამ სოციალური არქიტექტურა, რომელიც იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა ადამიანებისა და მათი სოციუმის ირგვლივ, რომელიც ტრანსფორმირდება მათი ხედვისა და მოთხოვნილებების შესაბამისად, თითქოს მოძრაობს და ცოცხალია, ისევე როგორც ჩვენ. 

სალომე ყიფიანი, ქართველი არქიტექტორი და დიზაინერია. ის დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, არქიტექტურულ ფირმაში მუშაობს და იკვლევს არქიტექტურის არასტანდარტულ როლსა და მის ეფექტს ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებში. განათლება  Architectural Association-ში მიიღო და მას შემდეგ მუშაობდა და მუშაობს სხვადასხვა ინტერდისციპლინარულ პროექტებზე. მისი სტატიები “Deepfake cities” Trans Magazine-ში, ხოლო პროექტი “Tracing the cloud” გამოცემა “Ellipses Journal”-ში გამოქვეყნდა.

სალომეს ინტერესი და ნამუშევრები სოციალური მშენებლობის ირგვლივ ტრიალებს. მისთვის საზოგადოება უპირველეს ყოვლისა ზრუნვაა, ხოლო არქიტექტურა დამხმარე ძალა. არქიტექტორის თქმით, სივრცე პირდაპირ ეფექტს ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და შესაბამისად, ურთიერთობებზეც. სივრცე უნდა იყოს ზრუნვის ელემენტი და არა შემჭიდროების. სივრცე და მისი სწორი მოწყობა შესაძლებელია დაეხმაროს ადამიანს სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში. 

ცოტა რამ სოციალურ არქიტექტურაზე: მისი მთავარი ასპექტი არის ადამიანებისა და მათი ცხოვრების გაუმჯობესება. სივრცის შექმნა, რომელიც აერთიანებს, ზრუნავს და საჭირო ინფორმაციასა თუ ფუნქციას ატარებს მცხოვრებთა  მოთხოვნებიდან გამომდინარე. ნაგებობა უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. ამის გამო ხშირად  სოციალური არქიტექტურა ვიზუალურად შესაძლებელია ამოვარდნილადაც მოგეჩვენოთ, ყოველ შემთხვევაში ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ მისი დაფინანსება არ გახდება პრიორიტეტული. თუმცა დღევანდელ სამყაროში, სადაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იჭრება ციფრული რეალობა, აუცილებელია მისი ეფექტის გათვალისწინებაც და არქიტექტურასა და დიზაინში მისი სწორი ინტეგრირება. სწორედ სოციალური არქიტექტურისა და ციფრული ეფექტის სინთეზს იკვლევს სალომე თავის პროექტებში. დღევანდელ რეალობაში ადამიანის ფსიქოლოგიაზე, მის განწყობასა და ცხოვრებაზე არა მხოლოდ სივრცე, არამედ ალგორითმებიც ახდენენ ზეგავლენას. 

მაგალითისთვის, პროექტი Data Rituals  ნათლად ასახავს ტექნოლოგიებისა და არქიტექტურის განუყრელ კავშირს ჩვენს დროში. სწორი ალგორითმებით შემდგარი ინფრასტრუქტურა, რომელიც ანაცვლებს “doomscrolling”-ს და მატერიალიზდება დიზაინში,  ადამიანის რუტინასა და ქცევაში დადებით ცვლილებებს იწვევს, რადგან ხმაურიანი კონტენტი ნაცვლდება მშვიდი, რუტინული “ფიდით”. პროექტს სურს მისცეს ინდივიდებს ადგილი, ოთახი, რომელიც იარსებებს ტელეფონების ეკრანებს მიღმა, საერთო სივრცე ფიქრისთვის, შეკრებებისა და შემოქმედებისთვის. Data Rituals ციფრულს ხდის სივრცეს, რათა უსასრულო “სქროლვის” წეს-ჩვეულება გარდაიქმნას შემოქმედებით და ფუნქციურ ქმედებად. 

კაპიტალისტურ სამყაროში არქიტექტურისა და საზოგადოების ურთიერთქმედების წესი, უძველესი დროის დასახლებებისაგან ძალიან განსხვავდება. ოდესღაც ყველაფერი შენდებოდა საზოგადოების ირგვლივ და არ მიმდინარეობდა  სივრცის ისეთი პრივატიზაცია, როგორც ახლა. მსგავსი სეგრეგაცია უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ბუნებასა და კლიმატზეც. 

სალომე სწორედ ამ დაკარგული ურთიერთქმედების აღსადგენად იბრძვის თავის პროექტში, სახელწოდებით Interim now! ავტორი პირველ რიგში იკვლევს ლონდონის სამხრეთში, Packham-ის უბნის საცხოვრებელ რაიონებში ჯერ კიდევ აუთვისებელ სივრცეებს. პროექტი მოუწოდებს საზოგადოებას გაერთიანდეს, რათა შექმნას ის მრავალფუნქციური გარემო, რომელიც აღადგენს დასუსტებულ  სოციალურ უნარებს, რომლებიც თანდათანობით გაიცვითა და დაიკარგა კაპიტალისტურ სამყაროში. 

პროექტის ტერიტორიები ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს და თითოეულ მათგანს თავის ფუნქცია აკისრია. ერთი ნაწილი აგროვებს ძირითად მასალას, ხოლო მეორე ელოდება ამ მასალის მიღებას, რათა განახორციელოს მშენებლობა. Interim now!-ის მთავარი აზრი პირადი სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებაა. პროექტში პირად ტერიტორიას მინიმალური სივრცე ეთმობა და საზოგადოებას სთავაზობს სხვა, საერთო, მრავალფეროვან და მრავალფუნქციურ სივრცეებს, რომელთაც გააჩნიათ მუდმივი ტრანსფორმაციის უნარი, სოციუმის საჭიროებების მიხედვით. ეს გარდაქმნები შესაძლებელია განხორციელდეს საერთო სამუშაო სივრციდან – სახელოსნოში, ბიბლიოთეკიდან – სასადილოში და ასე შემდეგ. 

 პრივატიზაციის, ციფრული სამყაროსა და სეგრეგაციის გარდა სოციუმს კიდევ სხვა მრავალი პრობლემა სდევს თან. ახალ პროექტზე მუშაობას სალომე ხშირ შემთხვევაში კვლევიდან იწყებს, რომელიც ბადებს კვლევებში გამოვლენილი პრობლემის გადაჭრის იდეას და მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება სივრცე, რომელშიც მატერიალიზდება ეს იდეა. არქიტექტურულ ჭრილში კი მისი შემოჭრა ხშირად ისევ და ისევ ციფრული გზით შეიძლება განხორციელდეს. და სწორედ   სოციალური პრობლემის ასეთი გზით გადაწყვეტას გვთავაზობს პროექტი Autonomy now! 

ეს არის კვლევითი ცენტრი, რომელიც ქსენო-ფემინისტური მანიფესტით და აბოლიციონისტური ფემინიზმით ხელმძღვანელობს. პროექტი გვაძლევს საშუალებას გადავაფასოთ პროტესტისა და აქტივიზმის ფორმები. ის მეთოდოლოგიურად უპირისპირდება ეგრეთ წოდებულ “ფილტრის ბუშტებს”. სოციალური ბუშტი ახდენს ეფექტს ჩვენი ცხოვრების სტილზე – როგორ, სად, როდის და რატომ ვირჩევთ სხვადასხვა სივრცეებს. ის ასევე გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანზე. ყველაფერი რასაც ვუსმენთ, ვუყურებთ, ვყიდულობთ, იჭრება ჩვენს პირად, მატერიალურ სივრცეში. სივრცეში, რომელიც ამავდროულად, გადახლართულია ციფრულ სამყაროსთან, რაც  საშუალებას გვაძლევს ვმართოთ ინფორმაციისა და ალგორითმის წარმოების პროცესები პროექციის სახით, თანაც ისეთ სივრცეებში, რომელთაც სოციალური ბუშტის დახმარებით ვირჩევთ. პროექცია შესაძლებელია გვაჩვენებდეს სხვადასხვა ტაქსონომიებს, ღონისძიებებსა და დაშიფრულ კოდებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს  მედიის მიკერძოებას. მსგავსი განმეორებითი ქმედებები გარემოში იწვევს კოლექტიურ შთაგონებას, რომელიც მიზანმიმართულია სამართლიანი მომავლის ჩამოყალიბებაზე. 

 

სალომე ყიფიანის ხედვა არქიტექტურასა და გარემოზე კონცენტრირებულია საზოგადოებასა და მის პრობლემებზე, დროის სვლასთან ერთად იცვლება საზოგადოება და მისი პრობლემებიც, იცვლება გზებიც მათ გადასაჭრელად. აუცილებელია ამ ცვლილებების კვლევა, შესწავლა და იდეების თანამედროვე ჭრილში მოქცევა. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი არ გაჩერდე და არ ჩამორჩე პროცესებს, რადგან ყოველივე ირგვლივ მოძრავია, ისევე როგორც დრო და სივრცე. სწორედ აქ ჩნდება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ალგორითმების სწორად გამოყენების შანსი, რათა ციფრული სამყარო ჩვენი საზოგადოების სასარგებლოდ მოექცეს ჩვენს პირად სივრცეებში. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ცოცხალი, მატერიალური შრომა და ძალა, რომელიც არსებობს ციფრული სამყაროს მიღმა და ჩვენი საზოგადოების განუყოფელია ნაწილია. ამის საჩვენებლად სალომე პროექტ Tracing the cloud-ს გვთავაზობს. 

რუკა, რომელიც დეტალურად გვიჩვენებს ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პროცესს სივრცეში, მატერიალურ პლანზე. როგორ მოიხმარს ის რეალურ, ბუნებრივ რესურსებსა და ადამიანურ ფიზიკურ ძალას, შრომასა და ენერგიას, რასაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები ვერ ვხედავთ და ვიაზრებთ. Tracing the Clouds ამხელს აგრეთვე დღევანდელი საზოგადოებისა და წყობის სხვა პრობლემებს, მაგალითად, კოლონიალიზმს, რესურსებისა და შრომის ექსპლუატაციას. ეს პრობლემები ამოფარებულია ციფრულ სამყაროს, მაგრამ სალომეს რუკა გვაჩვენებს, რომ არაფერია არამატერიალური და აბსტრაქტული. ციფრული და მატერიალური სამყარო გადახლართულია ერთმანეთში, ერთ სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ყველაფერი ცოცხალი და მოძრავია, ისევე როგორც არქიტექტურა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.