fbpx

წერილი ბერლინიდან: ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე


გააზიარე სტატია

ბექა ქურხულმა მომწერა გერმანიაში წლების წინ დროებით გადმოცხოვრებულს – შემოგვიერთდი, პატიმრებს წერილი მივწეროთო. მას მერე ვფიქრობ, როგორ და რა მივწერო ყველას ერთად, თუკი თითოეულისთვის მინდა გამოვძებნო ნუგეშისა და მადლიერების მხოლოდ მისთვის განკუთვნილი სიტყვები? აქედან, აბა, რა უნდა ვუთხრა-მეთქი, ვკითხე ბექას, და საერთოდ რაღა ფასი აქვს სიტყვებს იმ შემზარავი რეალობის ფონზე, რაც თავს დაგვატყდა თითოეულს ცალ-ცალკე და ყველას ერთად?

ამ ფიქრებში მივხვდი, რომ მთელი წელია მხრავს დანაშაულის განცდა ყოველდღიურ პროტესტსა და წინააღმდეგობაში არასაკმარისი ჩართულობის გამო; იმის გამო, რომ თითქოს ჩემი მეგობრები მარტო დავტოვე ამ არათანაბარ ბრძოლაში, მე კი შორსა ვარ. მაგრამ გული თან მუდმივად სავსე მაქვს მადლიერებით – მადლიერებით იმ თავგანწირვისთვის, რისი მოწმეობის ბედნიერებაც მხვდა წილად. ეს ორი შეგრძნება მეხმარება, გაუფერულებულ ყოველდღიურობას გავართვა თავი. იმასაც მივხვდი, რომ ბოდიშისა და მადლობის გარდა, ახლა მათთვის ვერც მოვუყრი სხვა სათქმელს თავს.

ბოდიშის – იმიტომ, რომ სიშორის გამო ვერ ვახერხებ უსამართლობასთან შეუგუებლობის ფიზიკურად გამოხატვას იმათთან ერთად, ვინც ეს პროტესტი დღემდე მოიტანა. მოვა დრო, როცა მათზე ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ, რადგან, როგორც ჩანს, იმ ნაცრისფერ მასას, ჩვენს ქვეყანას რომ დაეპატრონა, სწორედ რუსთაველის და ზოგადად, ქუჩის პროტესტი ეჩხირება ყელში ძვალივით – ხმა, რომელიც ჩურჩულით კი არა, ხმამაღლა ისმის ქალაქის ქუჩებში!

ბოდიშის – იმის გამოც, რომ მარშებზეც ვერ ვარ თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად და ვერ ვუერთდები ქვეყნის გულიდან წამოსული ხალხის მდინარის ბრაზიან ხმაურს. ბრაზიანს – იმიტომაც, რომ უსამშობლოებს გვეძახიან და უსამართლოდ გვაპატიმრებენ სწორედ ისინი, საკუთარი სახლების ასაშენებლად რომ მოჭრეს მთები ან რამე ააფეთქეს კიდევ მეტად გასამდიდრებლად; ამბიციებსა და გულგრილობას გადააყოლეს XXI საუკუნემდე ძლივს მოღწეული ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობა; ტყეებს, მდინარეებსა და ხეობებს გველეშაპებივით დაეპატრონნენ, სოფლები გასწირეს მიწაში ჩასაპირქვავებლად და ადამიანები – სიღარიბის, სასოწარკვეთისა და გაქცევისათვის. ჯერ ერთმანეთი ამართლეს, ხელი აფარეს; მერე კი აღმოჩნდა, რომ კორუფციის ღრმა ჭაობში ჩაეძირათ ეს ისედაც გაწვალებული ქვეყანა და ახლა თითქოს ერთმანეთს დაერივნენ.

ბოდიშის – რომ ამ ყველაფერს ვერ დავუპირისპირდი სათანადოდ მაშინ, როცა ჯერ კიდევ უფრო ადვილად შეიძლებოდა ბრძოლა ცვლილებებისთვის; რომ, შესაძლოა, სწორედ ჩემი და ჩემნაირების სამოქალაქო უყურადღებობის დამსახურებითაც გვყავს დღეს სინდისის პატიმრები და თვალს ვეღარ ვუსწორებთ ამ მასშტაბის უსამართლობას. ვცდილობთ, თქვენ გამო ყელში ბურთად გაჩხირული ბრაზი ვაქციოთ საქმედ და აგურებად, რომლებსაც ერთმანეთზე დავდებთ და ძნელად, მაგრამ მაინც ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, როგორზე ოცნებისთვისაც დაგაპატიმრეს. ვწუხვარ, რომ ამხელა მსხვერპლი გახდა საჭირო; ვწუხვარ გულით თქვენს პატიმრობას და მადლობას გიხდით ღირსეული გამძლეობისთვის.

სექტემბრის ერთ საღამოს სტუმრები გავიყვანე რუსთაველზე. მაშინ ჯერ კიდევ იკეტებოდა ქუჩა და არც ტროტუარზე დგომის გამო იჭერდა ხალხს შიშსა და ძალაზე მდგარი, უხერხულობამდე მხდალი კაცების რეჟიმი. იქვე, ჭიჭინაძის კუთხის გოგოებმა ზურგზე დროშა შემომახვიეს. რუსთაველზე ხაზად დავდექით, ტელეფონები ავანთეთ და „საზმაუ“-ს დავხვდით. მათთან ერთად ვიმეორებდი: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ და ვატყობდი, რომ ნელ-ნელა მიშუშდებოდა ის ჭრილობები, სიშორეში ვერავისთან გაზიარებულმა დარდმა რომ გააჩინა 2024 წლის დეკემბრის სასტიკი დღეებიდან მოყოლებული. მივხვდი, რომ რუსთაველი და მარშები ის მალამოა, ამ უხილავ და ყველაზე ღრმა იარებს ცოტათი მაინც რომ ამთელებს. ამიტომ ებრძვიან ასე გამალებით! უნდათ, რომ ისედაც დაქსაქსულ ქვეყანაში თანამოაზრეებიც გათიშონ ერთმანეთისგან და მარტოობის, უსაშველობის განცდაში ჩაძირონ. გახსოვთ, ჰარი პოტერის ბოლო სერიის პირველი ნაწილი? რუსთაველი და მარშები კი ის ადგილია, სადაც ხვდები რეალურად, ვისია ეს ქვეყანა. არასოდეს ვაპატიებდი თავს ამ ერთობის, ბრძოლის ჟინის, გაუტეხლობის ნაწილად ყოფნა ფიზიკურად რომ არ შემეგრძნო და ბევრ უცნობ ახლობელთან ერთად რომ არ მეყვირა: „უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს!“.

რა შეედრება ასეთ თანამოაზრეობას ამ ძნელ და მღელვარე დროში? დროში, როცა ბევრს სინდისი მკვდარივით დაუდუმდა; როცა ყოფილმა თანამოაზრეებმაც გვერდით გაიხედეს და თვალი აარიდეს სხვის ტანჯვასა და გაშიშვლებულ რეალობას; მაშინ, როცა ოთხ კედელში გამოკეტილი ქალი, როგორც ამბობენ, ტიროდა ტკივილისგან. ანასტასიას ქვეყანა ჩემი ქვეყნის მტრად მიმაჩნია, ის კი ამ ბრძოლაში – ჩემს თანამოაზრედ. საშინლად განვიცდი მის ტკივილებს და იმას, რომ საქართველოში ასეთი მოპყრობა ნახა.

ამას წინათ ერთი გერმანელი პედაგოგის მოგონებებს ვკითხულობდი, რომელიც 1920-იან წლებში ცხოვრობდა თბილისში და „ჩეკამ“ დაიჭირა ჯაშუშობის ბრალდებით. ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ რამდენიმე კვირის მანძილზე ხან იზოლატორში ჰყავდათ გამომწყვდეული, ხან –  საერთო საკანში. „იმაზე, რისი მოწმეც პატიმრობისას გავხდი, საუბარი არ მინდა“, – წერდა ფრიდრიხ ბაუმჰაუერი მოგვიანებით და თავს იკავებდა საპატიმროს მძიმე გამოცდილების აღწერისაგან. ის ასევე წერდა უხუცეს თანამესაკნეებზე, ანუ ყველაზე „სტაჟიან“ პატიმრებზე, რომლებიც ბაუმჰაუერს ქართველების სახელით უხდიდნენ ბოდიშს „ჩეკას“ მიერ მიყენებული ტანჯვისთვის და უხსნიდნენ, რომ, სამწუხაროდ, ისინი აღარ იყვნენ საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონები. გარდა ბოდიშისა, გერმანელ პატიმარს, რომელიც ყოველნაირი მტკიცებულების გარეშე ჰყავდათ გამოკეტილი, საუკეთესო ადგილებს სთავაზობდნენ და ყურადღებასაც იჩენდნენ: „ჩვენ მადლობას ვუხდიდით და ვარწმუნებდით, რომ ამ გამოცდილების გამო პასუხისმგებლობას არასოდეს განვავრცობდით ქართველებზე/საქართველოზე“, – წერდა ბაუმჰაუერი.

ზუსტად 100 წლის შემდეგ მინდა გთხოვო ანასტასიას, რომ საქართველოზე გულში ცუდად ნუ გაიფიქრებს. მოვა დრო და გავაცნობთ იმ საქართველოს, სადაც „სხვისი ჭირი“ და სხვისი ტანჯვა არასოდეს არის „ღობეს ჩხირი“; ქვეყანას, რომელიც დგას სოლიდარობაზე, ერთმანეთის გატანასა და ემპათიაზე. მებრალება ყველა, ვინც ასეთ საქართველოს შეგნებულად აქცია ზურგი და სხვის განსაცდელზე დახუჭა თვალი.

შეიძლება დღეს პროტესტის ხმა ისე ხმამაღლა აღარ ისმის, რადგან აბსურდული კანონებით ცდილობენ მის ჩახშობას. ისევე უნდათ ჩაკლან მისი სიცოცხლე, როგორც უამრავი მდინარის, მილებში რომ გამოამწყვდიეს, მაგრამ თავს ნურავინ მოიტყუებს და ნუ იფიქრებს, რომ ბრაზი სადმე გაქრა. ჩვენი მთების გულებიდან მომდინარე მდინარეებმა, ძირითადად ვრცელ, უწყლობისგან გამომშრალ კალაპოტებში რომ მოწანწკარებენ, მოულოდნელად იციან აზვირთება. 

ანა მარგველაშვილი 

„51-ე აკაცუკი“ 

27.01.2026 

 ბერლინი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.