fbpx

„ვარ უმტკიცესი რვალისა!“ – ღია ბარათად პოლიტიკურ პატიმრებს


გააზიარე სტატია

ავტორი: როსტომ ჩხეიძე

 

ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არა გვყავსო, – დაბეჯითებით ირწმუნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, განივთებული ერთ, ერთადერთ კაცში, და შესაფერის დასაბუთებასაც მოაყოლებს: მშვიდობისათვის ვიღვწით, მშვიდობისათვის გადაგვიდია თავი და როგორ შეიძლება ამ მცდელობას, ხალხზე სადღეღამისო ზრუნვას მოწინააღმდეგე ჰყავდეს, კონსტრუქციული პოლიტიკური ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მხარესაა, და თუ რაღაც ოცდაათი აკაცუკი ურევს ქვეყანას, ეს ოპოზიციად ვერ ჩაითვლება, და ვერც მათგან ციხეში ხულიგნობისათვის მოხვედრილები ვერ შეირაცხებიან პოლიტიკურ პატიმრებად და სახელმწიფოსაგან უკანონოდ დევნილებადო. 

მერე ეს რიცხვი „ოცდაათი“ ცოტა მოეჩვენებოდათ ქვეყნის არევისთვის და ამჯობინებდნენ მტკიცებას:

რაღაც ორმოცდაათი აკაცუკიო…

ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არა გვყავსო, – ირწმუნებოდა საბჭოთა ხელისუფლება, განივთებული ერთ, ერთადერთ კაცში, და შესაფერის დასაბუთებასაც მოაყოლებდა:

მშვიდობისათვის ვიღვწით, მშვიდობისათვის გადაგვიდია თავი და როგორ შეიძლება ამ მცდელობას, ხალხზე სადღეღამისო ზრუნვას მოწინააღმდეგე ჰყავდეს, თითო-ოროლა სხვაგვარად მოაზროვნე თუ გამოჩნდება დროდადრო, ფსიქიატრიული პრობლემები აქვთ, და მათგან ვერც საავადმყოფოებში მოხვედრილნი შეირაცხებიან პოლიტიკურ პატიმრებად და ვერც ციხეში მყოფნი, ჩვენი სახელმწიფო როგორ შეიძლება ვინმეს უკანონოდ დევნიდესო. 

თავიდან ბოლშევიკები მათგან განსხვავებულად მოაზროვნეებს, საქართველოს ოკუპაციის მოწინააღმდეგეებს პოლიტბანდიტებად იხსენიებდნენ და ამ მოტივით ხოცავდნენ თუ ატუსაღებდნენ, მერე ანტისაბჭოთა მოლაყბეებს შეარქმევდნენ და უკვე ეს გახდებოდა უშუალო საბაბი მათი დახვრეტისაც და გაციმბირებისაც. 

თუმც შემდგომ აღარ ეჭაშნიკებოდათ იმის აღიარება:

ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები თუ კიდევ არსებობდნენ მშვიდობისმყოფელი ხელისუფლების მიერ დამყარებულ წეს-წყობილებაში, მთელი ძალ-ღონით რომ მიისწრაფოდა კომუნიზმის აღაჟღაჟებული მწვერვალებისაკენ, და დისიდენტებს ხულიგნობის ბრალდებით ისტუმრებდნენ ციხე-გადასახლებაში. 

ტროტუარზე ორი კაციც რომ გაჩერებულიყო, არამცთუ სამი და ოთხი, მაშინვე მილიციელი მიადგებოდათ მოთხოვნით: 

დაიშალეთ, დაიშალეთო!..

ზოგი მონდომებული წესრიგის დამცველი ერთ კაცსაც კი მოსთხოვდა: 

აქ რატომ დგახარ, დაიშალეო!..

ასე იცავდნენ საბჭოთა კანონებს. 

ამას რომ ვყვებოდით, ახალგაზრდები სიცილით იცინოდნენ, მაგრამ დაჯერებით მაინცდამაინც ვერ იჯერებდნენ, ეგონებოდათ, ჰიპერბოლურად გვიყვებიან საბჭოთა რეჟიმის ძალმომრეობის ამბებსო. 

ახლა უკვე აღარავინ გაიცინებს და აღარც ჰიპერბოლა თუ გროტესკი ეგონებათ, რაკიღა ტროტუარზე დგომა – რუსთაველის გამზირზე – რამდენიმედღიანი პატიმრობით ისჯება, განმეორების შემთხვევაში კი არც წლები მოაკლდებათ. 

ასე იცავენ „ოცნებურ“ კანონებს. 

ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სინამდვილე გვაქვს გამოვლილი:

ღირსეულ ადამიანებს ხალხის მტრები რომ ერქვათ, ხულიგნები და სულით ავადმყოფები, მოძალადეებსა და ქვეყნის გამყიდველებს კი – მხსნელები და მოამაგენი, ხალხისათვის თავგადაკლულ-შეწირულნი. 

დადგებოდა უკეთესი დრო, ანუ საქართველო ამოიგებდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და:

ეს ამოყირავებული შეფასებაც გამოსწორდებოდა, ყველასა და ყველაფერს თავთავისი სახელი რომ დაერქმეოდა. 

და ახდილად ითქმოდა ისიც, რაც საქმეში ჩახედულთ ყველას ისედაც მოგვეხსენებოდა:

დიდიან-პატარიანად უზარმაზარ ციხეში რომ ვიმყოფებოდით, პოლიტიკური პატიმრები კი, რომლებიც თურმე არ არსებობდნენ, ორმაგი ციხის წნეხს განიცდიდნენ. 

და თქვენც, ამჟამინდელი პოლიტპატიმრები, რომლებიც თურმე არ არსებობთ, სწორედ იმ ორმაგ წნეხს განიცდით, დიდი ციხიდან მცირე ციხეში რომ შეგიძღვებოდნენ. 

უმეტესობა თქვენგან სრულიად ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე იცით და თქვენს ტყავზე გამოგიცდიათ, თუ რას ნიშნავს: 

ძალმომრეობაც კანონის დამცველთაგან.

ცემა-ტყეპაც, წამებაც და ცილისწამებაც. 

უსამართლო პროკურატურაც და სასამართლოც. 

სიმართლის ფეხქვეშ გათელვაც და არარსებული მტკიცებულებებით გამომწყვდევაც გისოსებში.

იქაც სულ უფრო დ აუფრო რომ გიძნელებენ ყოფნას, რათა სრულიად მოგწყვიტონ  ახლობლებსა თუ გულშემატკივრებს. 

კანონი რომ არად არის ჩაგდებული და ყველაფერს პოლიტიკური ნება წყვეტს, ამიტომაცაა, რომ:

თქვენგან ითხოვენ პატიებას და… მაშინვე გაგეღებათ ციხის კარი. 

პატიების, შეწყალების თხოვნა კი გულისხმობს, რომ:

აჰყვეთ ხელისუფლების თამაშს და თავი გამოიყვანოთ ხულიგნებად და არა პოლიტიკურ პატიმრებად. 

და ამით ხელი შეუწყოთ  დღევანდელობისა და შემდგომ უკვე ისტორიის გაყალბებას. 

თქვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოგეჩინათ სტოიციზმი და შეუდრეკლობა და არ დათანხმებოდით შეწყალების თხოვნას იმ თავისუფლების ფასად, რაც სრულიად გააუფასურებდა თქვენს თავგამოდებასა და პოლიტიკურ ბრძოლას  რუსული საცეცებისაგან თავდასაღწევად. 

ეს იგივე იქნებოდა:

1921 წლის თებერვლის უმძიმეს დღეებში იუნკრებს – და მათთან ერთად უფროს თაობასაც – იარაღი რომ დაეყარათ და შეწყალება ეთხოვათ ოკუპანტებისათვის სიცოცხლის გადარჩენის ფასად. 

სათქმელად იოლია ეს ყოველივე. 

აღსასრულებლად – ძალზე ძნელი. 

მითუმეტეს, როდესაც ცთუნების წინაშე გაყენებენ. 

მაგრამ აღმოჩნდებოდა, რომ:

თქვენი სულიერი სიმტკიცის ადამიანები არც კი მდგარან ცთუნების წინაშე, რაკიღა უყოყმანოდ უარყოფდით – თანაც ყველა ერთობლივ – გაყიდულ თავისუფლებას, ისტორიაში ყალბისმქნელებად მონაწილეობას. 

ჩვენი დრამატიზმით აღსავსე ისტორიის ეს მონაკვეთი კი იწყება 1802 წლიდან, ქართველობა რომ ვერ შეეგუებოდა რუსულ უღელს და განუწყვეტელი და დაუმცხრალი იქნებოდა წინააღმდეგობის მოძრაობა:

ხან ამოფრქვეული, ხანაც იატაკქვეშ გადასული. 

და უწყვეტობის სული ყველანაირად შენარჩუნდებოდა. 

ამ უმნიშვნელოვანესი ეპიზოდებიდან თუნდ 1942 წლის შეთქმულებისა და სამანელთა ამბები და სახებანი რომ ამოვკრიფოთ:

კოტე ხიმშიაშვილისა და ადამ ალვანელისა და მათი თანამოაზრეების!..

და მათი პაროლი:

ვარ უმტკიცესი რვალისა!

ანდერძად რომ გადმოსცემოდათ და ანდერძადვე დაგვიტოვებდნენ. 

ეგონებოდათ, რომ:

ეს ისტორიული რკალი მაინც ამოთავდებოდა და მსხვერპლი აღარ გახდებოდა აუცილებელი. 

მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავაც იქ ვდგავართ, სადაც მაშინ ვიდგებოდით:

მართალი სიტყვა დანაშაულად რომ შერაცხილა, ერთგულება ქვეყნისა – მის მტრობად, თავისუფლების წყურვილი კი – საბრალდებო განაჩენად!..

ეს სიმძიმე უმეტესწილად კვლავ ახალგაზრდების მხრებს უნდა დასწოლოდა. სიმამაცე და გაბედულება კვლავ ახალგაზრდობას უნდა ეტვირთა. 

ისტორიის მსვლელობა კვლავ თქვენს ასაკს უნდა დაჰყრდნობოდა. 

უფრო დიდი ციხიდან რა შეიძლება გითხრათ ორმაგ ციხეში მოხვედრილებს. 

როგორ შეიძლება გაგამხნეოთ, როდესაც აქეთ გვამხნევებთ. 

როგორ შეიძლება განუგეშოთ, როდესაც აქეთ გვანუგეშებთ. 

როგორ შეიძლება დაგაიმედოთ, როდესაც აქეთ გვაიმედებთ. 

როგორ ჩაგინერგოთ უფრო მეტი სიყვარული ჩვენი ტრაგიკული, მაგრამ ფენიქსისებრ აღდგომის მომლოდინე სამშობლოსი, როდესაც აქეთ გვინერგავთ იმ უფრო მეტ სიყვარულსაც. 

და თუ ვინმეს გაუსიგრძეგანებია ნიკოლოზ ბარათაშვილის შეგონება, ერთ უპირველესებს სწორედ თქვენ, რაკიღა ეს მარადი ჭაბუკი თქვენ შორის ჩამდგარა და არა ცხრება და არა შოშმინდება:

ცუდად ხომ მაინც არ  ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთებაო!..


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.