ნეტავ რა ხდება გარეთ? – ელენე ჯაფარიძე
დილაობით გაღვიძებისას ეს შეკითხვა მოდის.
ნეტავ რა ხდება გარეთ?
მზე ამოდის?
ვიღაც სამსახურში აგვიანებს?
ვიღაც ყავასაც იდუღებს ალბათ, სიგარეტს უკიდებს და დღის გეგმას ალაგებს თავში.
ყავის სუნი მომენატრა.
აქ დრო სხვანაირად სუნთქავს. წუთები, საათები, დღეები, სხვა რიტმით გადიან.
არა, დრო არ დგას. ვინ აცდის რო?
მთავარია წიგნი იყოს, კალამი, ფურცელი და მაშინ დრო საერთოდ აღარც გახსოვს.
და მაინც, ყველაზე მძიმე არა სხვაგვარად ნაგრძნობი დრო და ბეტონის კედლებში გამომწყვდეული სხეულია, არამედ იმის არ ცოდნა – რა ხდება გარეთ, ხომ არ დანებდით?!
დგახართ? თუ აგრძელებთ?
ჩემი აქ ყოფნის არსს ნელ-ნელა ჩავწვდი. განა თავიდანვე არ მესმოდა რა მიზანი ქონდა ჩვენს აქ დამწყვდევას?! პოლიტპატიმრების დატყვევებას, დატუსაღებას. მესმოდა. მაგრამ ახლა სრულად ვგრძნობ, გონით, სულით, სხეულით.
თავიდან შემთხვევით აგვარჩიეს.
შემდეგ კი შეგნებულად გვტეხდნენ.
ვინც ხმას ვიღებდით, ვეწინააღმდეგებოდით, იქიდან სრულიად შემთხვევით ამოგვიღეს მიზანში, ყოველგვარი წინასწარი ცოდნის გარეშე – ვინ გატყდებოდა, ვინ გაჩუმდებოდა, ვინ დაიკარგებოდა. არც არაფერი იცოდნენ, არც არაფერს ელოდნენ. იფიქრეს დავიჭერთ, ჩავკლავთ ამათში პიროვნებას, ღირსებას და სხვებიც მოიდრიკებიან. დაიშლებიან, დაიმალებიან და მორჩა.
საიდან უნდა სცოდნოდათ რამხელა იყო ჩემში ამბოხი, სიყვარული, სიმართლე?! თურმე რამდენი შემძლებია!
რამდენად მყვარებია.
რაც დრო გადის მით უფრო ვხდები – უსაზღვროა სიმართლე.
უსაზღვროა სიყალბის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის წყურვილი. ამიტომ მათი შიშიც და სიძულვილიც უსაზღვროა ჩვენდამი.
სხეული ადვილად ჩაკეტეს.
სული – ვერ, ვერც კი მიეკარნენ.
რაც მეტად გვსჯიდნენ- მით მეტად ვთავისუფლდებოდით და ვძლიერდებოდით.
რეჟიმი არ სჯის დანაშაულს, ის სჯის გაუტეხლობას.ის სჯის სიყვარულს, სინათლეს. სიმართლეს. ამბოხს.
ნეტავ რა ხდება გარეთ?
ნეტა იმ გოგოს თუ ვახსოვარ, მეგობრის დაბადების დღეზე რომ ვნახე, მზის ფერი თმით. მაშინ არც კი ვიცოდი, ეს ვითომ უმნიშვნელო საღამო
ჩემი თავისუფლების ბოლო მოგონება რომ იქნებოდა. თავისუფლების ჩემს ბოლო მოგონებას მზისფერი თმები აქვს.
ნეტავ ის ბიჭი დროშით და პატარა კამერით, წყალს რომ მაწვდიდა დარბევის დროს ,დღესაც თუ დგას რუსთაველზე? დღესაც თუ სჯერა გამარჯვების?
ხომ არ დანებდა? ნეტავ თუ იცის, რომ ზოჯგერ მასზეც ვფიქრობ, ვგულშემატკივრობ. ფიქრებში ველაპარაკები.
რეჟიმს სჭირდება, რომ მე დავიკარგო. რომ ჩემი სახელი დაივიწყონ.
ჩვენი სახელები წაიშალოს, ჩვენი ამბები ერთმანეთში აიზილოს. პატიმარი N 406. დიახ, მათ სურთ რომ პატიმარი მერქვას და არა სინდისის ტყვე!
ინდივიდუალურობა ხომ საშიშია. ინდივიდუალურობა არ ემორჩილება სტატისტიკას.
მე არ ვარ სტატისიკა.
ყავას კი დალევდა კაცი.
ცივი საზამთროს სუნი…
წვიმის პირველი წვეთი ცხელ ასფალტზე…
ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ სიზმრებში დარჩა.
მენატრება, მაგრამ მსხვერპლად არ ვგრძნობ თავს.
მე არ ვარ მსხვერპლი, – მტკიცებულება ვარ.
ამასწინად მომივიდა ეს აზრი თავში – მტკიცებულება, რომ საქრთველო არ გატყდა.
სულ უფრო ნაკლებად მაინტერესებს მათი „კანონები“ და უწესობა და სულ უფრო მეტად მაინტერესებს – მათი შიში.
ძალაუფლებას რომ ებღაუჭები, რას ცდილობ სინამდვილეში?
დაფარო ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებს – სიცარიელე, უძლურება.
ჭეშმარიტად ძლიერს არაფრის მტკიცება არ სჭირდება. ის არ ეძებს და მით უფრო არ ითხოვს დასტურს. არ აგროვებს თავისი ძლევამოსილების მტკიცებულებებს.
მას აქვს დასტური – გონში, გულში და სხეულში.
ვინ ითხოვს დასტურს, სხვისი დასჯის, კონტროლის, ჩაგვრის ფასად – ის ვინც სიცარიელის უფსკრულის ამოვსებას ცდილობს.
ვაი რომ ამაოდ.
მათ ეგონათ მე მათი უძლეველობის მტკიცებულება ვიქნებოდი. მათი ძლევამოსილების დასტური.
მე კი მათი შიშის მტკიცებულება გავხდი. აბა რად უნდათ სინდისის ტყვეები ციხეში? რაში სჭირდებათ უდანაშაულო ადამიანებისგან დამნაშავეების შექმნა, თუ არა უკიდეგანო შიში – თავისუფლების და სიმართლის მიმართ.
ტყვე არ არის სხეული. ის არის სიმბოლო – შიდა პანიკის კვალი.
ტყვე უნდა არსებობდეს, რათა რეჟიმმა საკუთარ თავს უთხრას: მე ძლიერი ვარ!
მათ არ ეშინია ხმაურის.
მათ ეშინიათ შეუპოვრობის.შინაგანი სიჩუმის. სიმშვიდის. სიმტკიცის.
ხანგრძლივი მეხსიერების ეშინიათ.
ყველაფრის წაშალა სურთ. ისტრიის წაშლა, ფაქტების, ადამიანების, ღირსების, მომავლის…
თითქოს არც არაფერი იყო. და თუ დაიჯერებთ, წარსულთან ერთად მომავალს წაგიშლიან და მერე უკვე მართლაც აღარაფერი იქნება.
ნეტავ რა ხდება გარეთ?
მგონი გაწვიმდა. პატარა სარკმლიდან წვიმის ხმა აღწევს.
საკანში მძიმე ჰაერია, მაგრამ ღრმად თუ ჩავისუნთქავ, ყნოსვას დავძაბავ, აუცილებლად მივაგნებ წვიმის სურნელის მოლეკულას. ჯერ ცხვირის ნესტოებში, შემდეგ უფრო ღრმად და ბოლოს მთელ სხეულში ჩაიღვრება.
გაზაფხულის წვიმის სუნი აქვს თავისუფლებას. მზისფერი თმა. ცივი საზამთროს გემო.
რომ გამოვალ მივწერ იმ გოგოს. ან ეგებ აქედანაც მივწერო?
რა მივწერო ნეტავ?
ასე ხომ არ დავიწყო: ნეტავ რა ხდება გარეთ? დგახართ? ხომ არ დანებდით?
მე აქ ვარ და ველოდები არა გათავისუფლებას, არამედ პასუხს ამ კითხვაზე.
რადგან ჯერ კიდევ თუ ფიქრობთ ჩვენზე, და თითეული ჩვენგანის სახელები გახსოვთ, და რუსთაველის გამზირიც თუ კი ცოცხალია – ესეიგი ყველაფერი რიგზეა.
ესეიგი ყველაფერი კარგად იქნება.
ესეიგი მე მართლაც ვარ მტკიცებულება, დასტური იმისა რომ საქართველო იბრძვის.


